ტიტე აროშიძემ სტუ-ს 100 წლის საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ვებინარში მიიღო მონაწილეობა

ტიტე აროშიძემ სტუ-ს 100 წლის საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ვებინარში მიიღო მონაწილეობა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ვებინარში მიიღო მონაწილეობა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, ონლაინ ვებინარი სახელწოდებით - “მიწის რეფორმა: სახელმწიფო მონოპოლიიდან საკუთრების სხვადასხვა ფორმამდე“, რომელშიც პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მთლიანად მიწის რეფორმასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ევროპული ქვეყნების წარმატებული გამოცდილების გაზიარების საკითხებს დაეთმო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის შემდეგ ვებინარის მონაწილეებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მიესალმა. ტიტე აროშიძემ, ჩვენს ქვეყანაში მიწის რეფორმის საწყისი ეტაპიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯების პარალელურად, აჭარაში ამ მხრივ არსებულ ვითარებასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ამ კუთხით თანამშრომლობის, მათი გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისა და რეგიონის სამეცნიერო სფეროში წლების განმავლობაში დაგროვილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა-გამოყენება, ფერმერთა და ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობა-განვითარება, ისე რომ ადამიანებს თავად გაუჩნდეთ სურვილი, დაუბრუნდნენ მიწას, მთას, სოფელს.

ვებინარში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ტიტე აროშიძესთან ერთად, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მონაწილეობდა, რომელმაც აჭარაში მიწის რეფორმის პროცესში მასტიმულირებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.