პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი წამების, ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული ოჯახის წევრს სისტემატურად ამცირებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ეჭვიანობის მიზეზით, დასახიჩრებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. 19 მარტს კი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ის ბინაში ჩაკეტა და მის მიმართ უწყვეტად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

„საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე დ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ა. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრ მ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ეჭვიანობის მიზეზით, დასახიჩრებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. 19 მარტს, ქ.თბილისში, დ.ა.-მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მ.ა. ჩაკეტა ბინაში და მის მიმართ უწყვეტად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.ა. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა იძულებით არასასურველ კომუნიკაციას. მ.ა.-ს ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული წამების შედეგად, ჩამოუყალიბდა ძალადობის განმეორების საფუძვლიანი შიში, იმყოფებოდა მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში, რის გამოც შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და შეექმნა სოციალური ქსელის პროფილისა და მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის რეალური საჭიროება. დ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 11 პრიმა-151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და დ.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტია გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრი სისხლისსამართლებრივი რეაგირება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა