დავით ნარმანიას განაცხადებით, მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა ბირჟის მეშვეობით მოხდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განაცხადებით, ბირჟის მეშვეობით მოხდება მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკის სექტორში ახალი კანონის მიღებითაა განპირობებული.

„მიმდინარეობს რეფორმები, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგეტიკის ნაწილში ბაზრის ეტაპობრივ გახსნას, როცა მსხვილი მომხმარებლები გავლენ თავისუფალ ბაზარზე და სწორედ თავისუფალ ბაზარზე შეიძენენ ელექტოენერგიას. მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი როლი და ფუნქციაა კანონის შესაბამისად კანონქვემდებარე აქტების მიღება, რომლის ერთი ძირითადი ნაწილი 2020 წელს მივიღეთ. მნიშვნელოვანი არის ამ რეფორმის ფარგლებში, თავისუფალი ბაზარი, რომლის მენეჯმენტკომპანიაც იქნება ენერგეტიკული ბირჟა. ამ ბირჟის მეშვეობით მოხდება მსხვილი მომხმარებლებისთვის ენერგიის გაყიდვა. ბირჟაზე ენერგიას განათავსებენ ჰიდრო და სხვა ტიპის სადგურები, ასევე იმპორტიორები. შესაბამისად იქნება კონკურენცია. კონკურენციის საფუძველზე ჩამოყალიბდება ფასი... ბაზარი მოგვცემს სწორ და კარგ ფასებს და შესაბამისად, ეს სეგმენტი გამოვა რეგულირების სფეროდან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც ნარმანია აღნიშნავს, მოქალაქეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის იქნებიან ისევ უნივერსალური მიმწოდებლები, კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიას სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით მიაწვდიან.

„მათთვის ამ ნაწილში არსებითად არაფერი შეიცლება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაწერილია დროში. მიმდინარეობს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი უშუალო ზედამხედველობით. ძალიან ბევრმა ქვეყანამ ევროპაში ეს გზა, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ, წარმატებით გაიარა. ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას. კანონმდებლობით რამდენიმე ეტაპია გამოყოფილი. იმ კონცეფციიდან გამომდინარე, რაც დაამტკიცა გასულ წელს საქართველოს მთავრობამ. მნიშვნელოვანია ის, რომ ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს და მისი მოქმედება ზაფხულიდან არის ნავარაუდევი. ეს რეფორმა რეგულირებად ტარიფებზე, რაიმე ზეგავლენას არ მოახდენს. ხოლო მსხვილი მომმხმარებლები, რომლებიც ჩაეხსნებიან "თელასის" და "ენერგო-პრო-ჯორჯიას" ქსელს, მათთვის ტარიფები სწორედ ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად დადგინდება. ეს არ იქნება რეგულირებადი ტარიფი. მოთხოვნა-მიწოდებიდან გამოდინარე ჩამოყალიბდება ფასები მსხვილი მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნა ნარმანიამ.

მისი თქმით, ამ წელს ნავარაუდევია 23 ყველაზე მსხვილი მომხმარებლის გასვლა თავისუფალ ბაზარზე და შემდგომ უკვე ეტაპობრივად, ყოველწლიურად გავლენ შემდგომი საფეხურის მსხვილი მომხმარებლები. ეს რეფორმა 2026 წლამდე გაგრძელდება.

„ეს არის ყველაზე მსხვილი მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მაგალითად საქარველოს რკინიგზა, საქართველოს მელიორაცია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. ეს არის სამი სახელმწიფო კომპანია, ასევე არის 20 კერძო კომპანია. ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილში გვყავს ორი მონიპოლისტი კომპანია "თელასი" და "ენერგო-პრო-ჯორჯია", რადგანაც ისინი არიან ბუნებრივი მონოპოლისტები, მარეგულირებელი კომისია ადგენს ტარიფებს. მას შემდეგ, რაც დასრულდება რეფორმის პროცესი, ეს ორივე კომპანია, დარჩება როგორც ქსელის მფლობელები, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდებას მოახდენენ სხვა კომპანიები. ევროპული კანონმდებლობით, არ შეიძლება ერთი და იგივე კომპანია იყოს ქსელის მიმწოდებელიც და ენერგიის მიმწოდებელი. ამიტომ ამ ნაწილში მოხდა გაყოფა. ელექტოენერგიის უნივერსალური მიმწოდებლები მოსახლეობისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნებინ სხვა კომაპანიები, რომლებიც სემეკის მიერ რეგულირებულ ფასად მიაწვდიან მათ ენერგიას. ხოლო სხვა ნაწილში მსხვილი მომხმარებლები ივაჭრებენ ბაზარზე და იქნებიან თავისუფალი მიმწოდებლებიც, რომლებიც დარეგისტრირდებიან და იპოვიან ენერგიის წყაროს“, -განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა