ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2021

“თუ დღეში 7 ათას აცრამდე ავალთ, საფრთხეებს გავუმკლავდებით” - ახალი შტამების გამო აგვისტოში ინფიცირებულთა მატებას პროგნოზირებენ

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამნისტიის კანონზე დაპირისპირება შესაძლოა ისევ დაიწყოს

ფინანსისტები ლარის 3,20-ზე დასტაბილურებას ელიან

* * *

“თუ დღეში 7 ათას აცრამდე ავალთ, საფრთხეებს გავუმკლავდებით” - ახალი შტამების გამო აგვისტოში ინფიცირებულთა მატებას პროგნოზირებენ

“კორონავირუსის ახალი შტამების გამო არაა გამორიცხული, რომ ორ თვეში როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფექციის ახალი შემთხვევების ზრდა დაიწყოს - სპეციალისტების აზრით, თუ ჩვენს რეგიონში ვირუსის ახალ შტამები გავრცელდა, შეკავება რთული იქნება. ასეთ შემთხვევაში კი გამოსავალს რეკომენდაციების დაცვაში და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებაში ხედავენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, აგვისტოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა მსოფლიო მსაშტაბით ისევ დაიწყოს, რომელიც შესაძლოა, ახალი მუტირებული შტამების გამო მოხდეს. “გლობალური პროგნოზი ასეთია, რომ გლობალურად შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით მოიკლებს. როგორც გლობალურად, ისე ევროპაში არ არის გამორიცხული აგვისტოში შემთხვევების ზრდა ძირითად ახალი მუტირებული შტამების ხარჯზე”, - განაცხადა მან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “თუ დღეში 7 ათას აცრამდე ავალთ, საფრთხეებს გავუმკლავდებით” - ახალი შტამების გამო აგვისტოში ინფიცირებულთა მატებას პროგნოზირებენ.

გამყრელიძის განმარტებით, ამჟამად ეპიდსიტუაცია შედარებით მშვიდია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ შეზღუდვების შემსუბუქებისკენ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას. “არსებული ეპიდსიტუაცია გლობალურად, ევროპაშიც და ჩვენთანაც ნელი ტემპით, მაგრამ დამშვიდებისკენ მიდის. ზოგადად, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვმერყეობთ 1000-1200 შორის. მაისში დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 4%-ზე ოდნავ მეტი. ეს ცოტა მეტია, ვიდრე აპრილში, ვიდრე მარტში ან თებერვალში, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე იანვარში, დეკემბერსა და ნოემბერში. აქედან გამომდინარე, ნელი ტემპით ჩვენ დაახლოებით ვიმეორებთ იგივე მრუდს, რაც არის გლობალურად და განსაკუთრებით, რაც არის ევროპაში. მოდის ზაფხული, დღეს მსჯელობა იყო იმ საკითხზე, რამდენად იძლევა ეპუდსიტუაცია საშუალებას, შემსუბუქებისკენ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის ტურიზმი, ადამიანების შემოსავლები, ამიტომ, ჩვენ ოქროს შუალედი უნდა ავირჩიოთ”, - განაცხადა გამყრელიძემ რომლის თქმით, “ეს ოქროს შუალედი არის გამკაცრებული აღსრულების მექანიზმების ფონზე, ძალიან დიდი სიფრთხილით და თანდათან ეკონომიკის გახსნა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არსებული ეპიდსიტუაცია კი შემდეგში მდგომარეობს: ოთხშაბათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1015 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან თბილისში გამოვლენილია 550 შემთხვევა, აჭარა - 71, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 35, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 102, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.71%.ბოლო 24 საათში კი კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მძიმე პაციენტების რიცხვი ამ დროისთვის 891-ია. ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ახალი მუტირებული შტამების გამო ჩვენს რეგიონში ფართომასშტაბიანი გავრცელება დაიწყო, ვირუსის შეკავება ძნელი იქნება და შესაძლოა აგვისტოში საფრთხე მართლაც იყოს. ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალი ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუ ჩვენს რეგიონში, ანუ ახლომდებარე ქვეყნებთან ფართომასშტაბიანი გავრცელება დაიწყო, ვირუსის შეკავება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ, ჩვენი მხრიდან რაც უნდა გაკეთდეს, ესაა ის, რომ მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციები უნდა იქნას დაცული და ვაქცინაცია აქტიური ტემპით უნდა წავიდეს. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნებთან საზღვრის გახსნას, ეს უნდა იყოს ინდივიდუალურად განხილული იმ ქვეყნების მიმართ, რომელშიც ვიცით რომ ეს შტამები არაა და სტაბილური ეპიდსიტუაციაა”, - განაცხადა გოგინავამ. ოთხშაბათის მონაცემებით, სულ აცრილია - 121263 ადამიანი, ხოლო დღიური ტემპი 3882-ია, გოგინავა ამბობს, რომ თუ დღის განმავლობაში 7 ათას აცრამდე ავალთ, მოსალოდნელ საფრთხეებს მეტ-ნაკლებად გავუმკლავდებით”, - დასძენს გამოცემა.

“აგვისტო-სექტემბრამდე თუ ამ ტემპით წავედით დამაკმაყოფილებელი არაა, კარგი იქნება თუ დღის განმავლობაში 7000 ვაქცინირებულზე ავალთ - ვაქცინაცია ზოგადად იმუნური ფენის გაჩენას შეუწყობს ხელს და როდესაც იმუნური ფენაა, ვირუსის ცირკულაცია, რომელი შტამითაც არ უნდა იყოს, შედარებით დაბალია და ამიტომაც მისი სწრაფად გავრცელება არ ხდება. ვაქცინაციის ტემპის გაზრდის ხელის შეწყობა კომპლექსურად უნდა მიოხდეს, პირველ რიგში სახელმწიფომ ვაქცინაციის ცენტრები უნდა გაზარდოს, სადაც ვაქცინაცია ეფექტუირად და უსაფრთხოდ ჩატარდება, მედიას რაც შეეხება, მისი როლი ისაა, რომ მოსახლეობაზე სწორი ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს, თუ ვაქცინაცია რამდენად მნიშვნელოვანია, რა კეთილდღეობა და პლუსები შეიძლება ახლდეს. ხოლო საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა მოისმინოს, გაანალიზოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ეს ყველაფერი კონბინირებულად მოხდება, რა თქმა უნდა ჩვენ შედარებით უკეთესი შედეგები გვექნება და ეპიდსიტუაციის გაუარესებას მეტ-ნეკლებად თავიდან ავიცილებთ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“პიკი გადავიარეთ, მაგრამ ჯერ ეპიდსიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესება არ აღინიშნება, ამიტომ ჯერ სამშვიდობოს არ გავსულვართ და მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციაბი ისევ დავიცვათ, რათა ხელახლა მდგომარეობის გაუარესება არ მოხდეს”, - თქვა ინფექციონისტმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყნისთვის დღეში ათასი შემთხვევა ბევრია და არსებული ეპიდვითარება დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. იმნაძე მიიჩნევს, რომ ვირუსის იმედზე არ უნდა ვიყოთ, რომ ზაფხულთან ერთად შესუსტდება, ამბობს, რომ ჩვენი თავის იმედზე ვიყოთ და არსებული რეგულაციები დავიცვათ. მისივე განმარტებით, იმისთვის რომ იმუნიზაციამ გარკვეული საზოგადოებრივი ეფექტი მოგვცეს, საჭიროა მოსახლეობის 25% აიცრა, ამბობს, რომ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი აიცრა, პროცესზე დადებითად იმოქმედა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჯერჯერობით ვაქცინაცია მაინც არის ინდივიდუალური დაცვა. მოსახლეობის ჯერ კიდევ ძალიან მცირე ნაწილი არის აცრილი, მით უმეტეს, ორი დოზით. იმისთვის, რომ ვაქცინაციამ საზოგადოებრივი ეფექტი მოგვცეს, საჭიროა მოსახლეობის მინიმუმ 25% მაინც აიცრას, შემდეგ კი გარკვეულ საზოგადოებრივ ეფექტსაც მოგვცემს. იმ ქვეყნების გამოცდილებიდან, რომლებმაც შეძლეს და აცრეს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ჩანს, რომ სრული საზოგადოებრივი ეფექტი მიიღწევა, ეპიდემიოლოგიურ პროცესზე ძალიან კარგად იმოქმედებს”, - აღნიშნავს იმნაძე. რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შტამებს და მის გავრცელებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ანგარიშის მიხედვით, ვარიანტი, რომელმაც პირველად ინდოეთში რთული ეპიდვითარება გამოიწვია, ანუ ე.წ. ინდური შტამი მსოფლიოს 53 ქვეყანაშია დაფქსირებული, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ შესაძლოა კიდევ შვიდ ქვეყანაში ცირკულირებდეს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ყოველკვირეულ მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიო მასშტაბით, სიკვდილიანობისა და ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირდა, მათი ინფორმაციით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 1 846 055 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 23%-ით ნაკლებია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით. მომდევნო ქვეყანა ბრაზილიაა - 451 424 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 3%-ით მეტია, მესამე ადგილზეა არგენტინა 213 046 ახალი შემთხვევით, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი შეერთებული შტატები( 188 410 ახალი შემთხვევა) და კოლუმბია (107 590 ახალი შემთხვევა) არიან”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამნისტიის კანონზე დაპირისპირება შესაძლოა ისევ დაიწყოს

“19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტი განსახილველად 25 მაისს პლენარულ სხდომაზე აღარ გავიდა. ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე 27 მაისს სამუშაო კონსულტაციები გაიმართება. თუმცა, მის გარშემო ხელისუფლებასა და ოპოზიას შორის შესაძლაო ახალი დაპირისპირება დაიწყოს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სურს ამნისტიის შესახებ კანონის მასზე გავრცელება, ოპოზიცია კი მელიას სურვილის წინააღმდეგ მიდის. როგორც ის განმარტავს, კონსულტაციებზეა დამოკიდებული, შევა თუ არა ამნისტიის შესახებ კანონპროექტში კორექტივები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამნისტიის კანონზე დაპირისპირება შესაძლოა ისევ დაიწყოს / “თუ ამნისტიის კანონი არავის სურს, ჩვენ მით უმეტეს არ გვსურს” - მამუკა ხაზარაძე.

“მელია ამბობს, რომ მას არ სურს ამნისტიის შესახებ კანონის მასზე გავრცელება, პრაქტიკულად, ოპოზიცია მელიას ამ სურვილის წინააღმდეგ მიდის. ჩვენ ავსახეთ მელიას სურვილი ამ კანონპროექტში, კერძოდ, თუ უარზეა შესაბამისი პირი, მასზე არ ვრცელდება ამნისტია. ეს არის მარტივი პოლიტიკური საკითხი, ამაზე ბუნებრივია, შესაძლებელია, გაგრძელდეს კონსულტაციები. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებამდე მივალთ. ზოგადად, ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა, ამისთვის არის კონსულტაციები, გაგრძელდება შემდეგი ორი კვირის განმავლობაში და მივიღებთ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა კობახიძემ. “თუკი კობახიძეს აქვს თავი ამნისტიის ის კანონპროექტი გაიტანოს, რომელიც მას სურს, აბა გაიტანოს თუ არის ვაჟკაცი პოლიტიკოსი, თავისი სიტყვის კაცი და პრინციპული - ჩემი პასუხი ცნობილია, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ზუგდიდში პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააკეთა. მელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ამნისტიაზე მის თანხმობას ვერ ეღირსება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რამდენჯერ უნდა გააკეთოს კომენტარი ბატონმა კობახიძემ და რამდენჯერ უნდა ვუპასუხო მას, როგორც ოლიგარქის წამომადგენელს, რომ “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილი ჩემგან ვერ ეღირსება იმ განცხადების მოსმენას ან წერილობითი სახით წაკითხვას, სადაც წერია, რომ ნიკა მელიას ამნისტიაზე თანხმობას აცხადებს ან როგორც ახმოვანებენ, რომ თითქოს არ უნდა უარვყო. ეს გამორიცხულია! ჩემს კოლეგებს სწორი პოზიცია აქვთ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხვდებიან, რამდენად არაგულწრფელი რეჟიმია. ყველაფერს აკეთებენ, რომ შეთანხმების აღსრულება შეთანხმების თანახმად მოხდეს, მაგრამ კარგად გვესმის, რომ უმრავლესობა ჯერ კიდევ “ქართულ ოცნებას” აქვს და რასაც უნდათ იმას გააკეთებენ. კობახიძეს აქედან ვეუბნები, ნუ ნერვიულობს, მშვიდად იყოს, ხელი არ აუკანკალდეს და ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მას სურს. მესმის, რომ მას ოპოზიციის ეშინია...“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ. “სპეკულატიური მუხლი არის მათ ამნისტიის კანონში, დანარჩენ საკითხებზე მეტნაკლებად უბრალოდ მიდგომებშია სხვაობა - პირდაპირ დავარქვათ, რომ ეს არის ნიკა მელიას მუხლი და ამის ამოღებაზეა საუბარი, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვაშაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. “სპეკულატიური მუხლი არის მათ ამნისტიის კანონში, დანარჩენ საკითხებზე მეტნაკლებად უბრალოდ მიდგომებშია სხვაობა ჩვენსა და მათ კანონს შორის, თუმცა კონვენციურ დანაშაულზე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე - თვალის ამოთხრის მუხლზე არ გავრცელდება არც მათი კანონი. ამაზე გვქონდა საუბარი ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა. ერთადერთი საკითხია რა, თანხმობა თუ ასე ვთქვათ დასჭირდება თუ არა, უარი არ უნდა თქვას ამნისტიაზე - ასეთი პრეცედენტი ქართულ ამნისტიების ისტორიაში არ არსებობს, პირდაპირ დავარქვათ, რომ ეს არის ნიკა მელიას მუხლი და ამის ამოღებაზეა საუბარი, რომ თავის კანონპროექტში ამოიღონ ეს მუხლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თუ გვინდა, რომ პოლიტიკური კრიზისი გადავლახოთ, ამისთვის აუცილებელია პასუხისმგებლობა, რაც ავიღეთ შარლ მიშელის დოკუმენტით ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, სრულფასოვნად შევასრულოთ. ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან”, - განაცხადა ვაშაძემ რომლის თქმით, “შესაბამისად დარწმუნებულია, რომ აუცილებლად ამ ყველაფერს გადავწყვეტენ”, - დასძენს გამოცემა.

“ამასთან გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით ოპოზიცია ნიკა მელიას სურვილის წინააღმდეგ მიდის, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” ნიკა მელიას სურვილი კანონპროექტში ასახა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიცია პასუხისმგებელია შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე და ირაკლი კობახიძე მათ უკან ვერ დაახევინებს. თუ ამნისტიის კანონი არავის სურს, ჩვენ მითუმეტეს არ გვსურს, - ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე საერთო კონსენსუსი იყოს მიღწეული”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეს იყო ინიციატივა ჩვენი მედიატორების, ჩვენი უცხოელი მედიატორების და პარტნიორების, რომელთაც სურთ, გადაიტვირთოს თემები. 20 ივნისი იყო გადატვირთვის თემა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ვიღაცის ღირსების, პატიების ხარჯზე, თუ ის ამას არ იმსახურებს. ამიტომ, თუ ისეთი დამოკიდებულებაა, რომ “ქართულ ოცნებას” არ უნდა ამნისტია და არ სჭირდება ამნისტია მეორე მხარეს, “ლელომ” შეიძლება თქვას, რომ ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება ეს ამნისტია. ამიტომ, იცით, რომ გადავდეთ ამნისტიის განხილვა, გუშინ დავაყენეთ საკითხი იმიტომ, რომ სანამ ამ საკითხზე არ იქნება კონსენსუსი, ხელოვნური არავის არაფერი სჭირდება ამ ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენ შევიტანეთ ალტერნატიული კანონპროექტი, უნდა მოხდეს ამ პოზიციების შეჯერება, რომ ამნისტია იყოს სამართლიანი და არ დარჩეს ადამიანთა ჯგუფი განაწყენებული, შეურაცხყოფილი ამ კანონის მიღებით”, - განაცხადა ხაზარაძემ, რომლის აზრით, “ამიტომ, ამნისტია შერიგებას უნდა ემსახურებოდეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ფინანსისტები ლარის 3,20-ზე დასტაბილურებას ელიან

“ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციამ, რაც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს, კურსთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი მოლოდინი შექმნა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში კურსს არაფერი ემუქრება, თუკი ამის გარანტი გახდება ეკონომიკის გახსნა. თანაც, ბოლო პერიოდში მსოფლიოში დოლარის შესუსტება შეინიშნება, რაც შეიძლება პირდაპირ არა, თუმცა ირიბად ლარის გაცვლით კურსზე ასევე დადებითად მოქმედებს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ლარი ახალი წონასწორობის წერტილს 3,20-ის ფარგლებში იპოვის. სავალუტო ბაზრის სტაბილურობაზე საუბრობენ საქართველოს მთავრობაშიც. რამდენიმე დღის წინ, როგორც კი გამყარების ტენდენცია აშკარად გამოიკვეთა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ლარის კურსის გამყარებას იგი ეკონომიკის გააქტიურება-აღდგენასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას უკავშირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ფინანსისტები ლარის 3,20-ზე დასტაბილურებას ელიან / “დიდხანს გაგრძელდება ეს ტენდენცია, არ გამოვრიცხავ, მთელი ზაფხულის განმავლობაშიც”.

“პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა, ერთი მხრივ, პანდემიის უშუალოდ განვითარებასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის ტემპსა და იმ ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილსა და მაისში სახეზე გვაქვს”, - განაცხადა მინისტრმა. როგორც ფინანსისტებმა “რეზონანსთან” აღნიშნეს, კურსთან დაკავშირებით პოზიტიურ მოლოდინს აძლიერებს ანტიკოვიდური ვაქცინაციის პროცესის გაზრდა და ეკონომიკის მთელი რიგი მიმართულებებით შეზღუდვების მოხსნა და შესუსტება, რაც ცალსახად ზრდის ეკონომიკური აქტიურობის პროცესსა და ქვეყანაში მეტი დამატებული ღირებულების შექმნის პერსპექტივას. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ვარაუდობს, რომ გამყარებას ლარი მთელი ზაფხულის განმავლობაშიც გააგრძელებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კურსი მყარდება და რაც მეტხანს გაგრძელდება ტენდენცია, ბიზნესისთვისაც უკეთესია. წარმოებაში, ძირითადად, იმპორტულ პროდუქციას ვიყენებთ და ბიზნესს ყოველთვის ხელს აძლევს სტაბილური ვალუტა. ძნელი სათქმელია, სადამდე გამყარდება, მაგრამ მთავარია, რომ პროცესი დაიწყო. ეს განპირობებულია იმით, რომ შემსუბუქდა კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვების მოხსნაც დაიწყო. იგეგმება ტურიზმის გახსნა, ვიზიტორების გარკვეული ნაწილი უკვე შემოვიდა. ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი ამუშავდა და ამან ლარზე დადებითად იმოქმედა. ვიმედოვნებ, რომ დიდხანს გაგრძელდება ეს ტენდენცია, არ გამოვრიცხავ, მთელი ზაფხულის განმავლობაშიც. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი ეპიდემიური სიტუაცია გვექნება და კიდევ მოგვიწევს თუ არა შეზღუდვების დაწესება. ფაქტია, რომ ჩვენ ამაზე ცუდი კურსი მთელი ზაფხულის განმავლობაში არ გვექნება და ნელ-ნელა წავალთ გამყარებისკენ. ლარი, ალბათ, 3,20-ის ფარგლებში დასტაბილურდება, მთავარია, რყევა აღარ იყოს. გარდა შიდა ფაქტორებისა, ლარზე დოლარის შესუსტებამაც იქონია გავლენა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კაპანაძე.

“რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოლიტიკას, ინტერვენციები ჯერ არ არის საჭირო, მნიშვნელოვანია, მეტი ფული არ ამოიღოს ეკონომიკიდან სებ-მა და ეს პროცესი არ შეფერხდეს. ლარიზაცია დაწყებულია, ამდენი ხანია მივყვებით ამ პროცესს და კარგი იქნება, თუ შემდეგშიც გაგრძელდება”, - ამბობს კაპანაძე. ლარის გამყარების ფაქტორებზე ისაუბრა ექსპერტმა ლია ელიავამაც. მისი აზრით, გამყარების ასეთი ტემპი 2-3 კვირაზე მეტხანს ვერ გასტანს. “გლობალურ ბაზრებზე ეცემა დოლარის მსყიდველუნარიანობა, რაც ლარზეც მცირედით მაინც მოქმედებს. ინფლაცია იქ ვითარდება იმის გამო, რომ აშშ-ის მთავრობამ ძალიან დიდი რაოდენობით დაბეჭდა ფული და დაურიგა მოსახლეობას. გარდა ამისა, მათ აქვთ გარკვეული ეკონომიკური პრობლემა. ეს არის შედეგი, რამაც ლარის გამყარება განაპირობა. 2 კვირა შეიძლება ეს ტენდენცია გაგრძელდეს, დიდხანს ვერ გასტანს. ლარის კურსი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: პირველი - დოლარის შესუსტება; მეორე - უცხოური ფულის შემოდინება, რაც სავალუტო ბაზრის სტაბილურობას შეუწყობს ხელს; მესამე - ეროვნული ბანკის დამოკიდებულეება, ანუ რა ნაბიჯებს გადადგამს ის. ბიზნესისთვის აუცილებელი პირობაა, ლარი იყოს სტაბილური, არ ირყეოდეს - როდესაც ბიზნესი აკეთებს პროგნოზს და ადგენს გეგმას, ის საზღვრავს მომავალს და არ ზარალდება. მთავარია, კურსი იყოს სტაბილური”, - განმარტავს ელიავა. მისი აზრით, სებ-ის მხრიდან, გარდა ინტერვენციებისა, სხვა ზომებიც არის მისაღები, რომ კურსი არ გაუფასურდეს”, - დასძენს გამოცემა.

“ინტერვენციები _ ეს არის საგანგებო ზომა, რათა სებ-მა შეაჩეროს მკვეთრი ვარდნა და ამას აქვს მოკლევადიანი ეფექტი. შეიძლება, ისევ გააგრძელოს ლარმა ვარდნა, ამიტომ ინტერვენციები აუცილებელია იმისთვის, რომ 2014 და 2015 წლების მდგომარეობა არ განმეორდეს, როცა ლარი იყო კატასტროფულად გაუფასურებული და ეროვნული ბანკი ინტერვენციებს არ ახორციელებდა. ამის გარდა, სხვა ზომებიც იქნება გამოყენებული მისი მხრიდან, რომ ლარის კურსი არ იყოს სპეკულაციურ პროცესებზე დამოკიდებული. მთავრობა ამ შემთხვევაში არაფერს აკეთებს. მისი მცდელობაა, გახსნას საზღვრები, შემოიყვანოს ტურისტები და შესაბამისად, დოლარი შემოვიდეს. მთელი უბედურება ისაა, რომ გაცვლითი კურსი არ უნდა იყოს დამოკიდებული დოლარის მასაზე. დედოლარიზაცია, რომელიც დაიწყო სებ-მა, ფაქტობრივად, ჩავარდა. ჩვენ გვაქვს მაღალდოლარიზებული ეკონომიკა და ამ პირობებში კურსის სტაბილურობაზე საუბარი ზედმეტია. ლარის მიმართ ნდობა მაინც არ არის, მიუხედავად იმისა, რომ კურსი მყარდება. დღესდღეობით ლარს არც წონა აქვს და არც ნდობა, რაც არის ეროვნული ბანკის მუშაობის დიდი ხარვეზი”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია ელიავა.

გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო