მამუკა არეშიძე - “გახარია შეეცადა “ნაცმოძრაობისთვის” დრო მოეგო, რაც არ გამოუვიდა”
მასიური შეტევა გახარიაზე - რას მოუტანს “ოცნებას” ყოფილი პრემიერის დისკრედიტირების მცდელობა
თინა ხიდაშელი - “გახარია ბევრ ტყუილში აიბლანდა”
ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი ერთ კვირაში - “ეს ნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო პრიორიტეტებს ალაგებს”
ვახტანგ ძაბირაძე - “გავიგე, რომ ხაზარაძე დიმიტრი გელოვანს ეძებს, მაგრამ არა მგონია, ამ საკითხზე ოპოზიცია შეთანხმდეს”
* * *
მამუკა არეშიძე - “გახარია შეეცადა “ნაცმოძრაობისთვის” დრო მოეგო, რაც არ გამოუვიდა”
“მოდი, ერთგვარი ლოგიკური ჯაჭვის ჩემეულ ვერსიას შემოგთავაზებთ... როდესაც კარგა ხნის განმავლობაში ქვეყანაში დაძაბულობა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იყო, დასავლეთი ყველაფერს აკეთებდა ამ დაძაბულობის ჩასაქრობად. ევროპელები განსაკუთრებულად აქტიურობდნენ, თუმცა ჩვენ ასევე ვხედავდით, ამ პროცესში რა მასშტაბურად მონაწილეობდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ეს ყველაფერი განპირობებული არ იყო მხოლოდ იმით, რომ მათ მოკავშირე ქვეყანაში პოლიტიკური სირთულეები გაჩნდა და ეს ადარდებდათ. ამგვარი კრიზისები სხვა ქვეყნებშიც ყოფილა, მაგრამ იქ მათ ჩასაქრობად ასეთი მასშტაბის ჩარევა არ გვინახავს, აქ კი ისე იყვნენ ჩართული, ზოგჯერ მათი მონაწილეობა ცოტა გამაღიზიანებელიც კი იყო, თუმცა ეს განპირობებული იყო უმთავრესად იმით, რომ ყარაბაღის ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური სურათი შეცვალა. სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის პოლიტიკური წარმომადგენლობა მნიშვნელოვანწილად შეიზღუდა, რამაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეაშფოთა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გახარია შეეცადა “ნაცმოძრაობისთვის” დრო მოეგო, რაც არ გამოუვიდა”.
“კავკასიურ პოლიტიკაში დასავლეთის როლის კვლავ გასაზრდელად და, ამავდროულად, რუსეთისა და თურქეთის აქტივობის დასაბალანსებლად კავკასიაში მათ სჭირდებათ პოლიტიკური პლაცდარმის გააქტიურება, ასეთი პლაცდარმი კი შეიძლება იყოს საქართველო, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ამ ქვეყანაში იყოს სტაბილური ვითარება. ამიტომაც იყვნენ და კვლავაც არიან ისინი ასეთი აქტიურები. სენატორების ვიზიტიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ვიდრე ამ ვიზიტზე ლაპარაკს გავაგრძელებ, მანამდე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ რაც ბოლო დროს ხდებოდა, ამაში დამნაშავე, უპირველესად, ჩვენ ვართ. შეიძლება ითქვას, რომ უმდაბლესი პოლიტიკური კულტურა გამოვავლინეთ. ჩვენივე ბოლო წლების პოლიტიკით იქამდე მივიყვანეთ საქმე, რომ ფინანსურად და მით უფრო - პოლიტიკური გარანტიების თვალსაზრისით სრულად დამოკიდებული ვართ დასავლეთზე. აქედან გამომდინარე, დასავლეთს ასეთი აქტიური ჩარევის მეტი რა დარჩენია?! დასავლეთმა აქ გარკვეულწილად მოამზადა ზემოთ ნახსენები პლატფორმა იმით, რომ ჩააწყნარა ვითარება, თუმცა რამდენ ხანს გასტანს ეს მშვიდობა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კვლავაც არაკონსტრუქციული განცხადებები ისმის...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ჩემი აზრით, ამერიკელები ამის გაკონტროლებასაც შეეცდებიან. ამერიკელთა ვიზიტებს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მიზეზი აქვს. მოგეხსენებათ, 16 ივნისს იმართება ნატოს სამიტი, რომლის ფარგლებშიც ძალიან სერიოზული ტაქტიკური ცლილებებია დასაგეგმავი. იქ რევერანსებისა და მოფერების დრო არ იქნება. მოგეხსენებათ, ამგვარი სამიტებისას სტუმრის რანგში საქართველოსა და უკრაინასაც პატიჟებდნენ ხოლმე, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა. ეს, უპირველესად, უკავშირდება უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას. ეს ქვეყანა, პრაქტიკულად, საომარ რეჟიმშია რუსეთთან და ახლა უკრაინის მიმართულებით ნატოს გააქტიურება შეიძლება რუსეთთან საომარ დაპირისპირებაში შესვლადაც იყოს აღქმული, ამიტომ ვითარებას აღარ ამწვავებენ, მით უფრო, რომ 14 ივნისს ბაიდენ-პუტინის შეხვედრა გაიმართება. ბაიდენის ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკით იმოქმედოს, თან ისე, რომ ეს პროცესი მშვიდობიან ვითარებაში წარმართოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“მე მათი შეხვედრის განსაკუთრებულ შედეგებს არ ველი, მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უკრაინა ამ სამიტზე მაინც არ დაპატიჟეს. ამ ვითარებაში სამიტზე საქართველოს მიწვევა უკრაინელებისთვის გაუგებარი იქნებოდა, ამიტომაც მივიღეთ ეს ვითარება. უკრაინასა და საქართველოში ბოლოდროინდელი ვიზიტების ციკლის ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, ამ ყველაფრის გადაფარვის მცდელობაცაა. უკრაინიდან ჩამოსულ სენატორებს ლამის ფეხდაფეხ ჩამოჰყვა უკრაინის პრემიერ-მინისტრიც. ამერიკელთა მხარდაჭერის გზავნილები, ნატოში გაწევრების პერსპექტივაზე განცხადებები მხოლოდ საქართველოსა და უკრაინისთვის არ ყოფილა გამიზნული, ეს, უპირველესად, გამიზნულია მოსკოვისთვის. ამით მათ თქვეს, რომ საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გრძელდება, მაგრამ დღეს, გარკვეული გარემოებების გამო, პროცესების ფორსირებას არ ახდნენ”, - თვლის ექსპერტი.
“არის თემები, როდესაც რუსეთთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს ერთ სიბრტყეზე განხილვა შეიძლება წარმატებული იყოს, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ამან გარკვეული პროცესები დააზიანა. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენ შორის თუ რამ გაუგებრობა იყო, ძალიან კარგია, რომ ამოიწურა. რაც შეეხება რადარებიდან გაქრობას, უკვე ვთქვი, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა კრიტიკას ვერ უძლებს, მეტიც, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მზად არის, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო საკუთარი ქვეყნის იმიჯიც კი დააკნინოს. სწორედ ისინი იყენებენ ხოლმე ამგვარ რიტორიკას. რა რადარებიდან გაქრობაზეა ლაპარაკი! სულ რომ გასუსული იყოს საქართველოს ხელისუფლება, ეს ქვეყანა არის დასავლეთის მუდმივი ინტერესის საგანი და იმიტომ კი არა, რომ ვინმე ჩვენზე გიჟდება, არამედ იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული გეოსტრატეგიული მდებარეობა გვაქვს. სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური გავლენის დაკარგვა ნიშნავს დიდ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის იმ ნაწილზე, რომელიც კავკასიას ესაზღვრება, გავლენის შესუსტებას. ამას ემატება ისიც, რომ დასავლეთის ორაზროვანი მოკავშირე თურქეთი ხშირად თამაშობს თავის და მოკავშირეებთან შეუთანხმებელ თამაშს, ამიტომაც საქართველოს მნიშვნელობა ერთიორად იზრდება”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.
“ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ იქცევა “ნაციონალური მოძრაობა” ასე ბრიყვულად და უგულებელყოფს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ამხელა ძალისხმევას? ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ “ნაცმოძრაობა” დასავლელ პარტნიორებთან ვაჭრობს. ამ ძალას კიდევ აქვს გავლენა დასავლეთის გარკვეულ სტრუქტურებში და ცდილობს ეს გავლენა შეინარჩუნოს, მიიღოს დამატებითი გარანტიები იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური წრეები საქართველოში თავიანთ მთავარ დასაყრდენად მომავალშიც “ნაცმოძრაობას” მიიჩნევდნენ. ჩემი აზრით, ამ პროცესში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რასაც ყურადღება არ ექცევა. არ არის გამორიცხული, დასავლეთის პოლიტიკურმა წრეებმა უახლოეს მომავალში სხვა პიროვნებებსა და ძალებზე დადონ ფსონი - ბოლოს და ბოლოს, დასავლეთში მოიძებნებიან ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც დაახლოებული არიან დასავლურ პოლიტიკურ წრეებთან. “ნაცმოძრაობაშიც” იციან, რომ ამგვარი ვარიანტები მუშავდება და ამიტომაც ცდილობენ ვაჭრობას. დასავლეთში ხედავენ, რომ “ნაცმოძრაობის~ მოქმედება ვითარების სტაბილიზაციას ხელს არ უწყობს, არადა, საჭიროა, მათი წამოწყებული შეთანხმების პროცესი ფინალამდე მივიდეს”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “სკანდალური გამოვიდა თქვენი განცხადება: გიორგი გახარიას გადადგომა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს, `ნაცმოძრაობასა~ და რევოლუციის მცდელობას უკავშირდებოდესო...” - პასუხობს:
“მოდი, ასე ვთქვათ - ეს იყო ჟურნალისტის კითხვაზე ჩემი პასუხი, ცალკე განცხადება არ გამიკეთებია. ვთქვი ის, რა ინფორმაციაც მქონდა. საქართველოში თემატური გარიგებების ტრადიცია ჩამოვაყალიბეთ. ხშირად იმგვარ მოწინააღმდეგესაც ურიგდებიან, რომელიც გუშინ სრულიად მიუღებელი იყო და რომელსაც გაუგონარი სიტყვებით ლანძღავდნენ... ამის ნათელი მაგალითია ე.წ. ფანჩატურის ოპოზიცია, რომლის წევრები ერთმანეთს წლების განმავლობაში ლანძღავდნენ, მერე კი, ფანჩატურში, მეგობრები გახდნენ. გახარიას გუნდსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის სწორედ ამგვარ თემატურ კავშირზე ვისაუბრე. ამის თაობაზე რამდენიმე წყაროსგან მქონდა ინფორმაცია და ამიტომაც გადავწყვიტე გახმაურება. ამ წყაროების მიხედვით, ყველამ ყველაფერი იცოდა სხვადასხვა დოზით, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მერე ირაკლი კობახიძე გამოვიდა და რაც ვთქვი, ყველაფერი გაიმეორა, მაგრამ მანამდე რატომ იყვნენ ჩუმად, არ ვიცი”.
“მოგეხსენებათ, გახარია მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მხარდამჭერი იყო, ეს თვითონაც თქვა, მაგრამ მალევე პოზიცია რადიკალურად შეიცვალა და მელიას დაკავების ორი-სამი დღით გადადება მოითხოვა. ჩემი ინფორმაციით, მელიას ვერდაკავებით “ნაცმოძრაობა” ცდილობდა, ხელისუფლების სისუსტე წარმოეჩინა. თანაც, როგორც ჩანს, ეს იყო არეულობის სცენარისთვის აუცილებელი დრო. თუ “ოცნება” მელიას იმუნიტეტს არ მოუხსნიდა, ამას რევოლუციური გაგრძელება ვერ ექნებოდა. სწორედ ჯერ იმუნიტეტის მოხსნა და შემდეგ მელიას ვერდაკავება იყო ის სცენარი, რომლის შემდეგაც იგეგმებოდა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა. სარფში მას უნდა დახვედროდა 500-მდე აქტივისტი, რომლებიც სააკაშვილის პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის სცენარს გაიმეორებდნენ... ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაფერი იმალება. ამის თაობაზე პირველი ინფორმაცია “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებული წეეებისგან მივიღე. აქვე ვიტყვი, რომ გახარიასა და “ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორობას გამოვრიცხავ. ვფიქრობ, ეს იყო ერთჯერადი თემატური გარიგება. გახარია შეეცადა, “ნაცმოძრაობისთვის” დრო მოეგო, რაც არ გამოუვიდა. ამის მერე გადადგა”, - მიიჩნევს ექსპერტი,
“გახარიამ მიაჩვია საზოგადოება, რომ ის მოქნილი იყო საჯარო გამოსვლებისას. მისგან გარკვეული ძალა იგრძნობოდა - ამიტომაც აქვს ასეთი რეიტინგი, ამ ინტერვიუში კი სხვა ადამიანად წარმოჩნდა, რომელსაც მაინცდამაინც ახალი და მნიშვნელოვანი არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის. მან მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი ვერ გასცა. რაც შეეხება პოზიციონირებას - რა გასაკვირია “ოცნებასთან” სიახლოვე, როდესაც ის ამ ძალის მეშვეობით მოვიდა პოლიტიკაში! რთულია იდეოლოგიის ერთბაშად შეცვლა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობას, მას ჰქონდა ივანიშვილთან პირადი ურთიერთობა. საერთოდაც, გახარია ამის საფუძველზე გამოჩნდა “ქართულ ოცნებაში”, ახლა კი ის ცდილობს დელიკატურობა გამოიჩინოს და ივანიშვილს არ შეეხოს...” - დასძენს მამუკა არეშიძე.
მასიური შეტევა გახარიაზე - რას მოუტანს “ოცნებას” ყოფილი პრემიერის დისკრედიტირების მცდელობა
“ქართულ ოცნებას” სწორად არ აქვს გათვლილი როგორი სახის განცხადებებია მომგებიანი მათთვის და როგორი - არა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება კი კიევში შედგენილ სახელმწიფო გადატრიალების სცენარზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეც მაშინდელი პრემიერი და ამჟამად პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია იყო, მეტისმეტად არადამაჯერებელია. ამის შესახებ “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა. თებერვალში დაგეგმილი სახლემწიფო გადატრიალების სავარაუდო სცენარზე მასში ყოფილი პრემიერის შესაძლო მონაწილეობაზე კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, თებერვალში საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს ერთის მხრივ კიევიდან მიღებული ცნობები “ნაცმოძრაობის” არაფორმალური ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გეგმების შესახებ და მეორეს მხრივ, მოქმედი პრემიერს მხრიდან “ნაცმოძღაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების რამდენიმე დღით გადადების მოთხოვნა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მასიური შეტევა გახარიაზე - რას მოუტანს “ოცნებას” ყოფილი პრემიერის დისკრედიტირების მცდელობა.
“17 თებერვალს, 5 საათზე გახარიამ მოგვმართა. სასამართლო ჩანიშნული იყო და ყველამ იცოდა, რომ სასამართლო მიიღებდა ან ასეთ, ან ისეთ გადაწყვეტილებას; 18 თებერვალს უკვე ისინი (“ნაციონალური მოძრაობა”) გამოაცხადებდნენ ე.წ. ალტერნატიულ მთავრობას თავისი ე.წ ძალოვანი მინისტრებით. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან და ჰქონდათ მათ გამზადებული სცენარი. მათ ჰყავდათ ადამიანები შს და თავდაცვის სამინისტროებში, რომლებიც გააკეთებდნენ განცხადებას ძალოვანი სტრუქტურის ალტერნატიულ მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე. ანუ რამდენიმე ათეული ადამიანით ხდებოდა ამის იმიტაცია და მედიით გაშუქება. მე არ ვიცი, ეს იცოდა თუ არა გახარიამ, მაგრამ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან კიევში და გახარიას აღარ გავანდეთ იქიდან გამომდინარე, რომ ეჭვი გაჩნდა. დამთხვევა წარმოიდგინეთ. როგორც კი დამთხვევა დავაფიქსირეთ, გაჩნდა ეჭვი და აღარ გავანდეთ ეს ინფორმაცია. იქიდან ისმის, რომ “2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთო” და აქ ითხოვს ჩვენი ლიდერი გაუგებარი მოტივით 2-3 დღით ოპერაციის გადადებას”, - აცხადებს კობახიძე. ის ეჭვობს იმასაც, რომ ყოფილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში ძალოვანი სტურქტურებიდან, შსს-ს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ახლა ამ სცენარის გაგრძელება - ე.წ ალტერნატიულ მთავრობაში გადადიან ძალოვნები, შს სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი და შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის, რომ სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან, სადაც უნდა დახვედროდნენ აქტივისტები და შემოეცილებინათ. ჩვენთვის ცნობილი არ არის ამ ძალოვანების ვინაობა, ცნობილი იყო, რომ გეგმის ნაწილი იყო. ახლა რაც შეეხება სარფში შემოსვლას - ე.წ უკრაინული სცენარი, რაც თავის დროზე ჰქონდა გათამაშებული სააკაშვილს. ხვდებიან აქტივისტები და შემოდის და, ბუნებრივია, ეს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მმართველ პარტიას, მით უმეტეს იმ ფონზე, თუ სააკაშვილის ამ შემოსვლასთან ერთად პრემიერი გადადგებოდა”, - თქვა კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში. საკითხზე, თუ რამდენ რეალური ჩანს კობახიძის აღნიშნული ბრალდება და არის თუ არა დამაჯერებელი მისი არგუმენტები, “რეზონანსს” პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე ესაუბრა, რომელიც კობახის ეჭვებს კავკასიის საკითხების ექპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებას უკავშირებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ირაკლი კობახიძის განცხადება ემთხვევა მამუკა არეშიძის განცხადებას, რომელსაც მოჰყვა შეფასებები და ბევრი მათგანი სკეპტიკურად უყურებს ამ შეფასებას. მეც ვფიქრობ, რომ როგორც არეშიძის, ასევე კობახიძის განცხადებები არადამაჯერებელია. როგორც ჩანს, “ოცნებას” “აწყობს” აღნიშნული სცენარი - რომ გახარია “ნაციონალებთან” ერთად არის, რაც, ვფიქრობ, არ არის კარგი გზა და გამოსავალი მმართველი ხელისუფლების მხრიდან. კობახიძეს ამ ბრალდებებით გახარიას ჩაძირვა სურს, თუმცა ამ გზით ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახარია უარყოფით ჭრილში გამოჩნდეს. მეტიც, შესაძლოა „ოცნებამ" ამით ყოფილი პრემიერის პოპულარობის ზრდასაც კი შეუწყოს ხელი. ასეთი თავგამოდებული შეტევა არ არის დამაჯერებელი და ამაში მხოლოდ მე არ მეპარება ეჭვი, ძალიან ბევრი ექსპერტი და პოლიტოლოგი ამბობს იმავეს. აქედან გამომდინარე, “ოცნებას” არ აქვს გათვლილი როგორი სახის განცხადებებია მომგებიანი მათთვის და როგორი - არა. საეჭვო ვერსიით ბრძოლა გახარიას წისქვილზე დაასხამს წყალს. რასაც ახლა “ოცნება” აკეთებს, ეს არის შესანიშნავი უფასო რეკლამა გახარისთვის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“კავკასიის საკითხების ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადების მიხედვით კი, ექსპრემიერი გახარია მიხეილ სააკაშვილს გაურიგდა და მეტიც, მას სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში ეხმარებოდა. თუმცა, არეშიძის განცხადების სისწორეს ანალიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ. “სხვადასხვა წყაროდან მოვიდა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, შედგა შეხვედრა “ნაცმოძრაობასა” და ამ გუნდს შორის. გახარია იყო თუ არა იქ, ვერ გეტყვით. მე ვიცი ორი შეხვედრის შესახებ, შეხვედრის შინაარსი იყო ის, რომ დრო უნდა ყოფილიყო გაწელილი. დროს გაჭიმვა იმიტომ იყო საჭირო, რომ გარკვეული რევოლუციური სცენარი შემდგარიყო. ხელისუფლების სისუსტის დასამტკიცებლად, იმუნიტეტმოხსნილი მელია უნდა ყოფილიყო გარეთ, არა დაპატიმრებული. ამასთან, როგორც მეუბნებიან, იგეგმებოდა ძალოვანი სამინისტროების თანამშრომლების განცხადება, რომ ისინი ემიჯნებოდნენ ხელისუფლებას და ამავდროულად, უნდა მომხდარიყო სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლა”, - განაცხადა მამუკა არეშიძემ. ანალიტიკოსებს - ვახტანგ ძაბირაძესა და ნიკა ჩიტაძეს ამ ვერსიის სისწორეში ეჭვი შეაქვთ და ამას შესაბამისი არგუმენტებით ამყარებენ. ანალიტიკოსი იგორ კვესელავა კი აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს უბრალოდ გახარიასი ეშინია...”, - დასძენს გამოცემა.
თინა ხიდაშელი - “გახარია ბევრ ტყუილში აიბლანდა”
“სანამ სხვა თემას მიმოვიხილავთ, გვერდს ვერ ავუვლი ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ ვითარებას. ამ მდგომარეობაში რომ არ ვიყო, ჯანმრთელობის პრობლემებს ვგულისხმობ, დიდი ხნის წინ მექნებოდა კარვები დაცემული პანსიონატთან. 27 წელი ხან უფლებადამცველი ვიყავი და იზოლატორიდან გამომყავდა ადამიანები, ჯარშიც ვყოფილვარ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, სადაც საშინელი ამბები ხდებოდა, ციხეშიც, ბავშვთა სახლშიც და არასრულწლოვანთა კოლონიაშიც, მაგრამ ასეთი რამ არასდროს არავის გაუბედავს. აბსოლუტური თავგასულობაა. ამაზრზენია - ქვეყანაში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც კანონზე, ყველაფერზე მაღლა დგას და დარწმუნებულია, რომ პასუხი არ მოეთხოვება. სხვებიც ასე თვლიან, რომ ყველაფერზე მაღლა დგანან. სავარაუდო დანაშაული უმძიმესია, სავარაუდო დამნაშავეს კი ვერაფერს უბედავენ, გაჩნდა მანიპულაციის ძალიან დიდი სივრცე, რომლის მსხვერპლი ისევ ბავშვები არიან”, - აცხადებს “სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თინა ხიდაშელი: “გახარია ბევრ ტყუილში აიბლანდა”
“მთელი საზოგადოება, მათ შორის, მედია, მე და ყველა დანარჩენი, ზოგი შეგნებულად ან გაუაზრებლად, იმიტომ, რომ ტერმინების მნიშვნელობა არ ვიცით, ხან პედოფილიის მსხვერპლს ვუწოდებთ იმ ბავშვებს, ხან ვამბობთ, რომ ყველაზე ძალადობენ. ამასობაში კი იმ კაცმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, სადაც ყველა იმ ბავშვის სახე ჩანს, ვისაც საზოგადოება განიხილავდა. წარმოუდგენელ აბსურდში ვართ. 4 მილიონი ქართველის თვალწინ ერთი კაცი ბედავს და ყველას ართმევს უფლებას, ვნახოთ, რა მდგომარეობაში ცხოვრობენ ბავშვები... რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას, ეს ორნაბიჯიანი საკითხია, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი იყო მიშელის დოკუმენტამდე და ახლაც ასეა; მთავარი ამოცანა უნდა იყოს იმ ტიპის კანონის მიღება საკანონმდებლო დონეზე, რომ სასამართლოში კლანური მმართველობა შეუძლებელი გახდეს. რაც შეეხება იმ მოსამართლეებს, დარწმუნებული ვარ, ის სია იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე გვგონია, რადგან თუ კლანს სასამართლო ხელისუფლებაში საცეცები ღრმად არა აქვს გამჯდარი, ასეთ რამეს 4-5 კაცით ვერ გააკეთებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.
“თუ “ოცნებას” სასამართლო რეფორმა სურდა, ვინმე უშლიდა ხელს მიშელის დოკუმენტამდე? მეტიც, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც “ოცნების” კოალიცია, რომელმაც 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა, დაიშალა, მურუსიძე იყო. ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ არც ერთი კოალიციური პარტნიორი არ სჭირდებოდა, მხოლოდ მურუსიძე იყო მისი ბედნიერებისთვის საკმარისი. ამ პირობებში შეუძლებელია რამის შეცვლა. იუსტიციის საბჭოს მდივანმა, რომელიც ვითომ კანონსა და კალენდარს არასოდეს არღვევს, სასწრაფოდ გადაწყვიტა მოსამართლეების არჩევა, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ამოცანა ასეთია - ისეთი კანონის გამოგლეჯა, რომელიც რეალობის შეცვლის შესაძლებლობას გააჩენს, ოღონდ უკვე არჩევნების შემდეგ. მერე ეს ხალხი ან შინ წავა, ან არ წავა, გააჩნია, მათი დანაშაულებრივი ქმედებები რა მასშტაბის არის. ასე რომ, ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულია შანსი, რომ სასამართლო გადავარჩინოთ, რადგან ჯერ არ ვიცით, სანამდე გაგრძელდება კანონში ცვლილებების შეტანა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“უზენაესი სასამართლოს საკითხი ძალზე მარტივად მოსაგვარებელია, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სამართლებრივ-კონსტიტუციური ბერკეტები, რაც სრულად რეფორმირების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამას კანონის მიღება და საკონსტიტუციო რეფორმა სჭირდება. პარლამენტში ხმები არის, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ჩვენს ოპოზიციასთან ერთად რამდენად შემტევი იქნებიან საერთაშორისო პარტნიორები... არა ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლო რეფორმის შესახებ “ნაცმოძრაობას” კეთილი ზრახვები აქვს, მახსოვს 2012-2016 წლებში როგორ იქცეოდნენ პარლამენტში, როდესაც სასამართლო და საკონსტიტუციო რეფორმა იყო გასატარებელი. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ორი ხმა გვჭირდებოდა “ნაციონალური მოძრაობიდან” და დავით ბაქრაძემ ეს ვერ უზრუნველყო, რათა ის პროცესები, რისთვისაც ახლა ვიბრძვით, კონსტიტუციაში უკვე 2016 წელს ასახულიყო. ამიტომ საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი პოზიციის იმედი მაქვს” - მიიჩნევს “სამოქალაქო იდეის~ ხელმძღვანელი.
“არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი მეურნე კაცი უნდა იყოს. ეს დიდი შეცდომაა. ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს - დედაქალაქის მერი არის პირი, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბიუჯეტს განკარგავს და გარდა ამისა, ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდ თანხებს იღებს. პოლიტიკური გუნდის წევრი თუ ვერ იქნება, პროცესების მართვა ძალიან გაუჭირდება. როდესაც ცენტრალური ხელისუფლება ოზურგეთის მერს ეხმარება გზის დაგებაში და ასევე სურს მოსახლეობამ იცოდეს, კარგი გზა იმიტომ აქვთ, რომ ამაზე ხელისუფლებამ იზრუნა, მერი მისი გუნდის წევრია და მომავალ არჩევნებში იმაზე იზრუნებს, რომ ისევ დატოვოს ხელისუფლებაში. თუნდაც იმიტომ, რომ მერე სხვა პრობლემები მოუგვაროს. როდესაც მაღალი თანამდებობის პირი, რომლის ხელშიც ძალიან დიდი საბიუჯეტო რესურსია, პოლიტიკური მოთამაშე არ არის, მისი წარმატებით არავინ დაინტერესდება. თუ ხვალ-ზეგ მთავრობაში დასჭირდა დახმარება, თუნდაც პარლამენტში კანონის გატანა, და მხარდამჭერი გუნდი არ ეყოლება, მარცხისთვის არის განწირული. მერობა და შს მინისტრობა არ ნიშნავს, რომ ტანკის მართვა იცოდე, გუნდის სწორად შერჩევა უნდა შეგეძლოს. თბილისის მერს პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე დიდი ამომრჩეველი ჰყავს. ამიტომ ხაზარაძის პოზიციას, ერთადერთი მიზეზი აქვს, რა ვქნათ, ერთმანეთს არ ვენდობითო”, - განმარტავს თინა ხიდაშელი.
“ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძე იდეალური მერი იქნება. მას მერობისთვის საჭირო თვისებები აქვს, ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მის თავზე ათასი წისქვილის ბორბალი დაატრიალა და მანაც ძალიან კარგი პოლიტიკური ნათლობა მიიღო. “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის~ სახელმა ძალიან დამაბნია, არავის დავცინი, თუნდაც იმიტომ, რომ ფრაქციაში, სულ მცირე, ჩემი ორი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ მართლაც საოცარი სახელი დაირქვეს. ამის მიუხედავად, კარგად ვხედავ მათ პერსპექტივას. ფრაქციას ბევრი რამის ინიცირება შეუძლია, რისი განხილვაც სავალდებულოა, ის ბიუროს წევრია და ყველა ფორმატში შეუძლია საკითხის დაყენება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვისაც კარი ღიაა”, - დასძენს ხიდაშელი და შეკითხვაზე - “გიორგი გახარიას პოლიტიკურ პერსპექტივაზეც გკითხავთ - საზოგადოებაში ასეც დაისვა კითხვა, ვის ოპოზიციაშიაო...” - პასუხობს:
“გიორგი გახარია თავისი მოძრაობით “საქართველოსთვის” დღეს ოპოზიციაშია, რადგან თუ ხელისუფლებაში არ არის, ესე იგი, მისი ოპონენტია. თუმცა გახარია ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარი თავის ოპოზიციაშია, რადგან მისი განცხადებების უმეტესობა სწორედ იმ პერიოდს შეეხება, როცა ბევრი რამ და დიდი დოზითაც დააშავა. იყო პრემიერი, მანამდე შს მინისტრი და აცხადებს, რომ ხელისუფლებაში ნეპოტიზმისა და კორუფციის ნიშნებს ხედავდა... ამიტომაც ვამბობ, რომ თავის თავთანაა ოპოზიციაში. ახლა მარჯვნივ წავა თუ მარცხნივ, ამის მიხედვით გაირკვევა, ვინმეს გაიყოლებს თუ თავად ჩაიძირება. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა ილაპარაკა ჩხარტიშვილზე, მამაცაშვილზე, გომელაურზე, უსაფრთხოების სამსახურზე, კორუფციაზე, მხოლოდ ერთი ფრაზით შეიძლება მისი გაჩუმება, როდესაც თქვა, “იმედი” სახელისუფლებო არხიაო. ამ წინადადებას ოპონენტი მუდამ უკან დაუბრუნებს, ნებისმიერი გააჩუმებს. ეს პოლიტიკური გამოუცდელობით ნამდვილად არ მოსვლია, უბრალოდ, ბევრ ტყუილში აიბლანდა. საკმარისად მობილიზებული ადამიანია, მაგრამ ორი საათი რომ მრავალკომბინაციურ ტყუილს ამბობ, რაღაც მომენტში გონება აგერევა და რაღაც წამოგცდება”.
ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი ერთ კვირაში - “ეს ნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო პრიორიტეტებს ალაგებს”
“დღეს საღამოს საქართველოს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ეწვევა. მანამდე კი თბილისს ამერიკელი სენატორები - ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი სტუმრობდნენ. ანალიტიკოსთან აზრით, დროის მოკლე მონაკვეთში აშშ-დან ერთბაშად ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი იმის ნიშანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტები ნელ-ნელა ლაგდება. 14 ივნისს ნატოს სამიტია დაგეგმილი, რომელზეც, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, ამჯერად არ მიიწვიეს საქართველო და უკრაინა. 16 ივნისს კი ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგება. ნიშანდობლივია, რომ ეს ვიზიტები ამ მნიშნელოვანი მოვლენების წინ იმართება. ფილიპ რიკერი თბილისში კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, იგი 6-13 ივნისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ვიზიტის მიზანი ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი ერთ კვირაში - “ეს ნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო პრიორიტეტებს ალაგებს”.
“რიკერი ორშაბათს საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს. განხილული იქნება პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხები. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. 17:15 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართება. დღის ბოლოს კი ფილიპ რიკერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება. მანამდე, 2 ივნისს საქართველოში ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი იმყოფებოდნენ. 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ასევე ოკუპაციის ხაზი მოინახულეს. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ დროის ასეთ მცირე მონაკვეთში აშშ-დან საქართველოში განხორციელებული ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი აიხსნება იმით, რომ სტრატეგიული პარტნიორის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური პრიორირტეტები ნელ-ნელა ლაგდება. ასევე ნატოს სამიტის წინ ეს არის გზავნილი, რომ აშშ-სთვის საქართველო კვლავ პრიორიტეტულია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პირველ რიგში ეს ალბათ აიხსნება იმით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ნელ-ნელა ლაგდება, მათ შორის სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რიკენის ვიზიტს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანსა და სომხეთშიც ახორციელებს, რადგან შარშანდელი ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, ყველას გვახსოვს აშშ ზოგადად ჩვენს რეგიონში როგორი პასიური იყო და ახალ ადმინისტრაციასაც პრიორიტეტები ბოლომდე არ ჰქონდა ჩამოყალიბებული. ეს შეხვედრა არის გარკვეულად გზავნილი როგორც საქართველოსთვის, ისე ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, რომ ისინი აშშ-სთვის კვლავ პრიოროტეტულია. ამავე დროს ეს შეიძლება იყოს საქართველოსთვის მხარდაჭერა იმ კუთხით, რომ წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო და უკრაინა ნატოს სამიტზე არ დაპატიჟეს, რაც ძალიან სამწუხაროა და მაინცდამაინც კარგს არაფერს ნიშნავს. ამ კონტექსტში კი ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომლიც აშშ-მა გამოაჩნა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“ეს იქნება ასევე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და ალბათ უნდა ველოდოთ, რომ ამ შეხვედრების შემდეგ შეერთებულ შტატებშიც ჩამოყალიბდება ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერის თვალსაზრისით და თანდათანობით აშშ-ის დიპლომატია იმ ჩვეულ აქტიურ როლს დაიბრუნებს, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა, როგორც საქართველოში, ასევე ამ რეგიონში. ამას ემატება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - საქართველოში ბოლოდროინდელი კრიზისის დროს, ევროკავშირის აქტიურობის ფონზე, აშშ ელჩის დონეზე იყო ჩართული და მაღალი დონის ვიზიტებით, თუ რამდენიმე დღის წინ სენატორების ვიზიტს არ ჩავთვლით, საქართველო აშშ-სგან განებივრებული არ იყო. ამ კუთხით კი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები თავად გაეცნონ ქვეყანაში მდგომარეობა რამდენად სტაბილურია და რა პრობლემებია ამ შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით”, - მიიჩნევს კაკაჩია.
„ბაიდენი-პუტინის სამიტზე ძირითადად უკრაინისა და სხვა საკითხები განიხილება. საქართველო დიდი ხანია ამ მოლაპარაკებებში არ ფიგურირებს და აქედან გამომდინარე, ეს ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია. ამ კუთხით ალბათ ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა იაქტიუროს, რომ მოახერხონ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების დარწმუნება, რომ საქართველოს ასეთი დიპლომატიური დახმარება სჭირდება და არ უნდა ჩაითვალოს, რომ საქართველოს პრობლემები მოგვარებულია, ან რუსეთთან მისი ურთიერთობა რაღაცნაირად მოწესრიგდა. აქედან გამომდინარე, ალბათ ამ საკითხთან მიმართებაში უფრო მეტი აქტიურობა უნდა იყოს. აშშ ნატოში ერთ-ერთი წამყვანი ძალაა, მაგრამ ის საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხს ვერ გადაწყვეტს. მას რაც შეუძლია ორმხრივი ურთიერთობების დონეზე, ესაა, რომ საქართველოს მისწრაფებებს მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს”, - განმარტავს რესპონდენტი.
“ამის გარდა, არის ფინანსური დახმარებები, ვთქვათ, სამხედრო უსაფრთხოების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის იმ ფონზე, როდესაც ნატოსთან მიმართებაში რაიმე სერიოზული პროგრესი არ შეინიშნება. ამიტომაც ეს ორმხრივი ურთიერთობები რაღაცნაირად უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიდეს, ბუშის ადმინისტრაციის შემდეგ, აშშ-საქართველოს ურთიერთობები ინერციით მიდის, ერთ დონეზეა. ახლა, როცა ალიანსში გაწევრიანება აშკარა და ნათელი ჯერ კიდევ არაა, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-სთან უფრო მჭიდრო სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა გვქონდეს და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. ამას ჩვენი ხელისუფლება რამდენად მიაღწევს, რომელსაც ათასი პრობლემა აქვს, ეს ცალკე საკითხია,“ - დასძენს კაკაჩია.
ვახტანგ ძაბირაძე - “გავიგე, რომ ხაზარაძე დიმიტრი გელოვანს ეძებს, მაგრამ არა მგონია, ამ საკითხზე ოპოზიცია შეთანხმდეს”
“ამერიკელები დიდი ხანია საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არიან ჩართული. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ ბოლო 6 თვის განმავლობაში. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს ჩამოსულიყვნენ და საკუთარი თვალით ენახათ, როგორ ვითარდება პროცესები მიშელის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეჭვობდნენ, დაიწყებდნენ თუ არა თანამშრომლობას ხელისუფლება და ოპოზიცია, თუ დაპირისპირება გაგრძელდებოდა. დაპირისპირება, როგორც ჩანს, გრძელდება, უბრალოდ, მან ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გავიგე, რომ ხაზარაძე დიმიტრი გელოვანს ეძებს, მაგრამ არა მგონია, ამ საკითხზე ოპოზიცია შეთანხმდეს” / “ზღაპარია იმაზე საუბარი, თითქოს სააკაშვილი დაიხურავდა ქუდს და შორტით გადმოვიდოდა სარფში. როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი რისკიანია?!”
“სასიამოვნო და მოულოდნელი იყო ერთგვარი მორატორიუმის შემდეგ საქართველო-უკრაინის ურთიერთობის განახლება. 2012 წლიდან დღემდე ჩვენ უფრო ევროკავშირისა და ნატოს მიმართ დამოკიდებულება, საგარეო პოლიტიკის შესახებ საერთო ხედვა გვაკავშირებდა, ვიდრე ორმხრივი ურთიერთობა. ბუნებრივია, ეს დაკავშირებული იყო სააკაშვილის ფაქტორთან და ძალიან კარგია, რომ დღეს ეს გავლენას ვეღარ მოახდენს საქართველოსა და უკრაინის სავაჭრო და პოლიტიკურ ურთიერთობაზე. შეიძლება ითქვას, ქართულ პოლიტიკაში ერთი ეტაპი დასრულდა და ახალი, პოლიტიკურად უფრო გამართული პერიოდი იწყება. თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გასტანს, რადგან გვიახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე გაცილებით დაძაბულ ვითარებაში ჩატარდება. ეს პრობლემა აუცილებლად დაგვიდგება შემოდგომაზე. ასეთი ფიქრის საფუძველს მაძლევს “ოცნების” დათქმა ხმების 43%-ის შესახებ. ოპოზიციის აზრით, მმართველი გუნდი ვერ აიღებს 43%-ს და ყველაფერს გააკეთებს, რომ მართლაც ვერ აიღოს და დღის წესრიგში დადგეს რიგგარეშე არჩევნები. არადა, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას აქვს უპირატესობა. ოპოზიცია ფრაგმენტირებული, ჩამოუყალიბებელია და თუ არჩევნებამდე ასეთი ფორმით მივა, “ოცნებას” არ გაუჭირდება 43%-ის აღება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“თუმცა, რა იქნება ოთხი თვის შემდეგ, არ ვიცი. აქ კიდევ ერთი მომენტია - გაუგებარია “ნაცმოძრაობის” გადაწყვეტილება, პარლამენტში შედიან, მაგრამ ხელს არ აწერენ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს. თუ “ნაციონალები” მიშელის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერენ, საერთაშორისო ასპარეზზე მათი მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირდება. ეს ხომ ერთი კაცის დოკუმენტი არ არის?! “ნაციონალების” ასეთი პოზიცია ხელს აძლევს “ოცნებას”. მას მანევრირების დიდი დიაპაზონი აქვს. შეუძლია გააჭიანუროს სასამართლო პროცესები და დაელოდოს იმ მომენტს, როდესაც ნიკა მელიას დაპატიმრება დასავლეთისთვის აღარ იქნება ისეთივე რეზონანსული, როგორიც თებერვალში იყო. ერთი თვე მაინც რომ არ აეყვანათ მელია, მის გამო მღელვარება ნელ-ნელა მინავლდებოდა და უპრობლემოდ დააპატიმრებდნენ. თუ “ოცნება” ისევ გაიმეორებს თებერვალში დაშვებულ შეცდომას, გაჩნდება კითხვის ნიშნები, მათ კი გაუჭირდებათ დასაბუთება, თუ რატომ აკეთებენ ამას. ეს უკვე თავისთავად გულისხმობს დეკლარირებულ დასავლურ კურსზე უარის თქმას”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“გახარია ორ ცეცხლს შუა მოჰყვა. მისი რეიტინგი აფრთხობს როგორც “ქართულ ოცნებას”, ასევე ოპოზიციას. მართალია, “ნაციონალების” რეიტინგამდე მის პარტიას ბევრი აკლია, მაგრამ პატარა პარტიების თავსატეხი კი ნამდვილად არის. “ოცნება” არ იქნებოდა ასეთი აგრესიული, რომ არა ყბადაღებული 43%. მე არ მჯერა გახარია-სააკაშვილის შეთქმულების იმიტომ, რომ ორი-სამი დღე კი არა, როგორც უკვე ვთქვი, ერთი თვეც უნდა გაეწელათ მელიას დაპატიმრების საკითხი. ასეთ შემთხვევაში “ნაცმოძრაობის” ოფისში ზუსტად იგივე სიტუაცია იქნებოდა, რაც რუსთაველზე პერმანენტული აქციების დროსაა ხოლმე - ფაქტობრივად, იქ აღარავინ იქნებოდა. ამიტომ ლოგიკიდან გამომდინარე, ვერანაირ შეთანხმებასა და მოლაპარაკებას გახარიასა და სააკაშვილს შორის ვერ ვხედავ. კარგი, დავუშვათ ეს სცენარი იგეგმებოდა, როგორ უნდა განხორციელებულიყო? ზღაპარია იმაზე საუბარი, თითქოს სააკაშვილი დაიხურავდა ქუდს და შორტით გადმოვიდოდა სარფში. როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი რისკიანია?! დღეს ხალხში ისეთი განწყობაა, სააკაშვილი კი არა, რობესპიერით დაწყებული ლენინით დამთავრებული, ყველა რევოლუციონერი რომ გააცოცხლო და საქართველოში ჩამოიყვანო, ვერ შეძლებენ რევოლუციის მოწყობას. ხალხი რაღაცნაირად მოშვებულია, თითქოს თვლემს”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.
“გახარიამ თქვა, რატომ წამოვიდა “ქართული ოცნებიდან”, მაგრამ არ თქვა, რატომ ბრუნდება პოლიტიკაში. ვერ გავიგე, რას აპირებს, თუ ისევ პრემიერი გახდება. ამასთან, არც გუნდი ჰყავს დიდად მებრძოლი. ის ორჯერ წარდგა საზოგადოების წინაშე და ვერც ერთხელ ვერ დავინახე როგორც ოპოზიციონერი ლიდერი, ორჯერვე ისე ილაპარაკა, როგორც ყოფილმა პრემიერმა. თუ ასე აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდეს. ფაქტია, “ოცნებას” პრობლემები აქვს, მას არა ჰყავს კალაძის ტოლი რეიტინგული ფიგურა. მოკლედ, თუ გუნდში უთანხმოება იყო, საკითხი კალაძის სასარგებლოდ გადაწყდა. კალაძე გახარიასთან წასულიყო კი არა, საერთოდ რომ გარიდებოდა პოლიტიკას, “ოცნებისთვის” მაინც დიდი დარტყმა იქნებოდა. ამიტომ შეიძლება ითქვას, მმართველ გუნდში სწორი გადაწყვეტილება მიიღეს”, - თვლის ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “მერობის კანდიდატის შესახებ მამუკა ხაზარაძის აზრს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. თქვენ რას ფიქრობთ მერობის კანდიდატად მეურნე პერსონის დასახელების იდეაზე?” - პასუხობს:
“გავიგე, რომ ხაზარაძე დიმიტრი გელოვანს ეძებს. თეორიულად სწორი სვლაა, მაგრამ არა მგონია, ამ საკითხზე ოპოზიცია შეთანხმდეს. ვფიქრობ, “ნაცმოძრაობა” თავის კანდიდატს დაასახელებს და მეორე ტურში გასულ კანდიდატს კალაძესთან მოუწევს დაპირისპირება, რაც კალაძის მოგებით დასრულდება”