შატილისკენ მიმავალ გზაზე გაწმენდითი და დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გაწმენდითი და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას სპეციალისტებთან ერთად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
„ამ ეტაპზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა გაწმენდილია 90-ე კმ-მდე, სადაც სუსტი გრუნტების გამო ჩამოშლილია დიდი ოდენობით შვავი და კლდის მასა. ამ მონაკვეთის აღდგენა სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად მოხდება და საავტომობილო გზა სავარაუდოდ 2 კვირაში გაიხსნება.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 54 კმ-იან გზაზე რეაბილიტაცია 5 ლოტად მიმდინარეობდა. ამავე მონაკვეთზე, ასევე მიმდინარეობს 9 ხიდის მშენებლობა.
რეაბილიტაციის პროექტი შესაბამისი გეოლოგიური და ჰიდროლიგიური კვლევების საფუძველზე დამუშავდა 2018 წელს და ძირითადად, ითვალისწინებდა გზისა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას.
ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ მისი კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღნიშნულ მონაკვეთს 40 წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია და გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც აფერხებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას“,-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























