ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას 19 აპრილს მოეწერა ხელი, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, უფრო დიდი ნაწილი „ნაცმოძრაობის“ სახით, რომელმაც 2020 წლის არჩევნებში ხმების 27% მიიღო, პარლამენტში არაა შესული, ჭირს იმის თქმა, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ხელისუფლება არც აღიარებდა, საბოლოოდ მაინც მოუწია აღიარება, დასრულებული არაა.

ფაქტია, რომ 19 აპრილს შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საშინაო პოლიტიკაში ახალი რეალობაა ჩამოყალიბებული. თქვენ როგორ შეაფასებდით 19 აპრილს შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ჩამოყალიბებულ რეალობას, რომელსაც ახლა საშინაო პოლიტიკაში ვადევნებთ თვალს?

- დამდგარი რეალობა უფრო რთულია, ვიდრე ხელშეკრულების ხელმოწერამდე არსებული ვითარება, რადგან შედეგად ოპოზიციის ნაწილი შევიდა პარლამენტში, ნაწილი, დროებით მაინც, გარეთ დარჩა. ეს შეიძლებოდა ტაქტიკურ სვლად ჩაგვეთვალა, რომ არა თანმდევი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში, რაც ასუსტებს ყველას - პარლამენტში შესულებსაც და გარეთ დარჩენილებსაც.

ამასთან, ხელისუფლება ძალიან კარგად სარგებლობს ოპოზიციაში ბუნებრივად არსებული შიდა წინააღმდეგობებით და ცეცხლზე ნავთს ასხამს. აგრეთვე, ცდილობს, მის მიერ უკვე კარგად აპრობირებული - ოპოზიციის ხელზე დახვევის - მეთოდი გამოიყენოს. ანუ მათი ყურადღება ერთ კონკრეტულ საკითხზე, ამჯერად, ამნისტიის თემაზე გადაიტანოს, ამითი დრო გაიყვანოს და ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბევრი საკითხი ოპოზიციის ყურადღების მიღმა დატოვოს.

დამდგარი რეალობა უფრო რთულია, ვიდრე ხელშეკრულების ხელმოწერამდე არსებული ვითარება, რადგან შედეგად ოპოზიციის ნაწილი შევიდა პარლამენტში, ნაწილი, დროებით მაინც, გარეთ დარჩა. ეს შეიძლებოდა ტაქტიკურ სვლად ჩაგვეთვალა, რომ არა თანმდევი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში, რაც ასუსტებს ყველას - პარლამენტში შესულებსაც და გარეთ დარჩენილებსაც

სხვა საკითხია, რა სჭირს თავად ოპოზიციას - ლოგიკურად, ყველა პოლიტიკური პარტიის დანიშნულებაა ყურადღების მიღმა არ დარჩეს ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი არც ერთი საკითხი, შესაბამისად, ბევრი მიმართულებით იმუშაოს, ერთი მხრივ, საკუთარ ამომრჩეველს, ხოლო მეორე მხრივ, საგარეო პარტნიორებს.

დადოს სახელმწიფო განვითარების პროგრამები ყველა სფეროში, პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში, მართოს სხვადასხვა ტიპის კრიზისები და გაუმკლავდეს გამოწვევებს. ჩვენ კი რას ვხედავთ - სამწუხაროდ, არსებული ოპოზიცია ერთი საკითხის თუ ამოცანის მიღმა საკუთარი ძალისხმევის კონცენტრაციას ვერ ახდენს და იმ ერთ მიზანსაც სრულყოფილად ვერ აღწევენ.

ბოლო 7 თვეა გარკვეული მონაცვლეობით გვესმის რიგგარეშე არჩევნების, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ამნისტიის საკითხები. სამაგიეროდ, ქართველი ხალხი გაყვანილია პოლიტიკური პროცესიდან - ოპოზიციის ყურადღების მიღმა რჩება გამანადგურებელი კოვიდ-პოლიტიკა, ჩამოქცეული ლარი და ეკონომიკა, მორღვეული სოციალური დაცვის სისტემა, ტოტალური უმუშევრობა და შიმშილი, განადგურებული განათლების სისტემა, ჩამოშლილი უსაფრთხოება, კოვიდის მიზეზით აღებული და კაცმა არ იცის სად წასული მილიარდები, კარსმომდგარი ურთულესი გამოწვევები და მეორე მხრივ, შანსები საგარეო პოლიტიკურ არენაზე.

საკმაოდ დიდხანს ველოდე, რომ ოპოზიცია ამ ჩაკეტილი წრიდან თავს დააღწევდა და ახლა მიმაჩნია, რომ დუმილის დრო აღარაა - სათქმელი უნდა ითქვას და ხმამაღლა - ოპოზიციას მთავარი კრიზისი საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობაში უდგას, უფსკრული ოპოზიციასა და ამომრჩეველს შორის სულ უფრო იზრდება და თუ ასე გაგრძელდა, შორს არ ვართ იმ მომენტისგან, როცა საზოგადოება გაემიჯნება არსებულ პოლიტიკურ კლასს და არსებული პოლიტიკური კლასი ტოტალურად ჩანაცვლდება ახალი პოლიტიკური ძალებით.

სათქმელი უნდა ითქვას და ხმამაღლა - ოპოზიციას მთავარი კრიზისი საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობაში უდგას, უფსკრული ოპოზიციასა და ამომრჩეველს შორის სულ უფრო იზრდება და თუ ასე გაგრძელდა, შორს არ ვართ იმ მომენტისგან, როცა საზოგადოება გაემიჯნება არსებულ პოლიტიკურ კლასს და არსებული პოლიტიკური კლასი ტოტალურად ჩანაცვლდება ახალი პოლიტიკური ძალებით

განახლება თავისთავად პოზიტიური პროცესია, მაგრამ როცა ვუყურებთ რა ჯგუფები აპირებენ დღეს პოლიტიკაში შემოსვლას - დღეს ეს უფრო სახიფათოა, ვიდრე - იმედისმომცემი.

მთავარი გამოწვევა კი ის არის, რომ ამ ვაკუუმს კარგად ხედავს და იყენებს რუსეთი. ამას გულშემატკივრის პოზიცია და ქვეყნის ინტერესი მალაპარაკებს - დროა, სანამ გვიანი არ იქნება, ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს დაუბრუნდეს.

დროა, სანამ გვიანი არ იქნება, ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს დაუბრუნდეს

- ვხედავთ, რომ ერთი მხრივ აზრთა სხვადასხვაობაა ხელისუფლებასა და ოპოზიციიდან პარლამენტში შესულ დეპუტატებს შორის იმავე 19 აპრილის შეთანხმების პუნქტების შესრულების საკითხებში.

იგულისხმება თუნდაც ამნისტიის კანონი, მელიას გირაოთი გათავისუფლების საკითხი, ანაც ჯერაც არ დაწყებული განხილვები საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით.

მეორე მხრივ ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკურ ძალებს შორის ღიად თუ ფარულად აშკარად დაპირისპირების ნიშნებს. მოდით ჯერ შეთანხმების პუნქტებთან დაკავშირების მხარეების პოზიციებში გარკვევა ვცადოთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხაობებს იგივე ამნისტიის კანონთან, მელიას გირაოთი, თუ ამნისტიით გათავისუფლების საკითხებზე დაუსრულებელ კამათს?

- ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის ხელზე დახვევის და დროის გაყვანის ტაქტიკა ვახსენე. თუმცა, ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციასთან მიმართებაში ამით არ ამოიწურება.

ეფექტურად მუშაობს ასევე „დაყავი და იბატონეს“ პრინციპი - ხელისუფლება ახერხებს რომ ოპოზიცია ერთმანეთს დააპირისპიროს და იმიჯურად დააზიანოს ორივე მხარე, თავად კი განზე გადგეს და სეირს უყუროს.

ხელისუფლება ახერხებს რომ ოპოზიცია ერთმანეთს დააპირისპიროს და იმიჯურად დააზიანოს ორივე მხარე, თავად კი განზე გადგეს და სეირს უყუროს

ოპოზიცია საკუთარივე, ემოციურ ფონზე გასროლილი სიტყვების მძევალი ხდება - მაგალითად, ვინმეს აქვს პასუხი, რატომ არ დაესწრო ოპოზიცია პარლამენტის იმ სხდომას, სადაც ჯანდაცვის მინისტრის ანგარიში ისმინებოდა - რა არის დღეს ამ ქვეყნისთვის კოვიდის გამკლავებაზე და თანმდევ, ეკონომიკის გადარჩენაზე უფრო მნიშვნელოვანი.

რა, ოპოზიციას არ ჰქონდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შემოაქვს ხელისუფლებას ვაქცინები, რატომ არ აწარმოებს ვაქცინაციის ხელისშემწყობ საინფორმაციო კამპანიას, სად წავიდა კოვიდის მიზეზით აღებული მილიარდები?! ეს არ არის ოპოზიციის ამომრჩევლის პირველი რიგის ინტერესი?! აბა, რატომ არ გაახმოვანეს?!

რა, ოპოზიციას არ ჰქონდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შემოაქვს ხელისუფლებას ვაქცინები, რატომ არ აწარმოებს ვაქცინაციის ხელისშემწყობ საინფორმაციო კამპანიას, სად წავიდა კოვიდის მიზეზით აღებული მილიარდები?! ეს არ არის ოპოზიციის ამომრჩევლის პირველი რიგის ინტერესი?! აბა, რატომ არ გაახმოვანეს?!

იგივე შეიძლება ითქვას „ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსში“ შეტანილ დრაკონულ ცვლილებებზე, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ურტყამს ყველაზე მეტად. რატომ არ დაესწრო პარლამენტში უკვე შესული ოპოზიცია იმ სხდომას, რომელზეც ეს საკითხი იხილებოდა?!

აღარაფერს ვამბობ, იმ „ტრიუკზე“, რომელიც ხელისუფლებამ ჩაუტარა „მოსალოდნელი ვეტოს“ სახით ოპოზიციასაც და სალომე ზურაბიშვილსაც - იმიჯურად დააზიანა ოპოზიცია და კიდევ ერთხელ გადაუარა პრეზიდენტის ინსტიტუტს, როგორც „დამოუკიდებელ“ ინსტიტუციას - ილუზიაც კი არ დატოვა არავის თვალში, რომ ზურაბიშვილს „მსუბუქი დამოუკიდებლობის“ უფლება მიეცა.

- ბადრი ჯაფარიძემ კი განაცხადა - როცა თავდებობის მექანიზმი ჩაირთვება, 72 საათში გაათავისუფლებს ნიკა მელიას - დარწმუნებული ვარ, სტრატეგიული პარტნიორები ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ ეს მექანიზმი ამოქმედდეს“.

მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით ასე მოხდება თუ არა. ამის პარალელურად ოპოზიციის მტკიცებით მმართველი გუნდის ინიციატივით ამნისტიის პაკეტში გაკეთდა უპრეცედენტო ჩანაწერი, რომელიც ამნისტირებულ პირისაგან მოითხოვს მისსავე ამნისტირებაზე თანხმობა განაცხადოს.

თქვენი დაკვირვებით მელიას გასათავისუფლებლად ამოქმედდება თუ არა ევროკავშირის 72 საათიანი მექანიზმი?

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი გუნდის ინიციატივით ამნისტიის პროექტში გაკეთებული ჩანაწერი?

- პატივისცემას იმსახურებს „ლელოს“ მცდელობები ღირსეული გამოსავალი მონახონ შექმნილი კრიზისიდან, თუმცა სხვაგვარად ფიქრობს ხელისუფლება და მისი მიზანია მაქსიმალურად დააზიანოს იმიჯურად პერსონალურად ნიკა მელია, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე მთავარ კონკურენტად დღეს ის ეგულება.

ხელისუფლების მიზანია მაქსიმალურად დააზინოს იმიჯურად პერსონალურად ნიკა მელია, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე მთავარ კონკურენტად დღეს ის ეგულება

მოკლედ, „ოცნება“ ცდილობს მელიასთვის იმიჯურადაც და ფიზიკურადაც კარგი გამოსავალი არ დატოვოს - ან უარი თქვას ამნისტიაზე და ციხეში დარჩეს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს, ჯამურად, არსებული ოპოზიციის შანსებს ადგილობრივ არჩევნებზე, ან ისე გამოუშვას, რომ მაქსიმალურად დაამცროს მისი ამომრჩევლის თვალში.

ამ თემას განხეთქილების ვაშლადაც იყენებს, როგორ ვთქვით და დროსაც იგებს - რაც უფრო დიდხანს იქნება ციხეში ნიკა მელია, მით უფრო გაჭირდება ოპოზიციის აქტიურ საარჩევნო ფაზაში გადასვლა. მელიას პოზიციაც გასაგებია - ხალხს სჭირდება გმირი და არა, ხელისუფლების მიერ წელში გადატეხილი მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი.

- 19 აპრილის შეთანხმებაზე მხარეების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ძნელი წარმოსადგენია, რომ იმავე შეთანხმების პუნქტები ისე იქნება შესრულებული, როგორც ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განსაზღვრა.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკური კრიზისი არ ამოწურულა და არაა გამორიცხული დასავლეთს ძალისხმევა ისევ მოუწიოს.

თუ ამ საკითხებზე მხარეებმა კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლეს, თქვენი დაკვირვებით, 19 აპრილის შეთანხმების შესასრულებლად ხომ არ გახდება საჭირო ისევ შარლ მიშელის ჩარევა?

- გარწმუნებთ, რომ მიშელის ხელშეკრულების ყველა პუნქტის გარშემო ხელისუფლება იგივე ტაქტიკას მიმართავს, რასაც ახლა ამნისტიასთან დაკავშირებით ვუყურებთ - დაიწყებს შინაარსის თავისთვის სასარგებლოდ ინტერპრეტირებას, ატეხავს ქარიშხალს ამ საკითხების გარშემო, მაქსიმალურად გაწელავს დროს იგივე საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში, დაიხვევს ხელზე ოპოზიციას და ამასობაში არჩევნებიც მოვა, რომელსაც ოპოზიცია სრულიად მოუზმადებელი შეხვდება.

რატომ ვერ ხვდება ოპოზიცია 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ხელისუფლების დროის გაყვანის მარტივ ტაქტიკურ ხრიკებს, ნამდვილად მიკვირს.

რატომ ვერ ხვდება ოპოზიცია 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ხელისუფლების დროის გაყვანის მარტივ ტაქტიკურ ხრიკებს, ნამდვილად მიკვირს

ამასობაში, ჩვენ ხელიდან ვუშვებთ უნიკალურ შანსს საქართველოს მიმართ დასავლეთის მზარდი ინტერესი, მათ შორის, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის რუსეთის შეკავების პოლიტიკა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხის დაძვრისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის მეტი გარანტიების მიღებისთვის გამოვიყენოთ და სულ უფრო მეტად ვტოვებთ შეუმდგარი სახელმწიფოს შთაბეჭდილებას დასავლეთის თვალში.

ნახეთ რა ხდება - უკრაინის განახლებული სწრაფვა ევროატლანტიკური სტურქტურებისკენ და უკრაინის საკითხის ნატოს დღის წესრიგში დაბრუნება, ისევე როგორც, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში ამერიკის აქტიური ჩართულობა საქართველოს გარეშე მიმდინარეობს.

მაშინ როცა სულ რამდენიმე წლის წინ საქართველო-უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივები ერთიან კონტექსტში განიხილებოდა. დღეს კი ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულების შესრულება შეგვიძლია თუ არა ევროპელი მედიატორების გარეშე.

რამდენიმე წლის წინ საქართველო-უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივები ერთიან კონტექსტში განიხილებოდა. დღეს კი ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულების შესრულება შეგვიძლია თუ არა ევროპელი მედიატორების გარეშე

- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც ბევრს საუბრობენ შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით მათ მიერვე გადადგმული ნაბიჯები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ისინი თანმიმდევრულები არიან.

საქმეს ისიც ართულებს, რომ შეთანხმების პუნქტებთან დაკავშირებით არ ცხრება კამათი ოპოზიციურ ფლანგზე. კარგა ხანია ვადევნებთ თვალს, სულ ცოტა ხნის წინ ერთიან პოზიციებზე მყოფ ოპოზიციაში არა მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობას, არამედ ურთიერთბრალდებებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით „ნაცმოძრაობასა“ და მასთან ერთიანობაში მყოფი პოლიტიკურ ლიდერებსა და დანარჩენ, ამჯერად პარლამენტში შესული ოპოზიციის ნაწილს შორის პოლემიკასა და უთანხმოებებს?

- ამ თემაზე ნაწილობრივ ვისაუბრე, მაგრამ ახლა დავძენ - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მაინც მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია. მე არ ვსაუბრობ ერთიან ოპოზიციურ სიაზე ადგილობრივ არჩევნებში, არამედ ერთიან კანდიდატზე, რომელზეც საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგება.

თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მაინც მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია. მე არ ვსაუბრობ ერთიან ოპოზიციურ სიაზე ადგილობრივ არჩევნებში, არამედ ერთიან კანდიდატზე, რომელზეც საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგება

რუსეთი ძალიან კარგად ხედავს იმ ვაკუუმს თუ გაუცხოებას, რომელიც არსებულ ოპოზიციასა და მის ამომრჩეველს შორის არის შექმნილი და შეეცდება ამით ისარგებლოს.

როგორ?! რუსეთი, ფაქტობრივად, ალყას არტყამს საქართველოს ამომრჩეველს და მას სხვადასხვა სტილის და ლოზუნგების ლიდერებს შესთავაზებს, ზოგს ღიად, ზოგს ფარულად, რომ მეტნაკლებად ყველა გემოვნების ამომრჩეველი დააკმაყოფილოს და მაქსიმალური მობილიზება გაუკეთოს არა მარტო რადიკალ, ფანატიკოს, ულტრანაციონალისტ ან პრორუს ამომრჩეველს, არამედ ნეიტრალურ და არსებული პოლიტიკური სპექტრით იმედგაცრუებულ ამომრჩეველსაც.

პარალელურად, რუსეთი შეეცდება რომ პროდასავლური ამომრჩევლის ნებელობა კიდევ უფრო დათრგუნოს. მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ რუსეთით ფარულად თუ აშკარად ზურგგამაგრებული პოლიტიკური ძალები მომავალ ქართულ პოლიტიკაში ფაქტორად იქცევა მხოლოდ არსებული ოპოზიციის სისუსტის და დაქსაქსული პროდასავლური ფრონტის ფონზე. საჭიროა, რომ ოპოზიციამ ეს კარგად გაიგოს და თავისი ტაქტიკა თუ სტრატეგია, ამის გააზრების შედეგად დაგეგმონ.

რუსეთით ფარულად თუ აშკარად ზურგგამაგრებული პოლიტიკური ძალები მომავალ ქართულ პოლიტიკაში ფაქტორად იქცევა მხოლოდ არსებული ოპოზიციის სისუსტის და დაქსაქსული პროდასავლური ფრონტის ფონზე. საჭიროა, რომ ოპოზიციამ ეს კარგად გაიგოს და თავისი ტაქტიკა თუ სტრატეგია, ამის გააზრების შედეგად დაგეგმონ

- ამ თემაზე საუბრისას რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება“.

ვინაიდან პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პროცესის დღის წერიგის წარმმართველი ვინ იქნება, რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა ოპოზიციურ ფლანგზე იმისთვის უფროა ბრძოლა, ოპოზიციური ფლანგის ლიდერი „ნაცმოძრაობა“-სააკაშვილი-მელია იქნება თუ ოპოზიციის ის ფლანგი, ვინც პარლამენტში შევიდა. თქვენი დაკვირვებით ეს ბრძოლა სავარაუდოდ როგორ დასრულდება?

- დავიწყოთ ამოცანით - თბილისის მერის არჩევნების მოგება უნდა იყოს ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის მთავარი ამოცანა. ამისათვის ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწევს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა. საერთო ოპოზიციური კანდიდატი უნდა იყოს იმგვარი, რომელიც ყველა ოპოზიციურ პარტიას მისცემს სახის და იმიჯის შენარჩუნების და საკუთარ ამომრჩევლთან პირნათელი ყოფნის საშუალებას და თან ოპოზიციური ამომრჩევლის სრული სპექტრისთვის კომპრომისული თუ მისაღები ფიგურა იქნება.

ამასთან, თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი იმგვარი ფიგურა უნდა იყოს ან იმგვარი იმიჯის შექმნაზე უნდა იმუშაოს, რომ ის სასიცოხლო საფრთხედ არ იყოს აღქმული მეორე ფლანგზე არსებული ამომრჩევლისთვის და არ გამოიწვიოს „ოცნების“, გახარიას, ვასაძის და ა.შ. ამომრჩევლის „საერთო მტრის“ წინააღმდეგ გაერთიანება, რაც მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატის წაგების შანსებს გაზრდის.

თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი იმგვარი ფიგურა უნდა იყოს ან იმგვარი იმიჯის შექმნაზე უნდა იმუშაოს, რომ ის სასიცოცხლო საფრთხედ არ იყოს აღქმული მეორე ფლანგზე არსებული ამომრჩევლისთვის და არ გამოიწვიოს „ოცნების“, გახარიას, ვასაძის და ა.შ. ამომრჩევლის „საერთო მტრის“ წინააღმდეგ გაერთიანება, რაც მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატის წაგების შანსებს გაზრდის

გასაგებია „ნაცმოძრაობის“ არგუმენტიც - ის დღეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა არსებულ, ტრადიციულ ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე პოპულარული ლიდერით და მესმის იმ ციფრების ლოგიკაც, რომელიც მამუკა ხაზარაძემ მოიყვანა, რომ თბილისში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალებმა“ 20% აიღეს და დანარჩენმა ოპოზიციამ - 40%-იო.

მაგრამ, ჩემთვის უმთავრესი სახელმწიფოს ინტერესია, რომ „ქართული ოცნების“ რუსეთის მიმართ კაპიტულანტური პოლიტიკის და პოლიტიკურ ველზე პრორუსული პარტიების უპრეცედენტო მობილიზების ფონზე პროდასავლურმა ოპოზიციამ თბილისის მერის პოსტის ხელისუფლებისთვის გამოგლეჯვა შეძლოს. დანარჩენი ყველაფერი ვიწრო პარტიული ამბიციებია.

თუ ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატის შერჩევისას ვიწრო პარტიულ ინტერესებს საერთო სახელმწიფოებრივ საჭიროებას არ დაუქვემდებარებს, არსებული ოპოზიციური პარტიების ნაწილი მალე საერთოდ გაქრება, მეორე ნაწილი კი მილევად რეჟიმში გადავა.

თუ ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატის შერჩევისას ვიწრო პარტიულ ინტერესებს საერთო სახელმწიფოებრივ საჭიროებას არ დაუქვემდებარებს, არსებული ოპოზიციური პარტიების ნაწილი მალე საერთოდ გაქრება, მეორე ნაწილი კი მილევად რეჟიმში გადავა

- „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ დეპუტაცია პარლამენტში მას შემდეგაც არ შევა, როცა ამავე პარტიის თავმჯდომარე ციხის საკანს დატოვებს. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ მათ შესაძლოა ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა.

თუ მართლაც ასე განვითარდა პროცესები, პარლამენტი „ნაციონალური“ დეპუტაციის გარეშე ვერ შეძლებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ისეთ საკითხებზე როგორიცაა ბარიერის 2%-მდე დაწევა, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ამბიციური რეფორმა. სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები შემოდგომისთვის დაგეგმილ არჩევნებამდე?

- მე შემიძლია გითხრათ რა არის ხელისუფლების ტაქტიკა, თუმცა ამაზე უკვე ვრცლად ვისაუბრე. ახლა შევაჯამებ - ოპოზიციის დაქსაქსვა, მათი ერთმანეთზე წაქსევა, მათი ყურადღების გადატანა ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი თემებიდან, მათი იმიჯურად დაზიანება, დროის გაწელვა, რათა ოპოზიციამ ვერ მოასწროს არჩევნებისთვის საფუძვლიანად მომზადება.

არსებულ ვითარებაში ოპოზიციის ტაქტიკა უნდა იყოს ხელისუფლების მიერ მათთვის შექმნილი გამოწვევების გააზრება, ხელისუფლების თამაშზე გაცნობიერებულად უარის თქმა და საკუთარი ეფექტური ტაქტიკის და სტრატეგიის შემუშავება, საკუთარ ამომრჩეველთან დაბრუნება და ამ მიზნით სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის აწყობა.

არსებულ ვითარებაში ოპოზიციის ტაქტიკა უნდა იყოს ხელისუფლების მიერ მათთვის შექმნილი გამოწვევების გააზრება, ხელისუფლების თამაშზე გაცნობიერებულად უარის თქმა და საკუთარი ეფექტური ტაქტიკის და სტრატეგიის შემუშავება, საკუთარ ამომრჩეველთან დაბრუნება და ამ მიზნით სწორი საკომუნუკაციო სტრატეგიის აწყობა

შეძლებს ამას ოპოზიცია - ხომ კარგი, ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური ოპოზიციის რეაბილიტაცია მისსავე ამომრჩევლის თვალშიც და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფოსთვის, ზოგადად.

ვერ შეძლებს და ანტი-ისტებლიშმენტური მოძრაობა მოიკრეფს ძალებს, რომელიც გაწმენდს არსებულ პოლიტიკურ ველს მორალურად და ფიზიკურად გაცვეთილი ძალებისგან.

ოღონდ, ამ შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოების ამოცანა იქნება ამ ახალი, ანტი-ისტებლიშმენტური მოძრაობის სადავეები ხელში არ ჩავუგდოთ ექსტრემისტულ და რუსეთიდან მართულ ჯგუფებს, არამედ პირიქით - საღი აზრის და საღი ძალების ზედაპირზე ამოსვლის წინაპირობად ვაქციოთ.

- ამ პროცესების ფონზე გადადგა პრემიერი გიორგი გახარია. მას შემდეგ რაც მანვე გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკაში დაბრუნდება თავისი პარტიითა და გუნდით, ეკონომიკური და პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად საზოგადოების ნაწილში იყო მოლოდინი, რომ იგი ქართულ პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდებოდა.

გახარიას ნაცვლად ქართული პოლიტიკური სცენის პოდიუმზე ლევან ვასაძე გამოვიდა. მან თქვა, რომ პოლიტიკაში იგი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის სურვილმა მაიძულა მოვსულიყავიო. ასევე თქვა, რომ სურს ქვეყანა დაუბრუნდეს საპრეზიდენტო მმართველობას, დაბრუნდეს მაჟორიტარული ოლქები.

ბატონმა ვასაძემ საკმაოდ ბევრ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მას, გარდა იმისა, რომ პრორუსი პოლიტიკოსის იმიჯი აქვს და ცდილობს იყოს არა მარტო ქართველი ლიბერალების, არამედ მსოფლიო გლობალისტების ოპონენტი.

თქვენ როგორ აღიქვით ლევან ვასაძის პოლიტიკაში გამოჩენა? რა კორექტივებს შეიტანს მომხდარი პოლიტიკური ძალების იმ ბალანსსა და გადანაწილებაში, რომელიც დღეისათვის ჩვენში რეალურად არსებობს?

- ოპოზიციას ვურჩევ მოეშვას ლევან ვასაძისთვის კლოუნის ძახილს, ეს მხოლოდ თავის დამშვიდების საშუალებაა და მას როგორც რეალურ გამოწვევას, ისე შეხედოს.

სიმართლე გითხრათ, არც ამ შემთხვევაში მესმის ოპოზიციის ტაქტიკა - რა, თუ ვასაძეს კლოუნს დაუძახებენ და ამომრჩეველს ეტყვიან, რომ ვასაძე ხურდაში მოყოლილი პოლიტიკოსია და ჩვენთან რას მოვაო, თქვენ არაფრის შეგეშინდეთო - ამით რეალურ პრობლემას მოხსნიან?!

ოპოზიციას ვურჩევ მოეშვას ლევან ვასაძისთვის კლოუნის ძახილს, ეს მხოლოდ თავის დამშვიდების საშუალებაა და მას როგორც რეალურ გამოწვევას, ისე შეხედოს

პირდაპირ ვიტყვი, ეს სირაქლემას პოზაა - იმის ნაცვლად, რომ ახლა პროდასავლური ამომრჩევლის სრულ მობილიზებაზე და რეალურად მასში საბრძოლო შემართების გაღვივებაზე მიდიოდეს მუშაობა, რა თქმა უნდა, მშვიდობიან შემართებას ვგულისხმობ, კარსმომდგარი რუსული საფრთხის წინაშე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ველზე ჯერარნახულად მსუყე პოზიციის „დათრევას“ ცდილობს, პროდასავლური ოპოზიცია პრობლემას თვალს უხუჭავს, თითქოს ამით ეს საფრთხე გაქრებოდეს.

მტრის ხატს, საარჩევნო ტექნოლოგიებში მაშინაც კი ხატავენ, როცა ის არ არსებობს, ამომრჩევლის მობილიზაციის მიზნით და ესენი რეალურ გამოწვევას არად დაგიდევენ, ჩვენ ეგ რას დაგვაკლებს, „მაი აფერიო“ ამომრჩეველს ამშვიდებენ.

არადა, თუ ვასაძეს საპატრიარქოც გვერდით დაუდგა, თავისი ამბიონებიდან ქადაგებების ჩათვლით, მისი ძალა მერე ნახეთ. გაგახსენებთ, ეკლესიის „ქართული ოცნებისთვის“ მხარდაჭერის როლს 2012 წლის არჩევნებში.

მართალია, ვასაძე გავლენით 2012 წლის „ოცნებასთან“ და ივანიშვილთან ახლოს ვერ მივა, მაგრამ ვასაძისათვის ეკლესიის შესაძლო მხარდაჭერის როლის დაკნინებას არავის ვურჩევ.

ვასაძე გავლენით 2012 წლის „ოცნებასთან“ და ივანიშვილთან ახლოს ვერ მივა, მაგრამ ვასაძისათვის ეკლესიის შესაძლო მხარდაჭერის როლის დაკნინებას არავის ვურჩევ

თან არც ის გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ლევან ვასაძის მიმართ არსებული პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება ერთგვარი არ არის. ანუ ის შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური პერსონების თუ ჯგუფების მიზიდულობის ცენტრადაც იქცეს.

მაგალითად, ძალიან მოზომილი იყო ვასაძის შეფასება ანა დოლიძის და ლევან იოსელიანის მიერ. მათ ვასაძის უკეთესი კუთხით ცვლილებაც არ გამორიცხეს და მინიმუმ, მისასვლელი გზები არ მოიჭრეს.

და თუ ლევან ვასაძემ რიტორიკა შეარბილა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, არა აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, მიზიდულობის ღერძადაც იქცა, ბუნებრივია, ის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდება.

ოღონდ, ეს ყველაფერი იმ პირობით, თუ მისმა პატრონებმა ის კვლავ უბრძოლველად არ გაიხმეს ქართული პოლიტიკური ველიდან, როგორც აქამდე არაერთხელ მომხდარა. თუმცა, ეს ვიმეორებ, ოპოზიციას თავის დამშვიდების საშუალებას არ აძლევს.

- ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ლევან ვასაძემ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო საქართველო გამხდარიყო დასავლეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის სივრცე.

მეტიც, მისივე მტკიცებით, ისე აღმოჩნდა, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ადგილი გახდა. ვერაფერს იტყვი, საქართველო რომ გამხდარიყო დასავლეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის სივრცე, კარგი კი იქნებოდა, მაგრამ ასე რომ არ მოხდა, ჩვენი კი არა, თავად ძირითადი მოთამაშეების - ვაშინგტონისა და მოსკოვის ბრალია, და არა ჩვენი.

ფაქტია ისიც, რომ მათ შორის ურთიერთობების დაძაბულობის დონე დაახლოებით ისეთივეა, როგორც თავის დროზე „კარიბის კრიზისის“ დროს იყო. ძნელი დასაჯერებელია, რომ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში საკმაოდ ჩახედულმა ლევან ვასაძემ ეს არ იცოდეს, თან სიღრმისეულად.

არაკვალიფიციურობას მას ვერ დააბრალებ, ამიტომ კითხვას ასე დავსვამდი - რა შეიძლება იყოს მისი ამ ტიპის განცხადებების მიზანი?

- დღეს საქართველოს გარშემო უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს - ერთი მხრივ, უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი, მორიგი შეჭრის ფონზე ევროკავშირიც და ამერიკაც სულ უფრო აქტიურად განიხილავს რუსეთის აგრესიის შეკავების ახალ სტრატეგიას, რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმის და სხვა რუსეთისთვის რეალურად დამანგრეველი სანქციების შემოღების, ისევე როგორც, შეკავების სამხედრო მექანიზმების გაზრდის ჩათვლით.

ამავდროულად, რუსეთი და მისი მხარდაჭერით რეგიონის სხვა ქვეყნებიც, აქტიურად ცდილობენ რეალურად გააცოცხლონ ე.წ. „ექვსეულის“ ფორმატი, რომელიც დღის წესრიგში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ დადგა - რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით.

„ექვსეულში“ ყველაზე სუსტი რგოლი რუსეთისთვის საქართველოა და თუ ის მოახერხებს საქართველოს შექაჩვას ამ ფორმატში, ეს მისთვის საქართველოს დასავლური სივრციდან გამოყვანის ტოლფარდი სპეცოპერაცია იქნება.

ექვსეულში“ ყველაზე სუსტი რგოლი რუსეთისთვის საქართველოა და თუ ის მოახერხებს საქართველოს შექაჩვას ამ ფორმატში, ეს მისთვის საქართველოს დასავლური სივრციდან გამოყვანის ტოლფარდი სპეცოპერაცია იქნება

ამისათვის კი აუცილებელია ქვეყანაში იყვნენ იმგვარი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმს სულ უფრო მეტად გააღვივებენ, რუსეთის მიმართ კაპიტულანტური განწყობის გავრცელების პარალელურად. ამ როლს უაღრესად კარგად გაართმევს თავს ვასაძე, მით უფრო, პროადასავლური სპექტრის დასუსტების ფონზე.

- ალბათ მალე ქართულ პოლიტიკურ პოდიუმზე ექსპრემიერი გიორგი გახარია გამოჩნდება. მასზე როგორც კარგ კრიზის მენეჯერზე საუბრობენ. ახლა როცა „ქართული ოცნების“ მმართველობის მეცხრე წელს სულ უფრო ხშირად საუბრობენ საშინაო პოლიტიკაში ქაოსსა და უპერსპექტივობაზე, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს ექსპრემიერ გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება?

- გიორგი გახარიამ თუ საბოლოოდ გადაწყვიტა შემოსვლა, ის ქართულ პოლიტიკაში „მზითვით“ შემოვა ანუ უკვე არსებული, „ქართული ოცნებიდან“ წამოღებული ხმებით ხელდამშვენებული.

გახარიას მიმართ მიზიდულობა შეიძლება გააღვივოს ვასაძის ექსტრემისტულმა ლოზუნგებმაც ანუ გახარია შეიძლება იქცეს რადიკალიზმისგან შეშინებული ამომრჩევლის თავშესაფრადაც. ამავე მიზეზით შეიძლება გაიზარდოს მის მიმართ ინტერესი დასავლურ საელჩოებში და მათ დედაქალაქებშიც, მით უფრო თუ არსებული პოლიტიკური სპექტრით იმედგაცრუება მოიმატებს.

თუ ვასაძემაც და გახარიამაც გადაწყვიტეს ადგილობრივ არჩევნებში პარტიული სახით მონაწილეობის მიღება, „ქართულ ოცნებას“ რეალურად შეექმნება 43%-ის აღების პრობლემა

ანუ ლოგიკურად, გახარია, არსებულ პოლიტიკურ სივრცეში მასტაბილიზებელი ფაქტორის როლის მორგებას უნდა ეცადოს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრი, ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგალითად, ამ რიგში ნამდვილად ვერ ჩაეწერება „ნაცმოძრაობა“, უნებურად, თავად უთავისუფლებს სივრცეს გახარიას.

თუმცა, რამდენად შეეძლება გახარიას ოპოზიციის სტატუსით წარმატებულ ოპერირება, ეს ცალკე საკითხია. ერთია, ხელსაყრელი ფონი, რომელიც მას ხვდება და მეორე, ამის გონივრული და ეფექტური გამოყენება, რაზეც ჯერ ვერაფერს ვიტყვით.

ცხადია ორი რამ - ერთი, რომ თუ ვასაძემაც და გახარიამაც გადაწყვიტეს ადგილობრივ არჩევნებში პარტიული სახით მონაწილეობის მიღება, „ქართულ ოცნებას“ რეალურად შეექმნება 43%-ის აღების პრობლემა.

გახარიას მიმართ მიზიდულობა შეიძლება გააღვივოს ვასაძის ექსტრემისტულმა ლოზუნგებმაც ანუ გახარია შეიძლება იქცეს რადიკალიზმისგან შეშინებული ამომრჩევლის თავშესაფრადაც. ამავე მიზეზით შეიძლება გაიზარდოს მის მიმართ ინტერესი დასავლურ საელჩოებში და მათ დედაქალაქებშიც, მით უფრო თუ არსებული პოლიტიკური სპექტრით იმედგაცრუება მოიმატებს

და მეორე, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე დიდი ძვრები იწყება. ვინ გამოვა გამარჯვებული და ვინ დამარცხებული, ამას უახლოესი თვეები გვიჩვენებს. მთავარი ისაა, პოლიტიკურ ძალებს ეყოთ პასუხისმგებლობა, რომ ამ ჭიდილში არ დავაზიანოთ ქართული სახელმწიფო.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით