ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მუკბანიანი პროვოკაციის მსხვერპლია

„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მუკბანიანი პროვოკაციის მსხვერპლია.
როგორც გოლეთიანმა აქციაზე განაცხადა, პროტესტის მონაწილეები მუკბანიანის მხარდასაჭერად აქციებს გამართავენ, თუ პროცესი უკანონოდ წარიმართება.
მისივე თქმით, აქციები შესაძლოა გაიმართოს როგორც სასამართლოსთან, ასევე სამხარეო პოლიციასთან.
„ყველგან მივალთ დიდი რაოდენობით და ვიტყვით სიმართლეს ამ ადამიანთან დაკავშირებით, რომ არ დასდონ ბრალი იმაში, რაშიც ის არ არის დამნაშავე. ვამხელთ ხელისუფლებას იმაში, რომ ეს იყო პროვოკაცია“, - განაცხადა გოლეთიანმა.
მან აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პრობლემა აქციის მონაწილეების სასრგებლოდ აუცილებლად გადაწყდება.
„არა მარტო ირაკლი, ყველანი გავხდით პროვოკაციის მსხვერპლი და ამ პროცესებს ღრმად არ უნდა შევყვეთ. მოვუწოდოთ ხელისუფლებას და საპოლიციო ძალებს იყვნენ ადეკვატურები და გაათავისუფლონ ადამიანი. თუ იყო რამე გადაცდომა მისი მხრიდან, ბუნებრივია, ამას დამტკიცება უნდა. ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი ვინც კანონის ფარგლებს გარეთ გავა, მაგრამ რაც აქ ხდება ესეც არსებითად მათი ბრალია, რადგან მძიმე ემოციური ფონია ადამიანებში, ამდენი კვირა, ამდემნი თვე რომ ქუჩაში ატარებ ადამიანი და თან პოლიცია გაგინებს უსამართლოდ გიშლის ხელს გადაადგილებაში, რაც ირაკლი მუკბანიანის შემთხვევაში მოხდა, რა თქმა უნდა, მისი ბრალეულობა არ არის. კონკრეტული თვითმხილველები ჰყავს ამ პროცესს, როგორ შეაგინა მას პოლიციელმა და შემდეგ როგორც ამბობენ, მოხდა ხელის მოქნევა პოლიციელის მისამართით. დანაშაულს სჭირდება დამტკიცება. ჩვენ გავაკონტროლებთ, რომ პროცესი სამართლიანად წარიმართოს. თუმცა, ეს ერთ რამეს ცხადყოფს, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული და წინასწარ კარგად დაგეგმილი იმისთვის, რომ დესტრუქციაში გადავიდეს ჩვენი მოქმედებები აქ, სხვა ვექტორზე წავიდეს მოძრაობა, რომ თითქოს არაფერი გამოდის აქედან. ნიჰილიზმს თესავს ხელისუფლება, თითქოს მუხტი ჩაქრა. ამ ნარატივს არ უნდა ავყვეთ! პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული მოთხოვნები“, - განაცხადა გოლეთიანმა.
როგორც გოლეთიანმა განაცხადა, მუკბანიანი სამართალდამცავებს არ დამალვია და არც ის იცოდა რომ ეძებდნენ. მისივე თქმით, პოლიციას არც რიონის ხეობის მცველებისთვის მიუმართავს.
„თუ მისი გამოძახება იყო საჭირო, ეთქვათ ჩვენთვის, ჩვენ ირაკლის დავუკავშირდებოდით და ვეტყოდით, რომ პოლიციაში მისულიყო. მიუვარდნენ საყულიაში სახლში რაღაც ჯგუფი, „ბანდა“ და ძალადობრივი მეთოდებით აიყვანეს ადამიანი. რა რეაქცია უნდა ჰქონოდათ ადამიანებს, რომლებმაც ეს ნახეს? ფაქტია, რომ სახეზეა კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“, - განაცხადა გოლეთიანმა.
სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდგეები პროტესტს რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით ამ წუთებშიც გამოხატავენ.
ცნობისთვის, გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ იმერეთში ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, პირის დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























