გიორგი ანთაძე - ბაიდენ-პუტინის შეხვედრისგან არ ველოდები 1938 წლის „მიუნჰენის ახალ კონფერენციას“ ან მორიგ იალტას

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" და პარლამენტის კვლევითი ცენტრის მკვლევარს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ივნისის პირველ ნახევარში გაიმართება. ამ შეხვედრის მოსამზადებლად აშშ-სა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს რეიკიავიკში შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა ლავროვმა თქვა, - „რუსეთი მზადაა გაწმინდოს ის ხერგილები, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო აშშ-ს წინა ადმინისტრაციებისგან“. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის განცხადებით - „აშშ-ს ინტერესებშია შეაჩეროს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები“.

ბლინკენის ეს განცხადება კრემლში „პოზიტიურ სიგნალად“ იქნა მიჩნეული. სხვაგვარად ვერც აღიქმებოდა, რადგან სულ ცოტა ხნის წინ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაახლოებით ისეთი იყო, როგორც „ცივი ომის“ ფარგლებში „კარიბის კრიზისი“. ისეთი პირი უჩანს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებს ტრაექტორია აშკარად ეცვლება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ბლინკენ-ლავროვის რეიკიავიკში გამართული შეხვედრაც არ იყო შემთხვევითი. გორბაჩოვის „პერესტროიკის“ პერიოდში გორბაჩოვ-რეიგანის პირველი შეხვედრა სწორედ რეიკიავიკში გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, კრემლსა და თეთრ სახლს შორის ბევრი ცვლილებებია მოსალოდნელი, ესენინისეული ხატოვანი დაკვირვება - „большое видеться на расстоянии“, ჯერჯერობით ბევრს არაფერს გვეუბნება.

დაგიკავშირდით იმისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებში შევეცადოთ მეტის დანახვა. თქვენი დაკვირვებით ბაიდენ-პუტინის შეხვედრის წინ რა ხდება აშშ-სა და მოსკოვს შორის?

- დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემაში ისტორიული პარალელების მოშველიებაც დაგვეხმარება. თუ გავიხსენებთ წარსულს, ვაშინგტონში ადმინისტრაციის ცვლილების დროს ორმხრივ ურთიერთობებში იმ დროისათვის არსებული პრობლემების მიუხედავად მუდმივად ხდებოდა რუსეთთან გარკვეული საერთო ენის გამონახვის მცდელობა. ვფიქრობ, ანალოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე დღესაც.

ჩვენს ერთ-ერთ წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, არსებული არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, ცდილობენ სტრატეგიულ საკითხებზე გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ. თუმცა, თუ დავაკვირდებით რეიკიავიკის შეხვედრაზე განხილულ საკითხებს, დავინახავთ, რომ საუბრები მათ გარდა განსაკუთრებულად პრობლემურ საკითხებსაც შეეხო როგორებიცაა უკრაინა, რუსეთში დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, ნავალნის ირგვლივ არსებული სიტუაცია, ყარაბაღის კონფლიქტი და აშ.

თუმცა, ხაზი გაესვა იმ თემებსაც, სადაც ორ ქვეყანას შორის საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია და მათ რიგში დასახელდა სირიისა და ავღანეთის საკითხები, ირანისა და ჩრ. კორეის ბირთვული პროგრამები და რეგიონალური სტაბილურობის საკითხები ახლო აღმოსავლეთში.

თუმცა, ბლინკენის მიერ მკაფიო გზავნილებიც გაკეთდა, რომ რუსეთის მხრიდან მწვავე ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში აშშ ადეკვატურად იმოქმედებს მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების დასაცავად. ვფიქრობ სახეზე გვაქვს ორ დიდ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში შეხების წერტილების პოვნის მცდელობა, რომელიც ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრამდე ისინჯება.

სახეზე გვაქვს ორ დიდ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში შეხების წერტილების პოვნის მცდელობა, რომელიც ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრამდე ისინჯება... ვფიქრობ, მხარეებმა რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრამდე ერთმანეთს ასე ვთქვათ, კბილი მოუსინჯეს დიპლომატიურ ასპარეზზე

აღსანიშნავია ისიც, რომ რეიკიავიკში განხილულ საკითხებსა და ბლინკენის მიერ გახმოვანებულ გზავნილებში ნათლად იკითხება მის მიერ მიმდინარე წლის 4 მარტს საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე გაკეთებული მიმართვის პათოსი. ჯამში ვფიქრობ, მხარეებმა რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრამდე ერთმანეთს ასე ვთქვათ, კბილი მოუსინჯეს დიპლომატიურ ასპარეზზე.

- ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვი გამოვიდა „ღია ცის“ შეთანხმებიდან, რომლითაც მხარეებს საშუალება ჰქონდა ციდან ეკონტროლებინათ ერთმანეთი.

მანამდე, ბაიდენის ადმინისტრაცია საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებლად გააგრძელებდა მოსკოვთან დიალოგს ისეთ თემებზე, რომელიც შეტევითი სტრატეგიული იარაღის შეზღუდვას ეხება და რომლიდანაც მხარეები გამოსულები არიან.

არადა, თავის დროზე სწორედ ეს შეთანხმებები იქნა მიღწეული რეიგანსა და გორბაჩოვს შორის ერთი მხრივ ევროპისა, ხოლო მეორე მხრივ რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად.

დიდი ალბათობით ამ საკითხებში ბაიდენი და პუტინი მიაღწევენ კონკრეტულ შეთანხმებებს, მაგრამ, თქვენი აზრით, ამ თემებზე ვაშინგტონ-მოსკოვს შორის მიღწეული თუ მომავალში მისაღწევი შეთანხმებები რა გავლენას იქონიებს აშშ-რუსეთის და ევროპა-რუსეთის ურთიერთობებზე?

- აღნიშნული საკითხების გარდა უამრავი სხვა ფაქტორია, რომელიც პირდაპირ მოქმედებს აშშ-რუსეთსა და ევროპა-რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე. იქნება ეს უკრაინა, ენერგომატარებლები, თუ რუსეთის მიერ დასავლეთის შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევის მცდელობები.

მოსალოდნელია, რომ ბირთვული შეთანხმების საკითხი იქნება ის სფერო, სადაც ყველაზე მეტად არის შესაძლებელი კონკრეტული შეთანხმება ორივე მხრიდან. აღნიშნული საკითხი არ შეიცავს ამ ეტაპზე რუსეთისთვის განსაკუთრებულ საფრთხეებს.

ვფიქრობ, უკრაინის თემა გაცილებით მნიშვნელოვანია დღეს რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციების გათვალისწინებით ვიდრე ბირთვული შეთანხმება. რუსეთი უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივას უშუალო საფრთხედ აღიქვამს, ამას არც მალავს და, ჩემი აზრით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის ნატოში შესვლა მხოლოდ პერსპექტივად დარჩეს, ყოველ შემთხვევაში უკრაინის დღევანდელი საზღვრებით მაინც.

რუსეთი უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივას უშუალო საფრთხედ აღიქვამს, ამას არც მალავს და, ჩემი აზრით, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინის ნატოში შესვლა მხოლოდ პერსპექტივად დარჩეს, ყოველ შემთხვევაში უკრაინის დღევანდელი საზღვრებით მაინც

ამიტომ დასავლეთის რეაქცია და კონკრეტული ნაბიჯები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სწორედ უკრაინასთან მიმართებაში. ვფიქრობ, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის საკითხიც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუ სანქციები მართლაც გაუქმდება, ეს ნიშნავს, რომ აშშ გარკვეულ დათმობებზე რუსეთის მხრიდან შესაბამისი თანამშრომლობის იმედად მიდის.

თუ სანქციები მართლაც გაუქმდება, ეს ნიშნავს, რომ აშშ გარკვეულ დათმობებზე რუსეთის მხრიდან შესაბამისი თანამშრომლობის იმედად მიდის

თუმცა, ვფიქრობ, რომ აქ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს აშშ-ს, რომ კიდევ ერთხელ არ დაუშვას შეცდომა და რუსეთმა ასე ვთქვათ, ბოდიში ამ ჟარგონისთვის და იგი მორიგ ჯერზე არ „გადააგდოს“.

მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ ნაკადის დასრულება რუსეთს საშუალებას აძლევს ევროპას გაზი, რომელიც დღეს უკრაინის გავლით გადის, მთლიანად ამ ნაკადის მეშვეობით მიაწოდოს. ამიტომ უკრაინის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ევროპისთვის, ამ პროექტის დასრულება მხოლოდ შეამცირებს.

ზოგადად დასავლეთის, კერძოდ ევროპისა და რუსეთის ურთიერთობების ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გერმანიაში მოსალოდნელი არჩევნების შედეგები და ის თუ გერმანია რამდენად მკვეთრ პოზიციას დაიკავებს რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე. ზოგადად, კი, როგორც რუსეთის სტრატეგიული კულტურის ისტორიული ანალიზი აჩვენებს, მათი ნდობა გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდი რისკია და იმედი მაქვს ამ რისკის ზომას ვაშინგტონში სათანადოდ აცნობიერებენ.

რუსეთის სტრატეგიული კულტურის ისტორიული ანალიზი აჩვენებს, მათი ნდობა გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდი რისკია და იმედი მაქვს ამ რისკის ზომას ვაშინგტონში სათანადოდ აცნობიერებენ

განსაკუთრებით, იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რომ დღეს ხისტი ძალა საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავინდებურად აქტიურად გამოყენებადი ინსტრუმენტია, ხოლო პუტინი სიტუაციური მოთამაშეა, რომელიც მუდმივად ცდილობს უცებ ამღვრეულ წყალში საკუთარი ინტერესების გატარებას.

- ეს თემები ჩვენთვის იმ თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, რომ ყირიმის ანექსიაზე, უკრაინის დონბასში რუსეთის მოქმედებების გამო ევროკავშირსა და აშშ-ს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები აქვთ დაწესებული.

ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში ვიზიტისას ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, - „იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან მოქმედებებს დაიწყებს, აშშ უკრაინას კრემლთან დაპირისპირებაში ერთი ერთზე არ დატოვებს.“

კიევში იციან, რომ უკრაინელების ნაცვლად რუსეთთან არავინ ომს არ აპირებს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ აშშ და ნატო აქამდე საკმაოდ აქტიურად ეხმარებოდნენ უკრაინას და ახლაც აგრძელებენ მისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას.

პუტინმა ბაიდენი შეხვედრაზე მას შემდეგ დაითანხმა, რაც ამ პუტინმა უკრაინის საზღვართან 130 ათასზე მეტი ჯარისკაცი გადაისროლა. მაშინ ჩაითვალა, რომ თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი ფართომასშტაბიან ომს დაიწყებდა, ამაზე არც ვაშინგტონსა და არც ბრიუსელს პასუხი არ ჰქონდათ.

თქვენი აზრით, ბაიდენ-პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ რა კორექტივებს შეიტანოს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში?

- აქ უნდა მივუბრუნდეთ რუსეთის საფრთხეების აღქმის საკითხს. თუ გავიხსენებთ პუტინის ცნობილ ფრაზას, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, ფაქტობრივად შემთხვევითობაა, ნათლად დავინახავთ კრემლის უკრაინისადმი დამოკიდებულებას.

ვფიქრობ, რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება არ დაუშვას უკრაინის ნატოში ინტეგრაცია, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ეს შეიძლება საქართველოს შემთხვევაში გააკეთოს. ამიტომ მე უკრაინის ფრონტზე მხოლოდ დროებით და სიტუაციურ ნორმალიზაციას ველოდები, მოკლე პერიოდებით.

რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება არ დაუშვას უკრაინის ნატოში ინტეგრაცია, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ეს შეიძლება საქართველოს შემთხვევაში გააკეთოს. ამიტომ მე უკრაინის ფრონტზე მხოლოდ დროებით და სიტუაციურ ნორმალიზაციას ველოდები, მოკლე პერიოდებით

ფართომასშტაბიანი დაპირისპირების შემთხვევაში უკრაინა პირველ რიგში საკუთარ იმედზე უნდა იყოს. შეიძლება მან დახმარება მართლა ქმედითი მიიღოს, თუმცა არ მგონია, რომ უკრაინის გამო ევროპა, ან აშშ პირდაპირ საომარ მოქმედებებში ჩაერთვება რუსეთის წინააღმდეგ, ამის ალბათობა მიზერულია. ამიტომ უკრაინისთვის და სხვათა შორის საქართველოსთვისაც, სუვერენული თავდაცვის საშუალებების მაქსიმალური განვითარება არის სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი.

უკრაინისთვის და სხვათა შორის საქართველოსთვისაც, სუვერენული თავდაცვის საშუალებების მაქსიმალური განვითარება არის სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი

შესაბამისად, მშვიდობიანი პერიოდის მაქსიმალურად გამოყენება სახელმწიფო ინსტიტუტების გასავითარებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის ბედი პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს საქართველოზეც და ეს არა მარტო აქ, დასავლეთშიც კარგად უნდა ესმოდეთ.

ვფიქრობ, პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა დროებით პოზიტიურ გავლენას მოახდენს უკრაინის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე. ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური მანიფესტი აშშ-ის და დასავლეთის დაბრუნებაა აქტიურ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შედეგად უკრაინის უსაფრთხოების 100%-ით გარანტირება, არ იქნებოდა გონივრული მოლოდინი.

რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება არ დაუშვას უკრაინის ნატოში ინტეგრაცია, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ეს შეიძლება საქართველოს შემთხვევაში გააკეთოს. ამიტომ მე უკრაინის ფრონტზე მხოლოდ დროებით და სიტუაციურ ნორმალიზაციას ველოდები, მოკლე პერიოდებით

ჩვენ სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციების ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელიც ყოველთვის დადებით გავლენას არ ახდენენ საგარეო პოლიტიკურ დინამიკაზე ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორიც ეს უკრაინა, ან გნებავთ საქართველოა.

- მანამდე, მოსკოვი კიევისგან მოითხოვდა დონბასისა და ლუგანსკის „რესპუბლიკებთან“ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, ქვეყნის ფედერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. თან ისე, რომ დონბასისა და ლუგანსკის „რესპუბლიკებს“ უნდა ჰქონდეთ კიევის საგარეო პოლიტიკაზე ვეტოს დადების უფლება.

სულ ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში კეთდებოდა განცხადებები რომ ე.წ. ნორმანდიულ ოთხეულში“ აშშ ჩაერთვებოდა. მეტიც, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ისიც კი განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე იმსჯელებდნენ ნატოში უკრაინის გაწევრიანების „სამოქმედო რუკაზე.“

რა გავლენას იქონიებს ბაიდენ-პუტინის შეხვედრის შედეგები უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე?

- ვფიქრობ, უკრაინა ის საკითხია, სადაც თუ რუსეთი დაინახავს, რომ დასავლეთი პრაქტიკული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად, იგი აუცილებლად კონტრ ქმედებას დაიწყებს ამ პროცესის შესაჩერებლად და სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ეს პროცესი ახალი საფრთხეების შემცველი მოვლენებით იქნება აღსავსე.

ნატოში უკრაინის გაწევრიანების „სამოქმედო რუკის“ გაჩენის შემთხვევაში რუსეთი შეეცდება ამ რუკის შესრულებამდე უკრაინას დამატებით პრობლემები შეუქმნას და ალბათ რაც შეიძლება მეტი ტერიტორიაც წაართვას.

ნატოში უკრაინის გაწევრიანების „სამოქმედო რუკის“ გაჩენის შემთხვევაში რუსეთი შეეცდება ამ რუკის შესრულებამდე უკრაინას დამატებით პრობლემები შეუქმნას და ალბათ რაც შეიძლება მეტი ტერიტორიაც წაართვას

დასავლეთს ამდაგვარი საგზაო რუკის შემუშავების დროს მოუწევს გაითვალისწინოს ყველა შესაძლო რისკი და გამოწვევა უკრაინისთვის და მათი პრევენციის ქმედითი და პრაქტიკული მექანიზმები შეიმუშაოს. ასეთი მექანიზმი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ძალების განთავსება.

თუმცა, ამდაგვარი ხედვა რამდენად მოიპოვებს შესაბამის მხარდაჭერას თუნდაც ევროპის მხრიდან, ძალიან რთულად სათქმელია. პარალელურად, თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფორმატების გააქტიურება დასავლეთისა და აშშ-ს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ რუსეთი ასე ვთქვათ, მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან და „ვალდებულებების ფორმატებში“ იყოს შებოჭილი.

- ყირიმის ანექსიის გამო, ასევე დონბასში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო ევროკავშირს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.

კრემლი კარგა ხანია არ მალავს, რომ მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული საკითხია ევროკავშირმა რუსეთს მოუხსნას ეკონომიკური სანქციები, რაც მოსკოვს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს უქმნის.

ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირმა უარი უნდა თქვას რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. ამ საკითხზე აქამდე ევროკავშირში კონსოლიდირებული გადაწყვეტილება მიიღებოდა მოსკოვისთვის საზიანოდ.

თუ ბაიდენ-პუტინის შეხვედრის შემდეგ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, არაა გამორიცხული, რომ ევროკავშირმაც უარი თქვას რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-რუსეთს, ევროკავშირ-რუსეთს შორის პროცესები ამ მიმართულებით განვითარდა?

- ვფიქრობ, თუ რუსეთი ახლო ვადიან პერსპექტივაში პასიური იქნება იგივე უკრაინასთან მიმართებაში, ამგვარი დათმობა მართლაც შეიძლება ვიხილოთ ევროკავშირის მხრიდან. ამ კონტექსტშიც მინდა გერმანიის მოსალოდნელ არჩევნებზე გავამახვილო ყურადღება.

ვფიქრობ, გერმანიის მომდევნო კანცლერის ვინაობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რუსეთ-ევროკავშირის მომავალი ურთიერთობების შინაარსისთვის. საერთოდაც გერმანულ-რუსული ურთიერთობები როგორც აქამდე, მომავალშიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება თქვენს მიერ დასმული შეკითხვების ჭრილში.

მე ადრეც აღვნიშნე, რომ, როგორც ჩანს, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ დასრულდებოდა და დღესაც იგივეს ვფიქრობ. გერმანიის ინდუსტრიული ელიტებისთვის რუსეთის საკითხი კვლავინდებურად მნიშვნელოვანია. ამიტომ, როდესაც აშშ საუბრობს ტრადიციულ მოკავშირეებთან ურთიერთობების განმტკიცებაზე, მასში გერმანიაც უნდა იგულისხმებოდეს, ვინაიდან მხოლოდ ერთიანი დასავლური ფრონტით მოქმედების შემთხვევაში იქნება რუსეთის შეკავების პოლიტიკა წარმატებული.

გერმანიის მომდევნო კანცლერის ვინაობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რუსეთ-ევროკავშირის მომავალი ურთიერთობების შინაარსისთვის... მხოლოდ ერთიანი დასავლური ფრონტით მოქმედების შემთხვევაში იქნება რუსეთის შეკავების პოლიტიკა წარმატებული

სასურველია ამ ერთიან მიდგომაში იყოს კონტრ ნაბიჯები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებზეც. აშშ-მ არ უნდა დაუშვას ევროკავშირის შიგნით რუსეთისადმი დამოკიდებულების ფრაგმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც შესაძლებელია რუსეთმა მიაღწიოს სანქციების მოხსნას.

აშშ-მ არ უნდა დაუშვას ევროკავშირის შიგნით რუსეთისადმი დამოკიდებულების ფრაგმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც შესაძლებელია რუსეთმა მიაღწიოს სანქციების მოხსნას

- ბლინკენ-ლავროვის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნატოს გენმდივნის ყოფილმა მოადგილემ, რუსეთში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა - „ნატო საქართველოს და უკრაინას იმიტომ არ იღებს თავის რიგებში, რომ რუსეთის რეაქციის ეშინია“, ... „ნატოს წევრებს შორის ამ საკითხებში ერთიანობის არარსებობა და ყოყმანი რუსეთს გაბედულად მოქმედების საშუალებას აძლევს“.

მეტიც, მისივე თქმით, - „ნატომ შეცდომა დაუშვა, როცა კიევს და თბილისს ალიანსში მიღების დაპირება მისცა, რითაც საკუთარი თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა“.

ბატონი ვერშბოუ საკმაოდ გამოცდილი ამერიკელი დიპლომატია. არაა გამორიცხული, რომ მას ეს განცხადებები შემთხვევით არ გაეხმოვანებინა.

რას შეიძლება ნიშნავდეს ალექსანდრე ვერშბოუს ეს განცხადებები? შეიძლება კითხვა ასეც დაისვას - ეს განცხადებები როგორ უნდა წაეკითხა და გაეგოთ მოსკოვში, კიევისა და თბილისში?

- ამგვარ მიდგომას ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ თეორიებამდე მივყავართ და გვინდა არ გვინდა, ზოგადად ლიბერალურ-დემოკრატიაზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის საკითხებამდე მივალთ.

თუ დასავლეთი, აშშ პირველ რიგში თვლის, რომ ლიბერალური ღირებულებები არის მთავარი გამაერთიანებელი ფაქტორი დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში, სულ ცოტა იმ გეოგრაფიულ სივრცეში სადაც ჩვენც ვიმყოფებით და თანაც ამ მიდგომის ერთგულება კვლავინდებურად გაცხადებულია იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის - ენტონი ბლინკენის მიერაც მის საგარეო პოლიტიკურ მოწოდებაში, მაშინ დასავლეთი თავისი სიტყვის ერთგული უნდა დარჩეს და მაქსიმალური ძალისხმევა გაიღოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც მოწადინებულები არიან აღნიშნული ოჯახის წევრები გახდნენ, და აქ რა თქმა უნდა საქართველო და უკრაინა იგულისხმება პირველ რიგში.

ვერშბოუს განცხადება, ძალიან ჰგავს ე.წ. „რეალიზმის სათვალეებით“ დანახულ საგარეო პოლიტიკურ პროცესებს, რაც გულისხმობს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის და გავლენის სფეროების დაბრუნებას წინა პლანზე და რაც მცირე სახელმწიფოთა სუვერენიტეტისათვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს.

ვერშბოუს განცხადება, ძალიან ჰგავს ე.წ. „რეალიზმის სათვალეებით“ დანახულ საგარეო პოლიტიკურ პროცესებს, რაც გულისხმობს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის და გავლენის სფეროების დაბრუნებას წინა პლანზე და რაც მცირე სახელმწიფოთა სუვერენიტეტისთვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს

ზოგადად, კი ვფიქრობ, რომ ნატოც და დასავლეთიც ქმედით ნაბიჯებზე უნდა გადავიდეს, როგორც ისტორია აჩვენებს რუსეთი მხოლოდ ძალის დემონსტრირებას „სცემს პატივს“, ამიტომ თამამი ნაბიჯები ნატოსა და დასავლეთის მხრიდან ზოგადად აუცილებელი მგონია მათი გაცემული დაპირებების რეალიზაციისთვის.

როგორც ისტორია აჩვენებს, რუსეთი მხოლოდ ძალის დემონსტრირებას „სცემს პატივს“, ამიტომ თამამი ნაბიჯები ნატოსა და დასავლეთის მხრიდან ზოგადად აუცილებელი მგონია მათი გაცემული დაპირებების რეალიზაციისთვის

თუმცა, არ დაგვავიწყდეს აქვე, რომ ეს პროცესი ორმხრივია და საქართველომაც და უკრაინამაც თავისი წილი ვალდებულებები პირნათლად უნდა შეასრულოს.

- მას შემდეგ, რაც 2008 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა სსრკ-ს დაშლა „გეოპოლიტიკურ კატასტროფად“ შეაფასა, მოსკოვი ვაშინგტონისგან დიდი ხანია ითხოვს იალტა-2-ის მსგავსი შეხვედრის გამართვას, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ გავლენის სფეროებზე.

პუტინს არასდროს უთქვამს უარი პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის დომინირებაზე. რუსეთის საგარეო პოლიტიკას თავის პრიორიტეტად სწორედ ეს ამოცანა აქვს დასახული. რუს ექსპერტთა ნაწილი, ფრთხილ ოპტიმიზმს გამოთქვამენ, რომ ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება.

არჩევნებში გამარჯვებამდე პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ მკაცრი და ხისტი იყო. მაგრამ, ახლა ვხედავთ, რომ მხარეებს შორის გარკვეული ტიპის დაახლოება ხდება.

პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლი რუსეთის დომინირებაზე სულ ზრუნავდა. ამ თვალსაზრით საინტერესო გახლდათ მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების პირველ პირებთან შეხვედრაზე პუტინის თითქმის ერთ საათიანი გამოსვლა და იმის მტკიცება, რომ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღება დასავლელი ლიდერების სინდისზეა.

პოსსაბჭოთა სივრცეში პუტინის აქტიურობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაზე პუტინი აშშ-სთან დიდი ვაჭრობისთვის ემზადება.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა ვაშინგტონისგან პოსტსაბჭოთა სივრცეში დომინირების უფლება მოითხოვოს?

- მსგავსი დომინირების უფლების მინიჭება, სწორედ იმ მიდგომების დაბრუნებას ნიშნავს, რაზეც რეალიზმის ჭრილში გარკვეულ წილად ვისაუბრე. მე მაინც ვფიქრობ, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია რუსეთთან სიტუაციურ დაახლოებას ელოდება, ანუ თანამშრომლობას იქ, სადაც სტრატეგიული საკითხები და საერთო ინტერესებია და ამასთან რაციონალურ რეაგირებას მოახდენს რუსეთის გადაცდომებსა და აგრესიულ ქმედებებზე.

მთლიანად ბაიდენისა და ბლინკენის საგარეო პოლიტიკური ხედვები აშშ-ს დასავლური სამყაროს ლიდერად დაბრუნებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს გულისხმობს, ეს გზა ეწინააღმდეგება ვერშბოუს მიერ გაცხადებულ ხედვებსა და საუბრებს გავლენათა სფეროებად გეოპოლიტიკური სივრცის დაყოფაზე. ამდაგვარ დღის წესრიგზე დათანხმება ამერიკისთვის ნიშნავს, რომ ის უნდა დაეთანხმოს არა მარტო რუსეთს, არამედ აუცილებლად ჩინეთსაც და შესაბამისად „მოხაზოს“ გეოგრაფიული გავლენის არეალები, რაც აშშ-ს აუცილებლად ძალიან წამგებიან პოზიციაში ჩააგდებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

მთლიანად დასავლურ სამყაროს ასეთ დროს, აშშ-ს თამადობით მოუწევს მუდმივი თავდაცვის და გადარჩენის რეჟიმში ყოფნა. დღეს არ არის „ცივი ომის“ სამყარო. დღეს არც რუსეთის ძლიერება გაუტოლდება საბჭოთა კავშირისას და არც იდეოლოგიური დაპირისპირებების ერაა. დღეს სულ სხვა ფაქტორებია წინა პლანზე, ამიტომ მსგავს ავანტიურაზე აყოლა, აშშ-ს ძალიან ძვირი შეიძლება დაუჯდეს.

მითუმეტეს როდესაც აშშ-ს ჯერ კიდევ შესწევს ძალა იყოს ლიბერალური, დემოკრატიული სამყაროს ლიდერი ვინც არ უნდა იმუქრებოდეს მეორე ბანაკიდან. ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მე არ ველოდები, რომ აშშ თამაშის მსგავს წესებს დათანხმდება, ეს არ არის მის ინტერესებში, და არც ამ ეტაპზე გაცხადებული საგარეო პოლიტიკური ხედვაა. სხვა საქმეა, რამდენად ეყოფა აშშ-ს ენერგია გაცხადებული საგარეო პოლიტიკური ხედვების სრული რეალიზაციისთვის. ეს არ იქნება ადვილი პროცესი.

დაპირისპირება დასავლეთსა და მეორეს მხრივ, შედარებით ავტოკრატიულ სახელმწიფოებს შორის გაგრძელდება და ალბათ გამწვავდება კიდეც. თუმცა, აშშ მსოფლიოს გავლენის ზონებად დაყოფას დღეს არ დათანხმდება. ყოველ შემთხვევაში მე ამის დიდი და რაციონალური იმედი მაქვს.

აშშ მსოფლიოს გავლენის ზონებად დაყოფას დღეს არ დათანხმდება. ყოველ შემთხვევაში მე ამის დიდი და რაციონალური იმედი მაქვს

რაც შეეხება პუტინის მიერ ისტორიის გადაწერის მცდელობას, ეს არ არის ახალი საკითხი და მნიშვნელოვან წილად შიდა აუდიტორიაზე მიმართული პროცესიც არის. პუტინის მიერ ისტორიის დამახინჯების მცდელობას მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, ისტორიულ სინამდვილესთან არ აქვს კავშირი.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი იყო პირდაპირი გზა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისკენ და შეთანხმება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გადანაწილებაზე. უფრო მეტიც, უამრავი მტკიცებულება არის, რომ საბჭოთა კავშირი დასავლეთ მიმართულებაზე ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებოდა.

- ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე მსჯელობისას ამერიკელი და რუსი ექსპერტები ვარაუდებს გამოთქვამენ იმაზე, თუ როგორი იქნება ამ შეხვედრის დღის წესრიგი.

მხარეთა წარმომადგენლები ახლა ამ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობენ, მაგრამ ჯერჯერობით დაბეჯითებით ვერავინ ვერ ახერხებს რაიმე კონკრეტულის თქმას.

ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე სავარაუდოდ, როგორი იქნება ამ შეხვედრის დღის წესრიგი?

- ზუსტ პროგნოზს, რა თქმა უნდა, ვერც მე გავაკეთებ. თუმცა, ვფიქრობ საუბარი აუცილებლად შეეხება დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების გათავისუფლებას, თუ ეს მანამდე არ მოხდა, ირანის და ჩრ. კორეის ბირთვულ პროგრამებს, სირიასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას და უკრაინის ირგვლივ არსებულ სიტუაციას.

ამასთან ერთად ალბათ სხვა გლობალური საკითხებიც იქნება განხილული, როგორებიც არის გლობალური პანდემიის, ეკოლოგიის და არქტიკის თემები, მაგალითად.

ბაიდენ-პუტინის შეხვედრისგან არ ველოდები 1938 წლის „მიუნხენის ახალ კონფერენციას“ ან მორიგ იალტას. ვფიქრობ, საუბარი უმეტესად კონკრეტული საკითხების ირგვლივ იქნება ახლო ვადიან პერსპექტივაზე გათვლილი შედეგებით.

- სულ ცოტა ხნის წინ და ახლაც, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვადასხვა დონის სტრატეგები საუბრობდნენ შავ ზღვაში ნატოს გაძლიერებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომლის შედეგად ნატოსა და საქართველოს თავსებადობა უნდა ამაღლდეს.

ანალოგიური განცხადებები გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს ოფისებში დასრულებული შეხვედრების შემდეგ.

„მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატო- გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ - მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზანს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ნატოს ოფისებში დასრულებული შეხვედრების შემდეგ.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გარკვეული ტიპის ურთიერთობების დათბობის ფონზე რამდენად რეალისტურად გამოიყურება საქართველოს ევროპული და ჩრდილოეთ ატლანტიკური პერსპექტივა?

- ჩვენ ამ საკითხს ნაწილობრივ შევეხეთ. თუ დასავლეთი თვლის რომ ევროატლანტიკური ვექტორი, ლიბერალური ღირებულებები, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული საზოგადოებრივი ცხოვრების წესი კვლავინდებურად მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ღირებულია, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზას ნამდვილად ექნება ლოგიკური დასასრული და ეს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას გულისხმობს.

რაც შეეხება მეტ ნატოს საქართველოში, აბსოლუტურად რეალისტური მოლოდინია, არსებობს ჯერ კიდევ მიმართულებები და სფეროები, იგივე შავი ზღვის კუთხითაც, სადაც საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო შეიძლება გაღრმავდეს.

მე ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები დღეს პრაქტიკული თვალსაზრისით, უმაღლეს ნიშნულზე იმყოფება და ვითარდება. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების დამსახურებაც არის.

საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები დღეს პრაქტიკული თვალსაზრისით, უმაღლეს ნიშნულზე იმყოფება და ვითარდება. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების დამსახურებაც არის

ამ გზაზე აუცილებელია გაგრძელდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიული განვითარება, ვინაიდან ეს არა მარტო ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯი, არამედ უფრო ძლიერი საქართველოს საწინდარიც არის.

აქვე მნიშვნელოვანია, რომ როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე საზოგადოებაში, ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე კონსენსუსი შედგეს, მაგალითად იგივე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გრძელვადიან განვითარებაზე.

ეს შესაბამის მოწონებას პირველ რიგში სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხრიდან დაიმსახურებს. ამ საკითხებთან ერთად, ვფიქრობ, სათანადო საგარეო და საშინაო ფაქტორების დამთხვევის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოლოდინები ნამდვილად რეალიზებადი იქნება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა