"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გორში მხარდამჭერებს ხვდებიან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რეგიონებში რიგით მესამე შეხვედრას გორში მართავენ.
ნიკა მელია კომენტარის გაკეთებას პარტიის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გეგმავს.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭო თვის ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით, მანამდე კი, რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და აქტივის აზრის გაგებაა დაგეგმილი.
,,ენმ აპირებს თვის ბოლოს მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით, პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში, შეხვედრებს აქტივთან, პარტიის თავმჯდომარეებთან და წევრებთან, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები, მითუფრო, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, ნიკა მელია სწორედ მათი აზრის გათვალისწინებას აპირებს. გუშინ გახლდით თელავში, დღეს რუსთავში, ახლა ვართ გორში და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების აზრის გათვალისწინება, რადგან, ამ წლების განმავლობაში, სწორედ ამ ადამიანებზე გადაიარა იმ მძიმე რეპრესიებმა, ყველა არჩევნებმა და ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის ძირითადი საყრდენი და მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ნიკასთვის. დღეს ვიმსჯელებთ, მოვისმენთ ყველანაირ არგუმენტს როგორც შესვლაზე, ასევე შესვლის საწინააღმდეგოდ და ამ ადამიანების ჩართულობა და დისკუსია უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით ყველამ იცის, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ნიკასთვის და საერთო აზრის ჩამოყალიბებისთვის. ჩემი არგუმენტი არის ის, რომ ამ ახალ ვითარებაში, ახალ გარემოებაში, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ რეალური განსხვავება ,,ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

























