გუმათში აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ძმა - პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა - სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ ფეხებში სროლით, არიან დაჭრილებიც

გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ძმა აცხადებს, რომ იმერეთში, სოფელ საყულიაში დაკავების დროს სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

როგორც ბესიკ მუკბანიანი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, დაკავების ოპერაციის დროს სამოქალაქო პირები დაშავდნენ, მათ შორის, მისივე ინფორმაციით, არიან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილებიც.

„ჩემი ძმის დაკავება მოხდა დღეს, მაგრამ არ მოხდა დაკავება ისე, როგორც საჭირო იყო. არ იყო საჭირო ამდენი სპეცრაზმელის სოფელში შემოსვლა და ასეთი ვითარების გამოწვევა. მთელი სოფლის მოსახლეობა ჩვენი მეგობრის საფლავზე იდგა და სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ რეაქციით, პირდაპირ გინებით, პირდაპირ ფეხებში სროლით. არიან დაზიანებულებიც და დაჭრილებიც. ირაკლი მუკბანიანი აპროტესტებდა „ნამახვანჰესს“, პოლიციისთვის მას ხელი არ დაურტყამს. იყო მიწევ-მოწევა და დაუწყეს ჩუმი ძებნა; არც გააფრთხილეს ისე. დაშავებული 2 ადამიანი კლინიკაშია, „მაკაროვის“ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით. პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. არ იყო მიმალვაში ირაკლი მუკბანიანი და არც იყო საჭირო სპეცრაზმის სოფელში შემოყვანა“, - განაცხადა ბესიკ მუკბანიანმა.

ერთ-ერთი თვითმხილველი ბუხუტი ბოქაძე აცხადებს, რომ რეაგირება მათი მხრიდანაც იყო, რადგან პოლიცია "იარაღით შევარდა და იმუქრებოდა".

“ვიყავი ჩემი მეგობრის სასაფლაოზე. თბილისიდან სტუმრები გვყავდა. შემოვარდა უცხო მანქანა, „ჯიპი“, გადმოცვივდნენ ნიღბებში იყვნენ ყველანი, დაწექითო. რატომ უნდა დავწვე, დამნაშავე ვარ თუ კრიმინალი?. არავის არ უთქვამს, რომ ძებნილს ეძებენ. პირდაპირ, დაწექითო. ჩვენც რა თქმა უნდა რეაგირება მოვახდინეთ, ვინ ხართ, რა ხართ, უფროსი ვინ არის, დაგველაპარაკეთ. არანაირი დალაპარაკება, დაიწყეს ჭიდაობა - მიწაზე დაგდება, რამდენიმე ბიჭი ძირს დააწვინეს და ვაზნები თქვენც ნახეთ. ფეხის არეში არიან დაჭრილები. არანაირი გაფრთხილება, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვერ გავიგეთ. არანაირი გაფრთხილება, რომ ეს პიროვნება უნდა დავაკავოთ. პირდაპირ შემოვარდნენ და დაწექით. რომ დამაწვინეს და რტყმა დამიწყეს, მეც რა თქმა უნდა რეაგირება გავაკეთე. მოვკიდე ხელი და გავწიე, რატომ მირტყამ, ვინ ხარ - მეთქი. სროლა ატყდა, ზოგი შეიძლება ჰაერში ისროდა, ვაზნები ძირს აწყვია. ორივე ადამიანს ფეხებში აქვს მოხვედრილი.

არ ვიცი რა მოხდა, შეიძლება ვიღაცამ ქვაც ისროლა. რომ შემოგივარდება წინააღმდეგობას, როგორ არ გაუწევ, რომ შემოგივარდება კაცი და იარაღით გემუქრება. წარადგინე მთავრობის კაცი ხარ, ვინ ხარ, ოქმით მოდი. ჩვენც რა თქმა უნდა, კანონის დამცველი მოქალაქეები ვართ“, - აცხადებს ერთ-ერთი პირი.

ცნობისთვის, გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ იმერეთში ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, პირის დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:"შემოვარდა უცხო მანქანა, გადმოცვივდნენ, ნიღბებში იყვნენ" - დააკავეს პირი, რომელიც "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა