ირაკლი ქარსელაძე - ქუთაისისა და ქართული სპორტისთვის გამორჩეული დღეა, საფუძველს ვუყრით ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობას

დღეს ნამდვილად გამორჩეული დღეა ქუთაისისთვის და ქართული სპორტისთვის, რადგანაც საფუძველს ვუყრით ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობას , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისში, ახალი სპორტ-კომპლექსის მშენებლობის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება ადგილი, სადაც გაიმართება როგორც ეროვნული, ასევე სართაშორისო ტურნირები.

„პირადად ჩემთვის გაორმაგებულია ეს ემოცია, როგორც ქუთაისელის, როგორც ყოფილი წყალბურთელისთვის. ჩემი მწვრთელი ბატონი ჟორა ქუთათელაძე აქ არის, რომელიც 6 წლის ასაკში გავიცანი და ეროვნულ ნაკრებში პირველი მოწვევისას თან მახლდა. ფასდაუდებელია ამ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც გამოწვევების მიუხედავად მოახერხეს და ახალგაზრდა თაობა სპორტით დააინტერესეს და არა მხოლოდ დააინტერესდეს, არამედ კონკრეტულ შედეგებსაც მიაღწიეს, დიდი მადლობა თქვენ. დარწმუნებული ვარ ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა უდაოდ იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას ამ და სხვა პროექტების განხორციელებაში და მადლობა გადაუხადა ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ შეინ როზენტალს თანამშრომლობისთვის.

სამინისტროს ინფორმაციით, ADB - ის ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის გარდა, თანამედროვე სტანდარტების სპორტკომპლექსების მშენებლობა პარალელურად კიდევ სამ ქალაქში - ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდშიც დაიწყება.

ქუთაისში, პროექტის მიხედვით, აშენდება ოლიმპიური სტანდარტის დახურული აუზი, რომლის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ სხვადასხვა ასაკის როგორც მოყვარული სპორტსმენები, ისე ჯგუფები საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში. აუზის კომპლექსი, ასევე, ითვალისწინებს სავარჯიშო დარბაზებს, 600-მდე მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას და სივრცეებს კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისთვის. სპორტკომპლექსის გარე ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი, აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის.

ობიექტის მშენებლობისთვის 18 თვეა განსაზღვრული.

სპორტ-კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრეებს მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რის შემდეგაც პრემიერმა, ირაკლი ქარსელაძემ და შეინ როზენტალმა, მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ასევე ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა