ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021

გია ხუხაშვილი - “როგორც ჩანს, პრეზიდენტმა თავისი თამაშის წამოწყება გადაწყვიტა...”

“თქმა ერთმანეთის ძვირისა” ოპოზიციაში - ყოფილ თანამებრძოლებს შორის დაგროვილმა შუღლმა ერთბაშად იფეთქა

ვახტანგ ძაბირაძე - “იქნებ “ოცნების” ლიდერებს ისეთი კომპრომატები აქვთ, რომელთა გახმაურება პრეზიდენტს ადვილად დამყოლს გახდის?”

პოლიტიკოსები და ექსპერტები კამათობენ, ნიკა მელია ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვა თუ “სახედაკარგული”

თორნიკე შარაშენიძე - “ოცნებამ” მიზანს მიაღწია - “ნაცმოძრაობა” ქუჩაში დატოვა

* * *

გია ხუხაშვილი - “როგორც ჩანს, პრეზიდენტმა თავისი თამაშის წამოწყება გადაწყვიტა...”

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი ხდება რეალური მოთამაშე ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი პრეზიდენტობის პირველი პერიოდი ნამდვილად აჩენდა კითხვებს, ის მოიაზრებოდა “ქართული ოცნების” პარტიულ ვერტიკალში. მოდი, ასე ვთქვათ - ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დომინირებდა, მანამდე სალომე ზურაბიშვილიც მთლიანად ჯდებოდა პარტიულ მატრიცაში. მას მერე, რაც ივანიშვილი პოლიტიკას გარკვეულწილად ჩამოშორდა, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მოიხსნა მორალური ვალდებულებები, დაინახა თავისი უპირატესობა და თავისი თამაშის წამოწყება გადაწყვიტა. სრულიად ნათელია, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ელემენტარულ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ეს კარგად შეაფასა ზურაბიშვილმა და ჩაჯდა სქემაში, რასაც ჰქვია პროდასავლური, პროევროპული ნარატივის ლობირება. მან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინიციატივა სრულად საკუთარ თავზე აიღო. გვახსოვს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები, როდესაც სწორედ ის აღმოჩნდა პროცესის შუაგულში, ღარიბაშვილი კი პასიურ მდგომარეობაში დარჩა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ჩვენი კონსტიტუციით, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში პრეზიდენტია ერთ-ერთი მთავარი ფიგურა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “როგორც ჩანს, პრეზიდენტმა თავისი თამაშის წამოწყება გადაწყვიტა...”.

“მან ვეტოსთან დაკავშირებული პროცესიც, პოლიტიკური თვალსაზრისით, სწორად წარმართა, ისე, როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, გაერკვა საკითხში, მოუსმინა ყველა მხარეს. ისიც დავინახეთ, რომ პრემიერი იძულებული გახდა, მასთან მისულიყო... საბოლოოდ პრეზიდენტმა ვეტო არ გამოყენა, მაგრამ პროცედურულად სწორი ნაბიჯები გადადგა, როგორც პოლიტიკურად, ისე ინსტიტუციურად, რაც მისასალმებელია... რა იყო მისი საბოლოო ამოცანა - ამ პროცესისთვის ფასადის შექმნა, თუ მართლაც ცდილობს, აღადგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური ფორმატი, მომავალი გვიჩვენებს. მოკლედ, პრეზიდენტი, ახლანდელი პოლიტიკური ელიტის ფონზე, ნამდვილად უკეთესად გამოიყურება. მასვე რომ დავესეხოთ, ის არის პოლიტიკური ელიტის ნაწილი, მაგრამ - ოდნავ ზემოთ... მისი პრეზიდენტობის პირველი ეტაპი აბსოლუტურად სხვა სურათს ქმნიდა, აშკარად იყო ტენდენციური, იყო მხარე, ზოგჯერ - პროვოკაციულიც, მაგრამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში მისი პოზიციები ჩემთვისაც კი სასიამოვნო სიურპრიზად იქცა” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ოპოზიციის ნებისმიერი შეფასება გასაგებია. ჯერჯერობით ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ ღირს. წინ გველოდება ძალიან აქტიური და რთული პოლიტიკური პროცესი და კიდევ მოგვიწევს დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევა პრეზიდენტი ამა თუ იმ მწვავე ვითარებაში. პოლიტიკაში, ისევე, როგორც სხვა სფეროებში, ყველაფერი ფარდობითია. პოლიტიკური ელიტა ისეთი სუსტია, ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილმა იგრძნო, რომ ამ პირობებში შეუძლია დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს. არ მგონია, გახარიას პრემიერობისა და მით უფრო - ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის დროს მას ამის საშუალება მისცემოდა, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს კი ეს კანონზომიერიც კია. საზოგადოებასთან, უცხოელ პარტნიორებთან, ოპონენტებთან ღარიბაშვილის კომუნიკაციის უნარები ძალიან შეზღუდულია. ის არის ხისტი, არ ახასიათებს პოლიტიკური მოქნილობა და რა გასაკვირია, ამ პირობებში პრეზიდენტს ეს ამბიცია გასჩენოდა, მით უფრო, რომ ღარიბაშვილი თვითონ თმობს პოზიციებს. მისთვისაც ძალიან არაკომფორტული იყო თუნდაც შარლ მიშელთან ჯდომა და საუბარი. დღეს ზურაბიშვილმა საგარეო პოლიტიკაც და კრიზისმენეჯმენტიც ლამის სრულად თავისკენ წაიღო, გახარიას პრემიერობის შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი იქნებოდა, ის ამ პოზიციებს არ დათმობდა”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“მელიამ შეიძლება ვთქვათ, რომ ცოტა გადაამლაშა... თავდაპირველად მისი მოქმედება აბსოლუტურად გასაგები იყო, მისი ნაბიჯები განპირობებული იყო როგორც პოლიტიკური, ისე - პიროვნული ლოგიკით. მის აქტიურობას უნდა მოჰყოლოდა გარკვეული დღის წესრიგი, თანაც მან გადაწყვიტა, ჩაეჭრა ის მანკიერი სქემა, რომელიც ამ ხელისუფლების მოგონილი არ არის, ეს სქემა იმ პარტიამ დაამკვიდრა, რომლის თავმჯდომარეც თვითონ გახლავთ - ვგულისხმობ ხმაურიანი საქმეების აღძვრას, რომელთა გამოძიება არასდროს მთავრდებოდა და რომელთაც პოლიტიკური პრესინგისა და ვაჭრობისთვის იყენებდნენ. მელიას საქმეც ზუსტად ამგვარია. აქედან გამომდინარე, მისგან გადამლაშება დაიწყო მაშინ, როცა ციხიდან განცხადება გაავრცელა და მორალური დილემა დაზარალებულების სასარგებლოდ გადაწყვიტა. მაშინ მელიამ თქვა, არ მინდა ამნისტიით გამოსვლა დაზარალებულთა ინტერესის დაზიანების ხარჯზეო, რაც სწორი იყო, მაგრამ ამასთან ერთად, ჩემი აზრით, ის მაშინვე უნდა დასთანხმებოდა ევროკავშირის გირაოს. ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი. ციხიდან მაშინვე რომ გამოსულიყო, ქართული პოლიტიკა ასცდებოდა ოპოზიციაში გაჩენილ დაპირისპირებას, რაც ახლაც გრძელდება და ამნისტიის თემაც ჰაერში გამოეკიდებოდა, რადგან ხელისუფლების ამოცანა - ჩამოეწერა საკუთარი ცოდვები ისე, რომ ხელი მელიასთვის შეეწმინდა, ჩაიშლებოდა”, - განმარტავს ექსპერტი.

“თავისი გადაწყვეტილების დაგვიანებით მელიამ ხელისუფლებას მისცა საკუთარი პოზიციის გადალაგების საშუალება. მოკლედ, ეს დრო დაიკარგა, მაგრამ არ მგონია, ეს ფატალური აღმოჩნდეს. მელიას გირაოს სანაცვლოდ გამოსვლის შემდეგაც ექნება საშუალება, ამნისტიის თემა “ააფეთქოს”. მისი გამოსვლის შემდეგ ამაზე ხელმომწერ ოპოზიციას სუსტი არგუმენტები ექნება იმისთვის, რომ გაამართლოს ამნისტიის მიღებაში მონაწილეობა. აქამდე მათი არგუმენტი იყო ის, რომ მელია გამოსულიყო გარეთ, მაგრამ ის თუ ისედაც გარეთ იქნება, მაშინ მათ პოზიციას საფუძველი გამოეცლება. შედეგად, მათ შეეძლებათ არ მოაწერონ ხელი ამნისტიას. საბოლოოდ მივიღებთ ვითარებას, როდესაც ხელისუფლება სტერილურად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, გაანულებს იმ დღეს ჩადენილ ყველა მხარის დანაშაულს, რაც გამოაჩენს ხელისუფლების გეგმას, რომლის თანახმად ამ ამნისტიით მელიას გამოშვება კი არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ - საკუთარი დანაშულის დაფარვა... ისე ეს მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა - ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ შეუგროვა ფული მელიას საპატიმროდან გამოსასვლელად. კი, ბატონო, ეს შეიძლება ირიბად იყოს იმის აღიარება, რომ საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რადგან წარმოუდგენელია, ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულებას აქვს თავისი ადგილი, ვინმეს ეს გაებედა”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

“უმნიშვნელოვანესია, გაირკვეს, რა ხდება “ნაციონალური" მოძრაობის” შიგნით, რაც, ვფიქრობ, მელიას გამოსვლიდან მალევე გამოჩნდება. აშკარაა, რომ პოლიტიკური პროცესის სააკაშვილისეული და მელიასეული გაგება ერთმანეთისგან განსხვავდება. ვნახოთ, რომელი ხაზი გაიმარჯვებს ამ პარტიის შიგნით. სააკაშვილის მიმართულება არის კონფრონტაციული, მელიას აზრით კი, ოპოზიციაში რაღაც დონის კოორდინაცია და ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს. ახლა მთავარი ინტრიგა სწორედ ის არის, ამათგან რომლის კონცეფცია გაიმარჯვებს პარტიაში. თუ მელიას კონცეფციამ გაიმარჯვა, ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობა” შევა პარლამენტში და ოპოზიციაშიც გარკვეული კოორდინაცია მოხერხდება. პოლიტიკურმა კრიზისმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში, თუმცა, რა თქმა უნდა, “ნაცმოძრაობის” შესვლით პოლტიკური კრიზისი არ ჩაცხრება. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩატარდება არჩევნები და დამარცხებული გამარჯვებულს მიულოცავს. მოკლედ, ახლა გამოჩნდება, ვინ არის რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად ერთმანეთს უნდა დაეტაკონ. სააკაშვილსა და მელიას თანაცხოვრება მოუწევთ. თუ მელიას კონცეფცია გაიმარჯვებს, ეს იქნება, ჩემი აზრით, უფრო პერსპექტიული და სახელმწიფოებრივად სწორი გზა. არავის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილის გარეშე დარჩენა “ნაციონალური მოძრაობისთვის” კარგი იქნება. ცხადია, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი სწორედ ექსპრეზიდენტზეა ორიენტირებული, მაგრამ ფაქტია, მისი საჯარო აქტივობები, განცხადებები პოლიტიკურ პროცესს არ წაადგება. ის, როგორც წესი, აზიანებს ხოლმე ოპოზიციას. ბიძინა ივანიშვილი ხომ დაიმალა, დროა, სააკაშვილიც დაიმალოს. მას შეუძლია კულისებში იაქტიუროს, დარეკოს, რჩევა მისცეს მელიას, თუ ცუდ ხასიათზე იქნება, შეუძლია დაურეკოს ბიძინას და აგინოს... მაგრამ მისი საჯარო აქტიურობა არ წაადგება არც მის პარტიას და არც პოლიტიკურ პროცესს”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “არ წყდება ლაპარაკი “ქართულ ოცნებაში” შექმნილ დაძაბულობაზე... ამბობენ, რომ შესაძლოა მალე კობახიძე ჩამოშორდეს პარტიის მართვას და თავმჯდომარეობა ღარიბაშვილმა გადაიბაროს. ასევე გაურკვეველია კახა კალაძის პოზიციაც...” - პასუხობს:

“პარტიაში ბიძინა ივანიშვილი იყო გამაერთიანებელი. ის აერთიანებდა ადამიანებს, სხვათა შორის - ამომრჩეველსაც და არა რაღაც იდეის ან ფუნდამენტურ ფასეულობათა სისტემის საფუძველზე, არამედ პერსონალურად. მის ირგვლივ იკრიბებოდნენ ლიბერალიც, კონსერვატორიც, ათეისტიც, მორწმუნეც... მისი პოლიტიკიდან დისტანცირების შემდეგ ამ ერთგვარი ბაბილონის გოდოლის დაშლა დაიწყო. “ქართულ ოცნებას” რომ თავი დავანებოთ, ეს პოლიტიკურ პროცესშიც ჩანს. ამ სისტემის, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ აგებული ბაბილონის გოდოლის დაშლის ნაწილია გიორგი გახარიაც, რომელთანაც წავა `ქართული ოცნების~ სამობილიზაციო ელექტორატის ზომიერი ნაწილი, ისინი, ვინც უფრო სტაბილურობასა და პოლიტიკურ ინტელექტზეა ორენტირებული და ვისაც ღარიბაშვილი და კობახიძე მაინცდამაინც არ მოსწონს. ულტრაკონსერვატიული ნაწილი, თავისი გარეჯის თემით თუ „ანტიმიშა“ განწყობით წავა ლევან ვასაძესთან. ანუ უკვე ხდება ელექტორალური ფრაგმენტაცია, რაც მმართველ პარტიაში აჩენს კითხვებს _ არის თუ არა სიცოცხლისუნარიანი `ქართული ოცნება~ და ხომ არ მიხედოს ყველამ საკუთარ თავს? ასე მგონია, ახლა კახა კალაძის ფიქრს ვახმოვანებ...”

“რაც შეეხება ლევან ვასაძის პოლიტიკაში გამოჩენას უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, უფრო სწორად - ამომრჩეველში არის სეგმენტი, რომელსაც მე ულტრაკონსერევატორულს ვეძახი. აქამდე მის მობილიზებას ახდენდა ბიძინა ივანიშვილი. წინასაარჩევნოდ რაღაც თემას მოიგონებდნენ და ასე ახერხებდნენ ამ ხმების კაპიტალიზაციას. ახლა ცხადია, რომ ეს სეგმენტი წავა ვასაძესთან. რას ვგულისხმობ ულტრაკონსერვატორულში - ეს არის რელიგიურ საფუძველზე დამყარებული ნაციონალიზმი, საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ევროსკეპტიციზმი და ანტიგლობალიზმი, რასაც ჩვენს დროში უკვე ანტივაქსერული განწყობაც დაემატა. ჩემი აზრით, ეს არის მინიმუმ 15%-იანი ელექტორალური სეგმენტი, რომელზეც მუშაობდა “პატრიოტთა ალიანსი”. იმ უცნაურობის მერე, რაც ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა მათი სახელით პარლამენტში, ფაქტობრივად, სხვა პარტია შევიდა, გამოჩნდა, რომ ამ პარტიაში პრობლემებია, თუმცა ელექტორატის ეს ნაწილი ასათვისებელი არ დარჩება... სიმართლე გითხრათ, ეს არ არის ცუდი და აგიხსნით - რატომ. ასეთი განწყობის ჯგუფებისგან აქამდეც ვხედავდით ქაოსურ და სახიფათო მოძრაობას, ზოგჯერ - ფაშისტური გამოვლინებით. როდესაც საზოგადოებაში არის ასეთი განწყობა, ჯობს, ამას “პოლიტიკური ქუდი” დაეხუროს და თუ ვასაძის სახით ეს მოხდება, წინააღმდეგი არ ვარ. პოლიტიკური სტატუსის მიღების შემდეგ ამ განწყობის მასშტაბის შეფასება, მათი მოქმედების პროგნოზირება და პოლიტიკური ოპონირებაც უფრო იოლი გახდება”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

“თქმა ერთმანეთის ძვირისა” ოპოზიციაში - ყოფილ თანამებრძოლებს შორის დაგროვილმა შუღლმა ერთბაშად იფეთქა

“მწვავე დაპირისპირების მთელი სერია ოპოზიციურ სპექტრში - “მიშელის დოკუმენტზე” შეთანხმებისას ხელისუფლების ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე 43%-იან ჩამკეტს ერთობლივად დაძლევდნენ, თუმცა რამდენიმე თვით ადრე დაპირისპირებამ იფეთქა და ერთმანეთის მისამართით მწვავე განცხადებების გაკეთებას აღარ ერიდებიან. განხეთქილება შეინიშნება “ნაციონალურ მოძრაობაშიც”, სადაც პარტიის ლიდერები ერთმანეთს ღიად უპირსპირდებიან. დიდი უთანხმოებაა “ნაციონალურ მოძრაობასა” და “სტრატეგია აღმაშენებელს” შორის. კვირას “სტრატეგია აღმაშენებელმა” განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებენ თითქოს მათი სოციალური ქსელის გვერდებზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა “ფეისბუკ აკაუნტებმა” მასობრივი შეტევა განახორციელეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “თქმა ერთმანეთის ძვირისა” ოპოზიციაში - ყოფილ თანამებრძოლებს შორის დაგროვილმა შუღლმა ერთბაშად იფეთქა.

“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული "ფეისბუკ აკაუნტების” მხრიდან ჩვენს “პეიჯებზე” შეინიშნება მასობრივი შემოტევა. რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული და დაბლოკილი იქნა ასობით “აკაუნტი”. მათი უმეტესობა არის ახალი შექმნილი. ასევე აქტიურობენ “ფეიკ აკაუნტებიდანაც”, მაგალითად აგრესიული ტროლია ვინმე ქეთი ბუკია, რომელიც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ყველა პოსტზეა მიმაგრებული და მისი ლანძღვითაა დაკავებული. მოგიწოდებთ მეგობრებო ეს ძალისხმევა საკუთარი თავის პოზიტიურად წარმოჩენასა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართოთ”, - ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში. “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც გიორგი ვაშაძემ “ნაცმოძრაობის” მიმართ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ პარტიას გამბედაობა არ ჰყოფნის მელიას ციხიდან გასათავისუფლებლად. ვაშაძემ თბილისის მერობის არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატის წარდგენა “მარცხის ფორმულაა”. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა ისიც თქვა, რომ ოპოზიცია ამორალურად იქცევა, როდესაც გამუდმებით მის და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ნათესაურ კავშირს უსვამენ ხაზს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყველაზე ამორალური მათი მხრიდან არის ის, რომ როგორც კი ჩემი პოზიცია არ მოეწონებათ, მყისიერად გამოდიან და ჩხარტიშვილს იძახიან. ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ “ნაცმოძრაობა” სულ ამას მაძახებს. გაიგოს ამ ხალხმა, რომ ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ. სამი შვილი მყავს, ტრადიციებს პატივს ვცემ, ოჯახს პატივს ვცემ და არ ვაპირებ ამათ გამო ოჯახის დანგრევას. მათთვის ერთ დღეს ჩხარტიშვილის სიძე ვარ და მეორე დღეს ჩემთან ერთად არიან”, - აცხადებს გიორგი ვაშაძე. ჩხარტიშვილისა და ვაშაძის საკითხზე, ოპოზიციის წარმომადგენლებს არაერთხელ აქვთ განცხადებები გაკეთებული. “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ამის გამო ვაშაძეს ბიძინა ივანიშვილის პროექტი უწოდა. ვაშაძის ბოლო დროინდელ განცხადებებს, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, კობა ნაყოფია ეხმაურება და ამბობს, რომ მის პარტიას ნაკლებად აინტერესებს, რას ამბობს გიორგი ვაშაძე”, - განაგრძობს გამოცემა.

“რას ამბობს გიორგი ვაშაძე, ნაკლებად გვაინტერესებს. მესმის, რომ პრობლემებია, იჩქარეს თავის დროზე, ახლა ვაშაძე ცდილობს, სიტუაციიდან უფრო ლამაზად გამოვიდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, მაგრამ იმედია, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება”, - განაცხადა ნაყოფიამ. ამ საკითხს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძეც შეეხო. “წუხელ, საპატიმროში ნიკა მოვინახულეთ. დიდხანს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ ეშინია მისი თავისუფლების ქართულ ოცნებას. გარდა იმისა, რომ კარგად და მხნედ არის, პოლიტიკურ პროცესს ზუსტად, გამბედავად და საოცრად ფართო კონფიგურაციით აფასებს. ყოველგვარი წვრილმანი გარჩევის გარეშე. რა სამწუხაროა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, ნიკას დამოკიდებულებების ფონზე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს”, - ამბობს დეკანოიძე. გარდა ამისა, დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაშიც” მიმდინარეობს. ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ხატია დეკანოიძე და სალომე სამადაშვილი ერთმანეთს ევროკავშირის ზედამხედველობით ჩატარებული ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების თაობაზე მწვავედ დაუპირისპირდნენ”, - დასძენს გამოცემა.

“სამადაშვილმა დეკანოიძე “ტყუილების საუბრის” გამო დადანაშაულა, როდესაც ამ უკანასკნელმა შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც ამნისტიას შეეხებოდა, პრობლემური უწოდა. სამადაშვილმა აღნიშნა, რომ დეკანოიძე მოლაპარაკებებს უშუალოდ არ ესწრებოდა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ შესაძლოა დაპირისპირება უფრო გამძაფრდეს, თუმცა იმ ფონზე, როცა პოლიტიკურ ველზე ახალი ძალები შემოდიან, მეტი დაფიქრება მართებთ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ოპოზიციას ურჩევს, რომ პოლიტიკური ამბიციები უკანა პლანზე გადასწიონ და კანდიდატებზე შეჯერდნენ, რადგან ასეთ შემთხვევას წყალს “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“აშკარაა, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, როდესაც მათმა ნაწილმა 19 აპრილს შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა, შედეგად ჩვენ ვხედავთ ტელეეთერებში და სოციალურ ქსელებში მწვავე დაპირისპირებას და ჩემი აზრით დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება, ერთი როდესაც თვითმმართველობის არჩევნები მოახლოვდება და ასევე დაპირისპირება იქნება პარლამენტში სკამების განაწილებაზე. შეთანხმების თანახმად, 5 კომიტეტი ოპოზიციის თავმჯდომარეობის ქვეშ უნდა გადავიდეს. „თუმცაღა იმ მოცემულობაში, როცა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე აქტიურად არიან ვასაძე თავისი პარტიით და გახარია თავისი მომავალი პარტიით, ვფიქრობ, არსებულ ოპოზიციურ პარტიებს უფრო მეტი დაფიქრება მართებთ, რადგან კონკურენცია საკმაოდ მაღალი და მწვავე იქნება, თუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ერთმანეთს დაუშვებელ ეპითეტებს მიაძახებენ, რაც გამართლებული არაა, ამ შემთხვევაში ისინი რეიტინგულად უფრო დაზარალდებიან და დაკნინდებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ამიტომ თუ ოპოზიციას გამარჯვება სურს, სჯობს, რომ მყარი ერთობა ჰქონდეთ. თუმცა მე ველოდები, რომ დაპირისპირება უფრო გამწვავდება თუნდაც შიგნით ენმ-ში და უკვე დაქსაქსული ოპოზიციური პარტიები იმ საწადელს ვერ მიაღწევენ, რომელიც მათ ილუზორულად ჰგონიათ, რომ თითქოს იმ 43% ე.წ. ჩამკეტს “ქართულ ოცნებას” ვერ მიაღწევინებენ. როგორც ამჟამინდელი და მომავალი სავარაუდო დაქსაქსულობა გვიჩვენებს, ოპოზიცია ძალიან მაღალი ალბათობით მორიგ ადგილობრივ არჩევნებს 2021 წლის ოქტომბერში კიდევ ერთხელ წააგებს. არაა გამორიცხული, რომ ასეთ შემთხვევაში ნაცოპოზიციამ სააკაშვილის დირიჟორობით კიდევ ერთხელ სცადოს და ე.წ. დაუმორჩილებლობა-ბოიკოტირების რეჟიმი გაითამაშოს, თუმცა მასშტაბები კიდევ უფრო მცირე იქნება იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ცირკი საზოგადოებამ უკვე ნახა, და კიდევ ერთხელ ნახავს მაისის “გრანდიოზულ” აქციაზეც. და შემდეგ “ნაცმოძრაობა” რას აკეთებს? ისევ დესტრუქციითა და ტელეეთერებში უსაგნო კრიტიკით გამოვა, მაგრამ ოპოზიციის უმეტესობა ამომრჩევლის პრობლემებს არ პასუხობს თავიანთი არგუმენტიანი შინაარსიანი პროგრამებით, ესაა მათი ძირითადი პრობლება: არაერთიანობა და პოლიტიკურ აქტივობებში არაადეკვატურობა”, - დასძენს აბაშიძე.

“გარკვეულწილად ეს პრობლემებს აჩენს, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები წაართვან. სასურველი იქნებოდა, რომ დღევანდელმა როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო ოპოზიციამ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმები გაიყოფა და „ქართული ოცნების" კანდიდატს გამარჯვება შედარებით უფრო გაუადვილდება. “ნაცმოძრაობა” ყველაზე რეიტინგუილი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა 27% მიიღო, რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ერთად აღებულს თუ “პატრიოტთა ალიანსს” გამოვაკლებთ, მათ 20%-ზე ნაკლები მიიღეს, ამიტომაც ამ შემთხვევაში მგონია, რომ პოლიტიკური ამბიციები უკანა პლანზე უნდა იქნას გადადებული და ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს წარმოდგენილი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“დაპირისპირება ამ შემთხვევაში მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ვნებს და შესაძლოა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებში გარკვეული ნიჰილიზმი გაჩნდეს, რომ ვთქვათ მათ ვერ მოილაპარაკეს ერთიან კანდიდატზე, პოლემიკა და კამათი შესაძლებელია, მაგრამ არა ისეთ დონეზე, რომელიც დღეს არსებობს. გიორგი ვაშაძე ჩემი მეგობარია, თუმცა “სტრატეგია აღმაშენებელმა” 3% აიღო, შეიძლება მეტს იმსახურებს, მაგრამ ასეა, შესაძლოა პარტიამ მესამე ძალად საპარლამენტო ოპოზიციური ერთობა იგულისხმა, ანუ “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლელო”, “გირჩი”, თუმცა 43%-ს ვერ დაძლევენ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ აღნიშნული “ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. მელიას პოზიცია სხვანაირია, ის ოპოზიციურ სპექტრს არ უპირისპირდება და მას შემდეგ, რაც ციხეს დატოვებს, მოლაპარაკებას აპირებს”, - ამბობს ჩიტაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “იქნებ “ოცნების” ლიდერებს ისეთი კომპრომატები აქვთ, რომელთა გახმაურება პრეზიდენტს ადვილად დამყოლს გახდის?”

“ველოდი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა. მოლოდინი უპირველესად იმ ფაქტორს ეფუძნებოდა, რომ დღეს სამართალდამცავებსა და ოპოზიციას შორის კატასტროფულად დიდი უნდობლობაა. მეგონა, პრეზიდენტი ამას გაითვალისწინებდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ეს ნამდვილად არ მოუტანს ხეირს არც ხელისუფლებას და არც ქვეყანას! პირიქით, უფრო გაართულებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობას. პრეზიდენტს ისიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მას “ქართული ოცნების” მორჩილად თვლის. ქალბატონ ზურაბიშვილს ვეტოს უფლება რომ გამოეყენებინა, წელგამართული იქნებოდა ოპოზიციის წინაშე და მეტი ნდობით ისარგებლებდა. თუ ხვალ ისევ გართულდება ვითარება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩვენ ისევ არ გვეყოლება მათ შორის მომლაპარაკებელი, ნეიტრალური ფიგურა და ისევ დანიელსონისა და მიშელის დახმარება დაგვჭირდება. ეს კი თავმოყვარე პოლიტიკოსებს, სულ ცოტა, უხერხულობას უნდა უქმნიდეს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “იქნებ “ოცნების” ლიდერებს ისეთი კომპრომატები აქვთ, რომელთა გახმაურება პრეზიდენტს ადვილად დამყოლს გახდის?”

“ოპოზიცია ამბობს, რომ პრეზიდენტი არ იყო დამოუკიდებელი ამ გადაწყვეტილების მიღებისას და მასთან შს მინისტრის სტუმრობაზე მიანიშნებენ. ამ აზრისგან შორს არც მე ვდგავარ. პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს აუცილებლად უნდა გამოეყენებინა ვეტოს უფლება, რადგან არ გამოიყენა, ესე იგი, შესაბამისი მითითება მიიღო... იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ზურაბიშვილი მხოლოდ ივანიშვილის მადლიერი იყო საპრეზიდენტო არჩევნებში სამთავრობო გუნდის მხარდაჭერის გამო და მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ თავისი რეალური ფუნქციის შესრულებას დაიწყებდა. ისიც მეგონა, რომ გაითვალისწინებდა ამ კანონთან დაკავშირებულ აშშ-ის საელჩოს მკაცრ შენიშვნებს. შეგახსენებთ, რომ ელჩმა ამ კანონს პირდაპირ არასაჭირო და უსარგებლო უწოდა. არც ვიცი, რა ვთქვა, იქნებ “ქართული ოცნების” დღევანდელ ლიდერებს ისეთი კომპრომატები აქვთ, რომელთა გახმაურება პრეზიდენტს ადვილად დამყოლს გახდის? ვერ დავიჩემებ, თუმცა ამის ფიქრის საფუძველი მაქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ხელისუფლების მხრიდან ვერ მოვისმინე რეალური არგუმენტი, თუ რატომ გახდა საჭირო ასეთი კანონი. თუმცა პრობლემას კანონზე მეტად საზოგადოებისადმი მიდგომაში ვხედავ. როდესაც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კანონს ასე დაჩქარებულად, ოპოზიციასთან განხილვის გარეშე იღებ, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ გვეუბნები, არ მაინტერესებს თქვენი აზრი, მე მაქვს უმრავლესობა და რასაც მინდა, იმას ვიზამო. 30 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლება ცდილობდა ისეთი კანონების მიღებას, რომლებითაც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების გამოხატვის უფლებას შეზღუდავდა. ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს მიიღეს კანონი, რომ საპროტესტო აქციები უნდა ჩატარებულიყო მხოლოდ იპოდრომზე. პირველი ორი აქცია მართლაც იპოდრომზე ჩატარდა, მესამე ჯერზე ეროვნული მოძრაობის აქციამ რუსთაველის პროსპექტი მთლიანად დაიკავა. როდესაც ხელისუფლება საზოგადოების მხარდაჭერას კარგავს, შემზღუდავი კანონები ვეღარ მუშაობს”, - ამბობს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “პოლიტიკურ ველზე კიდევ ერთი ახალი მოთამაშე გამოჩნდა - ბიზნესმენი ლევან ვასაძე. გახარიას გააქტიურებასაც ველით...”, - პასუხობს:

“არა მგონია, ვასაძის შემოსვლამ პოლიტიკურ ან ელექტორალურ სპექტრში გადაჯგუფება გამოიწვიოს. გასაგებია, რომ შეარჩია ისეთი დრო, როდესაც არის ელექტორალური სეგმენტი მესამე ძალისთვის, მაგრამ მეეჭვება სასურველი შედეგი მიიღოს, რადგან ის დიდად არ განსხვავდება იმ ჯგუფებისგან, რომელთაც საზოგადოება პრორუსულ ძალად აღიქვამს. მისგან განსხვავებით, გახარიას ნამდვილად აქვს პოლიტიკური კაპიტალი, თუმცა ძალიან აგვიანებს პარტიული სტრუქტურის შექმნას. ისიც ძნელი სათქმელია, უნდა იყაროს თუ არა კენჭი მერის არჩევნებზე, რადგან საარჩევნო გარემო დაძაბული და კონკურენტუნარიანი იქნება. გასათვალისწინებელია კახა კალაძის ფაქტორიც, რომელსაც ასევე დიდი რესურსი და “ოცნების” მძლავრი მხარდაჭერა ექნება. ყოველივედან გამომდინარე, ვასაძეზე ლაპარაკიც არ ღირს, გახარიას საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კითხვის ნიშნებია მესამე პოლიტიკურ ძალაზეც, რომელზეც ვაშაძე ლაპარაკობს”.

“რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, ოპოზიცია თავის ამომრჩეველს არწმუნებს, რომ თითქოს თვითმმართველობის არჩევნებში “ოცნება” 43%-ს ვერ აიღებს. არადა, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, “ოცნება” 43%-ს აიღებს. ოპოზიციას გაუჭირდება მმართველი გუნდის მოგებასთან შეგუება და ხელისუფლება მზად უნდა იყოს ახალი პროტესტისთვის. იმისთვის, რომ უსამართლობის განცდა და პროტესტის საბაბი არ გაჩნდეს, ყველაფერი უნდა გააკეთოს არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში შევრცხვებით დასავლელ პარტნიორებთან”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტიკოსები და ექსპერტები კამათობენ, ნიკა მელია ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვა თუ “სახედაკარგული”

“მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ნიკა მელიასთვის გირაო გადაიხადა, ამ ფაქტს საქართველოში დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები დიამეტრულად განსხვავებულად აფასებენ. “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მოკავშირეები ირწმუნებიან, რომ ეს მელიას პოლიტპატიმრობის სტატუსის აღიარებაა, რაც “ქართულ ოცნებაში” სასაცილოდაც არ ჰყოფნით და სარკაზმით აცხადებენ, რომ “მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა ნიკა მელიას ღირსებაზე გაიარა”. ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციები აქვთ ექსპერტებსაც - იკვეთება ორი მოსაზრება, ერთ შემთხვევაში ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა მელიას პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებული არ არის და ქვეყნაში სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება, ხოლო მეორე შემთხვევაში გირაოს გადახდა ირიბი მინიშნებაა იმისა, რომ მელია პოლიტპატიმარია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პოლიტიკოსები და ექსპერტები კამათობენ, ნიკა მელია ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვა თუ “სახედაკარგული” / “ბაქიბუქობდა ტყუილად და თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა - აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად”.

ნიკა მელია რომ პოლიტპატიმრად არის აღიარებული, და ეს აღიარა ევროკავშირმა, დადასტურდა იმ საჯარო გამოხმაურებებით, რომელიც იყო 23 თებერვლის შემდეგ, როდესაც მოხდა მელიას დაკავება და ჩვენს ოფისზე თავდასხმა. რა თქმა უნდა გირაოს დეკლარირება ზუსტად არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან”, - ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. “ეს ტრაგიკომიკური სპექტაკლიც სრულდება. ტრაგიკული იმიტომ, რომ მართლაც ამ ყველაფერმა, მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა ნიკა მელიას ღირსებაზე გაიარა... ყველას კარგად გვახსოვს, რომ ნიკანორ მელია ჯერ აცხადებდა, რომ მას ვერ დაიჭერდნენ და მერე აცხადებდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს, შემდეგ არ გამოვიდოდა, ხან იღებდა გირაოს, ხან არ იღებდა”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა. კიდევ უფრო რადიკალური იყო პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა - რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის არ შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს, ყველა დაემორჩილოს კანონს და ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგას და არავინ არ იდგება კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა. ჩვენ არავის არ შევეკითხებით ნებართვას, არც მათ შორის ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ბაქიბუქობდა ტყუილად და თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა - აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად”, - განაცხადა მან. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ევროკავშირის მთავარი მიზანი სტაბილურობის დამყარებაა, ხოლო ის პოლიტიკოსები, რომლებიც პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ, არეულობისკენ არიან მიმართულნი. ექსპერტი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ ევროკავშირის მხრიდან მელიასთვის გირაოს გადახდა იყო ირიბი მინიშნება იმაზე, რომ ის პოლიტპატიმარია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ევროკავშირის რიტორიკაში ამ თემაზე საუბრის დროს სიტყვა “პოლიტპატიმარი” არ გაჟღერებულა, თუმცა ხშირად გაჟღერდა და ითქვა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს სტაბილურობით, რადგან ჩვენთან პოლიტიკურად არასტაბილური მდგომარეობა ხელს აძლევს რუსეთს. დასავლეთის გზავნილი მელიას გირაოს გადახდის დროს სწორედ ამ სტაბილურობის შენარჩუნება იყო, რადგან ეს კიდევ უფრო დააჩქარებს საქართველოში ევროპული ღირებულებების და პოლიტიკის შემოსვლას. ის პოლიტიკური პირები კი, რომლებიც მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ, არიან მიმართული იმისკენ, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ და აგრესია დათესონ, რადგან ევროკავშირის მიზანი - არის თუ არა მელია პოლიტპატიმარი, ამის გარკვევა არ ყოფილა, არამედ იყო ქვეყანაში წესრიგის დამყარება და პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“გარკვეულწილად ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა არის ირიბი მინიშნება იმაზე, რომ მელია პოლიტპატიმარია. გამომდინარე აქედან ევროკავშირმა აღიარა, რომ მელია არ არის კრიმინალი და არავითარ სახელმწიფო გადატრიალებას არ გეგმავდა. მართალია პირდაპირ არ დაუდასტურებია ევროკავშირის გირაოს გადახდის მიზეზი იყო თუ არა ეს გარემოება, თუმცა ვფიქრობ, ირიბი მინიშნება სწორედ ეს იყო. ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მელიას პოლიტპატიმრობაზე საუბარი არ ყოფილა გირაოს გადახდის დროს, მაშინ მე მაქვს მათთან კითხვა: თქვეს თუ არა სადმე ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომ მელია არის დამნაშავე და გეგმავს სახელწმიფოს გადატრიალებას? არც ეს არ უთქვამთ რეალურად და პირიქით შეშფოთება გამოთქვეს, როდესაც ნიკა მელია ციხეში აღმოჩნდა. რასაკვირველია ევროკავშირის მხრიდან ეს ნაბიჯი არის ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებისკენ მიმართული, თუმცა მეორეს მხრივ მათი ნაბიჯი ნიშნავს იმასაც, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს კანონის უზენაესობა. მათი ნაბიჯი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების აზრით მელია დამნაშავე არ არის”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

თორნიკე შარაშენიძე - “ოცნებამ” მიზანს მიაღწია - “ნაცმოძრაობა” ქუჩაში დატოვა

“პოლიტიკური სურათი ასეთია - ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა იმაზე მეტი ისწავლა, ვიდრე ჩვენს პოლიტიკოსებს ეგონათ. ნაწილი ძალიან დაიღალა მათი მუდმივი, მაგრამ უშედეგო კინკლაობით და დეტალები სულ არ აინტერესებს. მიშელის დოკუმენტის დანიშნულება ის იყო, რომ დასავლეთმა დაპირისპირებული მხარეები შეარიგა, რის შედეგადაც ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა. სხვა დეტალები ნაკლებად საინტერესოა და ეს იგრძნობა კიდეც - დიდი ხანია 15 მაისის გრანდიოზულ აქციაზე არაფერი გვსმენია... რაც შეეხება მელიას, გასაგებია, რომ “ნაციონალები” ცდილობენ ის ციხიდან თავისი პირობებით გამოვიდეს და “ოცნებამ” მისი დაპატიმრება აქეთ მოინანიოს, მაგრამ მმართველი გუნდი ამის საშუალებას არ მისცემს, მას სურს მელიამ ისე დატოვოს საპატიმრო, როგორც შეწყალებულმა დამნაშავემ. ევროკავშირმა გადაიხადა მელიას გირაო, რაზეც თავად დათანხმდა და აქ შეიქმნა კომიკური სიტუაცია - “ნაციონალებს” “ოცნებასთან” დათმობაზე წასვლა, ფაქტობრივად, მარცხი ჰგონიათ, ახლა კი ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს საზოგადოებას, ამომრჩეველს თავმოყვარეობა შეელახა”, - აცხადებს ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებამ” მიზანს მიაღწია - “ნაცმოძრაობა” ქუჩაში დატოვა.

“მნიშვნელოვანია დასავლეთის პოზიციაც, რომლის დამოკიდებულებაც ნათელი გახდა იმ განცხადების შემდეგ, მელია გამოვიდოდა თუ არა, მასზე იყო დამოკიდებული - ანუ თუ ევროკავშირის გადახდილი გირაოს შემთხვევაშიც არ გამოვიდოდა, მაშინ ევროკავშირიც დაიღლებოდა “ნაციონალების” სიჯიუტით და ყველაფერს ისე დატოვებდა, როგორც არის. “ნაცმოძრაობამ” ვერც ამ რაუნდში მიაღწია შედეგს - მელიას საქმეც, ასე თუ ისე, უხმაუროდ მოგვარდა - ანუ ეს რაუნდიც წაგებული აქვთ. ახლა ისღა დარჩენიათ ვითარებიდან შედარებით ღირსეულად გამოძვრნენ. თუმცა, მაინც არა მგონია, ასე იოლად დანებდნენ. ვფიქრობ, კარგა ხანს ისევ ქუჩაში დარჩებიან იმის იმედით, რომ “ქართული ოცნება” რამე სისულელეს ჩაიდენს, რასაც საპროტესტო აქცია და პოლიტიკური კრიზისი მოჰყვება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე კარგი სასტარტო პირობები აქვს “ნაცმოძრაობას”, რადგან ამომრჩეველი თითქმის ნახევარი მილიონი თუ არა, სამასი ათასი მაინც ჰყავს. ბოლო დროს ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და ამომრჩევლის რაოდენობა შემცირდებოდა, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ სასტარტო პირობები კარგი აქვს, თუმცა, თუ მის მთავარ მიზანს, “ოცნების” დამარცხებას გავითვალისწინებთ, ეს საკმარისი არ არის. შესაბამისად, უნდა ვიმსჯელოთ, ვინ არის პერსპექტიული ახალი მოთამაშე. რადგან ბოლომდე არ ჩანს გიორგი გახარიას გეგმა, მისი რესურსი და პოტენციალი ინტრიგად რჩება. საინტერესოა, როგორ გუნდსა და პროგრამას წარმოადგენს. დანარჩენთან ყველაფერი გარკვეულია, ტელეეთერში რომ გამოჩნდებიან, უკვე ვიცით, ვინ რას იტყვის. თუ გახარია მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიიღებს, მოთელვა მაინც იქნება, რადგან მთავარი ბრძოლა მაინც საპარლამენტო არჩევნებია და, მგონი, ლოგიკურია, რომ არ ჩქარობს. ასე რომ, “ოცნებამ” გამარჯვებას მიაღწია და დასავლეთის მოწონებას იმსახურებს. მან ყველა ნაბიჯი გადადგა გამარჯვებულის იმიჯისთვის - საბოლოოდ რამდენიმე პარტია შევიდა პარლამენტში. “ოცნებამ” მიზანს მიაღწია - დატოვა ქუჩაში მთავარი მოწინააღმდეგე, რომელიც დამაჯერებლად არ გამოიყურება”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ვასაძის პარტია “ერთობა, რაობა, იმედი”, გამორიცხული არ არის, რუსეთის პროექტი იყოს, თუმცა შეთქმულების თეორიებმა უკვე კომიკური სახე მიიღო და ამიტომ სკეპტიკურად ვუყურებ. ზოგ კრიტიკოსს უყვარს ფილმებში სიმბოლოებისა და დაფარული მესიჯების ძებნა, იგივე ხდება პოლიტიკაშიც - სულ რაღაც ფარულს ვეძებთ.ჯობს, ფაქტებით ვიმსჯელოთ - ვასაძეს ნამდვილად აქვს განსხვავებული შეხედულებები, უფრო სწორად, აკვიატებები და შესაძლებელია, პოლიტიკაში თავისი ნებით მოვიდა. სხვა საკითხია, რამდენად მზად არის პოლიტიკური სურათის შესაცვლელად. მისი ელექტორატის ხმებზე ნადირობენ სხვა პარტიებიც, მათ შორის “ოცნებაც”. თუმცა მთავარია, დაფინანსება და თუ დავსვამთ კითხვას, რა განაპირობებს ამა თუ იმ პარტიის წარმატებას, ლოგიკური პასუხია - ფული. არა მგონია, ვასაძეს იმდენი ფული ჰქონდეს, თუნდაც ულტრაკონსერვატორების ხმებზე მომუშავე “ოცნებას” მხარდამჭერები წაართვას...”, - დასძენს შარაშენიძე და შეკითხვაზე - “ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, ამერიკა სამხრეთ კავკასიაში ბრუნდება. რაში გამოიხატება ეს”- პასუხობს:

“სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ ახალი თამაშები დაიწყო, რეგიონში ძლიერდება თურქეთი. რუსეთი რეგიონში ისევ ყველაზე ძლიერი მოთამაშეა - სამი სამხედრო ბაზა განათავსა ყარაბაღში სამშვიდობოების სახით. მართალია, სომხეთში ანტირუსულმა განწყობამ იმატა, თუმცა ერევნისთვის უპირველეს მტრებად ისევ თურქეთი და აზერბაიჯანი არიან... ამ ვითარებაში საქართველომ დასავლეთისგან შესაძლოა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება მიიღოს. თამამი სურვილია, მაგრამ კარგი იქნებოდა ამერიკული სამხედრო ბაზების მშენებლობა. ამიტომ რეალისტურია სამხედრო ბაზების შეიარაღების გაძლიერება და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. სხვა მხრივ, ახალ სტატუსს არ ველი, ნატოსთან პარტნიორობის უამრავი სტატუსი გვაქვს მიღებული, თუმცა ეს ვითარებას ვერ ცვლის - საქმე საქმეზე რომ მიდგება, ნატოში მაინც ვერ გვიღებენ...”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა