“საერთაშორისო სავალუტო ფონდის" მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩეკირი - საპენსიო სისტემას ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

ინტერვიუ “საერთაშორისო სავალუტო ფონდის" მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში სელიმ ჩეკირთან.

-რატომ არის საპენსიო რეფორმა/საპენსიო სქემა მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და რა დადებითი ეფექტები შეიძლება იქონიოს მან ქვეყნის ეკონომიკაზე?

-საპენსიო სისტემას ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საპენსიო სისტემა თავს უყრის მოსახლეობის დანაზოგს. ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე მობილიზებული ფინანსური რესურსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ქვეყანას აღარ სჭირდება იგივე რაოდენობის თანხა ისესხოს საგარეო წყაროებიდან. მეტი ადგილობრივი დანაზოგი და ნაკლები უცხოური სესხი ამცირებს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ ქვეყანა მეტად მედეგი ხდება საგარეო შოკების მიმართ.

საპენსიო სისტემის არსებობა ხელს უწყობს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას. საპენსიო ფონდი არის ინსტიტუციური ინვესტორი, რომელიც ზრდის მოთხოვნას გრძელვადიან ლარის ინსტრუმენტებზე და ასევე ხელმისაწვდომს ხდის ლარის გრძელვადიან საფინანსო რესურსს. გრძელვადიანი ლარის ინსტრუმენტების არსებობა ეხმარება ეკონომიკის დოლარიზაციის დონის შემცირებას, რითაც ეკონომიკა უფრო მედეგი იქნება გაცვლითი კურსის ცვალებადობის მიმართ.

-რატომ არის საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანი დასაქმებულთათვის?

-საპენსიო რეფორმის მიზანია, დაეხმაროს დასაქმებულ მოსახლეობას პენსიაზე გასვლის შემდგომ შეინარჩუნონ შემოსავლის დონე და ცხოვრების სტანდარტი. ამასთან, საპენსიო სისტემა დანაზოგების დივერსიფიცირების საშუალებას იძლევა. გარდა საბანკო დეპოზიტებისა და უძრავი ქონებისა, საპენსიო ფონდის არსებობის პირობებში, საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ხდება ადგილობრივი და უცხოური საწარმოების ფასიანი ქაღალდები, წილები, ასევე სახელმწიფო ობლიგაციები. რაც მეტად იქნება საინვესტიციო პორტფელი დივერსიფიცირებული, მით მეტად მედეგი იქნება ეს პორტფელი შოკების მიმართ; მათ შორის უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ცვლილების მიმართაც.

-რა რჩევას მისცემდით საპენსიო სააგენტოს?

-საპენსიო სისტემისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სისტემის საფუძველი იყოს აშენებული მაღალი რეპუტაციით და საიმედო პერსპექტივით. დღევანდლამდე, საპენსიო სააგენტოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად ვაფასებთ. მნიშვნელოვანია, სააგენტომ გააგრძელოს საქმიანობა და მუდმივად დაიცვან ფონდში აკუმულირებული თანხები და სააგენტოს რეპუტაცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა