აჭარის პოლიციაში მეზღვაურების ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც თურქულ კომპანიას მეზღვაურების თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაზარალებული მეზღვაურების ოჯახის წევრებისა და ნათესავების გამოკითხვა მიმდინარეობს. პარალულურად, მეზღვაურების ახლობლები პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან აქციას მართვენ.
როგორც მეზღვაურების ოჯახის წევრები აცხადებენ, თურქულმა კომპანიამ 30-მდე მეზღვაურის თანხა მიითვისა.
მათი თქმით, კომპანიის პასუხისმგებელი პირები იმალებიან და თანხას უკან არ აბრუნებენ. ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, თითოეულ მეზღვაურს 500-დან 800 დოლარამდე თანხა გამოსძალეს, საქმეში კი თურქებთან ერთად ქართველებიც იყვნენ ჩართული.
მეზღვაურების ოჯახის წევრები თაღლითობაში კომპანია „ბეშიქთაქშ გრუპს“ ადანაშაულებენ.
ცნობისთვის, გუშინ ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე, კომპანია "ბეშიქთაქშ გრუპის" ოფისში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.
ბათუმელი მეზღვაურების ოჯახის წევრები, რომლებიც აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციას მართავდნენ, აღნიშნული კომპანიის შენობაში შეიჭრნენ და კომპანიის ინვენტარი დააზიანეს, ასევე იქ მყოფ თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავის მხრივ, კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებმა თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდნენ და ისინი თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობენ. აღნიშნული მეზღვაურების საკითხს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გამოეხმაურნენ. უწყება მეზღვაურებს აფრთხილებს, რომ დამსაქმებელი კომპანიის მონაცემები სააგენტოში გადაამოწმონ.

























