ახალგაზრდული შესაძლებლობების ონლაინ პლატფორმა - youthplatform.gov.ge ამოქმედდა

საქართველოში პირველად, ახალგაზრდული შესაძლებლობების ონლაინ პლატფორმა– youthplatform.gov.ge ჩაეშვა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს, „ახალგაზრდობის პლატფორმა“ ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე შესაძლებლობების ონლაინ სივრცეა, რომელიც აერთიანებს შესაძლებლობების გამცემ სამთავრობო, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ახალგაზრდობას.

მათივე ინფორმაციით, ეს არის სტრუქტურული დიალოგის ინსტრუმენტი, რომელიც მსუბუქ ხიდს აგებს ორგანიზაციებსა და ახალგაზრდობას შორის და თითოეული მათგანი საჭირო შესაძლებლობამდე მიჰყავს.

„სამთავრობო უწყებისთვის, რომელიც ქმნის ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ციფრული პროდუქტის არსებობა (youthplatform.gov.ge) ვინაიდან, ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე ონლაინ პლატფორმა, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს შესაძლებლობების გამცემ ორგანიზაციებსა და შესაძლებლობების მაძიებელ ახალგაზრდებს, რაც თავის მხრივ, დაეხმარება ახალგაზრდებს გააქტიურდნენ და ჩაერთონ საზოგადოებრივი ცხოვრებაში", - განაცხადა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა.

Save the Children-ის დირექტორმა თამთა გოლუბიანმა ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას ახალგაზრდების განვითარების კუთხით და აღნიშნა: Save the Children-ისთვის ახალგაზრდების გაძლიერება უნიშვნელოვანესია.

„Youthplatform.gov.ge ახალი ონლაინ პლატფორმაა ახალგაზრდებისათვის, რათა მოიძიონ მათთვის საჭირო შესაძლებლობა და ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამებში“, - განაცხადა გოლუბიანმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალგაზრდობის, კულტურისა და ციფრული საზოგადოების პროგრამების მენეჯერმა, ნინო სამველიძემ აღნიშნა, რომ “ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ახალგაზრდული ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდები შეძლებენ უფრო ეფექტურ კომუნიკაციას მათი მიზნებისა და ინტერესებისთვის”.

ცნობისთვის, Youthplatform.gov.ge - მასშტაბური პროექტია და წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამის - „უნარები დასაქმებისათვის“ ნაწილს, რომელსაც ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რომელთა შორისაა Save the Children, ახალგაზრდობის სააგენტო, კონრად ადენაუერის ფონდი და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია, ერთობლივად ახორციელებს პროექტის „უნარები წარმატებისათვის“ ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს 16-29 წლის ახალგაზრდებს შორის სამეწარმეო და დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარებას. პროექტი განსაკუთრებით ფოკუსირდება იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებული და არც რაიმე ტიპის ტრენინგს გადიან (შემდგომში, NEET ახალგაზრდები).

პლატფრომა სატესტო რეჟიმში იმუშავებს და მუდმივად განახლდება მომხმარებლის გამოცდილების გათვალისწინებით.

მსგავსი სერვისის დანერგვა ქვეყანაში პირველი პრეცედენტია და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, საქართველოში ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნის პროცესში, ვინაიდან ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე ონლაინ პლატფორმაზე, მარტივად და სწრაფად მოიძიონ მათთვის საინტერესო ნებისმიერი შესაძლებლობა, ღონისძიება, ტრენინგი, ვორქშოფი, გრანტი თუ სხვა, ჩაერთონ და გააქტიურდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა