ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო.

ამას წინ უძღოდა მისივე განცხადება რომ იგი მზადაა ისარგებლოს ევროპული საბჭოს მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმების პუნქტით და ევროკავშირის გირაოთი გათავისუფლდეს.

პარალელურად, მანვე მოუწოდა პარლამენტში შესულ ოპოზიციას უარი თქვან შეთანხმებით გათვალისწინებული ამნისტიის პროექტის მხარდაჭერაზე. სასამართლოს გადადებამდე იყო გარკვეული მოლოდინი, რომ პროკურატურა მის მიმართ დამოკიდებულებაში კორექტივებს შეიტანდა, მაგრამ ასე არ მომხდარა.

თქვენ როგორ შეაფასებდით მელიას საქმეზე პროკურატურის დამოკიდებულებას? მის გათავისუფლებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით მისსავე განცხადებებს?

- დავიწყებ შორიდან. ბოლო თვეების განმავლობაში მე საერთოდ დავკარგე მიამიტური და ინფანტილური აზრი, რომ ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს ქვეყნის კეთილდღეობა სურს.

მეჩვენება, რომ ეს ადამიანები ცხოვრობენ ფსევდოსამყაროში, და მათ შექმნეს ქართული ენის ვირტუალური ტეზაურუსი, სადაც ფუძემდებლურ ცნებებს, როგორიცაა ეროვნულობა, სამშობლოს სიყვარული, პატიოსნება, ეთიკა სულ სხვა მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ჩვენ, უბრალო მოკვდავებს, ეს წარმოგვიდგენია.

ერთი უბრალო მაგალითი. ამ წუთებში რუსთაველის თეატრში უდიდესი ქართველი მსახიობის კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდია. მისი თაობის იმქვეყნად წასვლით საქართველოს კულტურაში, ერის ცნობიერებაში, ისტორიაში დიდი ეპოქა მთავრდება.

კახი კავსაძემ მარადიული ეროვნული და ამავდროულად ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები შექმნა, ჩვენ კი ნიკა მელიაზე ვსაუბრობთ, ანუ ადამიანზე, რომლის როლი საქართველოს განვითარებაში წამიერია და იოტისოდენა კვალის დამტოვებელიც არაა.

იშვიათი გამონაკლისით, განა რომელიმე, ასე ვთქვათ, პოლიტიკურმა სახემ ორიოდე წუთი მაინც დაუთმო კახი კავსაძის ხსოვნას, გარდა სტრიქონებს შორის წარმოთქმული არაფრისმთქმელი სიტყვებისა? მე ამ შემთხვევაში პრეზიდენტს არ ვგულისხმობ, იგი განმარტებით აპოლიტიკური ფიგურაა.

ეხლა, ამ გულისტკივილის გაზიარების შემდეგ, თქვენ კითხვას დავუბრუნდები. დიახ, ბატონმა ნიკამ პატივი დადო ევროკავშირს და გირაოს დათანხმდა. ვაშა. მაგრამ ევროკავშირი რაღაც ჯერ-ჯერობით ამის გაკეთებას არ ჩქარობს.

ისიც გეხსომებათ, რომ ბრიუსელიდან გარკვეულმა პოლიტიკოსებმა გვამცნეს, რომ ევროდეპუტატების ძალიან დიდი ოდენობა მზადაა ნიკა მელიას თავმდებად დაუდგეს. ერთი კვირა გავიდა და სადაა ასეთი შემოთავაზებები? დროა ახალბედა პოლიტიკოსებმა გაითავისონ დიპლომატიური ენა.

საქმე კი იმაშია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოეწერა და იქ ამნისტიაა გათვალისწინებული. მორჩა. ფურცელი გადაშლილია. უკან გზა აღარ არის. ვინც ეცდება ამ დოკუმენტის თავისი სურვილისამებრ ინტერპრეტირებას, ერთხელ და საბოლოოდ ევროკავშირის ნდობას დაკარგავს.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოეწერა და იქ ამნისტიაა გათვალისწინებული. მორჩა. ფურცელი გადაშლილია. უკან გზა აღარ არის. ვინც ეცდება ამ დოკუმენტის თავისი სურვილისამებრ ინტერპრეტირებას, ერთხელ და საბოლოოდ ევროკავშირის ნდობას დაკარგავს

სხვათა შორის, მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი ჩემი გულისწუხილი. მხედველობაში მაქვს საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ორივე ფლანგზე უკიდურესი პოლიტიზირება.

ამით ისინი კარგავენ ობიექტურობას და თავის ადგილს სამოქალაქო საზოგადოებაში. სამოქალაქო საზოგადოება კი უნდა იდგეს ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის და არა პოლიტიკური დინებების საგუშაგოზე. ის ჩვენი ნების გამომხატველი უნდა იყოს. ამიტომ გთხოვთ, არასამთავროებო, ნუ ილაპარაკებთ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ჩემი, სახელით.

- 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი, რომლის წარმომადგენლებმა ევროკავშირისა და ამერიკის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

იყო იმედები, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლით გადაიდგა პირველი ნაბიჯები პოლიტიკური პროცესის დეესკალაციისკენ. მაგრამ, ასე არ მოხდა. ამის შემდეგ შიდა პოლიტიკაში განვითარებული პროცესები აშკარად არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პოლიტიკურმა პროცესმა გეზი დეესკალაციისკენ აიღო.

თქვენ როგორ შეაფასებდით შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, ხოლო მეორე ნაწილი ახლა ხელისუფლების ისევე უტევს და აკრიტიკებს, როგორც თავის ყოფილ თანაგუნდელებსა და თანამოაზრეებს?

- თუ არ მეშლება, თქვენთან ინტერვიუში უკვე გავიხსენე რუსი ნაროდნიკის პეტრე ზაიჩნევსკის 1862 წლის ლოზუნგი - „ვინც ჩვენთან ერთად არ არის - ჩვენს წინააღმდეგაა, ვინც ჩვენ წინააღმდეგაა - ჩვენი მტერია“. ეს ლოზუნგი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა აიტაცეს და აქციეს „მიუმხრობელთა“ რეპრესიების იდეოლოგიურ საბაბად. ვერ ხედავთ ანალოგიებს?

აგერ, გვყავდა ერთიანი, ბრძმედის ფოლადივით გამძლე და ხისტი ერთიანი ოპოზიცია, რომელიც 200-300 სიტყვით გამოხატავდა თავის აზრს და უცებ მისი ერთი ნაწილი შარლ მიშელს მიემხრო. მას აქეთ მათ თავზე უბინძურესი, მადლობა ღმერთს - მხოლოდ სიტყვიერი, ლაფა ისხმევა. არ გაგონებთ გაყრილი წყვილის ფეისბუქში ოჯახური ცხოვრების გასაჯაროებას, ერთგვარ ექსჰიბიციონიზმს?

ოპოზიციის დიდი ნაწილი მზადაა საპარლამენტო ცხოვრებისთვის და ამით აჩვენებს, რომ იგი ბოლოსდაბოლოს დაბრუნდა ევროპულ პოლიტიკურ ნაკადში.

მეორე მხრივ, დღეს ლაპიდარული სიცხადით აშკარაა, რომ, ჯერ ერთი, გაუტეხელ ოპოზიციურ სცენარს სულ უფრო ნაკლები მომხრე ჰყავს და მეორეც, ვარდების ან კიდევ სხვა ტიპის რევოლუცია საქართველოში ვერ განხორციელდება. ვინც ამ გზას არ გადაუხვევს, დარჩება ცივილური პოლიტიკური ცხოვრების ფარგლებს გარეთ.

ვარდების ან კიდევ სხვა ტიპის რევოლუცია საქართველოში ვერ განხორციელდება. ვინც ამ გზას არ გადაუხვევს, დარჩება ცივილური პოლიტიკური ცხოვრების ფარგლებს გარეთ

- ამნისტიის პროექტის გამო ოპოზიციური ფლანგზე ურთიერთბრალდებები და ერთმანეთთან ნიშნის მოგებით საუბარი სულ უფრო გაუგებარ ხასიათს იძენს.

არავინ დავობს, რომ ვისაც 20 ივნისს სერიოზული ფიზიკური ზიანი მიადგა, იმას უნდა დარჩეს პასუხის მოთხოვნის საშუალება და ზიანის მიმყენებელს პასუხისმგებლობა არ უნდა მოეხსნას, მაგრამ, შეიძლება იმის თქმაც, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ნდობისა და პარტნიორობის შენარჩუნების იდეას შეეწირა ოპოზიციის ერთიანობა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ თუ ოპოზიციამ ურთიერთბრალდებები გააგრძელა, შეთანხმების შეუსრულებლობის გამო ჩვენდამი ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნდობაცა და კეთილგანწყობაც რისკის ქვეშ დადგება.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს პარლამენტში არშესული ოპოზიციის წევრებსა და ლიდერებს არ ესმოდეთ. თუ ასე არაა, ამ თვალსაზრისით მაშ რა ხდება ოპოზიციაში?

- ისეთ კითხვებს მისვამთ, თითქოს მოსკოვიჩი ვიყო. მე ერთი აპოლიტიკური, იმედი მაქვს - ობიექტური, ადამიანი ვარ, რომელსაც თავისი სამშობლო უყვარს. ისე, ყველაფერი რაც ხდება, არახალია, ჩვენი პოლიტიკოსები ციცერონები ნამდვილად არ არიან.

კამათი მიდის მეორეკლასელების დონეზე - „შენ თვითონ ხარ დურაკი“, გახსოვთ, ალბათ. ოპოზიცია კი ორ ფრთად დაიყო - ერთს მიაჩნია, რომ ევროპული განვითარების გზას ალტერნატივა არ აქვს და ამიტომ უნდა გამოიყენონ პარტიული ბრძოლის ევროპული ინსტრუმენტები და უპირველეს ყოვლისა - საპარლამენტო ტრიბუნა. მეორე ფრთა კი ტლუ კამეჩივით წინ ერეკება სიტუაციის ყოველგვარი გაანალიზების გარეშე.

ოპოზიცია კი ორ ფრთად დაიყო - ერთს მიაჩნია, რომ ევროპული განვითარების გზას ალტერნატივა არ აქვს და ამიტომ უნდა გამოიყენონ პარტიული ბრძოლის ევროპული ინსტრუმენტები და უპირველეს ყოვლისა - საპარლამენტო ტრიბუნა. მეორე ფრთა კი ტლუ კამეჩივით წინ ერეკება სიტუაციის ყოველგვარი გაანალიზების გარეშე

გაიხსენეთ „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის ინტერვიუები ბოლო თვეების განმავლობაში - ამ ინტერვიუებში ერთ შეცვლილ სიტყვას ვერ ნახავთ. ტრადიციისამებრ, პიროვნებებს არ ვასახელებ, თუმცა გამგები გაიგებს.

- „ნაციონალების“ სიით დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც შეთანხმებას მოაწერა ხელი, ნიკა მელიას საკანში მონახულების შემდეგ მისი გზავნილი გაახმოვანა იმის თაობაზე, რომ ახლა ოპოზიციისთვის მთავარია ერთიანობის შენარჩუნება.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციიდან „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტაციის უდიდესი უმრავლესობა პარლამენტში არ შევიდა, ოპოზიციის ერთიანობაზე საუბარი აშკარად ჭირს.

თქვენი დაკვირვებით რამდენად შეძლებს ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას თუნდაც ადგილობრივ არჩევნებამდე, რადგან ამ არჩევნებზე მათი მიზანი ხელისუფლების დამარცხებაა?

- შექმნილ ვითარებაში ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებლად მიმაჩნია. ჩვენც შევეჩვიეთ კლიშეებს, ვამბობთ „ოპოზიცია“ და გვავიწყდება რომ ეს პრინციპში არაერთგვაროვანი კონგლომერატია, სადაც ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია პოლიტიკური მიზნები, მსოფლმხედველობა, ამბიციები, პოლიტიკური ქმედებების ინსტრუმენტები და მრავალი სხვა.

ნიკა მელიას კი, ჩემი აზრით, ერთიანობა შემდეგნაირად წარმოუდგენია - ის წინ იქნება წითელი ჯვრებით შემკული თეთრი ბაირაღით ხელში და ოპოზიცია ამორფული ბრბოსავით მას გაყვება. ეს ასე არ მოხდება.

მესახება, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი ფრონტი ვერ შეიქმნება, მოხდება, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, არამდგრადი კოალიციების ჩამოყალიბება, მაგრამ პრინციპში ყველა პარტია ეცდება თავისი საკუთარი პოლიტიკის შემუშავებას.

ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი ფრონტი ვერ შეიქმნება

სხვა საკითხია, როგორ თანხვედრაში იქნება ეს პოლიტიკა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებთან.

- მმართველი გუნდი მიიჩნევს - რომ თუ არა ევროსაბჭოს პრეზიდენტის ზეწოლა, პარლამენტში შესული პარტიები გარეთ იქნებოდნენ და ისინიც ბოლომდე გაყვებოდნენ „ნაცმოძრაობას“ რევოლუციურ სცენარში.

მეტიც, მათივე მტკიცებით, „ნაცმოძრაობის“ ლიდერ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს არც პარლამენტში შესვლა აწყობთ, არც რეფორმების გატარება სასამართლო და საარჩევნო სისტემებში და არც ბარიერის 2%-მდე დაწევა.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ, მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმები კი მათ ხელს შეუშლის მმართველობის იმ სისტემის დაბრუნებაში, რომლის პირობებში პრაქტიკულად შესაძლებელი იყო ტოტალურად ყველაფერის კონტროლი.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება „ნაციონალების“ მისამართით ხელისუფლების ბრალდებები?

- ხელისუფლებასაც რომ თავი დავანებოთ, გაიხსენეთ ურსულა ფონ კრამონის სიტყვები, სადაც მან სააკაშვილისა და პუტინის სტრატეგიულ ინტერესებს შორის ფაქტიურად ტოლობის ნიშანი დასვა.

ურსულა ფონ კრამონი ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი პოლიტიკოსია, იგი არამც თუ ყოველ სიტყვას, მძიმესა და წერტილს აქცევს ყურადღებას. მე აღმაფრთოვანა მისმა ელეგანტურმა პასუხმა პრეზიდენტ ერდოღანის უტიფარ საქციელზე და ისიც მხოლოდ ინცინდენტის მეათე დღეს. ასე, რომ „ქართული ოცნება“ მარტო არ არის.

სხვათა შორის, „ნაცმოძრაობის“ ცნობილმა მიდგომამ „ქართული ოცნების“ რეიტინგი აწია და ამ პარტიამ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, დაამტკიცა, რომ იგი აშშ-სა და ევროკავშირის ერთგული პარტნიორია, რაც ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსის ინტერვიუებში გაჟღერდა კიდეც.

„ნაცმოძრაობის“ ცნობილმა მიდგომამ „ქართული ოცნების“ რეიტინგი აწია და ამ პარტიამ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, დაამტკიცა, რომ იგი აშშ-სა და ევროკავშირის ერთგული პარტნიორია, რაც ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსის ინტერვიუებში გაჟღერდა კიდეც

- მესმის რასაც ბრძანებთ, მაგრამ „ქართული ოცნება“ მეცხრე წელია ხელისუფლებაშია და სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში, ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შეეძლო ყველაფერ იმის გაკეთება, რაც ახლა მას ევროპული საბჭოს მედიაციით შეთანხმებით დაეკისრა.

სხვათა შორის, ამავე შეთანხმების შეუსრულებლობაზე მეტი პასუხიმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. რატომ ვერ თუ არ შეძლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმის გაკეთება, რასაც პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო, პროკურატურა, საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაციის ჩამოყალიბება ჰქვია?

- მოდით, ნურც „ქართულ ოცნებას“ და ნურც სხვა პარტიას ნუ გავაფეტიშებთ. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია რაც შეიძლება მეტი ძალაუფლების მოხვეჭას ცდილობს და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად მსოფლიოში.

გაიხსენეთ თუნდაც საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის დამფუძნებელი დიდი შარლ დე გოლი. მანაც ვერ გაუძლო ძალაუფლებით ცდუნებას.

მახსენდება ერთი ძველი ანეკდოტი: - „რატომ ტირი, შვილო? -გამდის და ვტირიო“. საპარლამენტო ოპოზიცია ზუსტად იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ მმართველ პარტიას, მაპატიეთ სლენგისთვის, - „არ გაუვიდეს“.

ხომ ნახეთ, რას დაემსგავსა მიხეილ სააკაშვილის პარლამენტი? მასთან შედარებით, ედუარდ შევარდნაძის პარლამენტი დემოკრატიის შუქურა იყო.

თუ გვინდა დამოუკიდებელი პროკურატურა, სასამართლო, ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, ამაზე პასუხისმგებლობა ყველა საპარლამენტო პარტიამ უნდა აიღოს. ამას ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება ესაჭიროება, სადაც საპარლამენტო უმცირესობას უამრავ კანონიერ ინსტრუმენტზე მიუწვდება ხელი.

თუ გვინდა დამოუკიდებელი პროკურატურა, სასამართლო, ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, ამაზე პასუხისმგებლობა ყველა საპარლამენტო პარტიამ უნდა აიღოს. ამას ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება ესაჭიროება, სადაც საპარლამენტო უმცირესობას უამრავ კანონიერ ინსტრუმენტზე მიუწვდება ხელი

პირველად მოგვეცა შესაძლებლობა მრავალპარტიულ პარლამენტში ქვეყნის მომავალი შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების საფუძვლების ჩაყრა. და რაზე დავხარჯეთ 6 თვე?

მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ ხელმოწერილი დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს ფორმალურად მაინც შეასრულებს. ოპოზიციის ამოცანაა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები რაც შეიძლება უფრო სრულყოფილი იყოს.

„ქართული ოცნება“ ხელმოწერილი დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს ფორმალურად მაინც შეასრულებს. ოპოზიციის ამოცანაა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები რაც შეიძლება უფრო სრულყოფილი იყოს

- მმართველი გუნდის პოზიციების გამხმოვანებლები ამტკიცებენ, რომ როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები პარლამენტში, „ნაციონალები“ ყველა მიმართულებით გააგრძელებენ აქტიურობას და შეეცდებიან ქვეყანაში რევოლუციური სიტუაციის შექმნას.

მეტიც, ამიტომ ითხოვს მესამე პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას და იმას, რომ მას უნდა მიეცეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა. თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ამგვარი ლოგიკა? რამდენად რეალიზებადად გამოიყურება სააკაშვილის სურვილი მიეცეს საშუალება პირადად იყოს ჩართული ქართულ პოლიტიკაში?

- სააკაშვილის ჩამოსვლის დაპირებანი უკვე ანეგდოტურია. რამდენჯერ მოდიოდა და არ ჩამოვიდა? მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს.

მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს

რევოლუციაზე კი ესპანელი რესპუბლიკური არმიის ლოზუნგით გიპასუხებთ, რომელსაც დელორეს იბარურის მიაწერენ: No Pasaran!

- ოპოზიციური სპექტრის ძირითადი აქტორები ოპოზიციის მოქმედების სტრატეგიასა და ტაქტიკაში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობენ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი პოლიტიკურ ძალებს შორის უთანხმოებები სხვა, უფრო მნიშვნელოვან თემებს უკავშირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პროცესის დღის წესრიგის წარმართველი ვინაა, არაა გამორიცხული ოპოზიციაში ახლა ბრძოლა იმაზე უფროა, ოპოზიციური ფლანგის ლიდერი იქნება თუ არა „ნაცმოძრაობა“- სააკაშვილი - მელია?

ახალ რეალობაში ვისი ლიდერობითა და დღის წესრიგით იმოქმედებს ოპოზიცია მომავალში, პარლამენტში, ან თუნდაც ადგილობრივ არჩევნებზე? თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ გრჩებათ?

- ჰქონდა კი ოპოზიციას ერთიანი სტრატეგია? ხომ არ იყო მისი წარმომადგენლების დემარშები ქართული სულსწრაფობით გამოწვეული? სჭირდება კი პოლიტიკურ პროცესს წარმართვა და ხომ არ არის ჭკვიანური ტაქტიკა, რომელიც არსებულ რეალობაში საუკეთესო გამოსავალს მოიძიებს? და ჭირდება კი ოპოზიციას მკვეთრად გამოხატული ლიდერობა?

დემოკრატიულ ქვეყნებში ოპოზიციურ პარტიებს თავიანთი სტრატეგიები გააჩნიათ და ამ სტრატეგიებიდან გამომდინარე, ისინი ან შედიან კოალიციებში, ან გამოდიან კოალიციებიდან.

ამ ქვაკუთხედით თუ შევხედავთ განვითარებულ მოვლენებს, მხოლოდ ერთ ოპოზიციურ პარტიას გააჩნდა სტრატეგია, და ისიც უკრაინაში შემუშავდა. ეს სტრატეგია აშკარად ანტისახელმწიფოებრივია და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების ტრაგიკული შეცდომა ზუსტად ამ სტრატეგიასთან გაიგივება იყო.

მოვლენებს, მხოლოდ ერთ ოპოზიციურ პარტიას გააჩნდა სტრატეგია, და ისიც უკრაინაში შემუშავდა. ეს სტრატეგია აშკარად ანტისახელმწიფოებრივია და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების ტრაგიკული შეცდომა ზუსტად ამ სტრატეგიასთან გაიგივება იყო

კიდევ კარგი, რომ ჩვენ ევროპელი პარტნიორები გამოცდილნი არიან და ეს მარტივი ჭეშმარიტება მაშინვე დაინახეს, ხოლო როცა ამის საჭიროებს შეიქმნა, ამხილეს კიდეც.

ადგილობრივ არჩევნებზე კი ჩვენ ბევრი სიურპრიზი გველოდება. ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

- ფაქტია, რომ ევროსაბჭოს მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი შეთანხმებით შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა.

რაც არ უნდა ერქვას ამ არჩევნებს, მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები. ცხადია, რომ მმართველ გუნდს სახელისუფლებო ბერკეტები ოპოზიციაზე ბევრად მეტი აქვს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ აიღებს თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების 43%-ს, არავინ იცის.

ფაქტია, რომ მმართველი გუნდი ივანიშვილისა და გახარიას წასვლის შემდეგ ელექტორალური შესაძლებლობები ისე ძლიერი არ უნდა იყოს, როგორც თუნდაც 2020 წლის არჩევნებზე. ფაქტია ისიც, რო ოპოზიციასაც დაკარგულია აქვს ერთიანობა და ახლა მათი უმეტესობა შემოდგომაზე საკუთარი პარტიის ინტერესებით იხელმძღვანელებს.

ასეთ ვითარებაში თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ როგორი იქნება მისი უდიდებულესობა ამომრჩევლის პასუხი კითხვაზე - დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები?

- თქვენი მოსაზრება ლოგიკურია, მაგრამ საკამათო. პირველი, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, ვთქვათ, 50%-იანი უპირატესობით ადგილობრივი არჩევნები მოიგოს, მაგრამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩვენები მაინც გახდეს საჭირო თუ, მაგალითად, უმრავლესობა დაიშალა. ეს კი დიდწილად ადგილობრივ არჩევნებში სრულიად ახალი აქტიორების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

„ქართულ ოცნებასა“ და “ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რღვევის შევსებაა აუცილებელი, რათა 2020 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები აღარასოდეს განმეორდეს. შეძლებს ამ ამოცანის გადაჭრას გიორგი გახარია? მამუკა ხაზარაძემ და ალეკო ელისაშვილმა ეს მისია ვერ იტვირთეს

მეორე, დღეს რომ იყოს არჩევნები, „ქართული ოცნება“ მას ადვილად მოიგებდა, იმდენად მობეზრდა ხალხს ოპოზიციის უაზრო დემარშები. მაგრამ შემოდგომამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ბევრი იმაზე იქნება დამოკიდებული, დააფუძნებს თუ არა გიორგი გახარია დანაპირებ პარტიას? თუ „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს?“.

მესამე. უკვე ალბათ თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „ქართულ ოცნებასა“ და “ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რღვევის შევსებაა აუცილებელი, რათა 2020 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები აღარასოდეს განმეორდეს. შეძლებს ამ ამოცანის გადაჭრას გიორგი გახარია? მამუკა ხაზარაძემ და ალეკო ელისაშვილმა ეს მისია ვერ იტვირთეს.

დაბოლოს, გმადლობთ, რომ როგორც ამაომჩეველს, „უდიდებულესობა“ მიწოდეთ. მაგრამ ჯერ მეც არ ვიცი, ვის მივცემ ხმას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავს