„ჯეოქეისის“ ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „რას ნიშნავს უსაფრთხოება დღეს საქართველოსთვის“ გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „რას ნიშნავს უსაფრთხოება დღეს საქართველოსთვის“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოქეისიდან“ აცნობეს.

„ჯეოქეისის“ ორგანიზებით დაიწყო ვებინარების სერია თავდაცვისა და უსაფრთხოების თემაზე, რომლის მიზანია, საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, მისი თავდაცვის მოწყობის პრინციპებისა და სისტემების განვითარების საკითხების ფართოდ განხილვა.

სერიის ფარგლებში გამართულ პირველ ონლაინ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა „ჯეოქეისის“ თავდაცვის მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პარადიგმებსა და თეორიულ მეთოდოლოგიებში ღირებულებების მნიშვნელობაზე.

„თითქოს მარტივია პასუხის გაცემა კითხვაზე რას ვიცავთ, ვისგან ვიცავთ და როგორ ვიცავთ, -სინამდვილეში ეს საკმაოდ რთული შეკითხვაა და სწორედ ამ კითხვებზე პასუხი უდევს საფუძვლად სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტებს, რომელთა გააზრება და იმპლემენტაცია წარმოადგენს სახელმწიფოების ამოცანას თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით“,-აღნიშნა გიორგი ანთაძემ.

ვებინარზე მოწვეულმა სპიკერებმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ფილოსოფიის დოქტორმა, დავით თევზაძემ და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, შალვა ძებისაშვილმა განიხილეს თუ რას ნიშნავს უსაფრთხოება თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით დღეს საქართველოსთვის.

პროფესორმა შალვა ძებისაშვილმა დისკუსიისას ისაუბრა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების განვითარებისას საყოველთაო საზოგადოებრივი-პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობაზე, სამოქალაქო საზოგადოების განათლებასა და აქტიურ ჩართულობაზე. მან ასევე თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტის პრინციპები მიმოიხილა.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებით, ვიღებდეთ პროცესებში მონაწილეობას. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტი საყოველთაო კონსესუსის საფუძველზე იქმნებოდეს და გამორიცხავს პოლიტიკურ მონოპოლიზებას, რაც ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში დიდი გამოწვევაა და აგდებს ჯანსაღი კალაპოტიდან“, -განაცხადა შალვა ძებისაშვილმა.

გენერალ-ლეიტენანტმა, ფილოსოფიის დოქტორმა, დავით თევზაძემ ხაზი გაუსვა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების და სხვ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისას ღირებულებებისა და გარემოს სტრატეგიული შეფასების მნიშვნელობაზე.

„ყველაფრის დასაწყისი ღირებულებებია და ეს პასუხობს კითხვას- რა მიზნის განსახორციელებლად არსებობს სახელმწიფო? მოცემულ საზოგადოებაში სწორედ სახელმწიფოს მიზნებში ხდება ღირებულებების რეალიზაცია, რის შემდგომაც, გარემოს სტრატეგიული შეფასების საფუძველზე, ლოგიკურად ეწყობა ზოგადი პოლიტიკისა თუ კონკრეტულად სამხედრო პოლიტიკის თანმიმდევრული ჯაჭვი იმისთვის, რომ სახელმწიფომ ამოცანის შესრულება საკუთარი მოქალაქეებისთვის შეძლოს,“-განაცხადა დავით თევზაძემ.

დისკუსიის ბოლოს მისმა მოდერატორმა, გიორგი ანთაძემ შეაჯამა მსჯელობების სერიის პირველი ნაწილი, რომელიც სტრატეგიული აზროვნების თეორიული საფუძვლებისთვის უმნიშვნელოვანესი გასააზრებელი სამი კითხვიდან - რას ვიცავთ, ვისგან ვიცავთ და რითი ვიცავთ, პირველი შეკითხვას ეძღვნებოდა და დაინტერესებულ საზოგადოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების ვებინარების სერიის ფარგლებში აღნიშნული მიმართულებით მორიგ საინტერესო დისკუსიებს დაჰპირდა.

იხილეთ ონლიან დისკუსია „რას ნიშნავს უსაფრთხოება დღეს საქართველოსთვის" -https://bit.ly/3eqQlPe

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს