განათლების საერთაშორისო გამოფენა წელს პირველად ონლაინ გაიმართება

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენა წელს პირველად ონლაინ გაიმართება, რომელსაც 2021 წლის 27-28 მაისს ექსპოჯორჯია ვებ-გვერდზე educationfair.ge უმასპინძლებს.
„სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, რომელიც დამთვალიერებელსა და მონაწილეს კომუნიკაციის მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
ონლაინ ფორმატმა საშუალება მოგვცა მოგვეცვა უპრეცენდენტოდ დიდი აუდიტორია, რამაც 16 ქვეყნიდან 200-მდე სასწავებელი შეადგინა.
ვებ-გვერდზე ჩაშენებულია საკომუნიკაციო არხები, რომლებიც ნებისმიერი რაოდენობის დამთვალიერებელსა და 200-მდე მონაწილეს შორის ვიდეო, აუდიო და ტექსტურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
ინფორმაციის მიღების და გავრცელების სიმარტივის თვალსაზრისით ყველასგან გამორჩეულმა ამ ახალმა შესაძლებლობამ, განაპირობა მონაწილე სასწავლებლების გაორმაგებული რაოდენობაც“ - ამბობს ორგანიზატორი.
ახალი სასწავლო პროგრამები, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები, სემინარები და თემატური ღონისძიებები - ეს იმ სიის არასრული ჩამონათვალია, რაც განათლების საერთაშორისო გამოფენის დამთვალიერებელს დახვდება.
„განათლების გამოფენა დამთვალიერებელს აძლევს შესაძლებლობას პირადად გაეცნონ მათთვის საინტერესო სასწავლებლების წარმომადგენლებს, ჩაერთონ მათ პრეზენტაციებსა და კითხვა-პასუხის სესიებში, დაათვალიერონ თემატური ოთახები და შეუერთდნენ დისკუსიებს“ - ამბობს გამოფენის ორგანიზატორი.
გამოფენაზე დასწრება განსაკუთრებით საინტერესოა: სკოლის მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისთვის, დამაამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის, განათლების პროფესიონალებისთვის (მასწავლებლები/ტრენერები), საგანმანათლებლო აგენტებისთვის.
IEFG 2010 წლიდან ყოველწლიურად იმართება. გამოფენას საშუალოდ 10 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს და მასში მსოფილიოს 200-მდე სასწავლებელი მონაწილეობს.
(R)
























