აშშ-ის საელჩო - ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო - მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა

ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობის შესახებ ავრცელებს.

როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა.

“ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. "ქართულ ოცნებას", როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა.

საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით "ქართულმა ოცნებამ", ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, პარლამენტმა მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებას, რომლის საფუძველზეც, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა.

საკანონმდებლო ინიციატივა მესამე მოსმენით შემდეგი სახით მიიღეს:

ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება.

მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს.

თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
“მარტივი გზა შენს ახალ სახლამდე” – Myhome-ის განახლებული დეველოპერული კომპანიების მოდული
„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებზე ზრუნვის 10 წლისთავს აღნიშნავს