ჩვენ ვსაუბრობთ დამატებით შესაძლო სანქციებზე რუსეთის მიმართ, მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ევროკავშირი 27 წევრი ქვეყანაა და ზოგჯერ რთულია საერთო მნიშვნელის პოვნა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ევროკავშირის საპასუხო რეაქციაზე კომენტარისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ყველა ქვეყანას ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ აქვს იმის მიმართ, რაც ხდება კავკასიის რეგიონში, ბელარუსსა თუ რუსეთში, ამიტომ ზოგჯერ რეაგირება და გადაწყვეტილებების მიღება , გვიანდება თუმცა, როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, ასე მუშაობს დემოკრატია და ეს ყველას ესმის.
„ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ბელარუსზეც, უკანასკნელ პერიოდში თვითმფრინავის გატაცების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ევროკავშირი არის 27 წევრი ქვეყნის გაერთიანება და ყველა მათგანს აქვს განსხვავებული დამოკიდებულება იმის მიმართ თუ რა ხდება აქ, ამ რეგიონში, ბელარუსსა და რუსეთში და ზოგჯერ რთულია საერთო მნიშვნელის პოვნა ჩვენს შორის, მაგრამ ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით, ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ ეს საერთო მნიშვნელი და როგორც წესი, ჩვენ ვაღწევთ წარმატებას ამ მიმართულებით. თუმცა თქვენ მართალი ხართ - ზოგჯერ გვიანია, ზოგჯერ კონკრეტულ გადაწყვეტილებას დიდი დრო სჭირდება და ეს პრობლემაა, მაგრამ ეს არის დემოკრატია, დემოკრატია არ არის მარტივი გასატარებელი, თქვენ, ჩვენც და ყველამ ვიცით ეს“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.