„რიონის ხეობის მცველები“ „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ

"გუმათჰესთან", სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაურია. „რიონის ხეობის მცველები“ რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს.
ბარიკადებს მიღმა კი სამართალდამცველები არიან განლაგებული.

როგორც „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი „ბარიკადებს იქამდე ურტყამენ, ვიდრე კომპანია „ენკა“ არ დატოვებს ტერიტორიას“.

გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, მათ პროტესტს შეუერთდნენ, ვინაიდან, მათი სიმრავლე მნიშვნელოვანია.
ამასთან, როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი ტერიტორიაზე, სადაც პროტესტს გამოხატავენ, ისინი პროვოკაციას ყველანაირად გაემიჯნებიან.

























