ლელა ტალიური - საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევის პროცესი უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს

საქართველოს პარლამენტის საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომლის თანახმადაც, იცვლება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და სხვა საარჩევნო ცვლილებები იგეგმება. შემუშავებულ საარჩევნო ცვლილებათა პროექტში ასახულია „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაციებიც.

რა რეკომენდაციებზეა საუბარი და რა ხარვეზებს ხედავს საერთო-სამოქალაქო მოძრაობა, აღნიშნულ საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ „მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო ექსპერტ-კონსულტანტს, ლელა ტალიურს ესაუბრა.

- იზიარებთ თუ არა ეუთო/ოდირის, ასევე ვენეციის კომისიის ერთობრივ მოსაზრებას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით? მიგაჩნიათ თუ არა, რომ მომდევნო არჩევნებამდე ფუნდამენტური საკითხები უნდა შეიცვალოს?

- სხვა მნიშვნელოვან და საყურადღებო საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი საკვანძო თემა სწორედ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაა. ის უკმაყოფილება, რაც პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების მხრიდან იყო 2020 წლის არჩევნების შედეგებთან მიმართებით, სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს მიემართებოდა. ასევე საარჩევნო ადმინისტრაციებში პროფესიული წევრების არჩევას, მათ შორის, ცესკო-ს თავმჯდომარის მისამართითაც ისმოდა პრეტენზიები. საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან მიმართებით იყო კრიტიკა იმის თაობაზე, რომ მმართველ პარტიას ჰქონდა დომინანტური მდგომარეობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე და ფაქტობრივად, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას ახდენდა. შესაბამისად, ჩვენ ვიზიარებთ ეუთო/ოდირის, ასევე ვენეციის კომისიის ერთობრივ მოსაზრებას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება მომდევნო არჩევნებამდე მნიშვნელოვანია.

- საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხზე ყველაზე მეტად რომელი საკითხი მიგაჩნიათ კრიტიკულად მნიშვნელოვნად და პრობლემატურად? თქვენი შეფასებით, რამდენად ისახავს ის მიზნად პოლიტიკური ჩიხის დაძლევას?

-ჩვენი მოსაზრებით, თუ პარტიები საარჩევნო კომისიებში დანიშნავდნენ წევრებს, თითოეულ პარტიას თითო წევრი უნდა დაენიშნა. ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანი იყო, ერთ პარტიას მხოლოდ ერთი წევრი ჰყოლოდა და ერთი პარტიის („ქართული ოცნების“) დომინანტური მდგომარეობა გამოსწორებულიყო. სწორედ ეს ცვლილება გაითვალისწინა პარლამენტმა. ჩვენი კიდევ ერთი და ამავდროულად პრინციპული რეკომენდაცია უკავშირდებოდა იმას, რომ პარტიას, რომლის წევრიც საპარლამენტო მანდატით არ სარგებლობდა, საარჩევნო კომისიაში წევრის ყოლის უფლება უნდა ჰქონოდა და ამ კუთხით შეზღუდვები არ უნდა არსებულიყო. ასევე ვამბობდით, რომ უნდა გაუმჯობესებულიყო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების არჩევის წესი. პროცესი უფრო გამჭვირვალე და საჯარო უნდა ყოფილიყო, ასევე უნდა გაზრდილიყო პროფესიული წევრების არჩევისათვის დადგენილი კვორუმი. მათი არჩევა უნდა მომხდარიყო 2/3-ის მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფდა მეტ ნდობას პროცესის მიმართ. წლების განმავლობაში არსებობდა კითხვები პროფესიული ნიშნით წევრების არჩევის მიმართ, იყო კითხვები მმართველ პარტიასთან მათი აფილირების თაობაზეც. ამიტომ, ვფიქრობდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პროფესიული წევრების შერჩევის წესის გაუმჯობესება. “საარჩევნო კოდექსის” მოქმედი რედაქციით, პროფესიული წევრები კომისიის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით აირჩევიან. როდესაც უნდობლობა ჩნდება ადამიანების მიმართ, თუ ვინ არიან, რა პოლიტიკური კავშირი აქვთ, რამდენად მიუკერძოებლები და ობიექტურები არიან, საბოლოოდ, ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესს აზიანებს. წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებს გვქონდა მოსაზრებები, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ძირეულად შეცვლილიყო, მაგრამ ამ თვალსაზრისით ცვლილებები ვერ ვნახეთ.

-როგორც ცნობილია, „მრავალეროვანმა საქართველომსაარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თაობაზე რეკომენდაციები გასცა, რას ეხება ეს რეკომენდაციები და გაიზიარეს თუ არა? ასევე, რამდენად გაითვალისწინა საარჩევნო რეფორმირების საკითხზე „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ გაცემული რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტმა?

-„მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ საქართველოს პარლამენტთან არსებულ საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფისათვის წარდგენილი საარჩევნო რეკომენდაციები შეეხებოდა როგორც პოლიტიკური მემორანდუმით („ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი) დარეგულირებულ საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ელექტრონული აპარატის მეშვეობით ხმის მიცემა, საარჩევნო დავები, ადმინისტრაციული რესურსები და სხვა, ასევე იმ საკითხებს, რომელიც მემორანდუმით არ იყო დარეგულირებული. მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხები და შესწორების ოქმების შედგენის საკითხები, ასევე გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც „მრავალეროვანი საქართველოს“ მოსაზრებით, ხელს შეუწყობდა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ წარმომადგენლობასა და ჩართულობას.

შემუშავებულ საარჩევნო ცვლილებათა პროექტში ასახულია „მრავალეროვანი საქართველოს“ გარკვეული რეკომენდაციებიც, რაც დადებით შეფასებას იმსახურებს. აღნიშნული რეკომენდაციები შეეხება: საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიისათვის საარჩევნო კომისიაში წევრის ყოლის უფლების შენარჩუნებას; ცესკოს პროფესიული წევრების არჩევას მაღალი კვორუმით, საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით; საოლქო საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების არჩევას მაღალი კვორუმით, ცესკოს მიერ, 2/3-ის მხარდაჭერით; საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შერეული მოდელის შენარჩუნებას. ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების არჩევას მაღალი კვორუმით (საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, 2/3-ის მხარდაჭერით); საჩივრების წარდგენისა და მათი განხილვის ვადების გაზრდას, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის ვადების გაზრდას; შემაჯამებელი ოქმების შესწორების ოქმების შედგენის პრობლემური ჩანაწერის გაუქმებას. თუმცა გაზიარებულ არ იქნა სხვა რეკომენდაციები, მათ შორის ის რეკომენდაციები, რომლებიც, „მრავალეროვანი საქართველოს“ მოსაზრებით, ხელს შეუწყობდა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ წარმომადგენლობას და ჩართულობას.

-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თაობაზე თქვენს რეკომენდაციებსა და ევროპელი მედიატორების მხრიდან შემოთავაზებულ დოკუმენტს შორისსამომავლო გზა საქართველოსთვისარის თუ არა თანხვედრა?

- მოხარულები ვართ აღვნიშნოთ, რომ „მრავალეროვანი საქართველოს“ მოსაზრებები და რეკომენდაციები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით დაემთხვა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პარტიებისათვის 18 აპრილს წარდგენილ წინადადებას, ასევე ეუთოსა და ვენეციის კომისიის მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებულ ერთობლივ მოსაზრებას. ეს შეეხება საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების არჩევას უფრო მაღალი კვორუმით (2/3-ის მხარდაჭერით ნაცვლად დღეს არსებული უმრავლესობის მხარდაჭერისა).

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაციისა, თავდაპირველად, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა მაღალი კვორუმით საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების არჩევის რეკომენდაცია. საქართველოს პარლამენტის მოსაზრებით, მაღალი კვორუმით წევრების არჩევის წესის შემოღება შექმნიდა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის ხელოვნურად შეფერხების რისკებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ზუსტად იგივე შინაარსის რეკომენდაციები მოხვდა როგორც შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისათვის შეთავაზებულ დოკუმენტში, ასევევ 30 აპრილის ვენეციის კომისიისა და ეუთოს ერთობლივ შეფასებაში, საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების უფრო მაღალი კვორუმით არჩევის წესი საქართველოს პარლამენტის მიერ გაზიარებულ იქნა. შესაბამისად, საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევის წესი (2/3-ს მხარდაჭერით) აისახა პირველი მოსმენით მიღებულ ვერსიაში. ასევე გაუქმდა შეზღუდვა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიას არ აძლევდა შესაძლებლობას ჰყოლოდა საარჩევნო კომისიის წევრი საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში.

-რა საკითხებია კიდევ, რომელთა ასახვასაც ისურვებდით საარჩევნო ცვლილებათა პროექტში და რაც მოსწრებადია მომავალი არჩევნებისთვის ?

-არსებობს რიგი საკითხებისა, რომელთა გათვალისწინებასაც ველოდებით პროექტში. მაგალითად, უფრო გამჭვირვალე გახდეს საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევის პროცესი, კიდევ გაიზარდოს საარჩევნო დავების განხილვისა და საჩივრების წარდგენის ვადები და სხვა, თუმცა, ამაზე ხელისუფლების მხრიდან პასუხი იყო ის, რომ მეორე მოსმენის ეტაპზე განიხილავენ ამ და სხვა რეკომენდაციებს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მათთვის წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით.

-როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში მომავალი არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ პირობებში ჩატარება უზრუნველყოფილი იყოს და მისი ლეგიტრობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგეს?

-რაც არ უნდა კარგი კანონები გვქონდეს და სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს, თუ არ გვექნება კეთილი ნება იმისთვის, რომ კარგად დაწერილი კანონები კარგად აღსრულდეს, მაინც პრობლემები გვექნება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი სწორად წარიმართოს. „მრავალეროვანი საქართველო“ ვადევნებთ თვალყურს, რა სახის ცვლილებები აისახება კანომდებლობაში და შემდეგ უკვე პროცესში დავაკვირდებით, როგორ შესრულდება დაწერილი კანონმდებლობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა