შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მომდევნო კვირაში საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტი ვენეციის კომისიაში განმეორებითი დასკვნისთვის გაიგზავნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მომდევნო კვირაში საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტი ვენეციის კომისიაში განმეორებითი დასკვნისთვის გაიგზავნება. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე ხვალ პარტიები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

„ჩვენ ხვალ ვაპირებთ, რომ პარტიები კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ, ტექსტზე კონკრეტულად ვიმუშავოთ და შევთანხმდეთ. იცით, რომ თავის დროზე სამუშაო ჯგუფმა საკმაოდ ნაყოფიერად მუშავა. ჩვენ ბაზისად ვიღებთ ცვლილებების იმ პროექტს, რომელიც მარტში სამუშაო ჯგუფის მიერ არის ინიცირებული და რომელზეც უკვე არის ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნა. იცით, რომ ვენეციის კომისიამ მოიწონა ეს პროექტი. გვქონდა ერთი საკითხი, რომელიც ასევე არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი, რაც შეეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას და სხვა ტექნიკური საკითხებიც არის, რომელზეც დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ შეხვედრაზე შევთანხმდებით.

ჩვენი გეგმა არის, რომ მომავალ კვირას, ორშაბათს გავაგზავნოთ შეცვლილი პროექტი ვენეციის კომისიაში განმეორებითი დასკვნისთვის ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, მომავალი კვირიდან დაიწყოს საკომიტეტო მოსმენები, რათა 24 მაისის კვირაში უკვე იყოს პროექტის პირველი მოსმენა, ხოლო ივნისის კვარტალში მესამე მოსმენით მივიღოთ ცვლილებები და ამით შეთანხმების ეს ნაწილიც დავხუროთ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ რადიკალურ პარტიებად ჩამოყალიბდნენ, რადგან შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერენ.

„სამწუხაროდ, რიგი დეპუტატები და პარტიები არ უერთდებიან 19 აპრილის შეთანხმებას, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“. სამწუხაროდ, ეს 3 პარტია ჩამოყალიბდა, როგორც ამ ქვეყანაში რადიკალური პარტია. უარს ამბობენ, რომ ამ შეთანხმებას შეუერთდნენ. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს დღეს. ფაქტია, რომ მათ საკუთარი თავი ჩაიყენეს ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც მათთვის კარგი გამოსავალი თითქმის აღარ არსებობს. აქვთ ორი არჩევანი. ან აღიარონ, რომ მათი დესტრუქციული დღის წესრიგი დამარცხდა, ამ დამარცხების აღიარებით ხელი მოაწერონ შეთანხმებას და შევიდნენ პარლამენტში, მოექცნენ დემოკრატიულ კალაპოტში, რასაც მათგან მათივე და ჩვენი დასავლელი მეგობრები ითხოვენ, ან დარჩნენ გარეთ, არ იყვნენ პარლამენტის ნაწილი და სრულად მარგინალიზდნენ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს