ქართული პრესის მიმოხილვა 10.06.2021

როდის დაიწყება საქართველოში კოვიდ პასპორტების გაცემა

დიდი გარღვევა - პრემიერი ნამოხვანჰესის პროექტის პირობებს ცვლის!

რას აბრალებენ გახარიას “ოცნებაში” და რა საპასუხო არგუმენტები აქვს ყოფილ პრემიერს

* * *

როდის დაიწყება საქართველოში კოვიდ პასპორტების გაცემა

“კორონავირუსულ პანდემიას მსოფლიო უკვე წელიწადნახევარია ებრძვის და დღეის მდგომარეობით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია. რაც შეეხება საქართველოს, მესამე ტალღა დაძლეულია, თუმცა, ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი 800-ის ფარგლებშია. კრიტიკულ ნიშნულზეა ლეტალობაც - ანალიტიკოსების აზრით მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადრებოა და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ჯერჯერობით, ეპიდსიტუაცია არ იძლევა საშუალებას, რომ ღია სივრცეებში პირბადის ტარება მოვხსნათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. რაც შეეხება ღამით გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას, მან განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა იყო, თუმცა, ეპიდვითარებაზე დაკვირვება დაახლოებით 2 კვირის მანძილზე კიდევ უნდა მოხდეს და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის დაიწყება საქართველოში კოვიდ პასპორტების გაცემა / “კოვიდ პასპორტს QR კოდი აქვს, სადაც წერია როდის ხართ აცრილი და რა ვაქცინით, შეგეძლებათ “ბუკინგი” გააკეთოთ იმ აპლიკაციიდან, რომელიც მალე გაეშვება”.

“რაც შეეხება საყოველთაო ვაქცინაციას, გამყრელიძის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში ივლისიდან “ამცრელი სივრცეები” ჩამოყალიბდეს. მოსახლეობის აცრა მოხდება დიდ სივრცეებში, მათ შორის პავილიონებში, მოლებში და სპორტულ დაწესებულებებში. “ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ 3 ან 4, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო. კარვებზე საუბარი არ არის, საუბარია უფრო დიდ სივრცეებზეა, მაგალითად თბილისში აქტიურად ვმუშაობთ “ექსპო ჯორჯიასთან” მათი პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე ვმუშაობთ “ჰუალინგის ცენტრთან”, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია და მოლებთან, რომ იყოს ამ ტიპის ცენტრები გაშლილი. ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ეს იქნება როგორც ონლაინ დაჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგებით”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ არსებული ეპიდმდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მონაცემები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვდუნდეთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყველაფერი პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ანალიზი კეთდება, მეორე ის, რომ ხალხი აშკარად მოეშვა, ქუჩებში თავისუფლად მოსიარულე ხალხს ვნახულობ, რომლებსაც პირბადე არ უკეთიათ და მაღაზიებშიც ასე შედიან - ეს გარკვეულწილად მოქმედებს. თუმცაღა, 800-ის ფარგლებში შემთხვევები ამ პერიოდისთვის ბევრი არაა და მდგომარეობა სტაბილურია და საგანგაშო არაა. უბრალოდ მოსახლეობამ უნდა შეიგნოს, რომ ჯერ არაფერი არ დამთავრებულა, ყველას ასე ჰქგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა - მაპატიონ, მაგრამ თავს აცრილებმაც უნდა მიხედონ, რადგან არის შემთხვევები, როცა მათაც კოვიდი ისევ ემართებათ. ნებისმიერი პანდემიის პირველი მტერი და გარდამტეხი, ესაა ეპიდემიოლოგიური თავდაცვა, მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლება და რასაკვირველია - პირველ რიგში აცრა, მაგრამ აცრასაც თავისი ვადები აქვს და სადღაც მისი დაცვაც უნდა მოხდეს. ვაქცინირებულმა ადამიანმა პირბადე არ უნდა მოიძროს და თავისუფლად არ უნდა იაროს, რადგან აცრა 100%-იან თავდაცვას არ ნიშნავს, ის ნიშნავს საავადმყოფოში არ მოხვედრას და სიკვდილს გადარჩენას, თორემ ის, რომ მას დაავადება არ დაემართება, აცრა ამას არ ნიშნავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ჯენერმა თავის დროზე ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიგონა და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მსოფლიოში ყვავილი განადგურებულიყო, მაგრამ, საქმე ისაა, რომ მისი მუდმივი და თუნდაც შეძენილი აქტიური იმუნიტეტი სიცოცხლის ბოლომდე რჩება. კორონავირუსს კი ასე არ აქვს, რომ აცრა გაიკეთო, იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს და მთელი ცხოვრება გაგყვეს, ესაა ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც მთელს მსოფლიოს ამ ვირუსთან ბრძოლა უჭირთ. დღეს მაგალითად ინდოეთში აცრის რიგში კი არადა ჟანგბადის რიგში დგანან, რომ ისუნთქონ. წესით, საქართველომ შვება მალე უნდა იგრძნოს, რადგან ჩვენ ბევრნი არ ვართ, მთავარია, რომ გარედან ინფიცირებულები არ შემოვიდნენ და მეორე - ხალხის თვითშეგნება ავამაღლოთ, ზოგიერთს რატომ არ ეშინიათ არ მესმის, მარტო ოთხშაბათს კოვიდით 31 კაცია გარდაცვლილი, ეს სახუმარო არაა”, - განაგრძობს ეპიდემიოლოგი.

“ეს დაავადება მეც შემხვდა და ჩემი თვალით ვნახე რა უბედურებაა. ამიტომაც ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, განსაკუთრებით მედიის მხრიდან, რომ კი არ შევაშინოთ და დაპანიკოთ, არამედ მაქსიმალურად მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ადამიანები მოხვდნენ, რომ თუ სწორად მოიქცევიან, ყველაფერი კარგად იქნება. არა მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებში, არამედ ტელევიზიებში კორონავირუსზე გადაცემებია საჭირო, აქტიური ჩართვებით, თუნდაც ისეთი ზოგადი კადრიც რომ იყოს - მაგალითად, როგორიცაა “მოწევა კლავს”, სადაც აღბეჭდილია ხელოვნურ სუნთქვაზე შეერთებული ადამიანის ზოგადი კადრი. ასეთი სურათებიც კი ინფორმაციის მიწოდების კარგი საშუალება იქნება. რაღაცნაირად უნდა გავაგონოთ ხალხს სწორი ინფორმაცია, რადგან თავის თავს თუ არ უფრთხილდება, სხვას მაინც გაუფრთხილდეს”, - დაასკვნის ხმალაძე.

“რაც შეეხება კოვიდპასპორტების გაცემას საქართველოში, “რეზონანსს” ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ ჯერჯერობით მისი გაცემა არ დაწყებულა, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ე.წ. კოვიდ პასპორტში მითითებული იქნება თუ როდის და რომელი ვაქცინით აიცრა ადამიანი, ასევე აღნიშნული იქნება ინფორმაცია იმ შემთხვევაში თუ ადამიანმა კორონავირუსი უკვე გადაიტანა. “ე.წ. კოვიდ პასპორტს QR კოდი აქვს, სადაც წერია როდის ხართ აცრილი და რა ვაქცინით, არის ქართულად და ინგლისურად. ამავე დროს დაემატება ორი კომპონენტი, შეგეძლებათ „ბუკინგი" გააკეთოთ იმ აპლიკაციიდან, რომელიც მალე გაეშვება ალბათ და ასევე თუ გქონდათ კოვიდი, როდის გქონდათ დადასტურებული, ბოლოს PCR ტესტი როდის გაიკეთეთ. მიჩნეულია, რომ მინიმუმ 6 თვე მაინც აქვს ადამიანს ანტისხეულები ვირუსის გადატანის შემდეგ და ის იცავს მას, ამიტომ, თუ ბოლო 6 თვეში ვირუსი გადატანილი გაქვთ, დაახლოებით იგივე შეღავათებით სარგებლობთ”, - განაცხადა გამყრელიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

დიდი გარღვევა - პრემიერი ნამოხვანჰესის პროექტის პირობებს ცვლის!

“ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მთავრობა უკან იხევს. ქვეყნის პრემიერს ხელშეკრულების პირობები არ მოსწონს და ამ სახით ჰესი აღარ აშენდება. წესით, ამ ცვლილებამ მთავრობასთან დაპირისპირებას ბოლო უნდა მოუღოს. ახლა მთავარია, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ენდობოდნენ ქვეყნის მეთაურს, თუმცა საქმე ასე ნამდვილად არ არის. რიონის ხეობის მცველები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება, რადგან იმედი არ აქვთ, რომ ხელისეფლება მართლაც სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქმე ეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნამოხვანჰესის პრობლემა მემკვიდრეობით დახვდა. მას კომპანია “ენკასთან” გაფორმებული ხელშეკრულების პირობა არ მოსწონს და ამ ფორმით პროექტის განხორციელება აღარ გაგრძელდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი გარღვევა: პრემიერი ნამოხვანჰესის პროექტის პირობებს ცვლის! / მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ რიონის ხეობის მცველები მაინც უკმაყოფილონი არიან.

“ნამოხვანის პრობლემა, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა და ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც დაგვხვდა ეს პროექტი - 100 წელი და ასე შემდეგ... მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ ამ პროექტს - ეს ერთი. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, დავითანხმებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ წამოვიყვანოთ ის და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ნამახვანჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პროექტის უსაფრთხოებაზე გააკეთა აქცენტი კონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომლის თქმითაც, ნამახვანის კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება მანამ სანამ მის უსაფრთხოებაში ყველა არ დარწმუნდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დაახლოებით 12 თვე გვაქვს ჩვენ ყველას, ვიდრე შესაძლებელი გახდება კაშხლის მშენებლობა. ამ 12 თვის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროექტი გავაუმჯობესოთ. 15-მდე საექსპერტო ორგანიზაციამ გაიწვია ის კვლევები, რაც ჩვენ გვქონდა 1 თვის წინ გამოქვეყენებული. ველოდებით მათ, რომ ვნახოთ რა აღმოაჩნეს ამ კვლევებში ისეთი, რაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. მართალია, 99 წლით იჯარით გადაცემა შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ. სხვა დანარჩენში, რასაკვირველია, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ის ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს, მაგრამ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება”, – აღნიშნა თურნავამ. თუმცა, ,”რეზონანსისთვის” გახდა ცნობილი, საკითხის ასე დაყენება ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებისთვის მიუღებელია”, - განაგრძობს გამოცემა.

“მართალია, ისინი მიესალმებიან პოზიციას, რომ იქნება ცვლილება, თუმცა იქვე აცხადებენ, რომ მთავრობა ქმედითი ნაბიჯის გადადგმისგან მაინც თავს იკავებს და საკითხის განხილვას არ ჩქარობს. სამოქალაქო აქტივისტ მარიტა მუსელიანის განცხადებით, “რიონის ხეობის გადარჩენის” წევრები პოზიციას არ შეცვლიან და პროტესტს გააგრძელებენ. “პოზიტივად შეიძლება შეფასდეს ფაქტი, რომ პრემიერმა ცვლილება სცადა, მაგრამ აბსოლუტურად აცდენილია პროცესები. ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ არსად ჩანს, რომ ვინმე ამას აპირებდეს. არ ვიცით, რა ცვლილებაზეა საუბარი, არავინ არაფერზე შეგვთანხმებია, ანუ განხილვა არ ყოფილა და არც ვინმეს გამოუთქვამს მზადყოფნა. ყველანი ვამბობთ, რომ გვინდა საკითხის განხილვა, რათა გაირკვეს, რა არის სწორი და რა - არასწორი. ამას თუ ვერ მივაღწევთ, მსგავსი განცხადებების გაკეთებით, თუნდაც პრემიერის მხრიდან, რეალურად არაფერი შეიცვლება. პრეცენდენტი, რომ მთავრობის მხრიდან ცვლილებაზე დაიწყო საუბარი, პოზიტიურია, მაგრამ ჩვენი პროტესტის ხასიათს და შინაარს ვერ შეცვლის”, - ამბობს მუსელიანი, რომლის განმარტებით, “სხვა მოთხოვნები აქვთ მთავრობასთან და სხვა განცხადება გაკეთდა”, - დასძენს გამოცემა.

“საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმეს რამე დავუთმოთ, ასე საკითხს არ განვიხილავთ და არც მიგვაჩნია სწორად. გვინდა შემოგვთავაზონ პოზიციები და არა ის, რომ ხელშეკრულება გადაიხედება, ეს საკმარისი არგუმენტი არ არის. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული მოთხოვნები, გვინდა მხარეები ჭეშმარიტ აზრამდე მივიდნენ, მაგრამ ცალმხრივად იღებენ გადაწყვეტილებებს, სულ სხვა განზომილებაა, არავინ არაფერს გვეკითხება. ამდენად, ღარიბაშვილის განცხადებას ვერ განვიხილავთ ისე, რომ მთავრობამ ნაბიჯი გადმოდგა, გაცილებით მეტს ველოდით! ცხადია, პროტესტი გაგრძელდება”, - განაცხადა მუსელიანმა. მალევე პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის პოზიცია შეაფასა რიონელების ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმაც. მისი აზრით, მთავრობის წარმომადგენლები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, რაც ნიშნავს, რომ გუნდში საერთო პოზიცია არ აქვთ. მაგალითად, პრემიერისთვის კრიტიკულად შეუსაბამოა გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო ნათია თურნავა მას არ ეთანხმება”, - წერს სტატიის ავტორი.

“საკითხს დაარქვეს პრობლემური, თუმცა ჩვენ, ვინც ეს პრობლემა დავსვით და საკითხი პრობლემად წარმოვაჩინეთ, არ გვესაუბრებიან. ახლა იმის იმედად თუ არიან, რომ პროექტში 100 წელს 49 წლად გადააკეთებენ და მხოლოდ ეს იქნება საკმარისი, არასწორად ფიქრობენ. მთავრობა ჯერ ჩვენ უნდა შეგვხვედროდა”, - განაცხადა გოლეთიანმა. მთავრობასთან მოლაპარაკებას ადასტურებს ჰესის ინვესტორი კომპანია “ენკას” ქართველი დირექტორი მერაბ ლომინაძე. იგი პრემიერ-მინისტრის პოზიციას განცხადებითვე გამოეხმაურა. “როგორც კი მოლაპარაკებები რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო”, - განაცხადა ლომინაძემ. პროექტში ცვლილების მომხრეა ენერგეტიკოსი გია არაბიძე, მაგრამ ისე უნდა მოხდეს, რომ არც ეკონომიკას შეექმნას პრობლემა და არც ეკოლოგიას. საბოლოო ჯამში, ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, მაგრამ შენიშვნები მაქსიმალურად უნდა იქნას გაზიარებული როგორც ინვესტორის, ასევე მთავრობის მხრიდან. ენერგეტიკოსი აცხადებს, პრემიერის ინიციატივას მიესალმება და მიაჩნია, რომ ამ განცხადებას პროექტის საფუძვლიანი შესწავლა და კვლევა მოჰყვება”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ნამოხვანჰესის შეჩერება იქნება მძიმე, კატასტროფულიც კი, საქართველოს ენერგეტიკისთვის. პროექტი თუ არ ვარგა, უნდა გასწორდეს, მაგრამ არ უნდა იყოს საუბარი ჰესის მშენებლობის გაჩერებაზე. ეკონომიკას და ეკოლოგიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. პოზიცია, რომ არ გვჭირდება ჰესი, გამორიცხავს მოდერატორის ჩართულობასაც, ასე თუ ვფიქრობთ, რა საჭიროა შუამავალი! ღარიბაშვილის განცხადება, რომ მას პროექტი მემკვიდრეობით დახვდა, პოლიტიკურ ელფერს შეიცავს და ამ მხრივ ვერ შევაფასებ, თუმცა მან აქცენტი სწორად დასვა, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა 800-მილიონიანი პროექტი არ გაჩერდეს. ნამოხვანჰესის მშენებლობის ჩაშლით საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს კატასტროფა ელოდება. ამიტომ პროექტი უნდა გაკეთილშობილდეს, გადაიხედოს მისი იურიდიული ნაწილი, ეკონომიკური სარგებელი და ეკოლოგიური რისკები, ამის საფუძველზე უნდა ვიმსჯელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნისთვის იქნება დიდი პრობლემა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია არაბიძე.

“შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” მოთხოვნაა, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ენკას” შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია “ენკას” საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით; გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები”, - დასძენს სტატიის ავტორი.

რას აბრალებენ გახარიას “ოცნებაში” და რა საპასუხო არგუმენტები აქვს ყოფილ პრემიერს

ბიძინა ივანიშვილის მწვავე წერილის და ექსპრემიერის გიორგი გახარიას მოღალატედ მოხსენიების მიუხედავად, თავად გახარია ივანიშვილის წინააღმდეგ მკვეთრ განცხადებებს მაინც ერიდება. მას სჯერა და ეჭვი ეპარება, რომ ივანიშვილმა წერილი თავად დაწერა. ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ ის განაწყვეს და დაარწმუნეს საჯარო განცხადება გაეკეთებინა. გახარიამ, წინა განცხადებებისგან განსხვავებით, “ტვ პირველზე” გადაცემა “რეაქციაში” ბევრი ისაუბრა “ოცნების” პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე და აღიარა, რომ თანამდებობიდან წამოსვლის მიზეზი პარტიასთან უთანხმოება გახდა. თუმცა ამაში უხილავ ხელს ხედავს, მაგრამ არ აკონკრეტებს, არის თუ არა ეს უხილავი ხელი ბიძინა ივანიშვილი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას აბრალებენ გახარიას “ოცნებაში” და რა საპასუხო არგუმენტები აქვს ყოფილ პრემიერს.

“ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ დღეს “ოცნების” რესურსი ამოწურულია, როგორც ინტელექტუალური, ისე მორალური. “არ ვსაუბრობ ყველაზე, ბევრი ღირსეული ადამიანია იქ, ხემძღვანელობაშიც, მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ ვინც დღეს ამინდს ქმნის, იმ ადამიანების რესურსი სრულიად ამოწურულია”, - თქვა გახარიამ. ის კობახიძის ბრალდებებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეთქმულების შესახებ ასე პასუხობს: “ეს შეშინებული კაცის ბოდვაა, მეტი არაფერი". გახარიას თქმით, მისი პოზიცია იყო, რომ მელია სასამართლოს წინაშე ისე წარმდგარიყო, რომ ძალადობრივი მეთოდებით არ დაეკავებინათ და განკარგულება გასცა, ყველა ღონისძიება, მელიას დასაკავებლად გაცემული, გაეჩერებინათ. ის ადასტურებს, რომ ზარი ბიძინა ივანიშვილთან გადადგომის წინ განახორციელა, თუმცა ეს კომუნიკაცია არ შედგა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მქონდა მცდელობა დაკავშირების. სწორედ მაშინ, როცა დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომელთაც ამის არანაირი შესაძლებობა არ ჰქონდათ და ვერასდროს ამას ვერ გაბედავდნენ, ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში, მქონდა მცდელობა დაკავშირების, რათა გამერკვია, რა ხდებოდა. ეს კავშირი ვერ შედგა და ამის შემდეგ დავუძახე ჟურნალისტებს და გავაკეთე ის განცხადება, რომელიც გავაკეთე... მე ვიცი, რომ ვიღაცა კობახიძე ჩემს მინისტრებზე გავლენას ვერ მოახდენდა და მაშინ როცა მე ვცადე კონტაქტი დამემყარებინა და პასუხი ვერ მივიღე, ეს ჩემთვის პასუხი იყო და გადავდგი ის ნაბიჯი, რაც გადავდგი”, - აცხადებს გახარია. ამავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ივანიშვილი მისი მინისტრობის პერიოდში არასდროს ჩარეულა...”, - განაგრძობს გამოცემა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერს პასუხობს და და კვლავ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად დესტაბილიზაციის მცდელობაში სდებს ბრალს. "გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება, ამის მცდელობა ჩვენ დავასრულეთ ძალიან მარტივად და პარტიის დამფუძნებელმაც დაასრულა”, - განაცხადა კობახიძემ. გახარიას გუნდი კობახიძის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. გახარია მხრიდან კობახიძის კრიტიკას ასევე მამუკა მდინარაძემ უპასუხა. “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძისთვის დარტყმის მიყენება მმართველი პარტიის დაზიანებას ნიშნავს და სწორედ ამ მეთოდით მოქმედებს გიორგი გახარია...” დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო