ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2021

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ ყველა პროტესტს ამ ქვეყანაში სხვა ვიღაც მართავს, მაშინ რას აკეთებს ხელისუფლება?”

სახიფათო ულტიმატუმი და ახალი კრიზისის დასაწყისი - “ნამახვანიჰესის” მოწინააღმდეგეები თბილისის პარალიზებით იმუქრებიან

ბადრი ჯაფარიძე - “ჩვენ ბევრი რამ გვსურდა, მაგრამ ყველაფერი ვერ აისახა დოკუმენტში”

ელჩების გაფრთხილება, “ოცნების” რეაქცია და მოსალოდნელი შედეგები - ემუქრება თუ არა საფრთხე 19 აპრილის შეთანხმებას

მამუკა არეშიძე - “დმანისის ინციდენტი ერთი დიდი პრობლემის ფრაგმენტული გამოვლინებაა”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ ყველა პროტესტს ამ ქვეყანაში სხვა ვიღაც მართავს, მაშინ რას აკეთებს ხელისუფლება?”

“სამწუხაროდ, საქართველოში ენერგეტიკული მიმართულება ყოველთვის დახურული იყო. შეიძლება ითქვას, უფრო გასაიდუმლოებული, ვიდრე უშიშროების სამსახურების მუშაობა. ეს არის მიმართულება, რომელში შეღწევას ვერავინ ახერხებს, გარდა კონკრეტული ჯგუფისა, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აკონტროლებს და კურირებს ამ სფეროს. გაუთავებლად რომ ლაპარაკობენ ენერგოდამოუკიდებლობაზე, მაინტერესებს, ეს საკითხი ერთნაირად გვესმის მე, თქვენ, ამ სფეროში მომუშავე ხალხს და ხელისუფლებას? რას ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობა, როდესაც ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, “ენგურჰესის” კაშხალი რუსებისაა თუ ჩვენი? ამასთან, ფაქტობრივად, გარკვეულია, რომ “ხრამჰესები” - პირველიც და მეორეც - რუსების ხელშია... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ?!” - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ყველა პროტესტს ამ ქვეყანაში სხვა ვიღაც მართავს, მაშინ რას აკეთებს ხელისუფლება?”.

“არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი, ამიტომ არ ვიცი, მართებულია თუ არა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, მაგრამ მეც მაქვს კითხვები. მაგალითად, თუ მე, როგორც ქვეყნის ერთმა მოქალაქემ, იგივე უნდა გადავიხადო საქართველოში წარმოებულ ელექტროენერგიაში, რასაც ვიხდი რუსეთიდან თუ აზერბაიჯანიდან შემოტანილში, მაშინ რატომ უნდა დავკარაგო ხეობა?! მარტივი რამ აქვს ხელისუფლებას სათქმელი - თუ ეს პროექტი განხორციელდება, რას მოიგებს საქართველოს რიგითი მოქალაქე? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხები არ ჩანს. ჩვენთან ხომ ასე ხდება - ნებისმიერი პროტესტის შემთხვევაში ამბობენ, რომ მას ვიღაც მართავს. თუ ყველა პროტესტს ამ ქვეყანაში სხვა ვიღაც მართავს, მაშინ რას აკეთებს ხელისუფლება? ჩემთვის ამ პროცესში მნიშვნელოვანი სხვა საკითხია. ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი ასცდა საზოგადოებრივს, რაც იმედს მიჩენს, რომ საზოგადოება იღვიძებს და პროტესტს გამოხატავს. ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ პროტესტი ბორჯომში, ჭიათურაში, სადაც მთავარი მოთხოვნები სწორედ სოციალურ პრობლემებს უკავშირდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ნელ-ნელა გამოვდივართ ბურუსიდან და ახალ რეალობას ვაყალიბებთ. პოლიტიკოსები ამას რაც მალე დაინახავენ, მით უკეთესი მათთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რაც შეეხება აქციას, მოთხოვნებში ახალი ბევრი არაფერი ყოფილა, ამაზე აქამდეც ლაპარაკობდნენ, მაგრამ ძალიან გამაკვირვა იმ რადიკალიზმმა, რაც დავინახეთ. აქამდე “რიონის მცველები” გაცილებით გაწონასწორებული და თანამიმდევრული მოქმედებებით გამოირჩეოდნენ. ასე ულტიმატუმების წამოყენება, მოთხოვნების შესრულებისთვის ვადების დათქმა, სიმართლე გითხრათ, მათი მოქმედების სტილს არ ჰგავს. 12 საათამდე ვაძლევთ ხელისუფლებას დროსო. პირველის 10 წუთზე რომ დათანხმდნენ მათ მოთხოვნებს, არ მიიღებენ? მოკლედ, ძალიან ბავშვურად მეჩვენება ეს განცხადებები. რამ გამოიწვია მათი რიტორიკის ცვლილება, არ ვიცი. მინდა ეს მათ გამოუცდელობას მივაწერო და არა რაიმე სხვა მიზეზებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რას ნიშნავს ქალაქის პარალიზება? ძალიან არასწორია, საზოგადოებრივი მოძრაობა ამგვარ განცხადებებს, ფაქტობრივად, გზის დასაწყისში აკეთებდეს. მე ვიყავი აქციაზე, მაინტერესებდა პროტესტის მასშტაბი. კი ბატონო, საზოგადოებრივი პროტესტის თვალსაზრისით ეს ნამდვილად ხალხმრავალი აქცია იყო, მაგრამ არა ისეთი მასშტაბური, ქალაქის პარალიზების რესურსი გამოჩენილიყო. აქვე ვიტყვი - აღარ არის საზოგადოება იმ მდგომარეობაში, როდესაც შეიძლება ვინმემ რადიკალიზმი პროტესტის გამძაფრების ხერხად გამოიყენოს. საზოგადოება რადიკალიზმით დაიღალა! დღეს ხალხს ყველაზე მეტად დესტაბილიზაცია და არეულობა აფრთხობს. ისედაც უამრავი გამოწვევის წინაშე მდგარ ჩვენს სახელმწიფოს ყველაზე მეტად დესტაბილიზაცია დააზიანებს. იმედია ამ ახალგაზრდებს ეს ესმით და მალევე შეცვლიან ამ რიტორიკას. ასე აჯობებს მათთვისაც და ქვეყნისთვისაც”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“თუ სააკაშვილსა და მელიას აზრთა გაცვლა-გამოცვლა სურდათ, ამას დისტანციურადაც შეძლებდნენ. მით უფრო, რომ თემა ახალი არ გახლავთ - ბოლო 6 თვეა, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე ლაპარაკობს. ეს აფიშირებული ჩასვლა არის იმის დასტური, რომ ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე კი არის, მაგრამ სააკაშვილი რჩება პარტიაში მთავარ ფიგურად, ლიდერად და მის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება არ ხერხდება. ამ ვიზიტით “ნაცმოძრაობამ” აშკარად თქვა, რომ სააკაშვილი არის პარტიის არა ფორმალური, არამედ რეალური ლიდერი. ეს იყო დემონსტრაცია და გზავნილი როგორც მთელი საზოგადოებისთვის, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატისთვის. რაც შეეხება იმას, შევა თუ არა “ნაცმოძრაობა” პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, რომ შევა. ახლა ცდილობენ, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობასა” და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის შეიქმნას ალიანსი. “ნაცმოძრაობა” ცდილობს, ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს მომავალი ინიციატივები მხოლოდ მათი კი არა, პარტიათა გაერთიანების იქნება”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“მას მერე, რაც “ნაციონალებს” საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ჩამოშორდნენ, მათ დაიწყეს არასაპარლამენტო პარტიებთან კონსულტაციები. აი, ეს თამაში გრძელდება ახლა. ამ პატარა პარტიების იმედად ყოფნა მაშინ, როდესაც “ნაცმოძრაობას” სერიოზული საპროტესტო ტალღის აგორების რესურსი არ აქვს, პოლიტიკური შეცდომა იქნება, რადგან დღეს პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადადის. “ნაცმოძრაობაში” ჭკვიანი ხალხია. დარწმუნებული ვარ, ისინი ამ ყველაფერს ხედავენ და ამიტომაც პარლამენტში აუცილებლად შევლენ. ორიოდე სიტყვას ვიტყვი ნიკა მელიაზეც, რომელიც ციხიდან გამოსვლისას ისეთ განცხადებებს აკეთებდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ ის ოპოზიციის ზეპარტიულ ლიდერობას ცდილობდა, თუმცა კიევში ვიზიტის შემდეგ, საეჭვოა, ეს გამოვიდეს”, - თვლის რესპონდენტი.

“რაც უნდა აცხადოს ივანიშვილმა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, სააკაშვილმა კი კიევში, ან სადაც უნდა იქ იცხოვროს, ეს ორი ადამიანი მაინც რჩება ყველაზე გავლენიან ფიგურებად თავიანთ პარტიებში. ეს კარგად იციან ოპოზიციაშიც და რატომ მოუნდებათ მელია, როგორც საერთო ოპოზიციური ლიდერი, როდესაც ყველა ხედავს, რომ ის პირველი კაცი კონკრეტულ პარტიაშიც კი არ არის?! მელია პრაგმატულ და გონიერ პოლიტიკოსად ყალიბდება, მაგრამ როგორც კი რაღაც სჭირდება, კიევში გარბის... “ნაცმოძრაობასაც~ აძლევს ხელს მელიას საერთო ოპოზიციურ ლიდერად ქცევა, მაგრამ ეს შეუძლებელი მგონია. როგორც უკვე ვთქვი, “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციური ერთობის შექმნას ჯერ საპარლამენტო ოპოზიციასთან ცდილობდა, რაც არ გამოვიდა. ახლა არასაპარლამენტოსთან ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიების ჯამური რეიტინგი შეიძლება 2%-იც არ იყოს, “ნაციონალებს” მაინც აწყობთ, ისე წარდგნენ საზოგადოების წინაშე, როგორც პოლიტიკური ერთობის წევრები”, - განმარტავს ექსპერტი.

“ოპოზიცია სერიოზული დილემის წინაშე დგას - მან უნდა იფიქროს ორი მიმართულებით და გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი: არჩევნებში გამარჯვება და თვითმმართველობის ადგილობრივი რგოლების მართვა თუ იმისთვის მუშაობა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ აიღოს ხმების 43% და საჭირო გახდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. თავსებადია თუ არა ეს მიმართულებები, ან რას მიანიჭებენ უპირატესობას, მათი გადასწყვეტია, თუმცა ეს ადვილი საქმე არ არის, რადგან მუშაობა სხვადასხვა სტრატეგიით იქნება საჭირო. თუ ერთი ბლოკით გამოვლენ, “ნაციონალური მოძრაობა” მაინც იქცევა მის წამყვან ძალად, შესაბამისად, ვიზიარებ აზრს, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” დაპირისპირებიდან გამარჯვებული ისევ “ქართული ოცნება” გამოვა, ამიტომ, ჩემი აზრით, თუ გადაწყვეტენ, რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ვადამდელი არჩევნებია, ყველა ცალ-ცალკე უნდა გავიდეს არჩევნებზე და შესაძლოა მოილაპარაკონ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე, ერთმანეთს ხელი რომ არ შეუშალონ”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “დმანისში ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ლამის ეთნიკურ დაპირისპირებად იქცა...”, - პასუხობს:

“დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული გამოწვევები დგას, მსგავს კონფლიქტებს, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს. უკვე 30 წელიწადია, ვერც ჩვენი სახელმწიფო და ვერც ხელისუფლებები ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით ვერ ჩამოყალიბდნენ. ჩვენში ეს თემა, ძირთადად, მაშინ ახსენდებათ, როდესაც რაღაც პრობლემა იქმნება, არადა, აქ სხვაგვარი მიდგომაა საჭირო”.

“ვიმეორებ, ამ თვალსაზრისით საფრთხე გაზრდილია, განსაკუთრებით - ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ამიტომ დიდი ყურადღებაა საჭირო. ამ მიმართულებით სტრატეგია და გეგმებია შესამუშავებელი და შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში უნდა მუშაობდნენ. ხომ უნდა დაგვაფიქროს იმან, რომ ყოფით ინციდენტს ასეთი დაპირისპირება მოჰყვა და შესაბამისი დასკვნებისკენ გვიბიძგოს?! მანამდე ეთნიკური პრობლემა რომ არ ყოფილიყო, ორი ბოთლი ლუდი ვერ გახდებოდა ასეთი არეულობის საფუძველი. ჩემი აზრით, ხელისუფლებამაც დააგვიანა რეაგირება. უსწრაფესად უნდა ემოქმედათ, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი პრევენციაა, რასაც ვერ ვხედავთ. თუ მესამე ძალის ინტერესებსა და გარედან მართულ პროცესებზე ვლაპარაკობთ, ჯობს სწორედ ამაზე იფიქროს სახელმწიფომ და ნამოხვანთან დაკავშირებულ პროტესტში კი არ ეძებოს რუსული კვალი, არამედ იქ, სადაც ეს კვალი გაცილებით აშკარად ჩანს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

სახიფათო ულტიმატუმი და ახალი კრიზისის დასაწყისი - “ნამახვანიჰესის” მოწინააღმდეგეები თბილისის პარალიზებით იმუქრებიან

“რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ორშაბათს შესაძლოა თბილისის ქუჩების გადაკეტვა და დედაქალაქის სრული პარალიზება სცადონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხელისუფლება 24 მაისის შუადღის 12 საათამდე მათი მოთხოვნების შესრულებას არ დათანხმდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა ქვეყანაში ახალი მწვავე კრიზისის დასაწყისი იყოს, რასაც ხელისუფლებამ მაქსიმალური თავშეკავებით უნდა უპასუხოს, რათა არც ერთი ქმედებით, ჟესტითა თუ განცხადებით არ შექმნას პროტესტის რადიკალიზაციის საფუძველი. ხელისუფლებას ულტიმატუმი კვირას რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა წაუყენა და “ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებს უპრეცედენტო გაერთიანებისკენ მოუწოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სახიფათო ულტიმატუმი და ახალი კრიზისის დასაწყისი - “ნამახვანიჰესის” მოწინააღმდეგეები თბილისის პარალიზებით იმუქრებიან.

“ხვალ, 12:00 საათამდე ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული თუ არ იქნება, ჩვენ დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ... ამისთვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოგვემატოს... თუ წყვეტთ იმას, რომ ხალხის ნება და სურვილი უპირატესია, მაშინ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და პასუხი ვაგებინოთ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის შემოქმედიც და ავტორიც ამ შემთხვევაში ხელისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს, ვაგრძნობინოთ პასუხისმგებლობა ყველას, ვინც ჩათვლის, რომ დღეს და მომავალში უნდა იყოს ჩვენი ნების აღმსრულებელი თანამდებობრივად ამ ქვეყანაში. მან ამ პროცესზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და მისთვის არ უნდა იყოს სასიამოვნო იმ სკამზე მოთავსება... მოგიწოდებთ უპრეცედენტო გაერთიანებისკენ, ამას კიდევ უფრო მეტი გაერთიანება სჭირდება, წამზომი ჩართულია”, - განაცხადა გოლეთიანმა. მისი თქმით, კომპანია “ენკამ” უნდა დატოვოს რიონის ხეობა და მასთან გაწყდეს ხელშეკრულება. ასევე გაუქმდეს 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა დოკუმენტაცია და გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში. გარდა ამისა, ითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ყველა იმ თანამდებობის პირის წინააღმდეგ, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტებს “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აქცია 2 საათზე დაიწყო და მას დედაქალაქის მცხოვრებლების გარდა, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეები ავტოკოლონებით შეუერთდნენ. საბოლოოდ რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათი თავდაპირველი მოთხოვნები იყო: გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ენკა რინიუებლზს” შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი “ნამახვანის ჰესების” კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს “ნამახვანის ჰესების” კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა”, - განაგრძობს გამოცემა.

“სიტყვით გამოსვლის საშუალება ორგანიზატორების გარდა აქციის რიგით მონაწილეებსაც ჰქონდათ. რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობდნენ, რომ პოლიტიკოსებს აქციაზე მისვლა მხოლოდ რიგითი მოქალაქის სტატუსით შეეძლოთ და არ მიეცემოდათ შესაძლებლობა, რომ ტრიბუნა დაეკავებინათ. თავად აქციის მონაწილეები ორგანიზატორების სიტყვით გამოსვლამდე კონკრეტული გეგმის შესახებ არ საუბრობდნენ, თუმცა აცხადებდნენ, რომ ჰესის მშენებლობა უნდა შეჩერდეს და არ დაიშლებდნენ მანამ, სანამ მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიიღებს. “არა მიწების გაყიდვა უცხოელებზე”, “ქართული მიწები არ უნდა გაიყიდოს”, “თუ ხელისუფლება ადეკვატურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს პროტესტი დიდხანს გაგრძელდება”, “არა ნამახვანჰესს და არა ასეთ გლობალურ პროექტებს, რომლებიც დედაბუნებას აზიანებს”, - ასეთია აქციის მონაწილეების გზავნილები, რომლებსაც ისინი ჟურნალისტებტან საუბრებში აცხადებდნენ”, - დასძენს გამოცემა.

“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები რაც უფრო მეტ მოუღებელ მოთხოვნებს დააყენებენ, მოლაპარაკებებისთვის ხიდებს მით უფრო ჩატეხავენ, რაც არც ერთ მხარეს არ აწყობს. “ყველა აქციას თავისი დინამიკა აქვს და დინამიკას უნდა დავაკვირდეთ, თუ საბოლოოდ ეს აქცია რაში შეიძლება გადაიზარდოს და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს. აქციის მონაწილეები რაც უფრო მეტ მიუღებელ მოთხოვნებს დააყენებენ, ანუ როგორც თავად აცხადებენ, ჩვენი მოთხოვნები კიდევ უფრო დამძიმდაო, მით უფრო, შეიზღუდება კომპრომისის და საერთო ენის გამონახვის სივრცე, რაც, მე მგონი, არც აქციის მონაწილეებს უნდა აწყობდეთ. რასაც ისინი ითხოვენ, შეიძლება რაღაც ნაწილი განხილულ იქნას, მაგრამ არის მოთხოვნები რაზედაც დიდი ალბათობით ხელისუფლება არ წავა”, - ამბობს ანჯაფარიძე, რომლის თქმით, “თუკი ხელისუფლებასთან დიალოგის ხიდები ჩატეხეს, რჩება შიშველი კონფრონტაცია და კანონის ფარგლებიდან გასვლა”, - წერს სტატიის ავტორი.

“რადგან თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აქცია რადიკალიზაციას დაიწყებს და თუ რადიკალიზაციას დაიწყებს, სახელწიფო უკვე იძულებული იქნება, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს. არ მგონია, რომ ამ აქციის ორგანიზატორთა ინტერესებში შედიოდეს, რომ აქციას რადიკალური ხასიათი მისცენ. და შემდეგ ამით რა - მიაღწევენ “ნამახვანი” ჰესის მშენებლობის შეჩერებას, ან მათი პირობების დაკმაყოფილებას? ვნახოთ აქციას რამდენი მხარდამჭერი გამოუჩნდება, მხარდაჭერას რამდენი პოლიტიკური ძალა გამოუცხადებს, როგორი იქნება საზოგადოების განწყობა. დღეს პირველი დღეა და წინასწარ პროგნოზების კეთება რთულია, ვნახოთ. იმედია, რომ პროტესტი მშვიდობიანად დამთავრდება და რადიკალიზაციას ადგილი არ ექნება. ვფიქრობ, რომ აქციის მოთავეებსაც და მონაწილეებსაც გონიერებამ აქეთკენ უნდა უბიძგოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალა ანჯაფარიძე.

“პროტესტის ორგანიზატორთა მხრიდან კონკრეტული თანამდებობის პირების გადადგომისა და მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრის მოთხოვნა შეთანხმების შესაძლებობას განსაკუთრებით ართულებს. სისხლის სამართლის საქმე რის საფუძველზე უნდა აღიძრას?! მაშინ მათ ის შესაბამისი საბუთები უნდა წარმოადგინონ, რის გამოც ამას ითხოვენ. მათი სურვილი ეს საკმარისი არაა. დოკუმენტებზე ხელმოწერას, რასაც ისინი გულისხმობენ, ამას წინ უძღვოდა გარკვეული პროცესები. ეს ხომ ასე არ მომხდარა, რომ, ვთქვათ, ვიღაც მოვიდა და დოკუმენტს ხელი მოაწერა. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ “ნამახვანჰესის” მშენებლობის პროექტი “ქართული ოცნების” პირობებში არ დაწყებულა, ის გაცილებით უფრო ადრე, 2007 წლიდან დაიწყო. მაშინ რატომღაც ის ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც ახლა ხმამაღლა ამის წინააღმდეგ გამოდიან, მაინცდამაინც ისეთი აქტიურები არ იყვნენ. რა, მანამდე არ არსებობდა ის პროგნოზები, თუ ჰესის აშენება რა ეკოლოგიურ შედეგებს გამოიღებდა?”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს მაქსიმალური თავშეკავება, რომ არც ერთი ქმედებით, ჟესტით თუ განცხადებით საშუალება არ მისცენ, რომ აქცია რადიკალიზაციის კალაპოტში წავიდეს. მაგრამ თუ აქციის წევრებმა ამის გაკეთება მოინდომეს, მაშინ ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს ის, რასაც მათგან კანონი ითხოვს”, - თვლის ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი არ გამორიცხავს, რომ 23 მაისის აქცია ქვეყანაში ახალი მწვავე კრიზისის დასაწყისი გახდეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“გამორიცხული არაფერია, საქართველოში კრიზისები ანალოგიური სიტუაციებიდან დაწყებულა, მით უმეტეს, რომ ახლაც ვხედავთ იმას, რაც ბევრჯერ გვინახავს, რომ ქუჩაში წყდება ვინაა მართალი და მტყუანი, ვინაა დამნაშავე და ა.შ. და მერე სასამართლოზე მხოლოდ გაფორმებას ითხოვენ ხოლმე. თუ რაიმე ეჭვი აქვთ, მაშინ სასამართლოში საქმე შეიტანონ, აგერ პარლამენტში ოპოზიციაა და თუკი სასამართლოს მსვლელობაში დარღვევა იქნება, მაშინ საპარლამენტო კომისიის საკითხად შეიძლება გადაიქცეს. სამართლებრივი გზით რომ წავიდეთ, სასამართლოც და საპარლამენტო კომისიაც სამართლებრივი გზაა და არა ქუჩიდან საკითხების გადაწყვეტა. ვთვლი, რომ ხელისუფლებისგან უნდა გაეცეს დაახლოებით ისეთი პასუხი, რაც უკვე აღვნიშნე - რომ სცადოს და პროცესი კანონიერ ჩარჩოში გადაიყვანოს, როგორც გვკარნახობს კანონი პრობლემების გადაჭრას”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ბადრი ჯაფარიძე - “ჩვენ ბევრი რამ გვსურდა, მაგრამ ყველაფერი ვერ აისახა დოკუმენტში”

“ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტს მიმართავს, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმის გატარებამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების არჩევაზე მორატორიუმის გამოცხადება უზრუნველყოს. კანონპროექტი ფრაქციამ პარლამენტში უკვე შეიტანა. “ლელოს” ლიდერების აზრით, მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. რის საფუძველზე ითხოვენ “ლელოს” ლიდერები მორატორიუმს, რას ფიქრობენ ისინი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, იზიარებენ თუ არა პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის შენიშვნებს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ჩვენ ბევრი რამ გვსურდა, მაგრამ ყველაფერი ვერ აისახა დოკუმენტში” / “თუ ოპოზიციურმა პარტიებმა ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ, ეს იქნება სრულიად ახალი ტიპის და ახალი სტანდარტის არჩევნები”.

“26 მაისისთვის დანიშნულია მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც უნდა აირჩიონ იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრი. შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ ჯერ უნდა შეფასდეს სისტემის მდგომარეობა, შემდეგ უნდა გატარდეს რეფორმა და შემდგომ უკვე შევარჩიოთ სათანადო პირები. მმართველი გუნდი პროცესს უკუღმა ატრიალებს. ამიტომ ჩვენი მოწოდებაა, სანამ რეფორმირების შესახებ საკანონმდებლო დონეზე არ შევთანხმდებით, მანამდე შერჩევის პროცესი შეჩერდეს. თავს მოვიტყუებთ, თუ ვიტყვით, რომ დასრულდეს შერჩევა და მერე დაიწყოს რეფორმირება. 26 მაისს დანიშნული სხდომა უნდა გადაიდოს, სანამ რეფორმებზე არ ვიმსჯელებთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” არ სურს იუსტიციის საბჭოში ცვლილებები. ჩვენ მოწოდების, სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური ძალების მობილიზაციის გარდა, სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია. მინდა ყველა თქვენგანს ესმოდეს, რომ ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის მომავალზე. მოქმედი წევრების უფლებამოსილების გაგრძელება შესაძლებელია, თუმცა დროებით, სანამ ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებებს მივიღებთ. ახალი კანონმდებლობით არამოსამართლე წევრების არჩევის წესიც იქნება განსაზღვრული. იუსტიციის საბჭო ისეთი რეპუტაციების წევრებით უნდა გვყავდეს დაკომპლექტებული, რომლებზეც კლანის წევრების ზემოქმედება გამორიცხული იქნება”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია “საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ" კანონპროექტს კრიტიკულად აფასებს...” - პასუხობს:

“არის საკითხები, რომელთა მოგვარებას შარლ მიშელის დოკუმენტი გვავალდებულებს, და არის საკითხები, რომლებიც ამ დოკუმენტში არ არის ასახული, მაგრამ ვფიქრობთ, ისინიც მნიშვნელოვანია. მედიაცია რას გულისხმობს? მოუსმინოს ერთ მხარესაც, მეორესაც და შემოგვთავაზოს კომპრომისული ვარიანტი. ჩვენ ბევრი რამ გვსურდა, მაგრამ ყველაფერი ვერ აისახა დოკუმენტში. ჩვენ და ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს სურდათ საარჩევნო ბლოკები დაშვებული ყოფილიყო, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” პრინციპული უარი თქვა. მან ჩვენი სხვა ბევრი მოთხოვნაც უარყო. არის საკითხები, რაც არც ჩვენ დაგვიყენებია, არც მმართველ გუნდს, მაგრამ მოდერატორმა შემოგვთავაზა. გარდა ამისა, არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია. კანონპროექტში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასაზუსტებელი”.

“თუ მოვახერხებთ ყველა იმ ცვლილებას, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, და ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, ოპოზიციას ნამდვილად გაგვიჩნდება შანსი. თუმცა გარანტირებული არაფერია. ბრძოლაა საჭირო. უპირველესად ისეთი კანონპროექტის დამტკიცებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომელიც სრულად დაეთანხმება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. მეორე ეტაპია ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ნაბიჯების სწორად გადადგმა. ვგულისხმობ კვალიფიციური წევრების შერჩევას და დანიშვნას ცესკოში. 3500 უბანია და ყველა უბანზე უნდა დაინიშნოს 8 ოპოზიციონერი წევრი. ძალიან ბევრი კვალიფიციური წევრია შესარჩევი საოლქო და საუბნო კომისიებში. ძალიან კარგია, რომ ცესკოში 10 ახალი წევრი იქნება. თუმცა ჩვენი სურვილი იქნებოდა, იმ პირებს, რომლებიც ახლა არიან ცესკოში, მათ შორის თავმჯდომარეს, იგივე პროცესი გაევლოთ, რაც არის გაწერილი შარლ მიშელის დოკუმენტში ახალი წევრების არჩევის შესახებ”, - მიიჩნევს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი.

“რატომღაც ითვლება, რომ ასეთი მოთხოვნა შესაძლოა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. ამიტომ ახლა კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ახალი წევრების არჩევაზე, ოპოზიციის წევრების დანიშვნაზე და ეს უკვე იძლევა უმრავლესობას ცესკოში, ვგულისხმობ ახალ წევრებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ოპოზიციურმა პარტიებმა დროულად უნდა შეარჩიონ კანდიდატურები საოლქო კომისიებში, რათა იქ 8 წარმომადგენელი გვყავდეს. იგივე ითქმის საუბნოზეც. თუ ოპოზიციურმა პარტიებმა ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ, ეს იქნება სრულიად ახალი ტიპის და ახალი სტანდარტის არჩევნები. რაც შეეხება თამარ ჟვანიას, ადმინისტრაცია ხომ მისი მუშაობის შედეგით ფასდება? თუ აშშ ამბობს, რომ ეს იყო ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები, ეს ხომ მძიმე შეფასებაა?! ამაზე უარესი მხოლოდ ის იქნებოდა, დასავლელ პარტნიორებს ეს არჩევნები არალეგიტიმურად რომ ჩაეთვალათ. ჩემი აზრით, იმ პირმა, ვისი ჩატარებული არჩევნებიც ასე მძიმედ შეფასდა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე”, - დასძენს ბადრი ჯაფარიძე.

ელჩების გაფრთხილება, “ოცნების” რეაქცია და მოსალოდნელი შედეგები - ემუქრება თუ არა საფრთხე 19 აპრილის შეთანხმებას

“ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტით მანიპულირება დაიწყო და უკვე ღიად აცხადებს, რომ შეთანხმების მხოლოდ მისთის მისაღებ ნაწილს ეთანხმება და სხვა ნაწილს - არა. ასე ხსნის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასადმი დასავლელი დიპლომატების ღია მიმართვას. მისი შეფასებით, ეს დასავლეთის მხრიდან სერიოზული გაფრთხილებაა. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ერთობლივი წერილით მიმართეს. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, დაიწყოს იუსტიციის საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით განხილვები და გადახედოს სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის წესს, ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამით დასავლელი პარტნიორები ფრთხილობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ელჩების გაფრთხილება, “ოცნების” რეაქცია და მოსალოდნელი შედეგები - ემუქრება თუ არა საფრთხე 19 აპრილის შეთანხმებას.

“მოვუწოდებთ პარლამენტს, დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით შიდა განხილვები და გადახედოს სასამართლოებში მოსამართლეებისა და სასამართლო პერსონალის დანიშვნის წესს”, - ნათქვამია ელჩების ერთობლივ წერილში. მათივე განცხადებით, მედიაციის შედეგად მიღწეულ შეთანხმებაში პოლიტიკურმა პარტიებმა ამბიციური სასამართლო რეფორმის მიღების ვალდებულება აიღეს. პარტიები შეთანხმდნენ, რომ დაპაუზდება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცესი და განახორციელებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებით რეფორმას, მათ შორის დანიშვნას, ატესტაციას, დაწინაურებას, გადაყვანას, სადისციპლინო ზომებს და გასაჩივრებას. “მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა შემდგომი სასამართლო რეფორმა გაატარონ ინკლუზიური პროცესის საშუალებით და გაითვალისწინონ საერთაშორისო რჩევა და მხარდაჭერა ამ რეფორმების შესრულებისთვის, განსაკუთრებით დანიშნული პირების, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. მედიაციის შეთანხმების მიხედვით, პარლამენტს გადამწყვეტი როლი აქვს უზენაეს სასამართლოში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პრიორიტეტების განსაზღვრაში”, - ნათქვამია წერილში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ელჩების შეფასებით, შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნება თუ შესწორებები მიიღება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნამდე და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების კენჭისყრამდე. მმართველ პარტიაში ამ შენიშვნებს არ იზიარებენ. “დამოუკიდებელი ინსტიტუციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვერ და არ ჩავერევით, პოლიტიკის შეტანა სასამართლოში დაუშვებელია”, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს წერილი გაფრთხილებაა და თუ ხელისუფლება მას არ გაითვალისწინებს, ამას შესაძლოა სერიოზული გართულებები მოჰყვეს. “რეალურად ჩვენი დასავლელი პარტნიორები მაინც ფრთხილობენ, რადგან ხელისუფლება აპირებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სასწრაფოდ დანიშნოს და ამას იმით ამართლებს, რომ თურმე ის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში ვერ ჩაერევა. ყოველ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარემ ასეთი განცხადება გააკეთა. არადა ამისი რეალური საფრთხე ნამდვილად არსებობს, იმიტომ, რომ თუ ყველა პერსონა დანიშნული იქნება, მაშინ რეფორმას, რომელზედაც ლაპარაკია, აზრი არ ექნება, ან, უფრო სწორად, ის თავის მნიშვნელობას დაკარგავს”, ამბობს ძაბირაძე, რომლის აზრით, “სასამართლო სისტემა და საერთოდ რეფორმა საერთოდ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს”, - დასძენს გამოცემა.

“საკანონმდებლო ბაზის რაღაცნაირად შესწორებით და მოდიფიკაციით ამ ჭაობიდან ნდობით აღჭურვილ სასამართლოს, რომელსაც საზოგადოების ცალსახა ნდობა ექნება, ჩვენ რა თქმა უნდა ვერ მივიღებთ. თუმცა, რადგან დღეს ლაპარაკი ამაზე არ არის და არც ის ვიცით რომელ ხელისუფლებას მოუნდება, რომ ქვეყანაში მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო იყოს, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ის შეთანხმების ტექსტი, რომლზეც ხელი ხელისუფლებამაც მოაწერა, ზუსტად ისე იქნას შესრულებული, როგორც დოკუმენტშია. როცა ხელისუფლება მანიპულირებას იწყებს და როცა ლაპარაკობს, რომ იმ ნაწილს ეთანხმება, რომელიც მისთვის მისაღებია და მეორე ნაწილს არა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საფრთხე სერიოზულად არსებობს და ეს საფრთხე შეიძლება რეალიზებული იქნას ძალიან ცუდად. ამიტომაც ეს გაფრთხილებაა და თუ ხელისუფლემა ამას ყურს არ დაუგდებს, როგორც ჩანს, სხვა უფრო მკვეთრი ნაბიჯები იქნება გადადგმული”, - თვლის რესპონდენტი.

“ხოლო კითხვაზე, არღვევს თუ არა პარლამენტი შარლ მიშელის შთანხმებას, ამბობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმების ტექსტს ყველა სხვადასხვანაირად კითხულობს, აქ მნიშვნელოვანია მათი შეფასება, ვინც ამ პროცესში ნეიტრალურია, კერძოდ კი შუამავალი ელჩების. მისი თქმით, “იმ შეთანხმებას ყველა სხვადასხვაგვარად კითხულობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არა ჩემი კომენტირება, არამედ იმ ხალხის, ვინც ამაში მონაწილეობდა და ვინც ნამდვილად ნეიტრალურია და ვინც გარანტორის ფუნქციებიც კი შეითავსა, რომ ეს ყველაფერი ისე გაკეთდებოდა, როგორც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ, ეს ხალხი სწორედ დეგნანი და ჰარცელია”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა არეშიძე - “დმანისის ინციდენტი ერთი დიდი პრობლემის ფრაგმენტული გამოვლინებაა”

“ქაღალდზე არსებობს სტრატეგია, როგორი უნდა იყოს რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან მიდგომები, რა სახის პოლიტიკა უნდა გაატაროს სახელმწიფომ, მაგრამ ის ვერ სრულდება იმ მასშტაბით, როგორც დოკუმენტშია მოყვანილი. მაგალითად, სახელმწიფო ენის შესწავლა. ზოგიერთ სოფელში ქართული ენა თითქმის არ ისწავლება. ნაცვლად იმისა, საფრთხეებს ადეკვატურად ვაფასებდეთ და სახელმწიფო ენა არა მარტო ქართულ სკოლებში ისწავლებოდეს, მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები გვყავდეს და მათ შესაბამისი ანაზღაურებაც ჰქონდეთ, ფრაგმენტული პროექტები ხორციელდება. არადა, კვალიფიციური კადრების სწორი მუშაობა სამოქალაქო ინტეგრაციის წარმართვას ნიშნავს, რადგან ეს წმინდა პოლიტიკური პროცესია”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დმანისის ინციდენტი ერთი დიდი პრობლემის ფრაგმენტული გამოვლინებაა” / “ასეთ სივრცეში ცარიელი ადგილი არ არსებობს, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, ჩვენი მეზობელი ქვეყნები აკეთებენ...”

“არის მცირედი გამონათებები, არაერთმა ახალგაზრდამ ქართულ უმაღლეს სასწავლებელს მიაშურა, მაგრამ მათი ნაწილი სწავლას წყვეტს ან უნივერსიტეტს მხოლოდ ენობრივი ბარიერისა და მენტალური პრობლემების გამო ფორმალურად ამთავრებს. ეს მედლის ერთი მხარეა, მეორე კი ბევრად სახიფათოა - ასეთ სივრცეში ცარიელი ადგილი არ არსებობს, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, მეზობელი ქვეყნები აკეთებენ... საქართველოში არის არაერთი ორგანიზაცია, რომელთა, ძალიან რბილად თუ ვიტყვი, ოჯახში შემოშვებაც კი არ შეიძლება. ძლიერი მეზობელი ქვეყნებიდან წამოსული ჰუმანიტარული, არასამთავრობო, კომერციული, რელიგიური თუ სხვა სახის ორგანიზაციები მხოლოდ თავიანთი ქვეყნების ინტერესებს კი არა, ექსტრემისტული ორგანიზაციების ინტერესებსაც იცავენ. შესაძლოა ისინი საერთაშორისო თანამეგობრობის რეესტრში არ ფიქსირდებიან, მაგრამ მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია ექსტრემისტულად შეფასდეს. დმანისის შემთხვევაში ყურადღებას არც გავამახვილებ სახელმწიფოს რეაგირებაზე, რომელიც მწვავე კრიტიკას იმსახურებს და ჩემი ნება რომ იყოს, მკაცრად მოვთხოვდი პასუხს ყველა იმ თანამდებობის პირს, რომლებმაც დმანისში პირველ დღეს განვითარებულ მოვლენებს წაუყრუა და ღამე ტკბილად დაიძინა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ეს ინციდენტი საფუძველშივე რომ აღკვეთილიყო, არაფერი მოხდებოდა. რაც შეეხება ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, დმანისისა თუ ქვემო ქართლის აზერბაიჯანელების ნაწილი თავს საქართველოს მოქალაქედ არც აღიქვამს. ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიის პროპაგანდისტული ნაწილიდან იღებს, თავს “სამამულო ომში გამარჯვებული ერის” ნაწილად თვლის. დიახ, მათ უყალიბდებათ პოზიცია, რომ მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვებული საზოგადოების ნაწილი არიან. ამას ემატება ზოგიერთი არასამთავრობო და არაკეთილსინდისიერი მედიიდან კონკრეტული პირების, მათ შორის მილი-მეჯლისის რამდენიმე წევრის ტექსტები, რომ მცხეთამდე საქართველოს ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნოდა. ახალგაზრდები კითხულობდნენ, რატომ გადასცეს საქართველოს მიწები? პასუხობდნენ, ეს სტალინის ნამოქმედარიაო. ხშირად ადგილობრივ მეჩეთებში ზოგიერთი რელიგიური პირის ქადაგების შინაარსი საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობას ნამდვილად არ უწყობს ხელს”, - განაგრძობს კონფლიქტოლოგი.

“თუ პოლიტიკური მიდგომები არ შეიცვალა, რაც დრო გავა, ამასთან გამკლავება უფრო გაგვიჭირდება. ამის ნათელი მაგალითია ის, რაც პანკისში მოხდა - მოსახლეობას არ სურდა, იქ ჰესი აშენებულიყო და არც აშენდა. ასეთი ექსცესები მთელ საქართველოში იქნება. ეთნიკური ნიშნის გარდა, არის რელიგიური მხარეც და სრულიად შესაძლებელია ერთ დღეს ორივე, ეთნიკური და რელიგიური ნიშნები გაერთიანდეს და მძიმე ვითარების წინაშე აღმოვჩნდით. შევხედოთ, რა ხდება ევროპაში - ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პოლიტიკური ისლამია. ცოტა ხნის წინ 200-მა ყოფილმა სამხედრომ საფრანგეთის პრეზიდენტს მისწერა წერილი, გთხოვთ გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, ქვეყანა სამოქალაქო საფრთხის წინაშეაო. ფსევდოლიბერალურმა პოლიტიკამ საფრანგეთში ისეთი ანკლავები წარმოქმნა, სადაც პოლიცია ვერ შედის და ფორმალური ხელისუფლება პოლიტიკური ისლამის წარმომადგენლებს აქვთ”, - განმარტავს მამუკა არეშიძე.

“მედია რადიკალ ისლამისტებს უწოდებს მათ, რასაც არ ვეთანხმები, რადგან რადიკალი ისლამისტები ცდილობენ რელიგიის მეშვეობით შექმნან პოლიტიკა და გამოსდით კიდეც. მსგავსი სურათის მომსწრე ვართ საქართველოს რამდენიმე რეგიონში და ეს ხვალ-ზეგ უფრო ძლიერად იჩენს თავს. კარგად უნდა გავმიჯნოთ - მე პოლიტიკურ ისლამს ვგულისხმობ და არა რიგით მუსლიმანებს... სახიფათოა ყველა ის რეგიონი, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული. შესაძლოა გამონაკლისი იყოს ჯავახეთი, რადგან იქ “დამარცხებული ერის სინდრომი” აქვთ, თუმცა - დროებით. დმანისის ინციდენტი ერთი დიდი პრობლემის ფრაგმენტული გამოვლინებაა. ხელისუფლებამ კარგად აწონ-დაწონილი პოლიტიკა უნდა გაატაროს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ერთ ფაქტზე შევჩერდები, რაც ვნებათაღელვას გამოიწვევს, მაგრამ თავის მოტყუების დრო აღარ არის - რაც კეთდება რელიგიურ საკითხში, სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, მათ შორის განათლებას, მაგრამ არც ერთი მედრესე, რელიგიური სკოლა ლიცენზირებული არ არის და შესაბამისი უწყება სასწავლო პროცესს არ იცნობს. განათლების სამინისტროს რომ ჰკითხო, გიპასუხებენ, ყურანს ასწავლიანო. დიახ, მაგრამ როგორ ასწავლიან, ეს არის საქმე. მისი სწავლება შესაძლებელია ცივილიზებულად, მაგრამ ხშირად სასურველ ინტერპრეტაციას აძლევენ. სწორედ ამაში ძევს ექსტრემიზმის გასაღები... სახელმწიფომ ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს, რათა ახალგაზრდებს აქ თვითრეალიზაციის სურვილი გაუჩნდეთ. უამრავი ადამიანია, რომლებიც მათ თემში დამკვიდრებულ არასასურველ ტრადიციას გაემიჯნენ, ისწავლეს და კარიერა გაიკეთეს. ამის კარგი მაგალითია მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, რომელიც შესაშური ქართულით საუბრობს. ასეთ ადამიანებს სახელმწიფომ ხელი უნდა მოუმართოს და დაეყრდნოს”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს