თორნიკე შარაშენიძე - ვერ ვხედავ მექანიზმებს, რომლითაც დაქსაქსულმა ოპოზიციამ უნდა დაამარცხოს მმართველი გუნდი და ის ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

- ბატონო თორნიკე, გასულ კვირას, თუ შეიძლება ასე ითქვას, საქართველოში დიდი სტუმრიანობა გვქონდა. ვიზიტად იმყოფებოდნენ ამერიკელი სენატორები და უკრაინის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

უკრაინელი პრემიერის ვიზიტს ჩვენ აუცილებლად შევეხებით. თქვენ აზრით რა გზავნილები მიიღო ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა ვაშინგტონიდან და როგორ შეაფასებდით თბილისში აშშ-ს სენატორების ორპარტიული ვიზიტის შედეგებს?

- ჩემი აზრით, საინტერესო იყო თბილისში ჩამოსვლამდე ამერიკელი სენატორების მარშრუტი - ლიეტუა, უკრაინა და საქართველო. პრინციპში ამერიკელებმა გამოკვეთეს პარტნიორები რეგიონში და სენატორების ვიზიტის მარშუტი ასე შეარჩიეს.

რა თქმა უნდა, აშშ-ს სენატორების ვიზიტს საქართველოში ჰქონდა თავისი დატვირთვა. მე მგონი მათი ვიზიტი იმასაც ემსახურებოდა, რომ მალე პარლამენტი სრულფასოვნად შეუდგება მუშაობას. მხედველობაში მაქვს ის, რომ მალე პარლამენტში „ნაციონალების“ დეპუტაცია შევა.

საქართველოში არასტაბილური ვითარება არც ჩვენთვისაა კარგი და არც ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის

ჩემი აზრით, ამერიკელი სენატორები შეეცდებოდნენ დაერწმუნებინათ „ნაციონალები“ რომ პარლამენტში შესვლით ისინი სრულფასოვნად ჩართულიყვნენ საპარლამენტო მუშაობაში. საქართველოში არასტაბილური ვითარება არც ჩვენთვისაა კარგი და არც ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის

- უკვე ვიცით, რომ „ნაციონალები“ ხელს არ მოაწერენ შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავებულ 19 აპრილის შეთანხმებას.

რადგან ასეა, როგორ უნდა გავიგოთ, ან რა უნდა ვიფიქროთ - ამერიკელმა სენატორებმა ვერ შეძლეს „ნაციონალების“ ლიდერშიფი დარწმუნება ხელი მოეწერათ ამ შეთანხმებაზე?

- ფაქტია, რომ ვერ შეძლეს. „ნაცმოძრაობა“ ყველა ვარიანტში წაგებული რჩებოდა, რომც მოეწერათ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი და რომც არ მოეწერათ. ჩემი აზრით, „ნაციონალები“ შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე მეტს აგებენ, რადგან ამით საქმეს იფუჭებენ დასავლელ პარტნიორებთან, რითიც აქამდე სულ ამაყობდნენ, რომ „ნაციონალები“ პროდასავლური ძალაა.

ნაციონალებიშეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე მეტს აგებენ, რადგან ამით საქმეს იფუჭებენ დასავლელ პარტნიორებთან, რითიც აქამდე სულ ამაყობდნენ, რომნაციონალებიპროდასავლური ძალაა... ამ ეტაპზენაციონალებმაწააგეს, შემდეგ ვნახოთ რას იზამენ

„ნაციონალებმა“ აშკარად გააწბილეს დასავლელი პარტნიორები. ახლა მათი მხრიდან აღარ იქნება ასე მარტივი იმის მტკიცება, რომ ისინი არიან პროდასავლელები და „ქართული ოცნებაა“ პრორუსული. „ქართული ოცნება“ მთელ ამ პროცესში, ვგულისხმობ ბოლო ერთ თვეს, საკმაოდ კონსტრუქციულად მოიქცა. „ნაცმოძრაობამ“ კი ბოლო მომენტში შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობამ“ შიდაპოლიტიკური მოსაზრებებით არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას. მათი აზრით, ამომრჩეველი ვერ გაიგებდა, რომ ისინი ამნისტიაზე დათახმდნენ. ვფიქრობ, მათ ამ საკითხზეც საფუძვლიანი კრიტიკაც დაიმსახურეს.

ვფიქრობ, მათი ქცევაც ლოგიკურია გარკვეულ წილად, რადგან მათ თავის დროზე გარისკეს, არჩევნების შემდეგ დააპირეს, ყოველ შემთხვევაში შეეცადნენ რევოლუციის მოწყობა, მაგრამ არ გამოუვიდათ, ახლა დანაკარგებით გამოდიან ამ წაგებული თამაშიდან.

მათი დანაკარგები საკმაოდ დიდია, მაგრამ ამ პარტიას ამის მიუხედავად შეუნარჩუნდება თავისი ამომრჩეველიც და თავისი რესურსიც. ამ ეტაპზე „ნაციონალებმა“ წააგეს, შემდეგ ვნახოთ რას იზამენ.

- გასულ კვირას საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი. კარგა ხანია ამ დონის სახელმწიფო მოღვაწე უკრაინიდან თბილისში არ ყოფილა.

ბევრი ფაქტორის გამო საინტერესო იყო მისი ვიზიტი. გაკეთდა განცხადებები მის ვიზიტზე. თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინის პრემიერის ვიზიტის შედეგებს საქართველოში?

- თავისთავად, უკრაინის პრემიერის ვიზიტი საინტერესო იყო იმით, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, ასეთ დონეზე უკრაინელი პოლიტიკოსების ვიზიტები თბილისში არ ყოფილა. არც ჩვენების კიევში და არც მათი მხრიდან.

როგორც ჩანს, ახლა უკრაინასა და საქართველოს დუეტი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში დალაგდა. ეს ერთი მხრივ კარგია, საქართველო მკვეთრად ფიქსირდება დასავლეთის ფლანგზე, მაგრამ მეორე მხრივ, 2008 წელს უკრაინასთან საქართველოს მიბმამ ნატოში გაწევრიანების საკითხში ჩვენ საკმაოდ გვაზარალა. უკრაინა აღმოჩნდა სუსტი რგოლი ამ დუეტში. მაშინ ჩვენ უკრაინის გამოც დავზარალდით.

2008 წელს უკრაინასთან საქართველოს მიბმამ ნატოში გაწევრიანების საკითხში ჩვენ საკმაოდ გვაზარალა. უკრაინა აღმოჩნდა სუსტი რგოლი ამ დუეტში. მაშინ ჩვენ უკრაინის გამოც დავზარალდით

ახლა იმედი მაქვს იგივე არ მოხდება. ახლა უკრაინა ჩვენზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია, მათ რუსეთთან რეალურად აქვს ომი და ეს უნდა გავითვალისწონოთ ყოველთვის.

- უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა განაცხადა - „უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და პარტნიორობით“.

2014 წლიდან მოყოლებული უკრაინას ომი აქვს რუსეთთან, მაგრამ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ამ მოვლენების ფონზე აშკარად პასიური იყო. თუნდაც იმისთვის, რომ დასავლეთს უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქართველოს მოაზრებით განეხილა.

ახლა რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ უკრაინა და საქართველო რუსეთთან ურთიერთობების თემებში დუეტად განიხილება თუ უნდა განიხილებოდეს?

- ეს ნამდვილად კარგი კითხვაა. მაშინ, აშკარად ორი მომენტი იყო - ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის მიუხედავად ჩემი აზრით საქართველოს მთავრობა ზედმეტად ფრთხილადაც კი მოიქცა. მოდით, ამაზე ისტორიამ იმსჯელოს.

მეორე გახლდათ სააკაშვილის ფაქტორი, რომელიც მაშინ უკრაინაში დააწინაურეს. ბუნებრივია ესეც ხელს უშლიდა საქართველოსა და უკრაინის მთავრობების დაახლეობას.

ჩემი აზრით, ახლა რაც კიევსა და თბილისს შორის ხდება, გამოწვეულია იმით, რომ როგორც ჩანს, ამერიკა სერიოზულად დაინტერესდა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებით. კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში ამერიკის გავლენა იკითხება. მათი ინტერესი კი იმაშია, რომ რუსეთის გარშემო შეიკრას ღერძი - ბალტიის ქვეყნები, უკრაინა, საქართველო.

კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში ამერიკის გავლენა იკითხება. მათი ინტერესი კი იმაშია, რომ რუსეთის გარშემო შეიკრას ღერძი - ბალტიის ქვეყნები, უკრაინა, საქართველო

თუმცა, ჩემი აზრით, თბილისსა და კიევს შორის ორმხრივ ურთიერთობებში სააკაშვილის პრობლემა ყოველთვის პრობლემად დარჩება. ვნახოთ, უკრაინის პრემიერის თბილისში ვიზიტის შემდეგ როგორ განვითარდება უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები.

- სააკაშვილის თემაზეც გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი...

- თუ კიევმა ვაშინგტონისგან მიიღო სერიოზული მესიჯი საქართველოსთან დაახლოების შესახებ, ამ თემის განხილვისას ღარიბაშვილის მთავრობა სააკაშვილის საკითხს ყველა ვარიანტში დააყენებდა. უკრაინის მთავრობას უნდა თუ არა, მოუწევს მოუწოდოს სააკაშვილს საქართველოსთან მიმართებაში იყოს მეტად თავშეკავებული.

ვნახოთ რა მოხდება. სააკაშვილი რომ დიდი თავშეკავებით არ გამოირჩევა, ვიცით. გვახსოვს, რომ უკრაინის ელჩს საქართველოში კორუმპირებულიც კი უწოდა და ამით აშკარად დაარღვია ურთიერთობების ნორმები.

ფაქტია, რომ ძალიან საინტერესო პროცესი იწყება საქართველო-უკრაინის დაახლოების თვალსაზრისით. ვნახოთ, ამ პროცესში რა როლს ითამაშებს სააკაშვილის ფაქტორი და რა მოჰყვება მას რუსეთის მხრიდან.

ვნახოთ საქართველო-უკრაინის დაახლოების პროცესში რა როლს ითამაშებს სააკაშვილის ფაქტორი და რა მოჰყვება მას რუსეთის მხრიდან

უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობები კარგია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინა რუსეთისთვის არის „წითელი ნაჭერი“. როცა რუსეთს 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე „წითელი ნაჭერი“ აუფრიალეს, გამწარებულმა რუსეთმა იმ პერიოდში ჯავრი საქართველოზე იყარა.

- ბაიდენ-პუტინის შეხვედრის წინ დიდი მოლოდინებია რუსეთში. თუ მანამდე საქართველოსა და უკრაინას ნატოს სამიტებზე იწვევდნენ, წელს ამავე სამიტზე, რომელიც 14 ივნისს უნდა გაიმართოს არ მიუწვევივართ.

მიუხედავად იმისა, რომ არც უკრაინა და არც საქართველო ნატოს წევრები არ ვართ, უმეტეს წილად გვიწვევდნენ ხოლმე. მეტიც, იმართებოდა ნატო-საქართველოს, ნატო-უკრაინის სამიტები.

უკრაინისა და საქართველოს ნატოს სამიტზე მიუწვევლობა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ამ ქვეყნებს ნატოსთან ურთიერთობებში ან ყველაფერი შეთანხმებული აქვთ, ან თუნდაც ბაიდენ-პუტის შეხვედრის წინ მათში კორექტივების შეტანა იგეგმება.

რა კავშირში შეიძლება იყოს 14 ივნისისათვის დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არმიწვევას ბაიდენ-პუტინის შეხვედრასთან, რომელიც 16 ივნისაა დაგეგმილი?

- ამის გამორიცხვა არ შეიძლება. თუ ასეა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ აშშ-ს უკრაინასთან და საქართველოსთან ურთიერთოებებზე მეტად, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე სჭირდება რუსეთი, რომ ირანი დაუბრუნდეს ბირთვულ გარიგებას, რომელიც გაფორმდა ობამას პრეზიდენტობის დროს, რომლისგანაც პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა.

ვფიქრობ, ახლა ამერიკა ამაზე მუშაობს და მას ამ საკითხში რუსეთის მხარდაჭერა სჭირდება. ფაქტია, რომ აშშ-სთვის ირანი ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისთვის სხვა საგარეო პოლიტიკური საკითხები.

აშშ-სთვის ირანი ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისთვის სხვა საგარეო პოლიტიკური საკითხები

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ ამას წინათ შემთხვევით სულაც არ განუცხადებია აშშ-ს დიპლომატიაში ერთერთ უგამოცდილეს ბატონ ვერშბოუს - „იმით, რომ ნატო უკრაინას და საქართველოს ალიანსში მიღებას დაპირდა, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა“.

ხომ არ შეიძლება ნატოს სამიტზე უკრაინისა და საქართველოს არმიწვევა ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში ამგვარი განწყობების გაგრძელება იყოს?

- თუ ვერშბოუ იმას გულისხმობს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანება თითქმის გამორიცხულია, ეს სხვა საქმეა.

ეს და ნატოს მომდევნო სამიტი ისე ჩაივლის, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში ვერ შევლენ, მაგრამ იმედია, ეს ოდესღაც მოხდება.

- ამერიკელი სენატორებისა და უკრაინელი პრემიერის ვიზიტამდე საქართველოს პრემიერი ვიზიტად ჯერ ბაქოში, ხოლო შემდეგ ანკარაში იმყოფებოდა. ორივეგან შეხვედრები გამორჩეულად მაღალ დონეზე ჩატარდა.

რას შეიძლება ნიშნავდეს ჩვენი აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართულებებზე გააქტიურება?

- ჩვენ სამხრეთ კავკასიის ნაწილი ვართ, ევროპაში მივდივართ, მაგრამ ამავე დროს არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უკვე ევროპაში ვცხოვრობთ. ჩვენ კარგი და საქმიანი ურთიერთობები უნდა გვქონდეს ყველა მეზობელთან. რუსეთთან ამ ეტაპზე გამორიცხულია.

ჩვენი პლიუსი და კაპიტალი არის ჩვენი გეოგრაფია და მშვიდობიანი ურთიერთობები აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. და ეს უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მსგავსი ვიზიტები კარგია. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები რომც გავხდეთ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვიცხოვრებთ.

- პრეზიდენტ ერდოღანის ინიციატივას 6-ულის ფორმატში სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობაზე თბილისი ოფიციალურად არ მიერთებია, მაგრამ ღარიბაშვილის ვიზიტები ბაქოსა და ანკარაში, ირიბად მაინც ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ფორმატს შეუერთდით?

- 6-ულის ფორმატი რუსეთს და ირანსაც გულისხმობს. რუსეთთან საქართველოს ამ ტიპის ურთიერთობები არ აქვს, ამიტომ არა მგონია ეს ვიზიტები ამას ნიშნავდეს.

საქართველოს აქტიურად მუშაობს აზერბაიჯან-თურქეთის ღერძზე, ეს ღერძი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამავდროულად ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს სომხეთთან, რაც ბუნებრივია. ეს ჩვენი კაპიტალია და ამაზე უარის თქმა იმის შიშით, რომ სამხრეთ კავკასიაში 6-ულის ფორმატში მუშაობა დაგვაბრალონ, ჩვენი მხრიდან სიგიჟე იქნებოდა.

საქართველო აქტიურად მუშაობს აზერბაიჯან-თურქეთის ღერძზე, ეს ღერძი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამავდროულად ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს სომხეთთან, რაც ბუნებრივია. ეს ჩვენი კაპიტალია და ამაზე უარის თქმა იმის შიშით, რომ სამხრეთ კავკასიაში 6-ულის ფორმატში მუშაობა დაგვაბრალონ, ჩვენი მხრიდან სიგიჟე იქნებოდა

- ორშაბათიდან „ნაცმოძრაობის“ დეპუტაცია პარლამენტში შევა და პარლამენტი სრულფასოვნად გააგრძელებს მუშაობას. არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი.

თქვენი აზრით სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები პარლამენტში ადგილობრივ არჩევნებამდე?

- საქართველოს საშინაო პოლიტიკა ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ სამწუხაროდ, არასასიამოვნოც. პარლამენტი მალე დაემსგავსება ცირკს, რაც გამოწვეული იქნება პოლიტიკური სპეკულაციებით და ისტერიკებით, რომელიც მოჰყვება „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შესვლას. მაგრამ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შემდეგ პარლამენტი დალაგდება და დაემსგავსება ნამდვილ პარლამენტს.

პარლამენტი მალე დაემსგავსება ცირკს, რაც გამოწვეული იქნება პოლიტიკური სპეკულაციებით და ისტერიკებით, რომელიც მოჰყვებანაცმოძრაობისპარლამენტში შესვლას

რა თქმა უნდა, მთავარი ინტრიგაა ადგილობრივი არჩევნები. პოლიტიკაში ექსპრემიერ გახარიას გამოჩენა დამატებით მატებს ინტრიგას ამ არჩევნებს. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე მე მაინც ვერ წარმომიდგენია რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მმართველმა პარტიამ 43% ვერ აიღოს.

მმართველი პარტიებისთვის ადგილობრივი არჩევნები ყოველთვის უფრო იოლი მოსაგებია. ჯერჯერობით, ოპოზიციას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს გაერთიანებისკენ. არ დაუწყიათ სერიოზული საარჩევნო კამპანიები, შესაბამისად ვერ ვხედავ მექანიზმებს, რომლითაც დაქსაქსულმა ოპოზიციამ უნდა დაამარცხოს მმართველი გუნდი და ის ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს.

- ფაქტია, რომ ოპოზიციის დაქსაქსულობა ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მმართველი გუნდი ადგილობრივ არჩევნებს საკმაოდ დამძიმებული სოციალური ფონით, ეკონომიკაში არასახარბიელო ვითარებით, გაუფასურებული ლარით, ჭიათურასა და გურიაში საპროტესტო აქციებით, ასევე რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქტიურობით ხვდება...

- ხელისუფლებას არჩევნებისთვის სახარბიელო ფონი 2014 წლიდან არც არასდროს ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ 2012- 2014 წლებში ხალხში „ქართული ოცნების“ მიმართ ეიფორიამ გაიარა, მაგრამ მმართველი გუნდი მაინც ახერხებს არჩევნების მოგებას.

ამის მიზეზია ოპოზიციის დაქსაქსულობა, ასევე ის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობაა“, რომელსაც ამომრჩევლების საკმაოდ დიდ ნაწილში ნეგატიური რეიტინგი აქვს, და ასევე ის, რომ მმართველ პარტიას აქვს ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არჩევნებში სერიოზული ბერკეტია.

- თქვენი აზრით რა კორექტივებს შეიტანს შიდა პოლიტიკაში ქართულ პოლიტიკურ ველზე ექსპრემიერ გახარიას საკუთარი პარტიით გამოჩენა?

- გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებამ შესაძლოა სათუო გახადოს „ქართული ოცნების“ მიერ 43%-ის აღება. ვნახოთ, რას იზამს პოლიტიკაში დაბრუნებული გახარია. ექნება მას თუ არა ფული და რამდენად გაქაჩავს მისი გუნდი,რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით გამოუცდელია.

გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებამ შესაძლოა სათუო გახადოსქართული ოცნებისმიერ 43%-ის აღება

ამ გუნდის წევრების უმეტესობა კარიერული ჩინოვნიკია, მაგრამ სუფთა რეპუტაცია აქვთ. მათზე პოლიტიკური კომპრომატებიც არ არსებობს. ეს ამ გუნდისთვის პლიუსიცაა და მინუსიც.

ფაქტია, რომ გახარიას გარკვეული ქარიზმა აქვს. საინტერესოა, როგორ გაჩაქავს ოპოზიციონერობას ექსპრემიერი გახარია.

- დღეს ბევრი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ გახარიას ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება არ აქვს...

- დიახ, ასეა, მაგრამ მას პოლიტიკაში ყოფნის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს. მესმის, რომ სულ სხვაა, როცა პრემიერის ამპლუაში ხარ და სულ სხვაა ოპოზიციონერის ამპლუაში ყოფნა.

- თქვენი აზრით რატომ გაუჭირდა გახარიას იმ კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემა, რომელიც მას ჩემმა კოლეგებმა დაუსვეს?

- ვფიქრობ, არაა მიჩვეული ამ რანგში კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემას. თუ ამ საქმეში გაიწაფება, ვნახავთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა