ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021

მასშტაბური სარაკეტო თავდასხმები და სისხლისღვრა - პალესტინა-ისრაელის ომმა რეგიონი ააფეთქა

“ვაქცინაციის დაბალ ტემპს ხალხს ნუ დავაბრალებთ, საიტზე თავისუფალ ადგილს ვერ ნახავთ” - არსებობს თუ არა ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობა

აფხაზეთის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისგან პრინციპულ გადაწყვეტილებას ითხოვენ

* * *

მასშტაბური სარაკეტო თავდასხმები და სისხლისღვრა - პალესტინა-ისრაელის ომმა რეგიონი ააფეთქა

“ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიშები არ წყდება. ორშაბათს საღამოდან დღემდე ათასზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით. “ბიბისის” ინფორმაციით დაღუპულია 35 პალესტინელი, მათ შორის 10 ბავშვი. არეულობაა ისრაელის სხვა ქალაქებშიც, სადაც ადგილობრივი არაბები დემონსტრაციებს მართავენ. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჰიდაი ზილბერმანის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემა “რკინის გუმბათმა” დასახლებული ადგილებისკენ გასროლილი რაკეტების 85-90% პროცენტი გაანეიტრალა. მხარეებს იერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს გაერო. დღესვე გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს შეერთებული შტატებიც და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მასშტაბური სარაკეტო თავდასხმები და სისხლისღვრა - პალესტინა-ისრაელის ომმა რეგიონი ააფეთქა.

“საჰაერო დარტყმების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა ისრაელში. დაჯგუფება “ჰამასი” აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, მათ შორის, იერიში მიიტანეს თელ-ავივზე. ასობით რაკეტა გაისროლა ღაზისკენ ისრაელმაც. რამდენიმე საათის წინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ისრაელის ქალაქ ლოდში, სადაც სასაზღვრო პოლიცია გაგზავნეს. ისრაელის სხვა ქალაქებში კი, ადგილობრივი არაბები დემონსტრაციებს მართავენ. ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მოძრაობა ჰამასს თავისი ქმედებები ძვირად დაუჯდება. “ჰამასს” და “პალესტინურ ისლამურ ჯიჰადისტურ ტერორისტულ დაჯგუფებას” ძვირად დაუჯდება ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები. სისხლი მათ ხელზეა”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. თუ რატომ დაიწყო ისრაელსა და პალესტინას შორის შეტაკებები და რა მოსალონდელი სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები, “რეზონანსს” სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ესაუბრა. მისი აზრით, პალესტინური და არაბული დაჯგუფებები წინასწარ ემზადებოდნენ ასეთი ტიპის საომარი მოქმედებებისთვის...”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ჩანს, არაბულ-პალესტინური დაჯგუფებები წინასწარ ემზადებოდნენ ასეთი ტიპის საომარი მოქმედებებისთვის და ელოდებოდნენ საბაბს. ეს საბაბი კი გაუჩნდათ, რადგან ისრაელის ერთ-ერთმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ გაესახლებინათ რამდენიმე არაბულ-პალესტინური ოჯახი, შესაბამისად, ეს იყო ძირითადადი მიზეზი, რამაც შემდეგ ვითარება დაამძიმა. ამას მოჰყვა ისრაელში და პალესტინაში არსებული “ჰამასის” ტერორისტული დაჯგუფებების ბაზების განადგურება და როგორც ჩანს რამდენიმე “ჰამასის” ლიდერიც იყო ლიკვიდირებული, თუმცა, დაბომბვების შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ამ პროცესებს მოჰყვა “ჰამასის” ლიდერების გაფრთხილება, რომ ისინი დაბომბავდნენ ისრაელის ტერიტორიას და რის შემდეგაც განხორციელდა სერიოზული სარაკეტო დარტყმები - დაახლოებით 600 რაკეტა არის გაშვებული, რამდენადაც მე ვიცი ღაზის სექტორიდან თელ-ავივის მიმართულებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“როგორც ჩანს პალესტინელებს სურთ სერიოზული შეიარაღებული ამბოხი განახორციელონ, თუმცა, რას მიეკუთვნება მათი ამბოხი, ცოტა რთული განსასაზღვრია. როგორც ჩანს მათ სურს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი დადგეს გაეროს გენერალურ ასამბლეაში და მოხდეს ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჰიპოთეტურ დონეზე შეიძლება ისლამური სახალიფოს ხელიც ერიოს ამ პროცესებში, რომელსაც აწყობს ამ კონფლიქტის გაღვივება პალესტინელებსა და ისრაელს შორის. როგორც ჩანს, მხარეები იწყებენ უკვე სერიოზულ დაპირისპირებას. დაბომბვები ინტენსიურად ხორციელდება და აშკარად ჩანს, რომ პალესტინა წინასწარ ემზადებოდა ასეთი ტიპის შეტაკებისთვის, ვინაიდან, 600 სარაკეტო სისტემის ღაზის სექტორში შეტანა და მათი ოპერატიული განთავსება, მოითხოვს საკმაოდ სერიოზულ მომზადებას და დროს, ამიტომ, როგორც ჩანს, ეს წინასწარ იყო გათვლილი”, - განაგრძობს ექსპერტი.

“ამ მოვლენების განვითარება შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით მოხდეს, შეიძლება შეწყდეს კონფლიქტი, ან დაიწყოს კიდევ უფრო ინტენსიური სამხედრო მოქმედებები, თუმცა ამ ეტაპისთვის იკვეთება, რომ შეიძლება საკმაოდ მასობრივი გახდეს საომარი მოქმედებები. თუ ამ პროცესებში ჩაერთო ლიბანი, რომელიც ისრაელის მიმართ საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი, შემდეგ შეიძლება უფრო გამწვავდეს ვითარება. საკმაოდ რთული ვითარებაა. როგორც ჩანს “ჰამასმა” მიანიშნა ისრაელს, რომ მას უკვე გაუჩნდა სერიოზული ძალა და ამ ძალის დემონსტრირება მოახდინა”, - დასძენს მაისაია.

“ცნობილია ისიც, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან არაბთა ჯგუფებმა ქალაქში სინაგოგებსა და მაღაზიებს ცეცხლი წაუკიდეს, ასევე ათობით ავტომობილი დაწვეს. თიმეს ოფ Iსრაელ-ი წერს, რომ 1966 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ებრაულ-არაბულ ქალაქებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ისრაელის მთავარი, ბენ გურიონის აეროპორტი დაიხურა. 10 მაისს, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელებს, საპასუხოდ კი ღაზას სექტორში “ჰამასის” ობიექტივზე იერიშები დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა “ჰამასის” ორი ლიდერი მოკლეს მას შემდეგ, რაც შენობაზე, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, მიზანმიმართული ავიაიერიში განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოკლულები არიან “ჰამასის” სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ჰასან კაუგი და მისი მოადგილე ვაილ ისა”, - წერს სტატიია ავტორი.

“ჰამასმა” სარაკეტო იერიში განაახლა, პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ შეტევა განახორციელა ისრაელის ქალაქ აშდოდზე. გაშვებულია 50 რაკეტა. ეს არის ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. პარალელურად ისრაელის სამხედრო ძალები “ჰამასის” სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით საპასუხო დარტყმებს განაგრძობს. ამჯერად სარაკეტო იერიში ღაზა სექტორში მდებარე ქალაქ ჯაბაილზე ხორციელდება. რომელიც თელავივიდან 75 კილომეტრში მდებარეობს. ამ წუთებში მიმდინარეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახურული სხდომა, სადაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ, პარალელურად არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგგარეშე შეხვედრა გამართეს და ისრაელის ქმედებებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უპატივცემულობა უწოდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ძალიან შეშინებულები ვართ, მალე უფრო ძლიერ შეტევას ელია” - ღაზას სექტორმა ისრაელს კიდევ 50-მდე რაკეტა ესროლა.

“საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ქალაქ ლოდში სრული ჩაკეტვა ცხადდება, რის შემდეგაც საჯარისო დანაყოფები ყველაზე მკაცრ ზომებს გამოიყენებენ. ასევე საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, საფრთხის არეალი გაიზარდა და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები. ისრაელში სარაკეტო იერიშების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა - ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტროშიც ადასტურებენ. დავით ზალკალიანის განცხადებით, დაზიანება მსუბუქი იყო და საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზალკალიანმა ისრაელში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა. მინისტრის თქმით, საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცნობილია “ჰამასის” ლიდერების ვინაობა, რომლებიც ისრაელმა გასულ ღამეს საპასუხო ცეცხლის გახსნის დროს გაანადგურა. ისრაელის მხრიდან ჰამასის შტაბზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას, დაჯგუფების მთავარი მეთაურები, სამხედრო ინჟინრები, კიბერტექნოლოგიის სპეციალისტები, პროფესიონალი სკაუტები და ტექნიკოსები დაიღუპნენ. ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი ავიაიერიშის შესახებ აფრთხილებს. ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ელენე ნაპირელი კი “რეზონანსთან” ჰყვება, რომ ის თელ-ავივში ცხოვრობს და ბოლო ორი დღეა უმძიმესი სიტუაციაა. მან მეზობლებთან ერთად თავშესაფარში საკმაოდ მძიმე საათები გაატარა. მისი თქმით, 50-მდე ჭურვი ღაზას სექტორიდან კიდევ ესროლეს და რამდენიმე საათში მძლავ შეტევას ელიან”, - დასძენს გამოცემა.

“არ ვიცი როგორ აღგიწეროთ აქ რაც ხდება. ღაზას სექტორიდან კიდევ 50-მდე რაკეტა გვესროლეს. კიდევ კარგი ჩემს კორპუსს თავშესაფარი აქვს და კორპუსის მცხოვრებლები იქ ვართ ჩასულები. ძალიან შეშინებულები ვართ, რადგანაც უახლოეს საათებში უფრო ძლიერ შეტევას ელოდებიან. ისრაელი რასაც ახერხებს, რაკეტების 90%-მდე ანეიტრალებს, მაგრამ რამდენიმე მათგანი მაინც დანიშნულების ადგილს ხვდება. რასაც ვუყურებ, ებრაელები ძალიან მხნედ არიან, ამიტომ მათი სიმშივიდე ცოტა მაიმედებს. ეჭვი ჩნდება, რომ ჰამასს რამდენიმე ქვეყანა ეხმარება, რადგანაც ამდენ უკონტროლო რაკეტას ისინი ვერ მიიღებდნენ. ასევე საფრთხის ქვეშ ისრაელიც არის, რადგანაც ტერორისტები მისი დაბომბვით იმუქრებიან. ქალაქ ლოდში კი ფაქტიურად სამოქალაქო ომი დაიწყო. ეთნიკური არაბები ქალაქს არბევენ და ადგილობრივებს ფიზიკურად უსწორდებიან. შესაძლოა გარეთ იდგე, მოულოდნელდ მოვარდნენ, უმიზეზოდ გცემონ ან გესროლონ და დანა გაგიყარონ. საკმაოდ ცუდი სიტუაციაა და გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისგან მოგვიწოდებენ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.

“ვაქცინაციის დაბალ ტემპს ხალხს ნუ დავაბრალებთ, საიტზე თავისუფალ ადგილს ვერ ნახავთ” - არსებობს თუ არა ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობა

“45 წელს ზემოთ მოქალაქეები “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ოთხშაბათიდან შეძლებენ, სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე აქამდე არსებული ყველა ადგილი დაჯავშნილია - არსებობს თუ არა ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობა, რომ გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და როგორია ვაქცინაციის ტემპი დღეს. სამშაბათს იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ცენზმა 45 წლამდე დაიწია - მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას 12 მაისის დღის ბოლოდან შეძლებენ. არსებობს თუ არა ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობა, რომ მოსახლეობისგან არსებული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “რეზონანსთან” ისაუბრა - ამბობს, რომ ვაქცინების შევსება ეტაპობრივია, ხოლო ივნისში ქვეყანაში ვაქცინის სერიოზული შევსებაა მოსალოდნელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ვაქცინაციის დაბალ ტემპს ხალხს ნუ დავაბრალებთ, საიტზე თავისუფალ ადგილს ვერ ნახავთ” - არსებობს თუ არა ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობა.

“მოგეხსენებათ, რომ ერთი კვირის წინ “ასტრაზენეკას” დამატებით 43 ათასი დოზა შემოივიდა და კიდევ 43 ათასს ველოდებით, ალბათ უფრო მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში. “ფაიზერი” ზეგ უკვე თავდება, რაც გვქონდა - მეორე დოზას ვინც იკეთებს, მათთვისაა, ამით ამ ეტაპზე ამოიწურება. რაც შეეხება “სინოფარმს” პირველი დოზა უკვე 13 400 ათასამდე ადამიანს აქვს გაკეთებული და დაახლოებით 27 ათას ადამიანს დაჯავშნილი. ანუ მოგეხსენებათ, რომ “სინოფარმის” მეორე 50 ათასი დოზა უნდა შევინახოთ, რადგან პირველი აცრებიდან 21 დღის შემდეგ, ანუ უკვე 25 მაისიდან მეორე აცრები დაიწყება. გუშინ საბჭოზე გადაწყდა, რომ მომავალი კვირიდან ასევე “სინოვაკის” ადმინისტრირებას დავიწყებთ, რომელიც ასევე 100 ათასი დოზაა, ანუ ორჯერადი გაკეთების 50 ათას ადამიანზე. ამიტომ, ჯერჯერობით ვაქცინა ამ მოცულობით გვაქვს, ივნისში სერიოზულ შევსებებს ველოდებით. ვაქცინაციის ტემპი თანდათან იწევს. მოგეხსენებათ, ბოლო სამი დღეა ყოველდღიური აცრა 4 ათასზე მეტი გვაქვს, ჩვენ გვინდა, მაისის ბოლოს 5-6 ათასზე გავიდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა თქმა უნდა, მარაგები, რომ ქვეყანაში ვაქცინის სტაბილური მარაგი იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან გამყრელიძე.

“ახლა ჩვენ უკვე ბრიგადების რაოდენობა სერიოზულად გავზარდეთ, სადღაც 200-მდე. ასევე, რაიონებშიც განსაკუთრებით ჩინური ვაქცინით აცრები აქტიურად წავიდა, ახლა მთავარია მაინც, რომ ქვეყანაში მარაგი იყოს. იცით, რომ მსოფლიოში ვაქცინების დიდი დეფიციტია, იგივე ჩინურ ვაქცინაზე, მას შემდეგ რაც ჯანმომ ავტორიზაცია მისცა ძალიან დიდი მოთხოვნილება გაჩნდა. რაც შეეხება მასობრივი ვაქცინაციისთვის ოთხ დიდ ცენტრს, ერთ-ერთზე ვფიქრობდით და მოლაპარაკება გვაქვს საგამოფენო ცენტრის ”ექსპო ჯორჯიას” ყველაზე დიდ პავილიონთან, ასევე, დიდი საავადმყოფოების სივრცეებზე ვფიქრობთ - როგორიც აქვს რესპუბლიკურს, ასევე შერჩევა ხდება ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში, ამ ოთხ ქალაქში ვფიქრობთ. პროექტი მზადდება, თუმცა, ჯერ პრინციპი გადაწყვეტილი არაა, იქნება დამოუკიდებელი სივრცეები თუ საავადმყოფოებთან ასოცირებული დიდი სივრცეები”, - დასძენს გამყრელიძე.

“საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, “სინოფარმის” ვაქცინის დიდი ნაწილი, კერძოდ 40 000-მდე დოზა უკვე გამოყენებული ან დარეზერვებულია, 10 000 დოზა კი სტრატეგიულ ჯგუფებს მოხმარდება. რაც შეეხება “ასტრაზენეკას” ვაქცინას, მინისტრის განმარტებით, დამატებით დოზებთან ერთად 8000-10000 თავისუფალი ჯავშანის გაკეთება იქნება შესაძლებელი. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში “სინოვაკზე” რეგისტრაცია დაიწყება და შემდეგ ვაქცინაცია, ამბობს, რომ ასაკობრივი ჯგუფები შეზღუდული არ იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ასაკობრივი ჯგუფები მხოლოდ “ასტრაზენეკაზეა” შეზღუდული, სხვაზე - არა. როდის დავიწყებთ გამოყენებას ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში. იქაც ელოდებიან ავტორიზაციას. ჩვენ, საქართველო, ვუცდიდით “სინოფარმის” ავტორიზაციასაც, მოსახლეობის პროტესტი რომ არ გამოგვეწვია. “სინოვაკს” თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბრაზილია და უამრავი ქვეყანა 4 თვეა იყენებს. ჩვენ მაინც ყველაფერზე ვფრთხილობთ, შესაძლოა, ეს კარგიცაა. უახლოეს დღეებში დაიწყება “სინოვაკზე” ჯერ რეგისტრაცია და შემდეგ ვაქცინაცია. ამჟამად მოსახლეობის აქტივობა ნორმალური და დამაკმაყოფილებელია, თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა. სულ დღეისთვის აცრილია 68 ათასი ადამიანი, ეს მოზრდილი მოსახლოების 2.5%-ია, რაც ცოტაა, თუმცა, ვაქცინაციის ტემპი გაზრდილია. იმისთვის, რომ წლის ბოლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია მოხდეს, ამისთვის საჭიროა დღეში 6-7 ათასი ადამიანი იცრებოდეს. გუშინ აიცრა 4800 ანუ საჭიროა აქტივობის გაზრდა, გაორმაგება”, - თვლის ცერცვაძე, რომლის აზრით, “ეს საქართველოსთვის რეალურია”, - წერს სტატიის ავტორი.

“ორი დღის წინ 80-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულა იყო პროცესში ჩართული და 164 ბრიგადა. ყოველდღიურად ემატება როგორც პუნქტები, ასევე ბრიგადები. შეფერხება არც სერვისის მიწოდების და არც ვაქცინების რაოდენობის მხრივ არაა. ჩვენ რაც ვაქცინაციის დაწყებისას დავკარგეთ, ის დრო მაქსიმალურად სწრაფად უნდა ავანაზღაუროთ. დღეში 6-7 ათასი მოქალაქის ასაცრელად საკმარისი დოზები გვაქვს”, - ამბობს ცერცვაძე. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე კი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ვაქცინაციის ტემპი საკმარისი არაა, ეს არა თვითონ საზოგადოების, არამედ ლოჯისტიკის, ან ან ვაქცინის რაოდენობის სიმცირის ბრალია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“შებრძანდით საიტზე და თავისუფალ ვერც ერთ ადგილს ვერ ნახავთ - ანუ ვაქცინაციის დაბალ ტემპს ხალხს ნუ დავაბრალებთ - აცრა ახლა რომ მინდოდეს ვერ ავიცრები, იმიტომ, რომ ადგილი არაა. ამიტომ, იმის ძახილი, რომ ხალხი არ იცრება და ჭორებსაა აყოლილი, ეს ტყუილია, მითუმეტეს ჩინურ ვაქცინას უფრო დადებითად უყურებენ, ვიდრე თავის დროზე „ასტრაზენბეკას უყურებდნენ, ამიტომ, ერთადერთი პრობლემაა ვაქცინაციის ჩატარების რაოდენობის გაზრდა, ანუ, უფრო მეტი კლინიკა უნდა იქნას მოზიდული და თავად ვაქცინის რაოდენობაც უნდა გაიზარდოს, მეტი არაფერი. შეიძლება ვაქცინის მარაგი არის, მაგრამ ლოჯისტიკის ამბავია. ძნელია ამდენი ადამიანი აცრა ისეთ კლინიკაში, სადაც რეანიმაციაა და ღმერთმა ნუ ქნას და რამე გართულება მოხდეს და არ იყოს სპეციალისტი, რომელიც ადამიანს მდგომარეობიდან გამოიყვანს, რომელსაც ჰიპერალერგიული რეაქციები აქვს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

აფხაზეთის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისგან პრინციპულ გადაწყვეტილებას ითხოვენ

“აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხის გადახედვას საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს. უფრო და უფრო მწვავდება კრიტიკა, რომ მთავრობა მზადაა, ქვეყნის მთავარი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად უფასოდ მოახმაროს ოკუპირებულ რეგიონს. აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგთან დაკავშირებული კატასტროფული ვითარების გამო, საკუთარ რესურსს ვეღარ ვიყენებთ. ეს მაშინ, როცა საქართველო უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე. ენგურჰესის რეაბილიტირების შემდეგ არასამთავრობო სექტორი უკვე პრინციპულად ითხოვს, რომ მთავრობამ აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხი დააყენოს, გადაჭრას და მოაგვაროს ისე, რომ საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა ოკუპირებული რეგიონის ენერგომომარაგებაში ფულს არ იხდიდეს. ასეთი მოთხოავნა აქვთ ენერგეტიკოსებსაც, რომლებიც ასევე კატეგორიულად აყენებენ საკითხს, რომ აფხაზეთთან მიმართებით ენერგოპოლიტიკა შეიცვალოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზეთის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისგან პრინციპულ გადაწყვეტილებას ითხოვენ.

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია, თუ რა პრინციპით მოხდება გამომუშავებული ენერგიის გაყოფა ოკუპირებულ აფხაზეთთან ენგურჰესის რეაბილიტაციისა და ამოქმედების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, აუცილებელია, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება, იქნება თუ არა მკაცრად დაცული დე ფაქტო აფხაზეთის მხარესთან არსებული შეთანხმება, რაც ენგურის რესურსის 60/40 პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენეთა ასოციაციის პოზიციით, ერთი მხრივ, მუდმივად მზარდი ელექტროენერგიის ტარიფი საკმაოდ უარყოფითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე და ქვეყანაში არსებული ბიზნესის მდგომარეობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, დე ფაქტო აფხაზეთის მიერ მოხმარება ბოლო 3 წლის განმავლობაში დრამატულად იზრდება და ეს ფაქტი კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფით აიხსნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გასულ და მიმდინარე წლებში ამას დაემატა რუსეთიდან უწყვეტი ნაკადით შესული ე.წ. მობილური მაინინგის ფერმები. როგორც ირკვევა, დე ფაქტო აფხაზეთში ელექტროენერგიის 70%, და შესაძლოა მეტიც, იხარჯება კრიპტოვალუტის მაინინგის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე. არასამთავრობო სექტორის პოზიციას სრულად იზიარებს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა. მან “რეზონანსთან” განაცხადა, რომ აფხაზეთის ენერგომოხმარებასთან დაკავშირებით მთავრობას ზედმეტად ლოიალური მიდგომა აქვს. უსამართლობაა, რომ სრულად მივცეთ გამომუშავებული ენერგია აფხაზეთს და შემდეგ ჩვენ ყიდვა დაგვჭირდეს. აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხის მოწესრიგებას ითხოვს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძეც. როგორც მან “რეზონანსთან” აღნიშნა, ზამთარში ენგურჰესი, ფაქტობრივად, ოკუპირებული რეგიონისთვის მუშაობს, დენის დიდი მოცულობა მიაქვთ ზაფხულშიც, ანუ - წლის ყველა სეზონზე და შეუძლებელია, ამ პროცესზე მთავრობას არ ჰქონდეს რეაქცია”, - განაგრძობს გამოცემა.

“შეფასებაც კი შეუძლებელია, რაც ხდება აფხაზეთში დენის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, ეს არის ყოველგვარი ნორმის დარღვევა. ენერგეტიკის სექტორში ასეთი უსამართლო განაწილება არ მგონია, კიდევ სადმე არსებობდეს. მწარმოებელი მხარე სრულად იჩაგრება მომხმარებლის პრივილეგიების ხარჯზე. თან ეს ხდება ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებებისა და პირობების გარეშე, უბრალოდ, მიაქვთ იმდენი, რამდენიც დასჭირდებათ. ამ დროს ვიცით, რომ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგთან დაკავშირებით კატასტროფული სიტუაციაა, საქართველოს მთავარი ჰესის მიერ გამომუშავებული დენის უდიდესი ნაწილი ამ პროცესს ხმარდება და ეს იქცა ტრადიციად. პარალელურად, განვიცდით ელექტროენერგიის დეფიციტს. ასეთ მდგომარეობაში განაწილება აცდენილია ყოველგვარ კანონზომიერებას, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი გამართლება არ აქვს. გასაგებია, რომ აფხაზეთს უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში, მაგრამ ზედმეტად უსამართლოა მიდგომა, რომ სრულად მივცეთ გამომუშავებული ენერგია და შემდეგ ჩვენ თვითონ ყიდვა დაგვჭირდეს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანზორ ჭითანავა.

“ელექტროენერგიის უსამართლო განაწილება ხდება და რაღაც გზა უნდა გამოინახოს. მოისინჯოს ყველა შესაძლებლობა, რა აჯობებს, რომ მუდმივად საქართველოს ინტერესები არ ზარალდებოდეს. ყველაზე კარგი გამოსავალია, აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყოს, რაც რეგიონში დენის მოხმარების მაჩვენებელს შეამცირებს. ეს იქნება ერთადერთი საშუალება სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მადის მოსათოკავად. ვხედავთ, რომ ელექტროენერგიის მიწოდებაზე აფხაზეთს საქართველოს მთავრობა უარს ვერ ეუბნება და ამ საზღაურს, ფაქტობრივად, საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა იხდის. გამოდის, რომ ჩვენ საკუთარი ჯიბიდან ვიხდით მილიონობით ლარს აფხაზეთის განათებისთვის, რა ლოგიკაა, ვერ ვხვდები. მიდგომა საქართველოს მთავრობის მხრიდან აუცილებლად შესაცვლელია”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას თემურ ჭიჭინაძე.

“აღსანიშნავია, რომ თემურ ჭიჭინაძის მოსაზრება დენის განაწილებასთან დაკავშირებით ემთხვევა აფბა-ს პოზიციას, რის მიხედვითაც, შესაძლოა, მოხდეს 60/40 პარიტეტის დაცვა, მაისი-აგვისტოს პერიოდში კი საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების დაბალანსება მოხერხდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გაზრდილი გამომუშავების ხარჯზე”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით