რა შეზღუდვები მოიხსნება ვაქცინირებულებისათვის და რა სიურპრიზები ელით მათ
ოპოზიციაში ახალი, “მძლავრი მიზიდულობის ძალის” შექმნაზე ალაპარაკდნენ - “ნაცმოძრაობას” ლიდერობის შენარჩუნება გაუჭირდება”
ეროვნულ ბანკში შეშინდნენ - ინფლაციამ და დევალვაციამ ქვეყანას ძირი გამოუთხარა
* * *
რა შეზღუდვები მოიხსნება ვაქცინირებულებისათვის და რა სიურპრიზები ელით მათ
“საქართველოში ვაქცინირებულებს, შესაძლოა არსებულ კოვიდშეზღუდვების პირობებში გარკვეული პრივილეგიები მიენიჭოთ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს მომავალ კვირაში ინიციატივით მიმართავს, რომ იმ პირებს, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზა ექნება გაკეთებული, შეზღუდვების პერიოდში შეღავათები დაუწესდეთ. აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მისი განმარტებით, პირები, რომლებიც კორონავირუსზე ორჯერადად აიცრებიან, სახელმწიფოსგან მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შეზღუდვები მოიხსნება ვაქცინირებულებისათვის და რა სიურპრიზები ელით მათ / “ადამიანები დაინახავენ, რომ ვაქცინირებულებს უპირატესობა ექნებათ და შესაძლოა ამ პროცესმა ყინული დაძრას”.
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს მომავალ კვირაში შესაბამისი ინიციატივით შევიდეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი შეღავათები ჰქონდეთ შეზღუდვების პერიოდში. რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე “კომენდანტის საათის” დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი. რამდენიმეზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად და სრულად აიცრას”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ “15 მაისამდე დაგვიგროვდება 14 000-მდე ორჯერადად აცრილი მოქალაქე, ამ ადამიანებს კი მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან”. “მწვანე პასპორტი” თუ “კოვიდპასპორტი” - რა წერია ცნობაში, რომლის წარდგენასაც, სავარაუდოდ, მოგზაურობისას მოგვთხოვენ? გამყრელიძის განმარტებით, ჯერჯერობით,საერთაშორისო ორგანიზაციების - მათ შორის, ჯანმოს მიერ, ერთიანი უნიფიცირებული ცნობა არ არსებობს, თუმცა ე.წ. კოვიდპასპორტების საკითხზე ევროკავშირი უკვე მუშაობს. ამბობს, რომ ქვეყნების ნაწილმა მსგავსი დოკუმენტებით სარგებლობის ვალდებულება უკვე შემოიღო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს არის დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება, ადამიანი აცრილია თუ არა და როგორ არის აცრილი - ერთჯერადად, თუ სრულად, რადგან ვაქცინების უმეტესობა გამოიყენება ორჯერადი ინექციისთვის” - განაგრძობს გამყრელიძე. მისივე განმარტებით, ამ ტიპის დოკუმენტში არის ხოლმე პისიარ ტესტის პასუხიც და ზოგ ქვეყანაში არის მოთხოვნა, აღნიშნული იყოს აქვს თუ არა პიროვნებას გადატანილი ინფექცია. სწორედ ეს მონაცემები იყრის თავს დოკუმენტში, რომელსაც მწვანე პასპორტსაც უწოდებენ - ამირან გამყრელიძის თქმით, თუ დოკუმენტი მწვანეა, ეს ნიშნავს, რომ მისი მფლობელი არის ვაქცინირებული, ან - პისიარ ტესტი უარყოფითია. “ეს ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით, არ ხართ ინფექციის გამავრცელებელი”, - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი”, - დასძენს გამოცემა.
“როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, თუ ინიციატივა ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების პრივილეგიების მინიჭების შესახებ რეალურად განხორციელდება, ეს ვაქცინაციის პროცესს სტიმულს მისცემს და ეკონომიკას შეძლებისდაგვარად გახსნის. “რა თქმა უნდა, ეს მომენტი ვაქცინაციის პროცესს და ეკონომიკის სტიმულირებას ძალიან წაადგება, ჩინეთისა და ისრაელის მაგალითს რომ გადავხედოთ, როცა საქართველოში ბიუჯეტში და ეკონომიკაში პრობლემებია და თუ ასე გაგრძელდა და კიდევ დაკეტვები დაიწყო, ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნება. ისევ შეზღუდვებმა და დაკეტვებმა დიდი ალბათობით შესაძლოა ძალიან ცუდი ეფექტები შექმნას, მაგალითად ისეთი, რომ შეიძლება სახელმწიფოს ხელფასების გაცემის უნარი აღარ ჰქონდეს, დაიწყება ეკონომიკური რეციდივების განვითარება და ა.შ., - მიიჩნევს მაისაია, რომლის აზრით, “ეს ინიციატივა წაახალისებს ვაქცინაციის პროცესს”, - წერს სტატიის ავტორი.
“ადამიანი რომელიც არ იკეთებს ვაქცინას, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს თვითონ იზღუდავს, რადგან როცა ფორსმაჟორული სიტუაციაა - მე ასე მინდა და მე ისე მინდა, ასე არ ხდება. მსოფლიო ქვეყნების ხელისუფლებებმა დაადასტურეს, რომ ამ ვირუსს მხოლოდ ვაქცინაცია შველის და პრობლემას გარკვეულწილად აგვარებს, ამიტომ აქ ასეთი მოქცევა არა მგონია რომ თავად ადამიანს წაადგეს, თუმცა ეს თავიანთი უფლებაა. ადამიანები, რომლებიც ვაქცინაციას არ აპირებენ, დაინახავენ, რომ ვაქცინირებულებს უპირატესობა ექნებათ, შესაძლოა ამ პროცესმა ყინული დაძრას, თუმცა, ქართველები ძალიან სტერეოტიპული ხალხი ვართ და რასაც თავში ჩავიდებთ იმისი გამოგდება ძნელია ხოლმე და ეს სტერეოტიპი უნდა დაიძლიოს, როცა ბევრი ადამიანი გაიკეთებს და გამოვა და პირვანდელ ცხოვრებას დაუბრუნდება, ვფიქრობ, რომ სხვებიც ამ ნაბიჯს გადადგამენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო რეგულაციებიდან გამომდინარე მიიღეს, ეს საერთაშორისო სტანდარტების დონეა, საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია და ბუნებრივია, მათ მოთხვნებს ასრულებს, ამიტომ აქ ჩატარებული აცრა ყველგან ყველა ქვეყანაში ვალიდური იქნება. როგორც ვიცი, ის ქვეყნები, სადაც მასობრივი აცრები მიდის პანდემიამდელ მდგომარეობას უბრუნდებიან. მე ჩინეთთან მაქვს ურთიერთობა და ისინი უკვე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და მათი ეკონომიკა პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა”, - დასძენს მაისაია.
ოპოზიციაში ახალი, “მძლავრი მიზიდულობის ძალის” შექმნაზე ალაპარაკდნენ - “ნაცმოძრაობას” ლიდერობის შენარჩუნება გაუჭირდება”
“მძიმე დრო გვიდგას, შეცდომებზე მითითებებს, ვისი ბრალია, რა და როგორ მოხდა, აზრი აღარ აქვს. გამოსავალი უნდა ვეძებოთ. თუ ოპოზიცია გაიყოფა, ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ"- ასე მიმართავს საპყრობილედან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციას, რომელიც გამოსავალს მხოლოდ ერთობის შენარჩუნებაში ხედავს. “ერთმანეთი შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ და რეალობას შევეგუოთ, რომ “ოცნება” უმძიმეს კანონპროექტს მიიღებს და რეალობად აქცევს. ისე გააკეთებს, რომ აპელირებას მოახდენს ხელმოწერის შეთანხმებაზე. მასთან მოდავება რთული იქნება. ჩვენ ამ ვითარებაში გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, უნდა გავუფრთხილდეთ ერთობას - წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ ექნება არაფერს. თუ გაიყოფა ოპოზიცია, ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ...” - ამბობს ნიკა მელია. ვითარება კი ასეთია - 6-თვიანი პოლიტიკური დაძაბულობა დასასრულს მიუახლოვდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევიდა და შარლ მიშელის მომზადებულ დოკუმენტში გაწერილი პუნქტების შესრულება დაიწყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიციაში ახალი, “მძლავრი მიზიდულობის ძალის” შექმნაზე ალაპარაკდნენ - “ნაცმოძრაობას” ლიდერობის შენარჩუნება გაუჭირდება”.
“პოლიტიკური ძალები თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან და დიდი ალბათობით, თვითმმართველობის არჩევნებში “ნაცმოძრაობის” კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ. “სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უკვე განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას მესამე, მძლავრი ვიზიდულობის ძალა, რომელმაც არჩევნებზე საკუთარი კანდიდატები უნდა დააყენოს. “ქართული ოცნება” საკუთარ კანდიდატებს დააყენებს. ასევე “ნაცმოძრაობა” აყენებს საკუთარ კანდიდატს. “ვფიქრობ, გვაქვს ძალიან დიდი შანსი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ დავიწყოთ ხელისუფლების ცვლილების პროცესი. “ნაცმოძრაობის” კანდიდატს დიდი ალბათობით ჩვენ მხარს არ დავუჭერთ და შევეცდებით სხვა ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებთან ერთად შევქმნათ ის მძლავრი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც მისაღებია ქვეყნის განვითარებისთვის”, - აცხადებს ვაშაძე. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციას ერთობის შენარჩუნება გაუჭირდება და ვერც “ნაცმოძრაობა” შეძლებს ზეგავლენა მოახდინოს ოპოზიციაზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მისი დღის წესრიგით მოქმედებდა. იმ პარტიებმა კი, რომლებმაც გარკვეულ ზღვარს უკვე გადააბიჯეს, დამოუკიდებლად თამაში დაიწყეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ “ნაცმოძრაობის” ლიდერებმა გააცნობიერეს, რომ თავისი გადაწყვეტილებით ქუჩაში რჩებიან და გამოსავალს ეძებენ. “როგორც ჩანს, “ნაცმოძრაობამ” და მისმა ლიდერებმა გააცნობიერეს, რომ ოპოზიცია უკან მიმბრუნებელი აღარ არის, ანუ ვალდებულებები და კავშირები აღარ მუშაობს და ქუჩაში რჩებიან. მარტო დარჩენა კი მათთვის კატასტროფა იქნება, ამიტომ გამოსავალს ეძებენ. რეალობა კი ასეთია, ოპოზიციის ნაწილმა, რომელმაც გარკვეულ ზღვარს გადააბიჯა და შევიდა პარლამენტში, დამოუკიდებლად თამაში დაიწყო. ამ პარტიებს აქვთ შანსი, მომავალ არჩევნებში საკუთარი ელექტორატიც კი გაზარდონ და პარტიული სტრუქტურებიც ააგონ. თვითმმართველობის არჩევნები ამის შესაძლებლობას აძლევთ. ამ შანსს ისინი ხელიდან არ გაუშვებენ. ამიტომ ოპოზიციურ ერთიანობაზე საუბარი გადაჭარბებულად მეჩვენება”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის განმარტებით, “პოლიტიკას აქვს ასეთი თვისება, რომ ცვლილება დროზე არის მიბმული და ამიტომ არ უკვირს გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ ცალკე იყოს და მხარს არ დაუჭერს “ნაციონალების” კანდიდატს”, - დასძენს გამოცემა.
“ასევე “ლელოს” ან ელისაშვილს რატომ უნდა აწყობდეთ ასეთი ვარიანტი, რომ უარს ამბობენ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის არსებობაზე. ეს იქნება მათთვის წამგებიანი. რაც შეეხება მესამე ძლიერი ცენტრის შექმნას, ამას ბევრი რამ სჭირდება”, - დაასკვნის ძაბირაძე. ოპოზიციაში ერთობის შენარჩუნება ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნია პოლიტოლოგ დავით ზურაბიშვილს. მისი თქმით, “ნაცმოძრაობას”, რომლის დღის წესრიგითაც აქამდე ოპოზიცია მოქმედებდა, ლიდერობის შენარჩუნება გაუჭირდება”, - წერს სტატიის ავტორი.
“როგორც ჩანს, ნიკა მელია და სხვა ლიდერები მიხვდნენ, რომ დოკუმენტზე ხელის არმოწერა დამაზიანებელია მათთვის. სააკაშვილის ამას უფრო ადრე მიხვდა. ხელიდან წაუვიდათ ეს ლიდერობა და ცდილობენ, შევიდნენ ისევ იმ მდინარეში, რომელშიც იყვნენ. დანარჩენი პარტიებისთვის, თუ ისევ აითქვიფებიან “ნაცმოძრაობასთან”, ეს ერთობა ზიანის მომტანი იქნება. მათ მთელი ამ ხნის განმავლობაში “ნაცმოძრაობის” დღის წესრიგით მოქმედება და ერთნაირი მესიჯ-ბოქსები ჰქონდათ. როგორც იქნა, გამოჩნდა ეს განსხვავება და ეს კარგია. თუ ისევ გაჰყვებიან, იქნებიან სატელიტები. “ლელოს” ყოველთვის ეტყობოდა, რომ არ უნდოდა ურთიერთობის გაფუჭება “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მაგრამ ასე არ გამოვა. ორიგინალობა ყოველთვის სჯობს ასლს. რაც არ უნდა ნაკლები ამომრჩეველი გყავდეს, შენ უნდა გქონდეს შენი ორიგინალობა. სხვისი ამომრჩევლით კი ვერ იხეირებ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
ეროვნულ ბანკში შეშინდნენ - ინფლაციამ და დევალვაციამ ქვეყანას ძირი გამოუთხარა
“საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა. ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილება ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო მიიღო, ასეთია ოფიციალური პოზიცია. ბოლო პერიოდში ლარი რომ არასტაბილურობითა და გაუფასურებით გამოირჩევა და შესაბამისად რეკორდულად იზრდება ინფლაციაც, ეს ფაქტია. სპეციალისტთა ნაწილის განცხადებით, გუშინდელი განაკვეთის ზრდას პირველი ეფექტი შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდშივე ჰქონდეს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ რეფინანსირების განაკვეთის 1.0 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ეროვნულ ბანკში შეშინდნენ - ინფლაციამ და დევალვაციამ ქვეყანას ძირი გამოუთხარა / მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ნახტომისებურად გაიზარდა, მაგრამ შედეგი ასე მალე არ დადგება.
„მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით აისახა. ნიშანდობლივია, რომ ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალშიც მნიშვნელოვნად გაზრდის. წინა სხდომის შემდეგ შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით, განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია, საშუალოდ, 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება”, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის ფონზე, ისინი კვლავ ინარჩუნებენ 4%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძისთვის, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისასალმებელია, თუმცა, მისი განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, სებ-ს განაკვეთი „თავის დროზე” გაეზარდა, რის შედეგადაც ქვეყანა რეფინანსირების განაკვეთის ასეთი ნახტომისებური ზრდის წინაშე არ აღმოჩნდებოდა, ინფლაციის ნიშნული კი უფრო დაბალი იქნებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეროვნულ ბანკს რომ მოუწევდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ამას ვამბობდი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს. 1%-იანი ზრდა საკმაოდ დიდი ნახტომია, თუმცა საჭირო იყო. უფრო მეტიც, თავის დროზე რომ გაეზარდა ნაბიჯ-ნაბიჯ, ასეთი ნახტომისებური ზრდა დღეს არ მოუწევდა და მონეტარული ფონი (მათ შორის _ ინფლაცია) უფრო სტაბილური გვექნებოდა. ბუნებრივია, მთლიანობაში მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა კოვზანაძემ. რეკორდულად გაზრდილ ინფლაციას დაბლა წამოსვლა და მიზნობრივთან მიახლოება სჭირდება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასების კიდევ მეტად გაზრდა გარდაუვალი იქნება. საფინანსო საკითხებში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის მატებას მიესალმება. როგორც მან აღნიშნა, განაკვეთის გაზრდა არის ინსტრუმენტი, რისი მეშვეობითაც ინფლაციის რეგულურება შესაძლებელია”, - განაგრძობს გამოცემა.
“საერთოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მოსალოდნელი იყო. ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ხდება ინფლაციური პროცესების რეგულირება. ახლა, რადგანაც ინფლაციური მოლოდინი მაღალია, რაც ფასების ზრდაშიც აისახება, ეროვნულმა ბანკმა გაზარდა განაკვეთი. მისი მიზანი სწორედ ის არის, რომ განაკვეთის ზრდით ხდება ინფლაციის მოთოკვა. ამიტომ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გამართლებულია. მართალია, ეს, გარკვეულწილად, ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე, თუმცა ინფლაცია არანაკლებ უარყოფითად მოქმედებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. მეორე ფაქტორიცაა, როდესაც იზრდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეს აისახება საბანკო სესხების ნაწილზე, მათზე, რომელიც გაცემულია ცვალებადი განაკვეთით, ანუ მიბმულია მონეტარულ განაკვეთზე. ეს, ძირითადად, არის გრძელვადიანი კრედიტები და, პირველ რიგში, იპოთეკური სესხები. ამ ადამიანებს უძვირდებათ საპროცენტო ხარჯი, რომელსაც ისინი სესხის მომსახურებაზე გაწევენ. როდესაც მონეტარული განაკვეთი იზრდება, რა თქმა უნდა, ის ეკონომიკაზე მყისიერად არ აისახება და გარკვეული პერიოდი სჭირდება. მომავალ სამ თვეში ეროვნული ბანკი კიდევ გადახედავს ვითარებას და თუ იქნება ინფლაციის შენელების მოლოდინი, მაშინ განაკვეთს კი არ გაზრდის, პირიქით, დასწევს კიდეც ან იმავე ნიშნულზე დატოვებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ცუცქირიძე.
“მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2%-ს მიაღწია. მაღალი ინფლაციური მაჩვენებელია მოსალოდნელი აპრილშიც, ამიტომ ახლა ქმედითი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო. უმოქმედობის შემთხვევაში ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა გაჭირდება, რაც შემდგომში ფასების მატებას გამოიწვევს. საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი არ გამორიცხავს, რომ რეფინანსირების გაზრდამ შედეგი შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდშიც გამოიღოს. “მონეტარული პოლიტიკის კოეფიცინეტის ცვლილება დაკავშირებულია ინფლაციის მოლოდინთან. როდესაც პოლიტიკის განაკვეთი იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია მაღალი ინფლაცია, ამიტომ ეროვნული ბანკი ზღუდავს ფულის მიმოქცევას ბრუნვაში იმისათვის, რომ ჩააცხროს ფასების მოსალოდნელი ზრდა. შედეგი შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდშიც კი გამოჩნდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერია ინფლაციური რყევები”, - აღნიშნა თოქმაზიშვილმა. თუკი სებ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება შედეგს მოიტანს, მაშინ პირველი ეფექტი ზაფხულის თვეებში გამოჩნდება. იქამდე ქვეყანაში პროგნოზირებულზე ბევრად მაღალი ინფლაცია გვექნება”, - დასძენს გამოცემა.