რამდენად რეალურია გახარია-სააკაშვილის ალიანსი - რას ამბობენ ექსპერტები სკანდალურ ინფორმაციაზე
“კუდი აეწვათ და დაიწყეს იერიში” - იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ გახარიას გამოჩენამ “ოცნებაში” ბევრი შეაშინა
სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” ივნისის ნომრის N4 (278) მიმოხილვა
* * *
რამდენად რეალურია გახარია-სააკაშვილის ალიანსი - რას ამბობენ ექსპერტები სკანდალურ ინფორმაციაზე
“კავკასიის საკითხების ექსპერტის მამუკა არეშიძის სკანდალურ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც პრემიერი გახარია მიხეილ სააკაშვილს გაურიგდა და, მეტიც, მას რევოლუციის მოწყობის საქმეში ეხმარებოდა, საზოგადოებაში კვლავ დიდი აჟიოტაჟია. “ოცნებაში” ექსპრემიერს უკვე ირიბად “მოღალატეც” უწოდეს. თუმცა “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსებს, ვახტანგ ძაბირაძეს და ნიკა ჩიტაძეს ამ ვერსიის სისწორეში ეჭვი შეაქვთ და ამას შესაბამისი არგუმენტებით ამყარებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენად რეალურია გახარია-სააკაშვილის ალიანსი - რას ამბობენ ექსპერტები სკანდალურ ინფორმაციაზე.
“სხვადასხვა წყაროდან მოვიდა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, შედგა შეხვედრა “ნაცმოძრაობასა” და ამ გუნდს შორის. გახარია იყო თუ არა იქ, ვერ გეტყვით. მე ვიცი ორი შეხვედრის შესახებ, შეხვედრის შინაარსი იყო ის, რომ დრო უნდა ყოფილიყო გაწელილი. დროს გაჭიმვა იმიტომ იყო საჭირო, რომ გარკვეული რევოლუციური სცენარი შემდგარიყო. ხელისუფლების სისუსტის დასამტკიცებლად, იმუნიტეტმოხსნილი მელია უნდა ყოფილიყო გარეთ, არა დაპატიმრებული. ამასთან, როგორც მეუბნებიან, იგეგმებოდა ძალოვანი სამინისტროების თანამშრომლების განცხადება, რომ ისინი ემიჯნებოდნენ ხელისუფლებას და ამავდროულად, უნდა მომხდარიყო სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლა”, - განაცხადა მამუკა არეშიძემ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ თუ ის დადასტურდა, ეს არის ღალატი როგორც გუნდისა და საკუთარი პარტიის, ასევე სახელმწიფოს წინაშე”, - აღნიშნავს გამოცემა.
“იმ დღეს, როცა გახარია გადადგა, ვთქვი, რომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ გადადგა ის, როდესაც 3 დღის წინ მარწმუნებდა მე პირადად და ჩემს თანაგუნდელებს იმაში, რომ იმუნიტეტი უნდა მოგვეხსნა. შესაბამისად, თუ ის, რაც ბატონმა არეშიძემ თქვა, არის მართალი და დადასტურდა, მაშინ საქმე გვქონია ჩვეულებრივ მოღალატესთან, მაგრამ მე ბოლომდე არ მინდა დავიჯერო რომ ეს ასეა. მაგრამ თუ ეს დადასტურდა, ეს არის ღალატი როგორც გუნდის, საკუთარი პარტიის, ასევე სახელმწიფოს წინაშე”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვერანაირ შეთანხმებას და მოლაპარაკებას გახარიას და სააკაშვილს შორის ვერ ხედავს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ნაკლებსავარაუდოა, არეშიძის მიერ გაჟღერებული სცენარი რეალური იყოს”, - დასძენს გამოცემა.
“მე ვნახე მისი ეს განცხადება, სადაც ასეთი მომენტი იყო, რომ მას ასეთი ინფორმაცია წყარომ მიაწოდა. მე არ ვიცი ეს წყარო რამდენად სანდოა, ან სწორი, თუმცა ზოგადად რაზედაც იქაა საუბარი, რომ თუ გახარია 2-3 დღეს თუ ერთ კვირას მომზადებისთვის ითხოვდა და ესაა საფუძველი ბრალდების, მაგ შემთხვევაში გამოდის, რომ მეც გაუცნობიერებლად სააკაშვილის რევოლუციუციურ სცენარში ვმონაწილეობ, იმიტომ, რომ მე მაშინაც და დღესაც მიმაჩნდა, რომ იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რაც სასამართლომ მიიღო, დროში უნდა გაწელილიყო. ერთი კვირის არა, მაგრამ ერთი თვის თავზე “ნაცმოძრაობის” ოფისში ზუსტად იგივე სიტუაცია იქნებოდა, რაც რუსთაველზე პერმანენტული აქციების დროსაა ხოლმე - ფაქტიურად იქ აღარავინ იქნებოდა. ამიტომ ლოგიკიდან გამომდინარე, აქ ვერანაირ შეთანხმებას და მოლაპარაკებას გახარიას და სააკაშვილს შორის ვერ ვხედავ. კარგი, დავუშვათ ეს სცენარი იგეგმებოდა, როგორ უნდა განხორციელებულიყო? უკრაინა-პოლონეთის საზღვარი და საქართველო თურქეთის საზღვარი სრულიად განსხვავებული თემებია, ვინც მეტ-ნაკლებად იცის უკრაინის და განსაკუთრებით ლვოვის მხარის და პოლონეთის ურთიერთობები და იქ არსებული მდგომარეობა, მიხვდება, რომ აქ ეს ასე მარტივი არაა. მეორეც ის, რომ არა მგონია სააკაშვილს ასეთი რისკიანი ნაბიჯი გადაედგა, რომ სარფში ჩამოსულიყო და იქიდან ვიღაცეებს წამოსძღოლოდა, ეს კაცი ისეთი რაინდი არაა, როგორიც ვიღაცეებს უნდათ, რომ წარმოაჩინოთ...” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ცხადია მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ამას ვლაპარაკობ იმ პროცესიდან და ვითარებიდან გამომდინარე, რაც მაშინ იყო და გინდაც დღესაა. დღეს საქართველოში რევოლუციური განწყობა არაა, ყველა რევოლუციონერი რომ გააცოცხლო და საქართველოში ჩამოიყვანო, დღეს რევოლუციას ვერ მოაწყობენ. “ნაცმოძრაობას” იმის რესურსიც არ აქვს, რომ პერმანენტული აქციები გამართოს, არათუ რევოლუციური სცენარი ააგოროს. ოპოზიციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა “ქართული ოცნება” რომ არ დახმარებოდა მელიას დაპატიმრებით, როცა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცია. მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, მაგრამ იმ ვითარებით რაც არის, არ მგონია, რომ აქ რაღაც ასეთი იმალებოდეს, ალბათ ყველა დავიღალეთ, რადგან ამ ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახური არსებობს თუ არა, თუ ასეთი რამეები ხდება და არ ვიცით, მაშინ ეს სამსახური გავაუქმოთ, ფულს მაინც დავზოგავთ”, - დაასკვნის ძაბირაძე.
“ბატონ მამუკას დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები, რომ გახარიასა და “ნაცმოძრაობას” შორის რაღაც გარიგება იყო. მაშინ გახარია რომ გადადგა, რა რევოლუციური სცენარი უნდა მოეწყო, ბატონი ნიკა მელია მანამდეც გარეთ იყო და საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები იყო, მაგრამ რევოლუციური სცენარი არ განვითარებულა და ამ შემთხვევაშიც ეს გამორიცხულია. “ნაცმოძრაობას” და გახარიას გუნდს შორის კავშირი ჩემი აზრით არ არსებობს. არც ერთ მხარეს არ აწყობს, რომ ეს ალიანსი არსებობდეს, რადგან ეს თუ გამოვლინდა, ერთის მხრივ გახარიას მისი მომხრეები პრეტენზიებს წაუყენებენ, ხოლო “ნაცმოძრაობას” კი პრეტენზიას თავის მომხრეები წაუყენებენ, რადგან გახარიას როცა “თვალთხარიას” უწოდებთ და ბრალს დებთ 20 ივნისის დარბევაზე, მასთან ალიანსში როგორ შემოდიხართ? ამიტომაც არც ერთს და არც მეორე მხარეს არანაირი ალიანსი არ აწყობთ. და მეც მათ შორის ალიანსს გამოვრიცხავ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“კუდი აეწვათ და დაიწყეს იერიში” - იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ გახარიას გამოჩენამ “ოცნებაში” ბევრი შეაშინა
“მამუკა არეშიძეს კარგად ვიცნობ, თუმცა მის საპასუხოდ გეუბნებით, რომ მე მაქვს სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაცია, რომ ეს მართალი არაა. ასეთი ინფორმაციის გავრცელების სპეციალური სამსახურები არსებობს ამერიკაშიც, რუსეთშიც და სხვაგანაც. ასეთი ინფორმაციები შემოგდებულია. გახარიას, რომელიც წარმატებული მინისტრი იყო, ჰქონდა ავტორიტეტი, ეს რაიმე პრიორიტეტს მისცემდა და მის ავტორიტეტსა და რეიტინგს აამაღლებდა? მიშა გახარიას რეიტინგს აუმაღლებს? ეს საერთოდ შეუძლებდად მიმაჩნია. გახარიას ავტორიტეტი “ნაცმოძრაობას” უფრო სჭირდება, ვიდრე ენმ-ს ევტორიტეტი გახარიას. “საქართველოსთვის” მოძრაობას იმიტომაც ჰქვია ასე, რომ მასში ყველა თაობა და ყველა ეროვნება უნდა იყოს ჩართული. ეს იმას ნიშნავს, რომ 30 წლის განმავლობაში რაც ერთმანეთთან ბრძოლა და ჩხუბი გვქონდა, თავი დავანებოთ და ნაბიჯები შერიგებისკენ გადავდგათ, მოსანანიებელი მოვინანიოთ. ამის გაკეთება პოლიტიკურადაც და ეკლესიურადაც შეიძლება, ვაღიაროთ შეცდომები და დავდგეთ საქართველოსთვის. მე ვფიქრობ, რომ ესაა გახარიას მთავარი პრინციპი. 30 წლის განმავლობაში სერიოზული შეცდომებია დაშვებული. გაიხლიჩა საზოგადოება, გახარიას ამოცანა კი ამ გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანება და შერიგებაა”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კუდი აეწვათ და დაიწყეს იერიში” - იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ გახარიას გამოჩენამ “ოცნებაში” ბევრი შეაშინა.
“ადამიანს აქვს ოცნება, ზოგჯერ სრულდება, ზოგჯერ არა, მაგრამ მუდმივად რომ ოცნება არ დასრულდეს, არ შეიძლება. ოცნება მოვიდა და კიდევ “ოცნება” ვიძახოთ, გავიდეს ოცი და ორმოცი წელი და კიდევ “ქართული ოცნება” დავარქვათ? ცვლილებების დროა და ვფიქრობ, რომ სიტყვა “საქართველოსთვის” მორგებული და კარგია. ამაში უნდა ჩაერთონ ყველა ე.წ. ზვიადისტებიც, საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების მომხრეები, აქ უნდა ჩაერთოს შევარდნაძის პერიოდის ხალხი თავის მონანიებით, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეები, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც და ამ ახალმა პარტიამ მათი თავმოყრა უნდა შეძლოს, ამას გამართული პროგრამითა და ეროვნული სახელმწიფოებრივი კონცეფციით შეძლებს, რომელმაც შედეგი უნდა მოგვცეს. მინიმუმია ხელისუფლებაში მოსვლა და მაქსიმუმია შემდეგ კეთილდღეობის, მშვიდობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და მოპოვება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.
“ახლა გახარია თუ გაითვალისწინებს ამ 30 წლის მანძილზე დაშვებულს და თავის შეცდომებს (მას დანაშაული არ ჩაუდენია), და ეროვნულ კონცეფციას შექმნის, მას აქვს სერიოზული შანსი. იგი არის პიროვნება, რომელისაც ეროვნულ სახელმწიფოებრივი სწორი კონცეფციით და ხალხის დაჯერებით და რწმენის ჩანერგვით, მას შეუძლია თავისი სერიოზული სიტყვა თქვას. გნებავთ უახლეს არჩევნებში მან ისეთი შერიგების იდეა უნდა წარმოადგინოს, რომ მხარს ყველა პარტიის ამომრჩეველი დაუჭერს, მათ შორის მრავალრიცხოვანი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. ორი კვირაა რაც მოძრაობა ჩამოყალიბდა და უნდა აცადონ. ახლა “ოცნების” წარმომადგენლები გამოდიან... მანამდე ერთად იყვნენ და მის პოლიტიკას აქებდნენ, ახლა მის წინააღმდეგ გამოდიან. ესაა ქართული პოლიტიკის სირცხვილი, ამ სირცხვილით კი არაფერი არ გამოვა და საქართველოს პოლიტიკა დაიღუპება”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
“რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას “დიდ სიურპრიზის” შესახებ, პოლიტიკაში არსებობს ასეთი რამ, პოპულიზმი და ზოგჯერ პოპულისტური განცხადებები უნდა გააკეთო. მსოფლიოში არ არის არც ერთი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც რასაც საარჩევნოდ ჰპირდებიან, ყველაფერს ასრულებდეს. ესაა ხალხის მოსაზიდად, რომ მოვიდეს და მხარი დაუჭიროს. მიშა ხელისუფლებაში ვერ მოვა, თუმცა სურს, რომ ამით შეინარჩუნის ის პოზიცია, რაც ახლა აქვს. მიშას სერიოზული შეცდომები აქვს დაშვებული, რომელსაც დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცა, თუმცა ჰყავს თავის მხარდამჭერებიც. რა არის სიურპრიზი? მას შეუძლია, რომ საქართველოში ჩამოიდეს, საიდან ჩამოვა ეს უკვე მეორე მხარეა, თუ იგი ასე თვლის, რომ ჩამოვა და მას 50 ათასი კაცი დახვდება, მაშინ როგორც უკრაინაში გააკეთა, ამას გაიმეორებს”, - ამბობს რესპონდენტი.
“ციხეში შესვლა არაფერია, როგორ გამოდიხარ იქიდან, ისაა მთავარი. შეიძლება გამოხვიდე გმირად, შეიძლება გამოხვიდე მონად. ციხეში იჯდა მერაბიშვილიც, უგულავაც და გმირებად არც ერთი არ გამოსულა და საზოგადოებაში მათი რეიტინგი არაფერია, ვერც მელია ვერ გამოვიდა გმირად, თუმცა უნდოდა. თუ მოდის და ესაა სიურპრიზი, და 20 ათასი კაცი გარს შემოერტყა, მისი დაჭერა ასე ადვილიც არაა. ეს ხალხი თუ დაიძრა სიტყვაზე პარლამენტისკენ, ეს უკვე რევოლუციაა. მიშა რევოლუციის ოსტატია, იცის როგორ მოაწყოს, თუ მის გვერდით 30-40 ათასი კაცი დადგება”, - დასძენს იგორ კვესელავა და შეკითხვაზე - “ასეთ შემთხვევაში დანარჩენი ოპოზიციის როლი რა იქნება?”, - პასუხობს:
“ვინც ოპოზიციონერებს ხმა მისცა, ესაა ერთი მილიონი კაცი და ეს ერთი მილიონი ბევრ რამეს ნიშნავს, ეს არის ოპოზიციის ხელისუფლებაში რევოლუციით კი არა ფაქტობრივად მშვიდობის გზით მოსვლა. ჩვენ კოალიციური მმართველობა არ გვქონია. “ოცნების” წარმომადგენლებს ბევრს არა, მაგრამ ნაწილს კუდი აეწვა, რადგან როცა შენ აკრიტიკებ სხვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერია და მისი გეშინია. გახარიასი ეშინიათ. სამკაციან პარტიებს რატომ არ აკრიტიკებენ? ბუნებრივია თავდაცვის რეჟიმში არიან”.
სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” ივნისის ნომრის N4 (278) მიმოხილვა
ქართული ავტომატი და დრონი? ... მალე! / ომების ქარცეცხლში დაბადებული არმია / დაძაბულობა შავ ზღვაში / მესაზღვრეები სამშობლოს სადარაჯოზე / “ჰარვარდის პროექტის” ქართველი რესპონდენტები (გაგრძელება) / “დაჟინებულობა” - წითელი პლანეტის ახალი ბინადარი / განახლებული უკრაინული ტანკები / რა ელის ავღანეთს / ქართულ სახელმწიფო ჯილდოთა დაწესების მეორე პროექტი (წერილი მეორე) / მეხანძრე-მაშველები ხალხის გვერდით / რას გადაურჩა ფოთი 1914 წელს / რა სიახლეებით ხვდება შსს პოლიციის პროფესიულ დღეს / ომში შვილის მოსანახულებლად სანგარში ჩასული დედა... / უცნაური პისტოლეტი 50 ვაზნით
“პარტნიორებთან ერთად შექმნილ საწარმოებში სამხედრო პროდუქციის აწყობა საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ამოქმედების ყველაზე სწრაფი და ნაკლებად სარისკო გადაწყვეტილებაა... “მინდა მოგახსენოთ სასიხარულო ამბავი, რომელიც M4 ავტომატების წარმოების დაწყებას უკავშირდება. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო “დელტის” ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება და M4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას. M4 ტიპის ავტომატურ კარაბინებს, იმავე ავტომატებს, აშშ-ის გარდა, კიდევ ათობით ქვეყანა თუ კერძო კომპანია აწარმოებს ლიცენზიით. ჩვენს “დელტაშიც” სცადეს წლების წინ დაწყებულიყო M4-ისა თუ “ჰეკლერ და კოჰის” ავტომატური კარაბინების აწყობა, თუმცა სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო ეს ვერ მოხერხდა”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N4, ივნისი, 2021) სტატიაში, სათაურით ქართული ავტომატი და დრონი? ... მალე!
“M4 ტიპის ავტომატური კარაბინები მე-13 წელია ქართული არმიის პირადი შემადგენლობის მთავარ საშტატო შეიარაღებაა. ეს იარაღი ჩვენმა ჯარისკაცებმა კარგად აითვისეს ქართულ პოლიგონებსა თუ ავღანეთის მივლინებებში და მშვენივრად იციან მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. შეიძლება უფრო თანამედროვე “ჰეკლერ და კოჰის” HK416 ტიპის ავტომატური კარაბინის სერიული აწყობა ჯობდა (თავად აშშ-ის არმია ბოლო რამდენიმე წელია განიხილავს M4-ის HK416-ით შეცვლის პერსპექტივას), მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის საამწყობო საამქრო "დელტაში", რათა საქართველო შეუერთდეს იარაღის მწარმოებელი (ამწყობი) ქვეყნების რიცხვს. ჩვენივე M4-ებით შევძლებთ ოთხ ათეულ ათასამდე ავტომატის განახლებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის (ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის რესურსი ათი ათასამდე გასროლაა და ისიც საჭიროებს განახლებას), ასევე შსს-ს პარამილიტარული ძალების აღჭურვას და, ბოლოს და ბოლოს, მესაზღვრეების “კალაშნიკოვების” ჩანაცვლებას M4-ით, რათა საქართველოში ძირითადი საშტატო შეიარაღების ერთიანი სტანდარტი დამკვიდრდეს ერთიანი ვაზნის გამოყენებით”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამასთან, დროთა განმავლობაში შეიქმნება M4-ების სამობილიზაციო რესურსიც, რომლის როლს დღეს არმიის მიერ საწყობებში ჩაბარებული ორი სხვადასხვა კალიბრის “კალაშნიკოვის” ავტომატი ასრულებს, რომელთა ვაზნების საჭირო მარაგის შევსება რეზერვისტებისთვის დამატებით ხარჯს მოითხოვს. საქართველოში M4-ის ტიპის ავტომატური კარაბინების აწყობის პროცესის დაწყება ასევე აქტუალურს გახდის მისთვის საჭირო 5,56 მმ კალიბრის ვაზნების წარმოების პერსპექტივას, ხოლო თუკი ორივე პროდუქტის - M4 ტიპის ავტომატური კარაბინებისა და მისთვის განკუთვნილი 5,56 მმ კალიბრის ვაზნების სამამულო წარმოება დაიწყება, საქართველოს მიეცემა საშუალება შიდა მოთხოვნის (არმია, შსს და რეზერვი) დაკმაყოფილების გარდა, ისინი იარაღის საერთაშორისო ბაზარზეც გაიტანოს და მოგება ნახოს. პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ქართული არმიის მეორე საჭირბოროტო თემასაც - დისტანციურად მართვად უპილოტო საფრენ აპარატებს შეეხო”, - განაგრძობს გამოცემა...
“რუსეთის იმპერიაში 1917 წელს დაწყებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა პროცესებმა საქართველოს თავისუფლებისკენ გზა გაუხსნა, მაგრამ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქვეყანას როგორც შიდა, ასევე გარე მტრები არ აკლდა და სანუკვარი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე არაერთი ომის გადატანა მოუხდა. 1917 წლის სექტემბერში კავკასიაში თურქეთთან ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი დუხონინის ბრძანებით, ქართული კორპუსის ჩამოყალიბება დაიწყო 3 მსროლელი დივიზიის, 2 სამთო-საარტილერიო ბრიგადის, ცხენოსანთა ბრიგადის, საინჟინრო ბატალიონისა და სხვა ნაწილების შემადგენლობით. კორპუსის მეთაურად პოლკოვნიკი სტეფანე ახმეტელაშვილი დაინიშნა, შტაბის უფროსობა კი პოლკოვნიკმა სოსო გედევანიშვილმა ჩაიბარა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ომების ქარცეცხლში დაბადებული არმია.
“ქართული კორპუსის პარალელურად, დეკემბრიდან საქართველოს სხვადასხვა რაიონში წითელგვარდიელთა რაზმები გამოჩნდნენ, ხოლო პარტიები პოლიტიკური იდეებით გაერთიანებულ მოხალისეთა შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნიდნენ. ყველასთვის მთავარი პრობლემა იარაღის ნაკლებობა იყო. ეს იმ დროს, როცა რუსეთის არმიის მიერ თურქეთში მიტოვებულ საწყობებში იარაღის უზარმაზარი მარაგი ინახებოდა, მაგრამ რუსი ბოლშევიკები ქართველ სამხედროებს იარაღის გატანის საშუალებას არ აძლევდნენ და აპატიმრებდნენ. სამაგიეროდ, თანამოაზრეებს შავიზღვისპირეთში უხვად ამარაგებდნენ. 1918 წლის დასაწყისში ბათუმში რთული ვითარება შეიქმნა - ტრაპიზონიდან ევაკუირებული რუსი სამხედროებით დატვირთული სატრანსპორტო გემები ჩერდებოდნენ. ნაპირზე გადმოსულ და ბოლშევიკური იდეებით გაბრუებულ ჯარისკაცებსა თუ მეზღვაურებს დისციპლინა აღარ მოეკითხებოდათ. ბოლშევიკები ვართო, გაიძახოდნენ და გაუთავებელი ლოთობა-ჩხუბით მოსახლეობა შეწუხებული ჰყავდათ. იყო შემთხვევები, როცა ქუჩაში შემხვედრ მათნაირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს არ ინდობდნენ, შეურაცხყოფდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, წესრიგისკენ მოწოდებას კი ზღვიდან ბათუმის დაბომბვის მუქარით პასუხობდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საჭირო იყო გადამჭრელ ღონისძიებათა გატარება, თანაც ისეთ დროს, როცა პორტში რუსი სამხედროების მინიმალური რაოდენობა იქნებოდა. 1918 წლის 5 (18) მარტის დილის 4 სთ-ზე ბათუმის წითელი გვარდიის 150-კაციანმა რაზმმა და დავით მიქელაძის ასმა ჯარისკაცმა სანაპიროსკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს, პორტს ალყა შემოარტყეს და შიგნით შევიდნენ. პროჟექტორებმა პორტი გაანათეს და მიხეილის სიმაგრეების არტილერიამ ცეცხლი გახსნა პორტიდან ხომალდების გასვლის დასაბრკოლებლად. დაიწყო პორტში რუსული ხომალდებისა და გემების ეკიპაჟების დაპატიმრება. ქართველმა სამხედროებმა განაიარაღეს, ნაპირზე გადაიყვანეს “თვალ-მოუფშვნეტელი, პირდაუბანელი 300-მდე მატროსი და ბათუმის ციხეში უკრეს თავი”. კარგად ჩატარებული ოპერაციით რამდენიმე საათში ბათუმში რუსი სამხედროების განუკითხაობას წერტილი დაესვა”, - განაგრძობს გამოცემა...
“შავ ზღვაში, ფაქტობრივად, 2008 წლის აგვისტოდან გამოუცხადებელი საზღვაო ომი მიმდინარეობს, თანაც მსხვერპლით, რომელიც ვითარების გამწვავების შემთხვევაში უფრო მეტად მოიმატებს და მასშტაბიც ბევრად დიდი ექნება. ცოტა ხნის წინ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გადამდგარმა ადმირალმა, ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ჯეიმზ სტავრიდისმა სააგენტო Bლოომბერგ-ისთვის დაწერილ სტატიაში პოტენციურ საზღვაო ცხელ წერტილებში სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან ერთად შავი ზღვაც დაასახელა. ამერიკელი ადმირალის აზრით, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის შემდგომ გაუარესებას შეიძლება შავ ზღვაში ომი მოჰყვეს, სადაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგობას დასძლევს, ხოლო ნატომ რომც მოინდომოს, დახმარებას სწრაფად ვერ მოახერხებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით დაძაბულობა შავ ზღვაში.
“შემდეგ გადამდგარი ადმირალი იხსენებს 2014 წლის რუსეთის აგრესიას, რომლის დროსაც უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს შეტევითი კიბერ ომის მეთოდები, სპეცდანიშნულების ძალები განმასხვავებელი ნიშნების გარეშე, ფარული შეტევები უკრაინის სატრანსპორტო კვანძებზე, პროპაგანდა სოციალური ქსელებითა და ტრადიციული ელვისებური დარტყმები. ახალი ომის სურათს ამერიკელი ადმირალი ასე ხედავს: რუსეთი ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებული კატარღებით საზღვაო და სახმელეთო მიზნებს შეუტევს, შვეულმფრენებსა და სადესანტო ხომალდებს სპეცდანაყოფების დესანტირებისთვის გამოიყენებს, წყალქვეშა ნავები უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს დაესხმებიან თავს, დაიწყება კიბერშეტევები, პარალიზებული იქნება უკრაინის სარდლობა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჯეიმზ სტავრიდისის აღწერილი სურათი ემთხვევა იმ დიდი სწავლების ხასიათს, რომელიც რუსეთმა აპრილის მეორე ნახევარში ყირიმში ჩაატარა 10 ათასზე მეტი სამხედროს, სამხედრო ტექნიკის 1 200 ერთეულის, 40-ზე მეტი სამხედრო ხომალდისა და 20-მდე უზრუნველყოფის გემის მონაწილეობით. მოსკოვის განმარტებით, სწავლების მიზანი ყირიმისა და ყირიმის ხიდის დასაცავ ღონისძიებათა სრულყოფა, პირობითი მოწინააღმდეგის საჰაერო და საზღვაო დესანტების მოგერიება იყო – ანუ სწავლება მხოლოდ თავდაცვით მოქმედებათა დამუშავებაზე იყო გათვლილი. თუმცა მოსკოვის გულწრფელობაში დაეჭვების საფუძველს იძლევა სწავლებაში მონაწილე ძალები და საშუალებები. კერძოდ, ყირიმში განლაგებულ სახმელეთო, სადესანტო და შავი ზღვის ფლოტის ძალებს დაემატა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების მე-7, 76-ე და 98-ე დივიზიების დანაყოფები, ჩრდილოეთის ფლოტის 2 დიდი სადესანტო ხომალდი, კასპიის ზღვის ფლოტილიის 8 სადესანტო კატარღა. კასპიის ზღვიდან ვოლგა-დონის არხის გავლით გადმოყვანილი სადესანტო კატარღებიდან თითოეული 100 საზღვაო ქვეითს ან ჯავშანტექნიკის 1-2 ერთეულს იტევს და სადესანტო ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი”, - განაგრძობს გამოცემა...
“1918 წლის მაისში ახალშექმნილი საქართველოს სახელმწიფო არსებობის პირველივე დღეებში საზღვრების საიმედო დაცვის წინაშე დადგა, ამიტომაც სამხედრო სამინისტროს შემადგენლობაში სანაპირო ჯარის შექმნა გადაწყდა. 1918 წლის 6 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ ჩხეიძეს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ გიორგაძემ დასამტკიცებლად გაუგზავნა საქართველოს სანაპირო რაზმის შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის კანონპროექტი, რომლის განმარტებით წერილში ნათქვამი იყო: "როგორც ზღვით, ისე ხმელეთის სანაპირო ხაზზე თვალყურის დასაჭერად უკანონო იარაღისა და კონტრაბანდის შემოტანისა და შეიარაღებულ ბრბოთა შემოპარვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კარგად მოწყობილი სანაპირო ჯარები”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით მესაზღვრეები სამშობლოს სადარაჯოზე.
“დამოუკიდებელი ქვეყნის აშენება რუსეთის 1921 წლის თებერვლის აგრესიამ 70-ზე მეტი წლით შეაჩერა. 1991 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და თავიდან დაიწყო აუცილებელი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის, მათ შორის სასაზღვრო სამსახურის ჩამოყალიბების რთული პროცესი. სახელმწიფოსთან ერთად Fიზრდებოდა და ძალას იკრებდა სასაზღვრო სამსახური. ამის შედეგი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 იანვრის ბრძანებულებით ყოველი წლის 21 მარტი მესაზღვრეთა დღედ დაწესდა. წლევანდელ მესაზღვრეთა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გოჩა ჯანჯღავა სასაზღვრო სექტორ “ლეკისყურეს” ეწვივნენ და მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა, ხოლო ხუთ მათგანს შს სამინისტროს სამკერდე ნიშანი “უმწიკვლო სამსახურისთვის” გადასცა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სექტორი “ლეკისყურე” ერთ-ერთია იმ ოთხიდან, რომლებიც გასულ წელს აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DთღA) მხარდაჭერით აშენდა და სათანადო ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით 27 მარტს სასაზღვრო პოლიციის 150-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა, ხოლო 8 თანამშრომელი შსს-ს სამკერდე ნიშნით “უმწიკვლო სამსახურისთვის”, 3 კი მედლით `სასაზღვრო პოლიციაში უმწიკვლო სამსახურისთვის~ დაჯილდოვდა. ორ თანამშრომელს უფროსი სპეციალური წოდება ვადაზე ადრე მიენიჭა. საერთაშორისო ორგანიზაციები სასაზღვრო სექტორების განახლება-აღჭურვის გარდა მესაზღვრეების სათანადო ტექნიკით, სატრანსპორტო და სხვა საშუალებებით აღჭურვაზეც ზრუნავენ”, - განაგრძობს გამოცემა...
“ჰარვარდის პროექტის” ქართველი რესპონდენტებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მიხეილ კედიას (1902-1954) ინტერვიუ იმსახურებს. ის ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმის უფროსის მელქისედეკ (მექი) კედიას (1878-1945) ვაჟი იყო და თავადაც აქტიურად იყო ჩართული ქართული ემიგრაციის ცხოვრებაში. მიხეილ კედიას პიროვნების შეფასება არაერთგვაროვანი იყო და არის, რაც უპირველესად 1940-1945 წლებში გერმანიის ნაცისტურ ხელისუფლებასთან მის მჭიდრო თანამშრომლობას უკავშირდება”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით “ჰარვარდის პროექტის” ქართველი რესპონდენტები (გაგრძელება).
“საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიხეილ კედიას დისშვილია, მოგონებების წიგნში “საქართველოსკენ” ამგვარად იხსენებს ბიძას (ავტორის სტილი უცვლელია ): “ბიძაჩემი მიშა კედია დედაჩემის ძმა იყო. ომის დროს გერმანელებთან მოღვაწეობდა. ამის თქმა აღშფოთებას იწვევს ხოლმე და ცოტა დრო როდი დამჭირდა, რომ მე... ჯერ კარგად გამეგო და მერე მივმხვდარიყავი, როგორ მოხდა, რომ ბიძაჩემი ნაცისტებთან თანამშრომლობდა... მამაჩემი ბიძის არჩევანს არ იზიარებდა და ამის გამო დედა, რომელიც ჯერ მამაჩემის ცოლი არ იყო, ომის წლებში მამას არ ესალმებოდა". დღესაც ცხარე კამათის საგანია გერმანიის ნაცისტურ ხელისუფლებასთან ქართველი ემიგრანტების თანამშრომლობა და ამჟამად ამ ურთულეს საკითხს არ შევეხებით”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მიხეილ კედიასთან ინტერვიუ-გასაუბრება 1951 წლის 8 აპრილს ჟენევაში (შვეიცარია) გაიმართა. უცნობი ინტერვიუერი შემდეგ წინასიტყვაობას დაურთავს მიხეილ კედიას პასუხებს (ავტორის სტილი უცვლელია): “რესპონდენტი არის მიხეილ კედია, ომის დროს ქართული პროგერმანული მიმართულების ხელმძღვანელი. ის ახლა ჟენევაში ცხოვრობს, რადგანაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს საფრანგეთში (სადაც ის ომამდე ცხოვრობდა და სადაც ახლა მისი ოჯახი იმყოფება). ასევე, მის გადაცემას მოითხოვდა საბჭოთა კავშირის მთავრობაც. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, საკმაოდ ცალმხრივი და ტენდენციურია საკუთარი პოლიტიკური რეაბილიტაციის მიზნით, უდიდესი ღირებულების მქონე გახლავთ. რესპონდენტი მზად არის საშუალება მისცეს ინტერვიუერს გაეცნოს მის უზარმაზარ პოლიტიკურ არქივებს. ინტერვიუს დროს იგი დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად განხორციელდებოდა მის მიერ მიცემული ჩვენებების გადამოწმება გერმანელი ჩინოვნიკის, პროფესორ ფონ მენდეს მონაცემებთან, რომელთანაც კედია ძირითადად საქმიანობდა”, - განაგრძობს გამოცემა...
“2021 წლის 18 თებერვალს წითელი პლანეტის შესწავლის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. სწორედ ამ დღეს მარსის ზედაპირზე მორიგი მარსმავალი – აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს NASA-ს ისტორიაში რიგით მეხუთე Perseverance (“დაჟინებულობა”) წარმატებით დაეშვა. აპარატის კონსტრუქციაში გამოყენებული მოწინავე საინჟინრო გადაწყვეტილებები და თანამედროვე ტექნოლოგიები ამ მარსმავალს წითელ პლანეტაზე გაგზავნილი სხვა რობოტებისგან საგრძნობლად განასხვავებს. მთელ რიგ ტექნიკურ სიახლეებთან ერთად, Perseverance-ი კოსმონავტიკის ისტორიაში პირველი ობიექტია, რომელსაც საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატი აქვს. 1,8 კგ წონის შვეულმფრენი, სახელად Ingenuity ("გამჭრიახობა"), მარსმავალს მიმდებარე ლანდშაფტის დაზვერვასა და გადაადგილების მარშრუტის განსაზღვრაში დაეხმარება”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით “დაჟინებულობა” - წითელი პლანეტის ახალი ბინადარი.
“XX საუკუნის მეორე ნახევრიდან კოსმოსის ათვისებასთან ერთად მარსის შესწავლაში ახალი ეტაპი დაიწყო. 1960-1964 წლებში საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა მარსისკენ რამდენიმე კვლევითი ზონდი გაუშვეს. ყველაზე შედეგიანი Mარინერ-2 იყო, რომელმაც 1965 წელს დედამიწაზე წითელი პლანეტის 22 ფოტო გამოგზავნა. 1969 წელს ზონდებმა Mariner-6-მა და Mariner-7-მა დედამიწაზე უკვე 202 ფოტოსურათი გამოგზავნეს. სამხედრო დანიშნულების კოსმოსური აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტებით გატაცებულ საბჭოეთს კვლევითი საქმიანობისთვის არ ეცალა, ამიტომაც მარსის შესწავლაში პირველობა აშშ-ს ეკუთვნის. 1976 წელს ამერიკელებმა წითელ პლანეტაზე ორი ავტომატური სადგური - Viking-1 და Viking-2 დასვეს. 1971 წელს, საბჭოთა კავშირმა ისევ მარცხი განიცადა - მარსზე დაშვებულ რობოტ ПроП-М-თან კავშირი დაშვებიდან 14,5 წმ-ში გაწყდა და ამით საბჭოეთმა წითელი პლანეტის ათვისება შეწყვიტა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“1990-იანი წლების დასაწყისში ამერიკელებმა 265 მლნ დოლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი Mars Pathfinder-ი წამოიწყეს და პროექტის ფარგლებში შექმნილი პირველი ამერიკული მარსმავალი - Sojourner-ი (“უცხოპლანეტელი”) წითელი პლანეტისკენ 1996 წლის 4 დეკემბერს გაემგზავრა. პლანეტის ზედაპირზე 7-სოლიანი (სოლი – ერთი მარსული დღე-ღამეა, ანუ 24 სთ და 37 წთ დედამიწის დროით) მოგზაურობისთვის გათვლილმა მარსმავალმა 83 სოლი იმუშავა და 3 თვეში “უცხოპლანეტელმა” 100 მ-მდე დაფარა. მომდევნო პროექტი, Mars Exploration Rover-ი, მარსის ათვისებაში უკვე ერთდროულად ორი, ტყუპი მარსმავლის, Spirit-ისა (“სული”) და Opportunity-ს (“ხელსაყრელი შესაძლებლობა”) გაგზავნას ითვალისწინებდა. 185 კგ-იან რობოტებს პანორამული და სანავიგაციო კამერები, ასევე პლანეტის ნიადაგის შემსწავლელი მოწყობილობები ჰქონდა”, - განაგრძობს გამოცემა...
“ცოტა ხნის წინ უკრაინა რუსეთთან ახალი ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა - მარტ-აპრილში უკრაინისა და სეპარატისტული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზღვრებზე ორმხრივი სროლა გახშირდა. სრული დატვირთვით ამუშავდა რუსული საინფორმაციო მანქანა, რომელიც ვითარების გამწვავებაში კიევს, აშშ-სა და ნატოს ადანაშაულებდა. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური უკრაინაში თურქი სპეცრაზმელებისა და სირიელი დაქირავებულების ჩასვლაზე ალაპარაკდა. გრძელდებოდა სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქის პასპორტების დარიგება. ვითარება ძალიან ჰგავდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდს ცხინვალის რეგიონში, რასაც საქართველოში რუსეთის აგრესია მოჰყვა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით განახლებული უკრაინული ტანკები.
“ყოველივე ამას დაემატა რუსეთ-უკრაინის საზღვრის 4000 კმ-ზე რუსეთის დაახლოებით 100-ათასიანი არმიის, ხოლო ოკუპირებულ ყირიმში არანაკლებ მრავალრიცხოვანი რუსული ძალების მასშტაბური სწავლებები. საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ სეპარატისტული ლუგანსკის 25-ათასიანი და სეპარატისტული დონეცკის 45-ათასიანი არმიები. ომის საფრთხე ძალიან დიდი იყო, თუმცა 2014 წელთან შედარებით ახლანდელი უკრაინის არმია მომზადებით, შეიარაღებითა თუ საბრძოლო სულისკვეთებით ბევრად ძლიერია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თანამედროვე შეიარაღებასთან ერთად, უკრაინის განვითარებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი არმიას საბჭოთა პერიოდში გამოშვებული, მაგრამ მოდერნიზებული სხვადასხვა ტექნიკით ამარაგებს. გასული წლის მიწურულს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ მირონიუკმა ჯავშანტექნიკის თაობაზე, კერძოდ, ტანკებზე, საყურადღებო განცხადება გააკეთა. უწყების მაღალჩინოსნის თქმით, უახლოეს 25 წელიწადში არმიისთვის მთავარი საბრძოლო ტანკი Т-64 იქნება, ხოლო მისი რესურსის გასახანგრძლივებლად დაწყებულია Краб-ის პროგრამით მუშაობა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ტანკის საცდელი ნიმუშის გამოცდა 2021 წლის მიწურულს ან 2022 წლის დამდეგს იგეგმება. პროგრამა “კრაბის” მიზანია ტანკის საბრძოლო ეფექტიანობისა და საიმედოობის ამაღლება მინიმალური ცვლილებებით, მაგრამ ტანკმშენებლობის მიღწევებისა და დონბასისთვის ბრძოლაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით. ახლახან ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ პოლიგონზე მოდერნიზებული Т-64БМ2 Булат-ი გამოცადეს ახალი 1 000-ცხ.ძალიანი დიზელის ძრავითა და ტრანსმისიით. უკრაინელ სპეციალისტთა შეფასებით, ახალი დიზელის ძრავა მნიშვნელოვანი ეტაპია, მათ შორის “კრაბისთვის”, ვინაიდან სხვადასხვა ტიპის ტანკისთვის ძრავის უნიფიცირებაა დაგეგმილი. საინტერესოა, რომ ხარკოვის მალიშევის სახელობის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ქარხანამ Т-64 ტიპის ტანკების სერიული გამოშვება 1963 წლიდან დაიწყო. მანამდე ქარხანა საბჭოთა არმიისთვის Т-44, Т-54 და Т-55 ტიპის ტანკებს აწყობდა”, - განაგრძობს გამოცემა...
“ავღანეთში 2001 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ომი 2021 წლის 14 აპრილს დასრულდა. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის ჯარი ავღანეთს 11 სექტემბრამდე დატოვებს. ავღანეთიდან გადიან ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცებიც, მათ შორის ქართველი სამხედროები. აშშ-ის კონგრესის კანონმდებლები შეშფოთებული არიან იმით, თუ რა შეიძლება მოხდეს ავღანეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანას დატოვებს ამერიკის ჯარი. ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთთან მოლაპარაკებაში ზალმაი ჰალილზადი ამბობს, რომ ავღანეთის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას - “თალიბანმა” შეთანხმების ყველა პირობა შეიძლება არ შეასრულოს, მაგრამ ავღანეთს განვითარების პერსპექტივა მაინც აქვს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით რა ელის ავღანეთს.
“ქართველი სამხედრო, რომელიც ახლა ქაბულში ნატოს ჯარების მხარდამჭერ სამსახურშია, იქ არსებულ ვითარებაზე გვიყვება. როგორც ქართველი კაპიტანი ამბობს, ამერიკელთა ქვეყნიდან გასვლას შეიძლება ავღანეთში “ცხელი ზაფხული” მოჰყვეს, შიდა დაძაბულობა უფრო გამწვავდეს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ამერიკას მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ძალიან აშინებს, რადგან არ სჯერა, რომ ავღანეთის ხელისუფლება, შეიარაღებული ძალები და პოლიცია “თალიბანს” წინააღმდეგობას გაუწევენ. “არა მგონია, ამერიკის ჯარის გასვლის შემდეგ მთავრობა ჩამოიშალოს და მმართველობა “თალიბანმა” აიღოს. არადა, ყველა, ვისაც კი ავღანეთში უცხოვრია, ვარაუდობს, რომ ვითარების გამწვავება გარდაუვალია. მე დიდი ხანია ავღანეთში ვარ, მანამდე საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან სამჯერ ვიყავი სამშვიდობო მისიით და მეტ-ნაკლებად ვიცი, რაც იქ ხდება”, - ამბობს ქართველი სამხედრო, რომლის თქმით, “ავღანეთის ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს ქვეყნის სრულად მართვას, ვინც უნდა უჭერდეს მხარს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პირადად ვარ ჩართული ავღანეთში შეიარაღებული ძალების ფორმირებაში, პროგრესი ნამდვილად არის, რასაც ვერ ვიტყვი ავღანურ პოლიციაზე, მაგრამ არც არმიის წინსვლაა საკმარისი. რამდენიმე თვის წინ “თალიბანი” “ალაჰ აქბარის” შეძახილით თავს დაესხა ერთ-ერთი პროვინციის პოლიციის განყოფილებას და რამდენიმე წუთში აიღო. მე ვნახე ვიდეოფირი, თუ როგორ ხოცავენ თალიბები 20-25 წლის პოლიციელებს. ერთი ტყვედ აიყვანეს, მაგრამ მან მოასწრო და თავი მოიკლა. ავღანელები, განურჩევლად პროფესიისა და შეხედულებისა, ტყვედ თითქმის არასდროს ბარდებიან, რადგან იციან, რა ელით. ამერიკას ავღანეთში 3 500-მდე ჯარისკაცი ჰყავდა, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების შესაბამისად უკვე დაწყებულია მათი გაყვანა. 11 სექტემბრამდე ქვეყანა ყველამ უნდა დატოვოს. ამერიკელები ამბობენ, რომ ამით დასრულდება ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი, თითქმის 20-წლიანი ომი, რაზეც ავღანელების ნაწილი პასუხობს, რომ ახალი, უფრო მწვავე შეტევები დაიწყება და ის მიღწევები, რაც ბოლო ხანებში ქვეყანას ამერიკის მხარდაჭერით ჰქონდა სხვადასხვა სფეროში, წყალში ჩაიყრება და ისევ რამდენიმე წლით დაიხევენ უკან”, - განაგრძობს რესპონდენტი...
“იარაღის ძალით თავს მოხვეულ რუსულ მმართველობას თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი არასდროს შეჰგუებია. ამას ნათელყოფს ის ანტიიმპერიული სახალხო აჯანყებანი, რომლებიც პერიოდულად იფეთქებდა ხოლმე საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში, დაწყებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში 1804 წელს ამბოხებით, რომელიც ცნობილია "მთიულეთის აჯანყების" სახელით. XIX საუკუნის პირველ ოცწლეულში საქართველოში ანტიიმპერიულ სახალხო აჯანყებათა სისხლში ჩახშობის შემდეგ, ქართველი მამულიშვილნი იძულებულნი გახდნენ, დროებით უარი ეთქვათ სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის შეიარაღებულ ბრძოლაზე და წინააღმდეგობის შენიღბული ფორმა აერჩიათ. ამის ნათელ გამოხატულებას წარმოადგენდა 1832 წლის დეკემბერში საქართველოში გამჟღავნებული ანტიიმპერიული ფარული მოძრაობა, რომელსაც ქართულ ისტორიოგრაფიაში უკანასკნელ დრომდე “1832 წლის შეთქმულებას” უწოდებდნენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ქართულ სახელმწიფო ჯილდოთა დაწესების მეორე პროექტი (წერილი მეორე).
“ამ განსაზღვრების დამკვიდრება ქართველ ისტორიკოსთა ნებით არ მომხდარა. საგულისხმოა, რომ ბოლო ხანს გამოთქმული მოსაზრების თანახმად, ეს განსაზღვრება “1832 წლის შეთქმულებრივი მოძრაობით” უნდა შეიცვალოს. ამ საყურადღებო მოსაზრების ავტორი, პროფესორი დიმიტრი შველიძე, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დაასკვნის: “უნდა აღდგეს ისტორიული სამართლიანობა, კერძოდ, რუსეთის იმპერიის მაღალჩინოსნების მიერ 1832 წლის “შეთქმულებად” კვალიფიკაცია უნდა უარყოფილ იქნეს და მას ეწოდოს... 1832 წლის შეთქმულებრივი მოძრაობა”. მასში ჩაბმული აღმოჩნდა საქართველოს იმდროინდელი მოწინავე თავადაზნაურული ინტელიგენციის წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა შორისაც იყვნენ: ალექსანდრე, გრიგოლ და ლუარსაბ ორბელიანები, გიორგი ქსნის ერისთავი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, მღვდელი ფილადელფოს კიკნაძე, რომელმაც ფარული საზოგადოების წესდება `აქტი გონიური~ შეადგინა, და სხვები”, - აღნიშნავს გამოცემა.
“შეთქმულებრივი მოძრაობის მონაწილეთა იდეური მიმართულება არაერთგვაროვანი გახლდათ. ვინაიდან მათ საერთო წარმმართველ ძალას თავადაზნაურობა წარმოადგენდა, ისინი სოციალურ სფეროში არსებით ცვლილებებს არ ითვალისწინებდნენ. მემარჯვენეები მხარს უჭერდნენ სამეფოს აღდგენას ბაგრატოვანი ხელმწიფით სათავეში, ოღონდ კონსტიტუციური მონარქიის სახით, ხოლო მემარცხენეებს კი, რომელთაც დაბალი სოციალური წრის წარმომადგენელი სოლომონ დოდაშვილი მეთავეობდა, საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ქცევა სურდათ. ორივე ფრთის იდეების პროპაგანდა მიმდინარეობდა საიდუმლო შეკრებებზე, ლიტერატურულ სალონებში. საოკუპაციო მმართველობის წინააღმდეგ მოწყობილი შეიარაღებული აჯანყების წარმატებით დასრულებისთანავე შეთქმულებრივი მოძრაობის მესვეურები გეგმავდნენ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესებას. ამ ფრიად პროგრესული იდეის ავტორი გახლდათ “საქართველოს სააღმასრულებო ექსპედიციის სოვეტნიკი” ანუ მრჩეველი - თავადი ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი (1802-1869), რომელიც ზოგჯერ იხსენიებოდა ჯამბაკურ-ორბელიანად”, - განაგრძობს გამოცემა...
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 12 ივნისს მეხანძრე-მაშველის დღეს უკვე მეექვსედ აღნიშნავს. 2020 წელი შს სამინისტროსა და თითოეული მეხანძრე-მაშველისთვის დიდი გამოწვევა იყო, პანდემიამ შეცვალა მოქმედების წესი, მასშტაბი და მოიტანა ახალი გამოწვევები. მეხანძრე-მაშველები ამ პანდემიაშიც უწყვეტად აგრძელებდნენ და აგრძელებენ მოქალაქეთა დახმარებას. მთაში, წყალზე, ხანძარში თუ სხვა უბედური შემთხვევების დროს მეხანძრე-მაშველებმა უამრავი მათგანი გადაარჩინეს. გრძელდება ასევე თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან. იგეგმება ერთობლივი, უწყებათშორისი სწავლებები და ახლდება ტექნიკა. გასულ წელს 100%-ით გაიზარდა მყვინთავი-მაშველების ხელფასი. მიმდინარე წელს მეხანძრე-მაშველებმა არაერთი მოქალაქე გადაარჩინეს. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” ყურადღებას ახალ ამბებზე შევაჩერებთ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით მეხანძრე-მაშველები ხალხის გვერდით.
“2021 წლის 20 აპრილს შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შეტყობინება შევიდა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში, მოქალაქეს მაშველების დახმარება დასჭირდა. მან ძლიერი ქარბუქის გამო ვერ მოახერხა გზის გაგრძელება და თერგის ნაპირზე გაჩერდა. შეტყობინების მიღებისთანავე მამაკაცის დასახმარებლად გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, მაშველთა ქვეითი ჯგუფი. ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა მამაკაცის დროულად პოვნა და სამაშველო მანქანამდე უვნებლად ჩაყვანა. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი ვარაზ წოწონავა: “სანამ შემთხვევის ადგილზე მივალთ, უკვე საკუთარ თავს არ ვეკუთვნი. გზაში არსებულ ინფორმაციაზე ვფიქრობ, წარმოვიდგენ, რა შეიძლება დამხვდეს. ვგეგმავ, რათა არ შემეშალოს არაფერი. მე თითოეულ მოქალაქეს იმედი არ უნდა გავუცრუო. თითოეული ნაბიჯის გადადგმამდე უნდა იფიქრო, რა შედეგი მოჰყვება შენს ქმედებას. საქმე ეხება როგორც გადასარჩენი ადამიანის, ასევე ჩემი და ჩემი თანაგუნდელების სიცოცხლეს. როგორ შეიძლება არ ვთქვათ, რომ ვრისკავთ, მივდივართ იქ, სადაც ხშირად ადამიანის მისვლა შეუძლებელია, მაგრამ ეს რისკი ყოველთვის შეფასებული და კარგად გათვლილია”. ვარაზ წოწონავა კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც რეაგირებამ სვანეთში ერთ-ერთ უღელტეხილზე მოუწიათ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გულის უღელტეხილზე ტურისტი მაშველების დახმარებას ითხოვდა. იმავდროულად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოში აშშ-დან შემოვიდა სპეციალური ზარი კომპანიიდან, სადაც დაფიქსირდა მესტიაში მყოფი ტურისტების სმს-სიგნალი და კოორდინატები. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში გადავარდა და სავარაუდოდ, დაიღუპა. შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. სამაშველო ჯგუფები მოქალაქეების დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენითა და სპეციალური აღჭურვილობით გავიდნენ. მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მამაკაცი უვნებლად იპოვეს, შვეულმფრენში აიყვანეს და დაუყოვნებლივ დაიწყეს ხევში გადავარდნილი ქალის საძიებო-სამაშველო ოპერაცია. სამწუხაროდ, მალე იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც სამაშველო ჯგუფებმა გადმოასვენეს. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მესტიის სამმართველოს მაშველები”, - განაგრძობს გამოცემა...
“1914 წლის 15 (28) ივლისს ავსტრია-უნგრეთმა სერბეთს, გერმანიამ 19 ივლისს (1-ლი აგვისტო) რუსეთსა და საფრანგეთს, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა 22 ივლისს (4 აგვისტო) გერმანიას ომი გამოუცხადეს. ევროპაში მსოფლიო ომი გაჩაღდა და საბრძოლო მოქმედებებმა ხმელეთთან ერთად ატლანტის ოკეანე, ხმელთაშუა, ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვები მოიცვა. საზღვაო ბატალიების ხმა არ ისმოდა შავ ზღვაში, სადაც თურქეთი ორაზროვანი პოლიტიკით მშვიდობასა და ომს შორის ბალანსირებდა. მაგრამ ცხადი იყო, რომ ომის ქარცეცხლი შავ ზღვასაც გადასწვდებოდა, რასაც შავიზღვისპირა ქვეყნებს შორის წინააღმდეგობა და განსაკუთრებით რუსეთ-თურქეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული დაპირისპირებაც ხელს უწყობდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით რას გადაურჩა ფოთი 1914 წელს.
“ომმა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხმელთაშუა ზღვის დივიზია და მისი უფროსი ვიცე-ადმირალი ვილჰელმ სუშონი. მშვიდობიან დროს კაიზერის სამხედრო მეზღვაურები ხმელთაშუა ზღვაში გერმანიის ინტერესებს იცავდნენ. ომიანობაში დივიზიას ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში ჯერ საფრანგეთის სამხედრო გადაზიდვების მოშლის, შემდეგ ატლანტის ოკეანეში ანტანტის ქვეყნების სავაჭრო ფლოტის წინააღმდეგ კრეისერული ომის წარმოების დავალებები უნდა შეესრულებინა. დივიზია მხოლოდ სახაზო კრეისერ Goeben-ისა და მსუბუქი კრეისერ Breslau-სგან შედგებოდა და ინგლისელთა მრავალრიცხოვან ფლოტთან დაპირისპირების შემთხვევაში გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, ადმირალ სუშონის უნარიანი მოქმედებებითა და მოხერხებულობით მოწინააღმდეგეს თვალსა და ხელს შუა დაუძვრა და 28 ივლისს (10 აგვისტო) ორივე ხომალდი დარდანელის სრუტეში შევიდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გერმანულმა ხომალდებმა თურქეთის მერყევი პოზიცია ბერლინისკენ გადახარა და შავ ზღვაში რუსეთ-თურქეთის ფლოტების თანაფარდობა ძირფესვიანად შეიცვალა მეორის სასარგებლოდ. სახაზო კრეისერი Gოებენ-ი შეიარაღებით, სიჩქარითა და ჯავშნით ნებისმიერ რუსულ სახაზო ხომალდს აღემატებოდა, ხოლო საბრძოლო ძალა დაახლოებით 3 რუსული სახაზო ხომალდის ტოლფასი ჰქონდა. სიჩქარეში 10-კვანძიანი უპირატესობა ბრძოლისთვის ხელსაყრელი ადგილისა და მომენტის შერჩევის კარგი საშუალება იყო. ხომალდის 280 მმ-იანი ქვემეხები საუკეთესოდ ითვლებოდა და რუსული სანაპირო დაცვის ქვემეხებს სროლის სიშორითა და სწრაფსროლით აღემატებოდა. მსუბუქი კრეისერ Breslau-ს შეიარაღება შედარებით სუსტი იყო, მაგრამ 27-კვანძიანი სიჩქარე ეკიპაჟს არახელსაყრელი მდგომარეობიდან თავის დაღწევის საშუალებას აძლევდა. 1914 წლის 8 (21) სექტემბერს გერმანული მსუბუქი კრეისერი Breslau თურქული სანაღმო კრეისერისა და 2 ნაღმოსნის თანხლებით შავ ზღვაში პირველად შემოვიდა. 20 სექტემბერს (3 ოქტომბერი) მას სახაზო კრეისერი Goeben-I მოჰყვა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“16 ოქტომბერს თურქეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა. ეს ნიშნავდა, რომ შავ ზღვაში რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებში გერმანული ხომალდები ჩაებმებოდნენ, რაც რუსებს ძალიან აშინებდა, ხოლო კავკასიის არმიისა და შავი ზღვის ფლოტის სარდლობა შეაფიქრიანა. ამის შედეგი იყო, რომ შავ ზღვაში ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაღმოსანთა დივიზიონის ფოთში შესვლას ადგილობრივი გარნიზონის სანაპირო პოსტი ცეცხლით შეეგება. რიონის (ფოთის) რაზმის უფროსი 5-დან 6 ნოემბერს ღამით ანაკლიასთან თურქული დესანტის გადმოსხმის შესახებ იტყობინებოდა. გერმანული ხომალდებისგან დარტყმის საფრთხე უპირველესად ემუქრებოდა კავკასიის სანაპირო ზოლში მდებარე ბათუმის, ფოთისა და სოხუმის პორტებს. თავდასხმის მოსაგერიებლად შედარებით დაცული იყო ბათუმი, რომელსაც სანაპიროდან მიხეილის სიმაგრეები, ხოლო ზღვიდან სახომალდო საზღვაო რაზმი იცავდა. უფრო ცუდ მდგომარეობაში იყო ფოთის პორტი, საიდანაც რუსეთის იმპერიის მეტალურგიული ქარხნები მარგანეცის მადანს იღებდნენ. კავკასიის არმიის სარდლობას ფოთის დასაცავად ორი 152 მმ-იანი 190-ფუთიანი და ოთხი 76 მმ-იანი საველე ქვემეხი ჰქონდა, ხოლო სოხუმის პორტს ორი 152 მმ-იანი კანეს სისტემისა და ოთხი 76 მმ-იანი საველე ქვემეხი იცავდა”, - განაგრძობს გამოცემა...
“31 მაისს შს სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს. გასული წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც “კოვიდ-19”-ის გამო თითქმის მთელ მსოფლიოს ახალი რეგულაციებით უწევდა ცხოვრება, პოლიციელებს არაერთი ახალი ფუნქცია დაემატათ, მათ შორის თვითიზოლაციაში მყოფ პირთა პერიოდული მონიტორინგი, კონკრეტული მაღალი რისკის შემცველი ლოკაციების იზოლირება, სპეციალური ბლოკპოსტებისა და საკარანტინე ზონების მოწყობა-დაცვა, პირბადის ტარების გაკონტროლება, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტების გამოვლენა და სხვ. პოლიციის დღესთან დაკავშირებით სამინისტრომ მოამზადა 2020 წლის ანგარიში, რომლის თითქმის სრულ ვერსიას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” გაგაცნობთ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით რა სიახლეებით ხვდება შსს პოლიციის პროფესიულ დღეს.
“გასული წლის განმავლობაში შსს-მ საქართველოში 5 ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. “ქურდული სამყაროს” წევრობის, მხარდაჭერისა და მისთვის დახმარების თხოვნით 49 პირია დაკავებული. 2020 წლის განმავლობაში უწყებამ დააკავა 72 ნარკორეალიზატორი. საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად ამოღებულია 40 კგ ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი. დაკავებულია 16 ონლაინვაჭრობაში ჩართული პირი. დაიხურა 13 ნარკოსარეალიზაციო ინტერნეტმაღაზია, გამოვლენილია “მეფედრონის” დამამზადებელი ლაბორატორია, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია 89 კგ ჰეროინი, 1 კგ კოკაინი, 7 000 აბი სუბოტექსი/სუბოქსინი, 6,5 კგ ახალი სახის ფსიქოაქტიური ნივთიერება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“უწყების ცნობით, გასული წლის სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ 11%-ით შემცირდა დანაშაული. კიბერდანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 24%-ით, ოჯახში ძალადობა 8%-ით, ხოლო მკვლელობა 11%-ით გაიზარდა. ასევე გაიზარდა ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მომართვიანობა და ეფექტიანი რეაგირება. დანაშაულის სტატისტიკა შემცირდა 10%-ით. კონკრეტულად, ყაჩაღობა 42%-ით, გამოძალვა -32%-ით, ძარცვა - 25%-ით, ქურდობა - 12%-ით, ბინების გაქურდვა - 28%-ით, მკვლელობის მცდელობა - 5%-ით. დანაშაულთან ბრძოლის სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია 6 პირი; კიბერდანაშაულის ჩადენის გამო შსს-მ დააკავა და პასუხისგებაში მისცა 152 კიბერდამნაშავე; ადამიანის უფლებების დაცვაში მდგომარეობა ამგვარია: ამოქმედდა არასრულწლოვანთა საქმეთა სამმართველო; სამინისტროს შენობებში შეიქმნა ბავშვზე მორგებული გარემო; დაწესდა მოძალადის ელექტრონული მონიტორინგი; გაფართოვდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, კოორდინატორებმა 1000-მდე მოქალაქეს გაუწიეს მომსახურება”, - განაგრძობს გამოცემა...
“ქალბატონ ეთერ თოდუას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შევხვდი. დირექტორის მოადგილემ, ბატონმა ჯანდრი უბირიამ სათნო სახის, შავებში ჩაცმული ქალი გამაცნო, ეს ქალბატონი ჩვენი დაღუპული მეომრის, ვაჟა თოდუას დედაა და გულდასმით მოუსმინეო. დავსხედით, საუბრობდა მშვიდად, აუღელვებლად და იმავდროულად, დიდი ტკივილით, თან მძიმე ისტორიის მოსმენისთვის მიბოდიშებდა. მიამბობდა, როგორ ჩააკითხა შვილს ომში, რა წინააღმდეგობები გადალახა მის საპოვნელად. თავგადასავლების გახსენებისას ხანდახან ღიმილიც კი გაიელვებდა შვილმკვდარი დედის სევდიან სახეზე. მეგონა, ადრე დაწერილ წიგნს თუ მიკითხავდა ვინმე, რადგანაც წარმოუდგენლად მეჩვენა ჩემს სინამდვილეში, ჩემ გვერდით იმ გმირი დედის ყოფნა, რომელიც თავად იყო მონათხრობი ისტორიის შემქმნელიც და მონაწილეც”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ომში შვილის მოსანახულებლად სანგარში ჩასული დედა...
“ვაჟა თოდუა დაიბადა 1971 წლის 14 მარტს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ომფარეთში. სწავლობდა ლანჩხუთის მე-N3 საშუალო სკოლის მეორე კლასში, როდესაც მოსწავლეთა სასახლეში ქანდაკების წრეზე დაიწყო სიარული. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩაირიცხა. სამხედრო-სავალდებულო სამსახური გერმანიაში მოიხადა, საიდანაც მშობლებმა არაერთი სამადლობელი ბარათი მიიღეს. იქიდან დაბრუნებულმა სწავლა არქიტექტურისა და მშენებლობის საერთაშორისო ინსტიტუტში განაგრძო, მაგრამ როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, 21 წლის ჭაბუკი გამოემშვიდობა სასწავლებლის კედლებს და დედას ჯარში გაეპარა. რის ვაი-ვაგლახით იპოვა ქალბატონმა ეთერმა ქუთაისის 21-ე ბრიგადა, ქვედანაყოფი, სადაც მისი ვაჟი მოხალისედ ჩაეწერა. შვილის ყაზარმასაც მიაგნო და მის საწოლსაც. ვაჟა პირჩამხობილი იწვა. ბევრი ეხვეწა, ეჩხუბა კიდეც, შინ დაბრუნდიო, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ძლივს ამოთქვა დედამ, რა ვქნა, შვილო, დედა ვარ და მიჭირს შენი ომში გაშვება, მაგრამ თუ ასე განიცდი, წადი და მშვიდობით იარეო. მაშინვე წამოსწია ვაჟამ თავი: “ახლა ხარ ნამდვილი დედა, დე!” - უთხრა დედას და ჩაეხუტა. ასე გამოემშვიდობა დედა-შვილი ერთმანეთს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“უკან წელმოწყვეტილივით გამობრუნდა. ალბათ, წინათგრძნობა თუ ტანჯავდა, ან კი წინათგრძნობა რად უნდოდა ომში წასულ ადამიანს?! იქიდან დაბრუნებაა საკვირველი, თორემ არდაბრუნება რა გასაკვირია?! ვერ მოისვენა დედის გულმა, ქალბატონმა ეთერმა სურსათ-სანოვაგით გაავსო ჩანთები და აფხაზეთის გზას დაადგა. ოჩამჩირემდე სულ კითხვა-კითხვით მიაღწია. თავისი რაიონის მკვიდრს, დოდო გუგეშაშვილს კითხულობდა, მეომრებში ცნობილია და მას უფრო მივაგნებო. იმედი ჰქონდა, მისი დახმარებით მერე შვილსაც იპოვიდა. “ოჩამჩირის შტაბში ვნახე დოდო, ახლავე მოგიყვან შვილსო, შემპირდა. რამდენიმე საათში ტანკი შემოვარდა შტაბის ეზოში. დოდომ მკითხა, აბა, თუ იცნო შენი შვილიო?.. ფანჯრიდან გადავიხედე, ვაჟა ტანკზე შემომჯდარიყო, როგორ არ ვიცნობდი? სიზმარში მეგონა თავი, შვილს რომ ვხედავდი”, – იხსენებს ქალბატონი ეთერი. შვილს პოზიციაზე გაჰყვა და კიდევ ერთი მეომრის დედასთან ერთად რამდენიმე ღამე სანგარში გაათია. დედები რომ არ შეეშინებინათ, ბიჭებს იმ ღამეს თურმე მძიმე იარაღი არ გაუსვრიათ”, - განაგრძობს გამოცემა...
“ამერიკული საიარაღო კომპანია KELTEC WEAPONS-ი ისედაც ცნობილი იყო ორიგინალურობით, როდესაც დასაკეც შაშხანებსა თუ სამლულიან თოფებს უშვებდა, მაგრამ მისმა ბოლო პროდუქციამ საიარაღო სამყაროს დიდი ყურადღება მიიპყრო. 2021 წლის დასაწყისში KelTec P50 ტიპის ნახევრად ავტომატური პისტოლეტის პრეზენტაცია გაიმართა. პისტოლეტი, რომელ ცნობილ საირაღო ფირმას არ გამოუშვია, მაგრამ KelTec P50 მაინც ყველასგან გამორჩეულია რამდენიმე მიზეზით”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით უცნაური პისტოლეტი 50 ვაზნით / ათას დოლარად ორიგინალური KelTec P50 …
“პირველი - მასში გამოიყენება ძალზე იშვიათი 5,7X28 მმ ტიპის ბელგიური ვაზნა, მეორე – მჭიდი (თუ მას მჭიდი ჰქვია ტრადიციული გაგებით) ბუტერბროდივითაა მოთავსებული იარაღის ჩარჩოსა და ლულის კოლოფს შორის, და მესამე - მჭიდში 50 ვაზნა ჩადის, რითაც ვერც ერთი სხვა პისტოლეტი ვერ დაიკვეხნის (თუ, რა თქმა უნდა, პატრონმა არასტანდარტული და კუსტარული მჭიდი არ დაუყენა) სიმართლე ითქვას, “კელ ტეკმა” ახალი პისტოლეტი, ფაქტობრივად, ორიგინალური ბელგიური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის, ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ხშირი მონაწილის, FN P90-ის 50-ვაზნიანი მჭიდის გათვალისწინებით შექმნა, ამან კი განაპირობა KelTec P50 -ის არცთუ სახუმარო პარამეტრები - მისი სრული სიგრძე 38 სმ-ს აღწევს (აქედან ლულაზე 24,4 სმ მოდის) და მჭიდის გარეშე 1,43 კგ-ს იწონის!” - აღნიშნავს გამოცემა.
“სამაგიეროდ, “სულ რაღაც” 1.000 დოლარად იარაღის ფანის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს ძალზე ორიგინალური ნახევრად ავტომატური პისტოლეტი, რომლის საშუალებითაც აშშ-ის მოქალაქეს (და არა საქართველოსას) შეუძლია გასართობი სროლა გამართოს ფაზენდის უკანა ეზოში ან სანადიროდაც წავიდეს კურდღელსა თუ მელაზე. პისტოლეტის კორპუსზე დაყენებული პიკატინის რელსები იარაღის მფლობელს საშუალებას აძლევს ის დამატებითი აქსესუარებით: ოპტიკური სამიზნით, ლაზერული მიზანმომნიშვნელით, ბიპოდითა თუ ტაქტიკური ფარნით “დახუნძლოს” და ისედაც უცნაური და ორიგინალური ფორმის ამ პისტოლეტს ფანტასტიკური იერი მისცეს”, - დასძენს გამოცემა.