ტარიელ ნაკაიძე დმანისზე - თუ ხელისუფლება მიდგომას არ ჩამოაყალიბებს ისე, რომ შემდგომში მსგავსი პრობლემების პრევენცია მოხდეს, დარწმუნებული ვარ, ახლა პრობლემა კი არ მოგვარდა, უბრალოდ შეიფუთა და რაღაც დროს სხვაგან იფეთქებს

ტარიელ ნაკაიძე დმანისზე - თუ ხელისუფლება მიდგომას არ ჩამოაყალიბებს ისე, რომ შემდგომში მსგავსი პრობლემების პრევენცია მოხდეს, დარწმუნებული ვარ, ახლა პრობლემა კი არ მოგვარდა, უბრალოდ შეიფუთა და რაღაც დროს სხვაგან იფეთქებს

თუ ხელისუფლება არ გაითავისებს საკუთარ ფუნქციას და საკუთარ პოლიტიკურ მიდგომას არ ჩამოაყალიბებს ისე, რომ შემდგომში მსგავსი პრობლემების პრევენცია მოხდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ახლა პრობლემა კი არ მოგვარდა, უბრალოდ შეიფუთა და რაღაც დროს სხვაგან იფეთქებს ,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა ტარიელ ნაკაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ დმანისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, სახელმწიფომ და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ ყველა მოქალაქემ თავი ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქედ იგრძნოს. ამასთანავე, ნაკაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დანაშაული ჩაიდინა, რადგან დაუსჯელობის შემთხვევაში, მსგავსი პრობლემების გამოვლინება სერიოზულ სახეს მიიღებს.

„მიხარია, რომ დღეს დმანისში გარკვეულწილად დადუმდა სიტუაცია, ნორმალურ ფარგლებს დაუბრუნდა და ისიც მნიშვნელოვანია, რომ გუშინ ხელი ჩამოართვეს, შერიგება მოხდა. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ ხელისუფლება არ გაითავისებს საკუთარ ფუნქციას და საკუთარ პოლიტიკურ მიდგომას არ ჩამოაყალიბებს ისე, რომ შემდგომში მსგავსი პრობლემების პრევენცია მოხდეს, დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემა კი არ მოგვარდა, უბრალოდ შეიფუთა და რაღაც დროს სხვაგან იფეთქებს ან რაღაც დროს ისევ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე შეიძლება ვიხილოთ. 2013 წლის შემდეგ, სადღაც 8-10 შემთხვევა გვაქვს ტიპიურად თითქმის ერთნაირი, ზოგი - რელიგიურ, ზოგი ეთნიკურ ნიადაგზე, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია შინაარსობრივად მისი განხილვა, რასთან გვაქვს საქმე. ეს ანალიზი არ ჩაუტარებია სახელმწიფოს, გარდა ამისა, დამოკიდებულება და პოლიტიკა აქვს ძალიან არასწორი.

პირველ რიგში, სახელმწიფომ და ხელისუფალმა უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ იგრძნოს, რომ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეა. სამწუხაროდ, უმცირესობების განცდა ეს არის, რომ ის არ არის სრულუფლებიანი მოქალაქე ამ ქვეყნის, სხვას რომ აქვს რაღაც უფლება, იმ უფლებით ის ვერ სარგებლობს და ეს კარგად ჩანს ბევრ სხვადასხვა გადაწყვეტილებაში, სამწუხაროდ. მეორე, ამ ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისად, ეს უნდა იყოს პრევენცია. თუ დაუსჯელობის პრობლემა იქნება, შესაბამისად, მსგავსი პრობლემების შემდგომში გამოვლინების ძალიან სერიოზული საფრთხეები არსებობს და ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებელია, გვქონდეს სწორი საგანმანათლებლო და სწორი მიმართულებითი განვითარება,“- განაცხადა ნაკაიძემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, დმანისში მომხდარი არ არის უბრალოდ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, არამედ ეს არის დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებული ბოღმა ადამიანებში.

„ვიღაცას ენიჭება პრივილეგიები, ვიღაცას არ ენიჭება, ვიღაცას მეორეხარისხოვნად განიხილავენ, რაღაც სიძულვილი ჩამოყალიბდა მეზობლებში ამ შემთხვევაში თუნდაც, და ამან გამოიწვია ასეთი მასშტაბური დაპირისპირება“ - განაცხადა ნაიკაიძემ.