ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დოკუმენტი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა შერჩევა და დაწინაურება ობიექტური, გამჭვირვალე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული შეფასების კრიტერიუმებით ხდებოდეს

ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი“ დასკვნით ღონისძიებას მართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს მართლმსაჯულების სექტორში თანამშრომლობა წარმოადგენს.

მათი ინფორმაციით, ევროკავშირი, მრავალფეროვანი ინსტრუმენტების მეშვეობით, ხელს უწყობს ქართული მართლმსაჯულების დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან და სისტემის ხელმისაწვდომობის, ეფექტურობის, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას.

„ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი 19 აპრილის დოკუმენტიც „ამბიციური“ და „ფართომასშტაბიანი“ რეფორმების „ინკლუზიური“ პროცესის მეშვეობით გატარებას ისახავს მიზნად. მოწვეულ სტუმრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი მიესალმნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნელები, სამოქალაქო სექტორი და მედია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ძირითადი ფოკუსი რეფორმების მე-3 და მე-4 ტალღების სრულად დანერგვაზე იყო მიმართული, რაც, ძირითადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გამჭვრივალობის გაზრდას, პროცედურების დახვეწას და დასაბუთების სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, სამ ძირითად სესიაზე მიმოხილული იყო სასამართლო ხელისუფლების სისტემის მულტიცენტრულობის და ორგანიზაციული მოწყობის, გადაწყვეტილებების დასაბუთებისა და ხელმისაწვდომობის; სამოსამართლეო დისციპლინის საკითხები; ევროკავშირის სამართლის და აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობა. გლობალურმა პანდემიამ პროექტის გუნდს უბიძგა მეტად კონცენტრირებულიყო ანგარიშების, შედარებით-სამართლებრივი კვლევებისა და რეკომენდაციების მომზადებაზე. თუმცა, ანალიტიკური კვლევების მიღმა, პროექტის გუნდმა ბენეფიციარებს არაერთი პრაქტიკული ტრენინგი, შეხვედრა და დისკუსია შესთავაზა. დამოუკიდებლობის, ეთიკის და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება სასამართლოში ევროკავშირის მომავალი მხარდაჭერის პრიორიტეტად რჩება.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა შერჩევა და დაწინაურება ობიექტური, გამჭვირვალე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული შეფასების კრიტერიუმებით ხდებოდეს. ასევე, დღის წესრიგის პრიორიტედად რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნების სამართლებრივი დასაბუთების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 185 კონფერენცია, სამუშაო შეხვედრა, ტრენინგი და საერთაშორისო კონგრესი თუ სიმპოზიუმი; 8 სასწავლო ვიზიტი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გასაზიარებლად; 7 საზაფხულო და ზამთრის სკოლა - ეს არის იმ ღონისძიებათა არასრული ჩამონათვალი, რომელთა ორგანიზება პროექტის გუნდმა ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში (2016 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე) შეძლო. პროექტი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, პარლამენტთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, საერთო სასამართლოებთან, იუსტიციის სამინისტროსთან, გენერალურ პროკურატურასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. განხორციელებული აქტივობების მოკლე ჩამონათვალი შემდეგია: სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება; რეფორმის მე-4 ტალღისათვის რეკომენდაციების მომზადება; სასამართლოების ანალიტიკური სამსახურების გაძლიერება; ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით, წლიური ანალიტიკური და განზოგადების ანგარიშების მომზადება და პრეზენტაცია; სასამართლო სისტემის სრულფასოვანი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური აუდიტის ჩატარება; მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ პორტალის შექმნა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის; საკონსტიტუციო სასამართლოს ელექტრონული საქმის-წარმოების სისტემის შექმნა და ვებ-გვერდის განახლება; ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა; არაერთი ტრენინგი მოსამართლეთათვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირის სამართლის მიმართულებით; სასამართლოს მოხელეთა გადამზადების მიზნით მართლმსაჯულების სკოლის დაარსება; საკონსტიტუციო სასამართლოს ზაფხულის სკოლის მხარდაჭერა; აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ ცნობიერების ამაღლების და პრაქტიკაში გამოყენების კუთხით პროსეფიონალთა გუნდების გადამზადება; იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერა სისხლის სამართლის მედიაციის პროგრამის ზრდასრულებზე გავრცელების მიზნით“,-აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა