ვახტანგ ძაბირაძე - „საარჩევნო კოდექსში“ უნდა იყოს ჩადებული ისეთი მუხლები, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარის როლი არჩევნების შედეგების გადაწყვეტაში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა და პოლიტიკურმა პროცესმა არასრულად, მაგრამ მაინც პარლამენტში გადაინაცვლა. ოპოზიციის მეორე ნაწილი პარლამენტში შესვლა-არშესვლის თემაზე კონსულტაციებს კიევში მესამე პრეზიდენტთან მართავს.

ამ ვითარებების ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს?

- გადაწყვეტილება, რომ შარლ მიშელის შეთავაზებულ დოლუმენტს ხელი მოეწერა და პარტიათა ნაწილი პარლამენტში შევიდა, იყო სწორი გადაწყვეტილება. ცუდია, რომ იგი საკმაოდ დაგვიანებითაც კი იქნა მიღებული.

პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციურ პარტიებს ადრეც უნდა მიეღოთ, რადგან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა არაფრისმომცემი იყო. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე არ მახსენდება შემთხვევა, როცა რომელიმე ბოიკოტს რაიმე ხელშესახები შედეგი მოეტანა.

პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციურ პარტიებს ადრეც უნდა მიეღოთ, რადგან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა არაფრისმომცემი იყო

ახლა სრულიად გაუგებარია ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილება, რომლებიც პარლამენტში არ შედიან. ეს ძირითადად „ევროპულ საქართველოს“ ეხება. „ნაციონალების“ გაურკვეველი პოზიცია შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ ვიდრე მათ პარლამენტში შესვლის თემაზე გაურკვეველი პოზიცია აქვთ, ისინი მანამდე იქნებიან მედიის ინტერესში. მათი მხრიდან გადაწყვეტილების გაჭიანურებაში უფრო პიარის ელემენტებს ვხედავ.

საუბარი იმაზე, რომ ამომრჩეველს მათზე გული აუცრუვდებათ თუ ისინი პარლამენტში შევლენ, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. წინა ბოიკოტებისაგან განსხვავებით ახლა ოპოზიციის ბოიკოტი იმით გამოირჩეოდა, რომ ბოიკოტი პოლიტიკურ სპექტრს ჰქონდა გამოცხადებული, მაგრამ ამ პროცესში მათი ელექტორატი მონაწილეობას რეალურად არ იღებდა.

6 თვის განმავლობაში ბოიკოტის მომხრე პოლიტიკურმა ძალებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს რაიმე სერიოზული მანიფესტაციის, თუ მიტინგის ორგანიზება, რომელშიც პარტიალი აქტივი კი არა, მოსახლეობა იქნებოდა ჩართული.

„ნაცმოძრაობამ“ 15 მაისის მიტინგი გადადო და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ისინი ძლიერი საპროტესტო ტალღის აგორებას ვერც ამჯერადაც ვერ მოახერხებდნენ. მათ ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ აქციას არც გადადებდნენ და არც ოპოზიციის ნაწილი არ შევიდოდა პარლამენტში.

- „ნაციონალების“ მხრიდან პარლამენტში შესვლა-არშესვლის გადაწყვეტილების გაჭიანურება თქვენ მათი მხრიდან პიარულ ნაბიჯად მიიჩნიეთ, მაგრამ თქვენი აზრით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „ნაციონალები“ და შევა თუ არა პარლამენტში მათი მთელი შემადგენლობა?

- დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალები“ პარლამენტში შესვლაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. „ნაციონალებში“ ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა კია, მაგრამ ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკაში ურთიერთობების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ.

რამდენადაც ვადევნებ თვალს, ძირითადად გია ბარამიძე აცხადებს, რომ ისინი პარლამენტში არ უნადა შევიდნენ. დანარჩენი „ნაციონალების“ მეტ-ნაკლებად ცნობადი სახეები ყველანი თანახმა არიან რომ შევიდნენ პარლამენტში.

- თუ არ ვცდები ამ თვალსაზრისით ხაბეიშვილი აქტიურობს...

- ხაბეიშვილი ბარამიძესთან შედარებით ახალგაზრდა პოლიტიკოსია. ბარამიძე 30 წელია პოლიტიკაშია, ამიტომ მისგან უფრო მიკვირს, ვიდრე ხაბეიშვილისგან, რადგან ის ახალგაზრდაა და შესაბამისად ახალგაზრდული ტემპერამენტიც აქვს.

რაც უფრო გაჭიანურდება „ნაციონალების“ პარლამენტში არშესვლა, ან შესვლა-არშესვლის პროცესი, ეს პოლიტიკურად მეტად დააზიანებს თავად „ნაციონალებს.“ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა პოლიტიკური პროცესების ცენტრმა პარლამენტში გადაინაცვლა და „ნაციონალები“ ნაკლებად აქტუალურები არიან.

რაც უფრო გაჭიანურდება „ნაციონალების“ პარლამენტში არშესვლა, ან შესვლა-არშესვლის პროცესი, ეს პოლიტიკურად მეტად დააზიანებს თავად „ნაციონალებს“

ვითარებაში, როცა „ნაციონალებს“ საპროტესტო ელექტორატი არ ჰყავთ, ისინი პარლამენტში არ შევლენ, მათ მიმართ მედიის ინტერესი მნიშვნელოვნად შემცირდება. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ „მთავარ არხს“.

- ოპოზიციის თუნდაც ნაწილის პარლამენტში შესვლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ აქტიურად იმუშავა საარჩევნო რეფორმაზე. მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.

თქვენ როგორ შეაფასებდით საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონმხედველიაპროექტს, რომელიც ვენეციის კომისიას გადაეგზავნა?

- ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციის მთელი სპექტრი აღნიშნავს - საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მათ შორის მოხდა შეთანხმება. რომ ფაქტიურად ეს არის ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი პროექტი. ეს უდაოდ დადებითი მომენტია გამომდინარე იქედან, რომ მომავალი არჩევნებზე არ გაჩნდება მხარეებს შორის გაუგებარი თემები.

საარჩევნო კოდექსისა და კანონებისადმი ჩვენი დამოკიდებულება საკმაოდ არასერიოზულია. ჩვენ საარჩევნო კოდექსს ვუყურებთ როგორც ერთჯერადი გამოიყენების დოკუმენტს. არჩევნებზე გვჭირდება და მერე არა. რეალურად კი ეს ასე სულაც არაა.

რეალურად, საარჩევნო კოდექსზე ბევრადაა დამოკიდებული როგორ მოწესრიგდება პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენი დღევანდელი პრეტენზიები პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ ძირითადად სწორედ საარჩევნო კოდექსს უკავშირდება. უფროს სწორად მის შეუთავსებლობას იმ რეალობასთან, რომელიც გვაქვს.

რეალურად, საარჩევნო კოდექსზე ბევრადაა დამოკიდებული როგორ მოწესრიგდება პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენი დღევანდელი პრეტენზიები პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ ძირითადად სწორედ საარჩევნო კოდექსს უკავშირდება. უფროს სწორად მის შეუთავსებლობას იმ რეალობასთან, რომელიც გვაქვს

ჩვენ არ მოგვწონს პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ საარჩევნო კოდექსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს მისი უმტკივნეულო განახლება.

- ამ თემაზე საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა - „განცხადებები, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი მანიპულირების შესაძლებლობას არ დატოვებს, არასწორია“.

რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცება?

- საარჩევნო კოდექსში შეიძლება ჩაწერო მუხლი რომ არ შეიძლება სახელისუფლებო რესურსების გამოყენება. მაგრამ, გასარკვევია თუ რა იგულისხმება სახელისუფლებო რესურსში.

ძნელია „საარჩევნო კოდექსში“ ისე იქნას ჩამოყალიბებული რომელიმე პუნქტი, რომ მთლიან იქნას აღმოფხვრილი ძლიერი და მავნე ტრადიცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და რომელიც ყველა ხელისუფლებას წინა ხელისუფლებებიდან აქვს მიღებული. მხედველობაში მაქვს ის, რომ ყველა ხელისუფლება საჯარო მოსამსახურეებს ავალდებულებს ხმა მისცენ მოქმედ ხელისუფლებას.

მეორე საკითხია შავი ფული, რომელიც არჩევნების დროს უკონტროლოდ ტრიალებს და არა იმას, რომლის წარმომავლობას შემდეგ კონსტროლის პალატა სწავლობს. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ შავი ფულით ხდება არჩევნებამდე ბევრად ადრე ამომრჩევლის მოსყიდვა.

მესამე თემაა მედიასაშუალებები და მათი გამოყენება არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. შესაძლოა, შემუშავებულმა ახალმა საარჩევნო რეფორმამ ბევრი რამ მართლაც მოაწესრიგოს რადგან მხარეები შეთანხმდნენ, მაგრამ არის სხვა საკითხები, რომელიც არც კი ვიცი როგორ შეიძლება მოგვარდეს. მხედველობაში მაქვს უშიშროების სამსახურების ჩართულობა-აქტიურობა არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში.

შესაძლოა, შემუშავებულმა ახალმა საარჩევნო რეფორმამ ბევრი რამ მართლაც მოაწესრიგოს რადგან მხარეები შეთანხმდნენ, მაგრამ არის სხვა საკითხები, რომელიც არც კი ვიცი როგორ შეიძლება მოგვარდეს. მხედველობაში მაქვს უშიშროების სამსახურების ჩართულობა-აქტიურობა არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში

უშიშროების სამსახურები არ გახლავთ მხოლოდ ამ ორგანოებში ოფიციალურად მომუშავე ხალხი. ამ პროცესებში ჩართულია უამრავი ადამიანი, რომლებისგანაც უშიშროების ორგანოებში დასაქმებული ხალხი იღებს ინფორმაციას. მათ კი, რა ინფორმაციასაც იღებენ შეუძლიათ ეს ინფორმაციები სხვა მიმართულებითაც გასცენ.

- თუ სწორად ვხდები, ყურადღებას ამახვილებთ იმაზე, რომ ძალოვანი სტრუქტურები იქნებიან თუ არა არჩევნებში ნეიტრალურები?

- ძალოვანმა სტრუქტურებმა შეიძლება უზრუნველყონ უსაფრთხოება იმ რადიუსში, სადაც საარჩევნო უბნები იქნება განთავსებული, მაგრამ საუბარია იმაზე, არჩევნებამდე ისინი რა დავალებებს მიიღებენ? რა იქნება ამ დავალებების მიზანი და ასე შემდეგ.

ფაქტია, რომ საარჩევნო კოდექსი ამ საკითხებს ვერანაირად ვერ მოაწესრიგებს.

- ახლა აქტიურად განიხილება იქნება თუ არა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

არადა, ფაქტია, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა 2020 არჩევნები კი აღიარეს, მაგრამ ისიც თქვენს, რომ იგი „ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარდა“.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციას ურჩევენ ბოდიში მოუხადონ მას. ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცერი აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ცესკო-ს თავმჯდომარეზე საუბარი არ არისო. „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ ცესკოს თავმჯდომარეს 10 ახალი წევრი აირჩევს.

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ 2021 წლის არჩენების ისევ ჟვანიას თავმჯდომარეობით ჩატარებამ კიდევ ერთხელ შეუქმნას პრობლემები პოლიტიკურ პროცესს და მთელ ქვეყანას?

- ყველაზე სწორი იქნებოდა, თუ თამარ ჟვანია აღარ იქნებოდა ცესკო-ს თავმჯდომარე, ამას თავად მმართველი გუნდიც უნდა ხვდებოდეს. კარგი იქნებოდა თუ თამარ ჟვანია თავად გადადგებოდა.

ყველაზე სწორი იქნებოდა, თუ თამარ ჟვანია აღარ იქნებოდა ცესკო-ს თავმჯდომარე, ამას თავად მმართველი გუნდიც უნდა ხვდებოდეს. კარგი იქნებოდა თუ თამარ ჟვანია თავად გადადგებოდა

მმართველი გუნდის მტკიცება, რომ ჟვანიას არჩევნების გაყალბების ვერაფერი დაუმტკიცეს, ეს ასე ნამდვილად არ არის. საარჩევნო უბნები მაშინ რომ გაეხსნათ, როცა ამას ოპოზიცია ითხოვდა, მაშინ ვნახავდით, არჩევნების გაყალბება რეალური იყო თუ არა.

ამერიკელი სენატორების ნათქვამი - „ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები“, საკმაოდ მძიმე შეფასება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ 2020 არჩევნები ეუთო/ოდირმაც და აშშ-მაც აღიარა.

სამწუხაროდ, პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლება მოძებნის ცესკო-ს სხვა თავმჯდომარეს, რომელიც იმავე როლს შეასრულებს, რასაც აქამდე ქალბატონი ჟვანია, ან სხვა ცესკო-ს თავმჯდომარეები ასრულებდნენ.

- თუ ცესკო-ში 10 ახალი წევრი შევა და მათ აირჩიეს, შესაძლოა ამგვარი რამ, ახლა მაინც გამოირიცხოს?

- კი, 10 ახალი წევრი კი შევა, მაგრამ შემდეგ თავმჯდომარის არჩევის სხვა წესიცაა და მაინც მგონია, რომ მმართველი გუნდი სათავისო ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევას მაინც მოახერხებენ.

ვიდრე მმართველი გუნდი ჟვანიას ჩამნაცვლებელს მოძებნის, „საარჩევნო კოდექსში“ მანადე უნდა იყოს ჩადებული ისეთი მუხლები, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარის როლი არჩევნების შედეგების გადაწყვეტაში, მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი.

ვიდრე მმართველი გუნდი ჟვანიას ჩამნაცვლებელს მოძებნის, საარჩევნო კოდექსში მანადე უნდა იყოს ჩადებული ისეთი მუხლები, რომლებითაც ცესკო-ს თავმჯდომარის როლი არჩევნების შედეგების გადაწყვეტაში, მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი

ახლა ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან ჟვანიას წასვლას არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 ახალი მოსამართლის არჩევა დაანონსა, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. ეს სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს და მოითხოვეს ამ პროცესის შეჩერება მანამ, სანამ 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს პარლამენტი არ მიიღებს.

თქვენი აზრით რატომ ჩქარობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 4 ახალი მოსამართლის პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენას?

- შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი ხელისუფლებამაც მოაწერა და ოპოზიციამაც. რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნორმალური ურთიერთობებია აღმდგარი და ჩამოყალიბებული. მათ შორის ისეთი ურთიერთობებია როგორც უნდა იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

19 აპრილის შეთანხმებით რა უნდა მომხდარიყო? პროტესტი, რომელიც ქუჩაში იყო, უნდა გადასულიყო პარლამენტში. ხელისუფლება ახლა იგივეს ცდილობს, ოღონდ სხვაგვარად, რომ ოპოზიცია არაფრად ჩააგდოს. 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ანგარიში გაუწია ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მაგრამ რეალურად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დამოკიდებულება არ შეცვლილა.

19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ანგარიში გაუწია ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მაგრამ რეალურად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დამოკიდებულება არ შეცვლილა

როცა სასამართლოზეა საუბარი, ხელისუფლება ამ სფეროში ისე მოიქცევა, როგორც თავად ჰქონდა დაგეგმილი. შარლს მიშელს არ უთქვამს, რომ მმართველი გუნდი პარლამენტში ოპოზიციის სრულად შესვლას დალოდებოდა.

ამაზე ხელისუფლება იტყვის, რაზეც შეგითანხმდით, ვასრულებთ, ამიტომ სულაც არ მიკვირს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ საქმეში აჩქარება, რადგან მათ იციან, რომ მმართველი გუნდი მხარს მათ დაუჭერს.

დიდი იმედები ჰქონდა ბევრს, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად პარლამენტი მოსამართლეებს ოპოზიციის მონაწილეობით დაამტკიცებდა. ჩვენ გვაქვს ისეთი სასამართლო, რომლის კანონის ფარგლებში რეგულირება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მართლმსაჯულების სისტემაში ქირურგიული ჩარევა გახდება საჭირო მაშინ, თუ ქვეყანა გადაწყვეტს, რომ მას მართლა სჭირდება სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო.

ჩვენ გვაქვს ისეთი სასამართლო, რომლის კანონის ფარგლებში რეგულირება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მართლმსაჯულების სისტემაში ქირურგიული ჩარევა გახდება საჭირო მაშინ, თუ ქვეყანა გადაწყვეტს, რომ მას მართლა სჭირდება სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო

ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას რეპუტაციული პრობლემები აქვს, რომლის კანონებით რეგულირება შეუძლებელია.

- ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ 2021 წლის არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ რთული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ შემოდგომისთვის დაგეგმილ არჩევნებზე აღარ იმუშავებს ლოზუნგი - ჩვენ თუ არა „ნაციონალები“ დაბრუნდებიან.

ბევრი თვლის, რომ ახლა ასეთ პირობებში ხელისუფლებას გაუჭირდება ამომრჩეველთა ხმების 43% აღება. მოახლოებული არჩევნების წინ რა ამოცანები აქვს ხელისუფლებას?

- 2021 წლის არჩევნებზე ხელისუფლების პრობლემა მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება. ხელისუფლების პრობლემა იქნება მთელი ოპოზიციური სპექტრი. ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემა შეიძლება იყოს ის, თუ რა მოლოდინები არსებობს ახალი პოლიტიკური ძალების მიმართ.

იგულისხმება პოლიტიკაში გახარიასა და ვასაძის გამოჩენა და მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას 2021 არჩევნების პროპორციულ ნაწილში. მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მათი მონაწილეობა, ანაც მათ მიერ ქალაქის მერებად კანდიდატების დასახელება ხელისუფლებისთვის პრობლემა არ იქნება.

თუ 2021 წლის არჩევნებში პროპორციული სისტემით გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, შესაძლოა „ქართული ოცნების“ მიერ 43% აღება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

თუ 2021 წლის არჩევნებში პროპორციული სისტემით გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღენ მონაწილეობას, შესაძლოა „ქართული ოცნების“ მიერ 43% აღება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს

სამან ოპოზიციური სპექტრი სრულად არ ჩამოყალიბდება ჯერჯერობით ჭირს პროგნოზების 5 თვით ადრე გაკეთება, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ 43% აღება ნამდვილად არ გაუჭირდებოდა.

ახლა ნაკლებად იმუშავებს „ნაციონალები“ მოვლენ, მაგრამ იმუშავებს სხვა ფაქტორები. ადგილებზე ყველა სამეთაურო პუნქტებზე „ქართული ოცნების“ კადრები დგანან. მას მეტი საშუალება აქვს არჩევნებზე ხალხის მობილიზების, ვიდრე სხვა პოლიტიკურ ძალებს.

- გახარიამ და ვასაძემ კარგა ხანია განაცხადეს, რომ შემოვლენ პოლიტიკურ ველზე, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ისინი ამ თვალსაზრისით ჩქარობენ.

ბევრი მიიჩნევს, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობა დამატებით პრობლემას შეუქმნის ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება ხმების 43% აღება. სხვების დაკვირვებით, ვერც გახარია და ვერც ვასაძე „ნაცმოძრაობას“ ვერ ჩაანაცვლებენ. ამბობენ, გახარიას გამოჩენა არც „ქართული ოცნებისთვისაა კარგი და არც „ნაციონალებისთვის. ასეა?

- გახარისა და ვასაძის არჩევნებში მონაწილეობა უფრო არასასურველია „ქართული ოცნებისთვის“ ვიდრე „ნაციონალებისთვის“. მმართველი გუნდისთვის ხმების წართმევის თვალსაზრისით მე აქცენტს უფრო გახარიაზე გავაკეთებდი, ვიდრე ვასაძეზე.

გახარიასა და ვასაძის არჩევნებში მონაწილეობა უფრო არასასურველია „ქართული ოცნებისთვის“ ვიდრე „ნაციონალებისთვის“. მმართველი გუნდისთვის ხმების წართმევის თვალსაზრისით მე აქცენტს უფრო გახარიაზე გავაკეთებდი, ვიდრე ვასაძეზე

ვასაძის ძირითადი ელექტორატი ის ხალხია, ვისთანაც ერთად ის წინა წლებში აქციებს მართავდა. მხედველობაში მყავს „მარში“. 2020 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ ყველა ამ ტიპის პარტიების ჯამური მაჩვენებელი არც ისე დიდია. არა ვფიქრობ, რომ 2021 არჩევნებში ვასაძეს მნიშვნელოვანი წარმატება ექნება.

ამ თვალსაზრისით გახარიას მეტი პოტენციალი აქვს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ გახარია და ვასაძე შეძლებენ „ნაციონალების“ ჩანაცვლებას, ამ ეტაპზე გამორიცხულია. ახლა საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ იმაზე, მათ შორის სერიოზული პოლიტიკური პერსპექტივა რომელს აქვს.

2021 წლის არჩევნებზე „ნაცმოძრაობა“ კვალ დარჩება როგორც ოპოზიციისა და ხელისუფლების ყველაზე ძირითადი კონკურენტი. ახლა ასე ჩანს, - გახარიას ვასაძესთან შედარებით მეტი პოტენციალი აქვს, მაგრამ მხოლოდ მაისის ბოლოა. არჩევნებამდე დარჩენილია 4 თვე.

ადგილობრივ არჩევნებში გაცილებით რთულია მონაწილეობის მიღება, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში. არჩევნებში მონაწილე პარტიებს ბევრი აქვთ სამუშაო რეგიონებში ჯერ მაჟორიტარებად ხალხის შესარჩევად, შემდეგ პარტიული სიების შესადგენად. ასევე ქალაქებში მერების კანდიდატების შესარჩევად.

რეგიონებს რომ თავი დავანებოთ, თუ სწორად მახსოვს, მარტო თბილისში 450 საარჩევნო უბანია. არჩევნებში მონაწილე პარტიებს უზარმაზარი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი, თუ არჩევნების მოგება უნდათ.

არადა, ჯერჯერობით, არც გახარიას და არც ვასაძეს პარტიები არ აქვთ. არ ვიცი ამ არჩევნების მოსაგებად არჩევნების ორგანიზაციულ ხმარეს რას უშვრება ან ვასაძე, ან გახარია. მათ ხალხში დიდი მხარდაჭერა რომც ჰქონდეთ, ამ მხადაჭერას არჩევნებზე რეალიზება სჭირდება.

ვფიქრობ, რომ გახარია და ვასაძე საკმაოდ აგვიანებენ აქტიურობას, თუ მართლაც უნდათ 2021 არჩევნებში სერიოზული წარმატების მიღწევა

უნდა ხალხი, რომელიც ამ პროცესებში არა მარტო აქტიურად იქნება ჩართული, არამედ აქტიურ მონაწილეობას თავად მიიღებს.

მიჭირს იმაზე საუბარი, რომ დარჩენილ დროში გახარის და ვასაძე მოასწრებენ პარტიული ორგანიზაციების ადგილებზე შექმნას, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებისთვის კანდიდატების შერჩევას და შემდეგ თუნდაც თბილისი 450 უბანში თავისი წარმომადგენლების დამკვირვებლებად შერჩევას. ვფიქრობ, რომ გახარია და ვასაძე საკმაოდ აგვიანებენ აქტიურობას, თუ მართლაც უნდათ 2021 არჩევნებში სერიოზული წარმატების მიღწევა.

„ინტრეპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა