არმაზ ახვლედიანი - ჩამობრძანდით ბათუმში, მე გიმასპინძლებთ და გაჩვენებთ კორპუსებს, სადაც კონკრეტულად ვიცით, რომ ამ კორპუსის მფარველი არის სუს-ი

ჩამობრძანდით ბათუმში, მე გიმასპინძლებთ და გაჩვენებთ კორპუსებს, სადაც კონკრეტულად ვიცით, რომ ამ კორპუსის მფარველი არის სუს-ი, - ასე მიმართა ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოს“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს, რომლებიც სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ.

მისივე თქმით, ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ ფაქტობრივად ქვეყანაში არ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობა.

როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, „ამ მანკიერი ტრადიციის“ აღმოსაფხვრელად საჭიროა თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს.

„ყოველთვის არის ადამიანებს შორის ურთიერთობაში რაღაც ისეთი, რაც ნორმალურ ვითარებაში დაგავიწყებს შენს პარტიულ კუთვნილებას, დაგავიწყებს შენს წარმომავლობას, სოციალურ მდგომარეობას, გუშინ იყავი თუ არა მინისტრი, ხვალ გინდა თუ არა გახდე დეპუტატი, უბრალოდ შენ ხარ იმ სოფლის, იმ ქალაქის მკვიდრი. თავისთავად სადღეგრძელო კი არ არის ცუდი, ფუჭი სადღეგრძელოა ცუდი. სიყალბეა ცუდი. სხვა არაფერი. ერთხელ ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბათუმში, (ეს ქუჩა ფაქტობრივად ყოფს ქალაქს, ძველ და ახალ ნაწილს) მე და ჩემი ბათუმელი მეგობარი ვიდექით. მითხრა - შეხედე ამ არქიტექტურას, ამ სივრცით მოწყობას, ამას რომ დააკვირდება მოზარდი მას ჩამოუყალიბდება დიდი ალბათობით, ასეთივე დამახინჯებული გემოვნება, ესთეტიკა, კულტურა. მე ამ მოსაზრებას სრულად ვეთანხმები. მგონია, რომ ეს არის ერთი დიდი უბედურება. სხვა იტყვის - ნუთუ ამაზე დიდი უბედურება, ამაზე დიდი პრობლემა ვერ იპოვეს საქართველოში, კი, რა თქმა უნდა, 150-ვეს შეგვიძლია თითო ჩამოვთვალოთ და 150-ვე გამოდგეს ერთი მეორეზე უფრო მძიმე. მე გეკითხებით, რა ვუყოთ იმას, რასაც ვეღარ ცვლი? მე ორივე ფლანგს მივმართავ ახლა, შეგიძლიათ მიპასუხოთ, რა ვუყოთ ამბასადორს ბულვარში? ნებართვა იყო ოთხ სართულზე და შენდება 16! ვინ არის მზად რომ მიპასუხოს, რა გავაკეთოთ? ეს ხომ მხოლოდ ბათუმელებს არ ეხება, ეს ხომ ყველას თანაბრად ეხება. რა ვუყოთ იმას, როცა ზედამხედველობის სამსახური, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენელია გაურიგდება ხოლმე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, შენ მიდი, მე გადამიხადე, მერე გაგიფორმებ. თქვენ არ იცით ასეთი შემთხვევები? მე არ დავიღლები დაგითმობთ საკმარის დროს და მოგიყვანთ არაერთ მაგალითს. რა ვუყოთ, როცა ზედამხედველობას ძალოვანი უწყება მფარველობს?! ჩამობრძანდით, მე გიმასპინძლებთ და გაჩვენებთ კორპუსებს, სადაც კონკრეტულად ვიცით, რომ ამ კორპუსის მფარველი არის სუს-ი. ანუ ის, რომ კორპუსი უნებართვოდ აშენდა, აშენების ნებართვა არ იყო, 7 სართული უნებართვოდ აშენდა, ქალაქის ცენტრალურ სივრცეში, საუცხოო ისტორიულ უბანში, დაამახინჯა ყველაფერი და დაემატა შემდეგ საკვირველება-3 სართული ასევე უნებართვოდ. ვინ აგებს ამაზე პასუხს? ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ ფაქტობრივად ქვეყანაში არ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობა. ჩვენ ახლა ხომ ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, ადგილობრივი არჩევნებისთვის. მე კი არ ვინატრებდი, ჩემს თავს ვთხოვ, მოვითხოვ ჩემგან და თქვენგანაც, მოვახერხოთ ისე, ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, როცა ვთქვათ, ბათუმის საკრებულო არ იქნება იმაზე დამოკიდებული რას ეტყვის ბატონი რიჟვაძე ან სხვა ბატონები თბილისიდან, რაზე უნდა გაიცეს ნებართვა“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, სწორედ ასე, ამ აღებ-მიცემობის ფონზე ამ გარიგებებით, ჩაწყობებით, დამახინჯდა საბოლოოდ და გამოუსწორებლად, საქართველოს ქალაქები.

„დაგვრჩა საბედნიეროდ თელავი, ნაწილობრივ ქუთაისიც, მაგრამ ეს მწარე გამოცდილება ხომ გაგვაჩნია, როცა სასამართლო არ არსებობს და დემოკრატიაზე საუბრობ, როცა მიშელთან გაქვს შეხვედრა და დემოკრატიის არ გაგეგება არაფერი, მაშინ ასეთი არადემოკრატიული გარემო პირდაპირ ახდენს გავლენას იმ დიდი გარემოს ჩამოყალიბებაზე, რაზეც ახლა მოგახსენეთ. სწორედ ამიტომ, სახეზეა დანაშაულებრივი გარიგება, კორუფციის წარმოუდგენელი ფაქტები, ვინ არის მზად ამის გამო პასუხი აგოს?! მე მომხრე ვიქნებოდი, ვეთანხმები მამუკა ხაზარაძეს- შეიძლება იმ ასეულობით ჩვენს მოქალაქეს, ვინც შეიძლება 30 სმ-იანი სარკმლის ნაცვლად 40სმ-იანი გამოჭრა უნდა ეპატიოს, თუმცა სხვა შემთხვევაში უფრო მკაცრი ვიქნებოდი და არავის ვაპატიებდი. ეს არ ეხება ჩემსას, თქვენსას, ეს ეხება ჩვენსას. ეს განცდა როცა არ გვაქვს, მაშინ სადღეგრძელო ფუჭია. დიახ გეთანხმებით!

დარბაზის ამ მხარეს უფრო ხშირად ვიყურები, მაგრამ დარბაზის მეორე მხარესაც შემიძლია გავიხედო, იმიტომ რომ თაობიდან თაობაში, 30 წლის განმავლობაში გადაეცემა, როგორც ესტაფეტა ეს მახინჯი ტრადიცია, სადღაც ხომ უნდა დავსვათ წერტილი? უნდა დავსვათ! წერტილის დამსმელი კი არის სამართლიანობა“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა