დავით ბაქრაძე „ამნისტიის შესახებ კანონში“ სამი პრინციპის გათვალისწინებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის მიერ კანონპროექტის მხარდაჭერას შეუძლებლად მიიჩნევს

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე „ამნისტიის შესახებ კანონში“ ცვლილებების მხარდასაჭერად სამი პრინციპის გათვალისწინებას მოითხოვს.

ამნისტიის აქტთან დაკავშირებულ საკითხზე ბაქრაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონპროექტის მხარდაჭერა პირადად მას შეუძლებლად მიაჩნია.

„მინდა, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამნისტიის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით.

იმისთვის, რომ გათვალისწინებული იქნას საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნა და ამნისტია არ შეეხოს ადამიანებს, ვინც გასცა 20 ივნისს ცეცხლის გახსნის ბრძანება, აგრეთვე ვინც განზრახ მძიმედ დასაზიანებლად ესროდა მშვიდობიან დემონსტრანტებს, აუცილებელია ამნისტიის კანონში იმ სამი პრინციპის გათვალისწინება, რომელსაც მოითხოვს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია და რის გარეშეც პირადად მე შეუძლებლად მიმაჩნია კანონის პროექტის მხარდაჭერა:

  1. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს დაზარალებულის აუცილებელ თანხმობას - ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ ამ პირის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების მსხვერპლი არ იქნება თანახმა მისთვის პატიებაზე;
  2. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას - ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან კონვენციით აკრძალულ სხვა დანაშაულს;
  3. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ იმ კონკრეტულ დანაშაულებს, რომელზეც მიმდინარეობს უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა - ეს ნიშნავს, რომ რადგან „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე არ გამოიძია, თუ ვინ იყვნენ 20 ივნისს ბრძანების გამცემი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, მომავალში ობიექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ ამ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, რომელსაც დაუდგინდება ასეთი ტიპის დანაშაული.

მიმაჩნია, რომ ამნისტიის კანონში ამ სამი პრინციპის გათვალისწინებით, ერთის მხრივ, პირნათლად იქნება შესრულებული შარლ მიშელის დოკუმენტი და მეორეს მხრივ, დაკმაყოფილდება საზოგადოების სამართლიანი პოზიცია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოლაპარაკებების მთელი პროცესის მანძილზე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიზირებულ საქმეებზე ბრალდებული პირების მიმართ დევნის შეწყვეტა; მაშინ, როცა არასდროს ამ მოლაპარაკებების პროცესში, ხელისუფლებას არ დაუყენებია ბრალდებული სამართალდამცველების ამნისტირების საკითხი. ამიტომ, ახლა, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების ეტაპზე, მხარეების ხელოვნური „გათანაბრება“ და ტოლობის ნიშნების დასმა ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შეთანხმების შესრულებისთვის ხელოვნური პრობლემის შექმნა.

იმ ფონზე, როდესაც ნიკა მელიას პოზიციის გათვალისწინებით (რომელიც პირადად მე კარგად მესმის და სამართლიანად მიმაჩნია), ამნისტიის პროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესში ისედაც ბევრი სირთულე და განსხვავება იქნება გადასალახი, მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესრულებას და სრულად გაითვალისწინოს ამნისტიის კანონში ზემოთმოყვანილი სამი პრინციპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან შეუძლებლად მიმაჩნია მსგავსი კანონის ინიცირების, განხილვისა და კენჭისყრის პროცესების მხარდაჭერა“, - ნათქვამია ბაქრაძის განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა