ბათუმის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის, ასევე სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის პროცესი განახლდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინის პროცესი განახლდა.
უფლებადამცველების თქმით, დღევანდელ პროცესზე მოწმეთა დაკითხვა მოხდება.
ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ დაკავებულები "ქართული ოცნების" მძევლები არიან. მათივე განმარტებით, ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლის უფლებით იმყოფებოდნენ, რაც ნებადართულია ნებისმიერი არასამხედრო გემისთვის. ადვოკატების თქმით, ისინი შეაჩერეს და ყოველგვარი განმარტების გარეშე დააკავეს. სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორ თვეზე მეტია გრძელდება, საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.
სასამართლო პროცესის პარალელურად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სასამართლოს შენობასთან აქციას მართავენ. მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პირების დაკავება უკანონოდ მოხდა. მათი თქმით, ქართულ მხარეს ეგონა, რომ ამ ადამიანებს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი შემოჰყავდა.
ადვოკატები მოსამართლის აცილებას მოითხოვენ.

























