რომან ბუღაძე - ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართულია საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან

„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვირტუალური ზონა არის ვირტუალური ზონის პირი ან ამ პირთა ერთობლიობა, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე ესაუბრა.

რა არის ვირტუალური ზონა და როგორ ხორციელდება ვირტუალური ზონის სტატუსის მინიჭება?

ამ საკითხს არეგულირებს „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც ვირტუალური ზონა არის ვირტუალური ზონის პირი ან ამ პირთა ერთობლიობა, ხოლო ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.

თავის მხრივ, საინფორმაციო ტექნოლოგიები არის კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები მიიღება.

ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესი, პირობები და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის N49 დადგენილებით.

აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ზემოთ აღნიშნულ საქმიანობას, კერძოდ, ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.

ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მისაღებად პირს შეუძლია ელექტრონულად ვებგვერდის მეშვეობით (www.fas.ge) განცხადებით მიმართოს საჯარო სამართლის იუ­რიდიულ პირს – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს.

განცხადებას უნდა დაერთოს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროექტების ჩა­მონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ვირტუალური ზონის პირის სტატუსი პირს ენიჭება სტატუსის მინიჭებისათვის მიმართვიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

რა დოკუმენტი გაიცემა ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭებისას?

მთავრობის დადგენილებით, ვირტუალური ზონის პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ელექტრონული სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა სტატუსის მინიჭებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

დღეის მონაცემებით, რამდენ პირს აქვს მინიჭებული ვირტუალური ზონის პირის სტატუსი?

დღეის მდგომარეობით ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 1025 პირს.

რა შესაძლებლობებსა და შეღავათს ითვალისწინებს აღნიშნული სტატუსი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის?

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).

სხვა ნაწილში ვირტუალური ზონის იურიდიული პირი, წარმოადგენს საქართველოს საწარმოს და მასზე რაიმე ტიპის საგადასახადო შეღავათები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით არ გაითვალისწინება.

რა შემთხვევაში უქმდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი?

პირს შესაძლებელია გაუუქმდეს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, თუ მის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებული იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ პირის სტატუსი შესაძლებელია გაუქმდეს შესაბამისი ორგანოს მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

პირს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, ასევე შესაძლებელია გაუუქმდეს მისი მომართვის საფუძველზე. ინფორმაცია პირისათვის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის გაუქმების თაობაზე სტატუსის გაუქმებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება სსიპ − შემოსავლების სამსახურს.

როგორი სანქციები ვრცელდება იმ პირთა მიმართ, თუ ვირტუალური ზონის პირის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებული იქნა გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მიზნით?

როგორც აღვნიშნე, თუ ვირტუალური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებული სტატუსი გამოყენებული იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, პირს უუქმდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი.

ამასთან, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირის მიერ მიღებულ მოგებაზე არ გამოიყენება მოგების გადასახადით დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი.

შემოსავლების სამსახურის მიერ თუ ხორციელდება კომპანიებზე მონიტორინგი, რომელთა მიმართაც არსებობს მაღალი რისკი, რომ ისინი ფორმალურად არიან რეგისტრირებული და მათ არ ჰყავთ, კანონმდებლობით დადგენილი, შესაბამისი პროფილით დასაქმებული თანამშრომლები?

სსიპ შემოსავლების სამსახურში აქტიურად მიმდინარეობს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათიანი, ე.წ. სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების ეფექტურობის შესწავლა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ხორცელდება მათ, შორის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე პირების შესწავლაც.

ასეთი პირების შესახებ ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პირების უდიდეს ნაწილს საქართველოში არ გააჩნია კაპიტალი, არ ყავს შესაბამისი პროფილით დასაქმებული თანამშრომლები. შესაბამისი სტატუსის მინიჭება ატარებს ფორმალურ ხასიათს და ადგილი არ აქვს საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნას. რაც შესაძლებელია გახდეს, ვირტუალური ზონის პირის სტატუსისა და მოგების გადასახადით დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის გაუქმების საფუძველი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა