ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ხეობას კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები ეწვივნენ, რომლებიც ლოზუნგით - „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე“ საქართველოს მასშტაბით, უფასო სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს აგრძელებენ.

„ქვეშეთის ამბულატორიულ ცენტრში მოსახლეობას უფასო კონსულტაციები ჩაუტარეს შემდეგი პროფილის ექიმებმა: ზოგადი ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი. ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, უფასოდ ჩატარდა ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში და ოფთალმოსკოპიური კვლევები.

გარდა ამისა, თბილისიდან ჩასულმა კიდევ ერთმა სამედიცინო ბრიგადამ, საცხოვრებელ სახლებში გაუწია კონსულტაციას იმ პაციენტებს, რომელთაც, გარკვეულ მიზეზთა გამო, გადაადგილება არ შეეძლოთ. აქციის ფარგლებში, პაციენტებს, ექიმის რეცეპტის შესაბამისად, მედიკამენტებიც გადაეცათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯამში აქციაში მონაწილეობა 70-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო.

ამასთან, ბენეფიციარები გამოვლინდნენ წინასწარი კვლევით, რომელიც ხადის ხეობაში „რეგიონული განვითარების ახალგაზრდულმა ცენტრმა“ ჩაატარა.

„ამ ადამიანებისათვის მსგავსი ტიპის მომსახურების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ხშირად არ აქვთ ამის საშუალება. გზის არარსებობის გამო, ხადის ხეობის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ აქვს წვდომა სოციალურ სერვისებზე, მათ შორის, მაგალითად, სამედიცინო სერვისზე. ქვეშეთი-კობის ახალი გზა, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ამ საკითხსაც სრულად მოაგვარებს. მანამდე კი, პროექტის მიმდინარეობისას, ვეცდებით, მსგავსი აქციებით დავეხმაროთ აქ მცხოვრებ ადამიანებს“, - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე თევდორაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული აქცია პენსიონერების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უშუალო ჩართულობით განხორციელდა.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს