მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობაზე“ - გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ ფუჭი აღმოჩნდა მათი 6-თვიანი მცდელობა წყალი აემღვრიათ და ამასობაში თევზი მოენადირებინათ

გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ ფუჭი აღმოჩნდა მათი 6-თვიანი მცდელობა წყალი აემღვრიათ და ამასობაში თევზი მოენადირებინათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან პლენარულ სესიაზე განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დაგვიანებული ნაბიჯი შედგა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლის დღეს და თან როცა საქართველო რეზო გაბრიაძეს დასტირის, კი მენანება ქრისტეფორესა და ერთაოზის შედარება „ნაციონალურ მოძრობასთან“, მაგრამ თვითონ სიტყვები კი კარგად მიესადაგება ვითარებას. რეზო გაბრიაძის უკვდავი ნაწარმოების ფინალს შეგახსენებთ:

„შემდეგ, როცა ყველაფერი მოიფრინეს, ზევით–ზევით იწყეს ასვლა და უცნაური რამ შეამჩნიეს: მაღლები და დაბლები, თაგვისარა და ჭადრები ერთი სიმაღლისა გახდნენ, ლამაზს, სულელს, ჭკვიანს, მდიდარს, ღარიბს – ვინ გაარჩევდა აქედან რამეს. ამასობაში ოთხი თუ ხუთი წელი გავიდა.

მოიწყინა ქრისტეფორემ, მალიხულია სენი დაემართა, მელანქოლიის მსგავსი. ერთაოზს მალარიამ გაუხსენა. იწვა საწყალი ქვაბთან, კანკალებდა და ენთროპიის ზრდის კანონზე ფიქრობდა კასპის ჭილოფში გახვეული.

– ეხ... – ამოიოხრა ქრისტეფორემ.

– რა სუფთა იყო ცა უჩვენოდ, რა სპეტაკი... – მწარედ ჩაილაპარაკა მოხუცმა და დადუმდა.

კიდევ ერთმა წელმა განვლო.

– სადა ვართ, ერთაოზ? – იკითხა ქრისტეფორემ.

– გავედით გაღმა, – უპასუხა ერთაოზმა.

– სად გაღმა?

– მარილზე.

– მარილზე? – ვერ გაიგო მოხუცმა.

– ჩავბარდით პატრონს.

რაღაც ანალოგი იგრძნობა „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიას, მიმდინარე პროცესებსა და ამ სიტყვებს შორის.

რაც მთავარია, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორ გზას ადგას ამ წუთას. გვიან მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ, როგორც ჩანს, ფუჭი აღმოჩნდა მათი 6-თვიანი მცდელობა წყალი აემღვრიათ და ამასობაში თევზი მოენადირებინათ. ასევე, გვიან მაგრამ მაინც მიხვდნენ იმასაც, რომ უნიჭოდ დაგეგმილი ფოკუსის არსს ყველა მიუხვდა და ჯიუტად ამის გამეორების მცდელობა უკვე განწირულია. ასევე გვიან მაგრამ მაინც მიხვდნენ იმასაც, რომ მატარებელი მათ გარეშე დაიძრა და სხვებმა დაიკავეს, სამართლიანადაც მანამდე მათ მიერ ოკუპირებული ადგილი. დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდნენ ამ ყველაფერს და დაგვიანებული ნაბიჯი შემოდგეს პარლამენტში. მაგრამ თვალი მაინც იმ ფოკუსსზე უჭირავთ, რადგან მაგალითად, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავს იკავებენ. არაუშავს, ალბათ მალე, მაგრამ ასევე დაგვიანებით მიხვდებიან იმასაც, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაც მოუწევთ, რადგან თავად შარლ მიშელის დოკუმენტი გააფორმებს მათ ფიასკოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო