გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება

საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.430 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც დარიცხული სარგებელი 148.8 მილიონი ლარია. საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 11%. საპენსიო აქტივების 62% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები დღეისათვის ლარშია ინვესტირებული. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 800-მდე ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი უერთდება სქემას, ამ დროისათვის კი 1,145,808 მონაწილეა რეგისტრირებული. ცნობილია, რომ “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. კონკრეტულად, რა საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავს სააგენტო, ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს, გოგა მელიქიძეს ესაუბრა.

- როგორ მიმდინარეობს საპენსიო სააგენტოში ინვესტირების პროცესი და რა შედეგებია ამ მომენტისთვის?

- საინვესტიციო საქმიანობა მიმდინარეობს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. ამჟამად, მონაწილეთა საპენსიო დანაზოგები ინვესტირებულია ლარში. განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, ვადიან ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებში. საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 1.430 მილიარდამდეა, აქედან 148 მილიონი ლარი უკვე გამომუშავებული სარგებელია. ხოლო პორტფელის საშუალო შეწონილი წლიური სარგებლიანობა 11.0%-ს შეადგენს, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში არსებული ინფლაცია 7.2%-ია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინვესტიციები ამართლებს ჩვენს მთავარ საინვესტიციო მიზანს, რომ ვაჯობოთ ინფლაციის მაჩვენებელს.

- რატომ არის თანხები ინვესტირებული სრულად ბანკებში?

- უნდა აღინიშნოს რომ, დაბალი რისკიანობის გათვალისწინებით, ბანკები გვთავაზობენ შედარებით მაღალ სარგებელს ბაზარზე არსებულ სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებთან შედარებით და სწორედაც იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მაღალი რეალური ამონაგები, ბანკების დეპოზიტებში ინვესტირება ამის საუკეთესო საშუალებაა.

ასევე, აღსანიშნავია რომ, კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებში ინვესტირება ყოველთვის იქნება ჩვენი ინტერესის მნიშვნელოვანი სფერო. დღესაც აქტიურად ვაკვირდებით ობლიგაციების ბაზარს და სამომავლოდ (მას შემდეგ, რაც გვეყოლება სპეციალიზირებული დეპოზიტარი და აღნიშნული პროცესი უკვე დასრულების სტადიაზეა) ყველა ემისიას განვიხილავთ საინვესტიციოდ, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ჩვენს საინვესტიციო მიზნებთან და რისკის მოთხოვნებთან/ლიმიტებთან.

- რატომ არის თანხები სრულად ინვესტირებული ლარში?

- დოლარში, განსაკუთრებით ნაკლებად რისკიან ინსტრუმენტებში (როგორიც არის საბანკო დეპოზიტები, ევრო ობლიგაციები ან/და სუვერენული სავალო ფასიანი ქაღალდები) შემოსავლიანობა საკმაოდ დაბალია. იგი თითქმის ნულს უტოლდება. ბუნებრივია, ჩვენ განვიხილავთ სავალუტო დივერსიფიკაციას და მას შემდეგ, რაც გვეყოლება სპეციალიზირებული დეპოზიტარი, აუცილებლად განხორციელდება სავალუტო დივერსიფიკაცია, თუმცა სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენა ნაკლებად იგეგმება ასეთი დაბალი სარგებლიანობის გამო, არამედ უცხოური წილობრივი ფასიანი ქაღალდების (და სხვადასხვა საინვესტიციო ინდექსების), როგორც ჩვენ მიზნობრივ (ე.წ. „ბენჩმარკ“) პორტფელშია მოყვანილი.

- როგორია ინვესტირების გეგმა, რა საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავს საპენსიო სააგენტო მომავალში?

- საპენსიო სააგენტო მომავალში საგრძნობლად გააქტიურდება კაპიტალის ბაზარზე და მნიშვნელოვან წვრილს შეიტანს მის განვითარებაში, როგორც ბაზრის მსხვილი მოთამაშე და გრძელვადიანი ინვესტორი. ზოგადად, საპენსიო სააგენტო განიხილავს ყველა იმ საინვესტიციო ინსტრუმენტს ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, რომელიც აკმაყოფილებს საინვესტიციო მანდატის და საინვესტიციო პოლიტიკის მოთხოვნებს - ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე, როგორც ქართულად ასევე, ინგლისურად.

მოგეხსენებათ, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს დასაშვები ინვესტიციების კრიტერიუმებს და ასევე, მიზნობრივ (ე.წ. „ბენჩმარკ“) პორტფელს, რომელშიც შედის შემდეგი ინვესტიციები: საქართველოს სახაზინო ობლიგაციები (25%), ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატები (60%) და უცხოური წილობრივი ფასიანი ქაღალდები (15%). ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეტაპობრივად დავუახლოვდეთ აღნიშნულ მიზნობრივ ბენჩმარკ პორტფელს.

- რა კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მარტივად მიიღონ ინფორმაცია საინვესტიციო საქმიანობის შედეგებზე?

- საინვესტიციო პროცესების გამჭვირვალობას საინვესტიციო სამსახური დიდ ყურადღებას უთმობს. საპენსიო სქემის მონაწილეებს ყოველდღიურად აქვთ საშუალება თვალი მიადევნონ ჩვენს საინვესტიციო შედეგებს. პორტფელის სტრუქტურა და ღირებულება ყოველდღიურად და თვალსაჩინოდ ქვეყნდება, როგორც საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე, ისე მონაწილეთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე. ამავდროულად, ჩვენ თვეში ერთხელ დამატებით, პროაქტიულად ვაქვეყნებთ ინფორმაციას საინვესტიციო საქმიანობის ძირითად შედეგებზე, რაც გამოიხატება მარტივად გასაგები ინფოგრაფიკების გავრცელებით, როგორც ჩვენი ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების გამოყენებით, ისე ვრცელდება მასმედიის საშუალებებით. ჩვენ მომავალში კიდევ უფრო გავაქტიურდებით ამ მიმართულებით და მონაწილეები ყოველთვის მიიღებენ საჭირო ინფორმაციას საინვესტიციო საქმიანობის შესახებ.

- რა მიმდინარე პროექტებია ამ ეტაპისთვის საპენსიო სააგენტოში და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მომავალში?

- საინვესტიციო მიმართულებით ამჟამად, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევაა. აღნიშნული პროექტი უკვე ბოლო სტადიაზეა. გამოიკვეთა, უპირატესი განაცხადის მქონე კანდიდატი, რომელთანაც ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია. სპეციალიზებული დეპოზიტარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურის ბოლო და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი შერჩევის შემდეგ დაიწყება ინვესტირება კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებში. სააგენტო, ასევე აქტიურად ემზადება მონაწილეთა ჩართულობის ზრდისთვის. მოგეხსენებათ, რომ 2023 წლიდან მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რომ თავად აირჩიონ, თუ რომელ პორტფელში სურთ მათი დანაზოგების ინვესტირება - ნაკლებად რისკიან, საშუალო თუ მაღალ რისკიან პორტფელებში. მომავალში აგრეთვე, მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად აირჩიონ საკუთარი საპენსიო აქტივების მმართველი. ვფიქრობთ, მონაწილეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კიდევ უფრო გაზრდის პროცესების გამჭვირვალობას და სანდოობას შემატებს საპენსიო რეფორმას.

სოფო კოკაია

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით