გორის რესურსცენტრის დირექტორი - მუნიციპალიტეტის სკოლებში წელს 249 ოქროს და 31 ვერცხლის მედლის კანდიდატი გვყავს

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე სასწავლო წელს, 249 ოქროს და 31 ვერცხლის მედლის კანდიდატი კურსდამთავრებული გვყავს, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.
„კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო, უკვე მეორე წელია, სასწავლო პროცესი განსხვავებული რეჟიმით მიმდინარეობს, ზოგ სკოლას ნაწილობრივ, ზოგგან კი მოსწავლეებს სრულად ონლაინ რეჟიმში სწავლა უწევდათ, თუმცა, საბოლოოდ, სასწავლო წელი სრულდება და უკვე ცნობილია შესაბამისი აკადემიური მოსწრების ხარისხი. შემიძლია გითხრათ, რომ წელს, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 249 ოქროს და 31 ვერცხლის მედლის კანდიდატი კურსდამთავრებული გვყავს“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
2020-2021 სასწავლო წელს, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 67 საჯარო და 6 კერძო სკოლა 1 421-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.
შეგახსენებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“, რომლის საფუძველზეც, მოსწავლეს, რომლის აკადემიური მოსწრება საშუალო საფეხურზე დამრგვალების გარეშე 10 ქულაა, ოქროს მედალი და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.

























