ჩეხეთის საელჩოში პროექტის - "საბანკო ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხეთის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით" დახურვის ღონისძიება ჩატარდა

ჩეხეთის საელჩოში პროექტის - "საბანკო ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხეთის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით" დახურვის ღონისძიება ჩატარდა

ჩეხეთის საელჩოში პროექტის: "საბანკო ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხეთის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით" დახურვის ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინეს.

პროექტის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, პეტრ მიკისკამ ისაუბრა.

"პროექტის მიზანი საქართველოს ვალების სისტემის გაუმჯობესებაა. პროექტი ჩეხეთის გამოცდილებას ეყრდნობა - 1990-იან წლებში ისეთი სესხებისა და საკრედიტო ორგანიზაციების ბუმი განვიცადეთ, რომლებიც არც ისე კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ. შექმნილმა სისტემამ საზოგადოების დიდი ნაწილი ეკონომიკურ სიძნელეებში ჩააგდო, ადამიანები ვალებს იღებდნენ, იყო ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები. სისტემის დერეგულაცია მოხდა, ასე რომ, ჩვენ Გვაქვს გამოცდილება, როგორ მოვახდინოთ სისტემის რეგულაცია და ვასწავლოთ ადამიანებს, როგორ არ უნდა აიღონ დიდი ვალები და როგორ უნდა იმუშავონ ნორმალურ პირობებში. რა თქმა უნდა, ეს კომპანიების, განსაკუთრებით, მიკროსაფინანსო კომპანიებისთვის რეგულაციების სისტემის პარალელურია.

ეს ყველაფერი იმის შესახებაა, რომ მოსახლეობამ ისწავლოს, თუ როგორ მართოს საკუთარი ფინანსური მომავალი და რა თქმა უნდა, აწმყო. შეუძლებელია ვალებით განუსაზღვრელი დროით ცხოვრება, რადგან საბოლოოდ, სპირალი დგება - საპროცენტო განაკვეთები მაღალია, Ადამიანების გაკოტრება ეკონომიკაზე ახდენს ზეგავლენას, რადგან მომხმარებლები პროდუქტის ნორმალურ რაოდენობას ვერ მოიხმარენ. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული", - აღნიშნა ჩეხეთის ელჩმა "ინტერპრესნიუსთან".

კომენტარი გააკეთა ორგანიზაცია People in Need-ის წარმომადგენელმა და აღნიშნული პროექტის მენეჯერმა, ევა ფერნანდეს მარტინმაც.

"საქართველოში არსებული საბანკო ვალების კრიზისი გავლენას ახდენს მოსახლეობის დიდ ნაწილზე და პრაქტიკულად მათ გამორიცხავს საქართველოს ეკონომიკიდან. მიუხედავად პრობლემის სიმწვავისა საჯარო განხილვა აღნიშნული საკითხის ირგვლივ თითქმის არ მიმდინარეობს. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო ამ საკითხის შესწავლა. აღნიშნულ პროექტში ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ჩეხეთის გამოცდილების გაზიარებით, მომხმარებელზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დანერგვაა საქართველოში.", - აღნიშნა მან.

GEOWEL-ის მკვლევარმა, მიხეილ სვანიძემ კვლევის შედეგების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ვალის პრობლემა საქართველოში ძალიან დიდია.

"ეროვნულმა ბანკმა ბევრი რეგულაცია შემოიღო, თუმცა კიდევ ბევრ ადგილას დაზუსტებები და დამატებებია საჭირო. ბევრი ადამიანია ვალში და დღესდღეობითაც ვერაფერს ახერხებს, ასე რომ, ასე ვთქვათ, ვალის გამო ეკონომიკიდან გასვლა უწევს. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, პარლამენტმა ფიზიკური პირებისთვის გადახდისუუნარობის კანონი შემოიღოს, რათა ამ ადამიანებმა მოახერხონ, ეკონომიკაში ჩაერთონ თავიდან, დაიწყონ მუშაობა, სწავლა, ბიზნესი თუ სხვა აქტივობა" , - აღნიშნა სვანიძემ.

მკვლევარის თქმით, კვლევებში გამოკითხულთა 50%-მდე აღიარებს, რომ ვალი აქვს, თუმცა სინამდვილეში ბევრი ამას არც აღიარებს, რცხვენია, არის მორალური კუთხეც, ზოგს დავიწყებულიც კი აქვს. საპენსიო ასაკის ადამიანებზე საუბრისას კი სვანიძემ ხაზი გაუსვა, რომ პენსიონერების სესხები საბაზრო კუთხით არ უნდა განიხილებოდეს.

"საპენსიო სესხზე უფრო მაღალი პროცენტია, ვიდრე ჩვეულებრივ სესხებზე. მათი გადმოცემით, მიზეზი მეტი რისკია - საპენსიო ასაკის ადამიანების გარდაცვალების, მეორეა კი ის, რომ რადგან საპენსიო სესხის დისტრიბუცია მთელ საქართველოში ხდება, მეტია ხარჯი. ჩვენ ვთვლით, რომ საპენსიო სესხი მარტო საბაზრო კუთხით არ უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან საუბარია ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ადამიანთა ძალიან დიდ ჯგუფზე - მათი რაოდენობა 800 000-მდეა საქართველოში. ამასთან, არ არსებობს ისეთი ძლიერი ინტერესთა ჯგუფი, რომელიც პენსიონერებს დაიცავს. ასე რომ, ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე რეკომენდაცია შემოიღოს საპენსიო სესხის რეგულაციისთვის", - აღნიშნა მიხეილ სვანიძემ.

პროექტი: "საბანკო ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხეთის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით" GEOWEL-თან პარტნიორობით ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, People In Need განახორციელა. პროექტის დონორები გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროა.

(R)