კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, საქართველოში პირველად, „მამების სკოლა“ იხსნება. სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს მამაკაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. “მამების სკოლის” პროგრამა ასევე დაეხმარება მამაკაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის შესახებ და ასევე იმ სტერეოტიპების და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.

სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის მამაკაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა. სკოლაში სწავლა უფასოა და დაინტერესებული მამები მონაწილეობას ონ-ლაინ რეგისტრაციის საშუალებით შეძლებენ.

„მამების სკოლა“ რვა ძირითადად სესიას მოიცავს. თითოეული სესიის ხანგრძლივობა ორი საათია. საგანგებოდ შემუშავებული მოდულის საშუალებით, მამები მიიღებენ ცოდნასა და ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

  • როგორ შევარჩოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო;
  • როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და ბავშვის დაბადების დროს;
  • როგორ გავინაწილოთ საოჯახო შრომა;
  • როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები;
  • როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან;
  • როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში;
  • რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.

ასევე, „მამების სკოლის“ ფარგლებში დაგეგმილია დისტანციური შეხვედრები პროფესიონალებთან, რომლებიც ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად არიან ჩართული. სკოლაში ჩართულ მამებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან პედიატრებს, გინეკოლოგებს, ბავშვთა ფსიქოლოგებს, და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

“გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, უკვე მრავალი წელია, აქტიურად მუშაობს, რათა ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი მამა იყოს აქტიურად ჩართული შვილების აღზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცები თანაბრად ინაწილებდნენ ბავშვზე ზრუნვისა და საოჯახო საქმის პასუხისმგებლობას, რადგან ჰარმონიული საზოგადოების შექმნის საფუძველი სწორედ ასეთი ცვლილებებია, ცვლილებები, რომელიც ადამიანებს საზიანო სოციალური ნორმებისგან და სტერეოტიპებისგან ათავისუფლებს.”- ამბობს ლელა ბაქრაძე, UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

„მამების სკოლის“ ერთ-ერთი პირველი პარტნიორი თბილისში „გაგუას კლინიკა“ იქნება. UNFPA-სა და კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 15 მაისს, 10.30 საათზე მოეწერება.

„ჩვენმა გამოცდილებამ ნათლად დაგვნახა, თუ რამდენად პოზიტიურ გავლენას ახდენს მამების ჩართულობა ანტენატალურ მეთვალყურეობასა და მშობიარობის პროცესში და როგორ აისახება გართულებების სიხშირეზე. გაგუას კლინიკა გახდა პარტნიორი აღნიშნული პროექტის, რომელიც გაზრდის პარტნიორის ჩართულობას, ხელს შეუწყობს სოციალურ ცვლილებას და გაუადვილებს ოჯახებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გავლას.” - დავით გაგუა, გაგუას კლინიკის გენერალური დირექტორი.

შვილებზე ზრუნვასა და აღზრდაში მამების აქტიური ჩართულობის სარგებელი არაერთი კვლევითაა დამტკიცებული - ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებით, ნაკლები ქცევითი პრობლემებითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.

„მამების სკოლა“ დაფუძნდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და მამაკაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით