ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოსს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, „ნაციონალების“ დეპუტაციის პარლამენტში შესვლის შემდეგ პოლიტიკური ცხოვრება საინტერესო გახდა. თითქოს დაიძლია მაღალი ალბათობის არასტაბილურობის პარადიგმა, მაგრამ ვხედავთ, რომ მთლად ასეც არაა.

მიუხედავად იმისა, რომ იმავე 19 აპრილის შეთანხმების ზოგიერთ პუნქტებზე საპარლამენტო პარტიები ვერ თანხმდებიან, მაინც კარგია, რომ პოლიტიკური ცხოვრება ახლა ქუჩის ნაცვლად პარლამენტის კედლებში ეტევა.

ასეა მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და რეგიონებში გახშირებულია სოციალური და სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნებით ხალხის პროტესტი და აქტიურობა.

როგორ შეაფასებდით შიდა პოლიტიკაში მომხდარ ცვლილებებს, მისი მიმდინარეობის დინამიკას და რამდენად დაძლეული გვაქვს შიდა პოლიტიკაში სულ ახლახანს საკმაოდ დიდი დოზით არსებული არასტაბილურობის პარადიგმა?

- საპარლამენტო ცხოვრების აღდგენის პროცესი ნელა და წინააღმდეგობებით მიმდინარეობს, მაგრამ მას ალტერნატივა არა აქვს, მითუმეტეს, ასეთ რთულ საგარეო ვითარებებში. როგორც საზოგადოების დამოკიდებულებამ აჩვენა ჩანს, ის სხვა ფორმატს არც დასთანხმდება. საკმარისია ის რეპუტაციული ზიანი, რაც ქვეყანას მიადგა გარეთ და ჩვენს პოლიტიკურ აქტორებს - ქვეყნის შიგნით.

სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ. ვფიქრობ, ეს არის ძალზე სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი. ომის გარდა, რა უნდა იყოს იმაზე უარესი, როდესაც საზოგადოებას და პოლიტიკურ კლასს ერთმანეთისა არ ესმით და ფასეულობებისა და პირობითობების ერთი სისტემა არ გააჩნიათ.

ომის გარდა, რა უნდა იყოს იმაზე უარესი, როდესაც საზოგადოებას და პოლიტიკურ კლასს ერთმანეთისა არ ესმით და ფასეულობებისა და პირობითობების ერთი სისტემა არ გააჩნიათ

აქედან სახელმწიფოებრივ კრიზისამდე ერთი ნაბიჯია და არაჩვეულებრივი ნიადაგი იქნება იმისთვის, ვინც შეძლებს პოლიტიკური ალტერნატივა დაანახოს ადამიანებს. ხოლო ასეთი ვინმე რომ ყოველთვის სიკეთის მომტანი არაა, უკვე რამდენჯერმე გამოვცადეთ.

წესით ჩვენი პოლიტიკური კლასი თავად უნდა ზრუნავდეს, რომ ვნებები დაცხრეს, სიმძიმის ცენტრმა პარლამენტში გადაინაცვლოს და საზოგადოებაში მომწიფებული საფიქრალის და სატკივარის გამხმოვანებლებად იქცნენ. ჯერჯერობით ბრძოლისა და ერთმანეთის სრული დათრგუნვის აზარტი სძლევთ, რაში ჩართვასაც, როგორც ყველაფრიდან ჩანს, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ აპირებს.

ალბათ, დროა, ჩვენი პოლიტიკური აქტორები შეთანხმდნენ პირობითობების იმ სისტემაზე, მათ რომ საზოგადოებასთან დააბრუნებს. თუნდაც მარგინალიზაციისა და პრორუსული ძალების გამოცოცხლების საფრთხემ უნდა გააკეთებინონ ეს.

დროა, ჩვენი პოლიტიკური აქტორები შეთანხმდნენ პირობითობების იმ სისტემაზე, მათ რომ საზოგადოებასთან დააბრუნებს. თუნდაც მარგინალიზაციისა და პრორუსული ძალების გამოცოცხლების საფრთხემ უნდა გააკეთებინონ ეს

სოციალური მოთხოვნების გამწვავება ბუნებრივია. ვფიქრობ, რაც დრო გავა, მით უფრო გახშირდება მსგავსი მოვლენები. ის უფროა საკვირველი, რომ სოციალური მოთხოვნები სადღაც უკანა პლანზე უყო.

- ქართულ პოლიტიკურ სცენაზე საკუთარი გუნდით ექსპრემიერ გიორგი გახარიას გამოჩენას იმავე სცენის ძირითადი აქტორები დიდი სიხარულით არ შეხვედრიან. მომხდარით ყველაზე მეტად გაღიზიანებას აშკარად არ ფარავდა მმართველი გუნდის ლიდერშიფი.

მეტიც, როგორც ჩანს, სწორედ მათ თხოვეს პოლიტიკიდან წასულ ივანიშვილს საჯაროდ ეთქვა, რომ გახარიას მხარს არ უჭერს და იგი მისი პროექტი არა.

ფაქტია, რომ როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ გიორგი გახარიასა და ირაკლი კობახიძეს შორის შიდა კონკურენციაში კობახიძემ გაიმარჯვა. თუ დავუშვებთ, რომ კობახიძემ გაიმარჯვა, გაუგებარია პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი რატომაა.

რა შეიძლება ყოფილიყო გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე მმართველი გუნდის გაღიაზიანების მიზეზი, რა ხდება მმართველ გუნდში და ადგილობრივი არჩევნების წინ როგორ ფორმაშია „ქართული ოცნება?

- გავრილოვთან დაკავშირებული ისტორიის შემდეგ კობახიძის პრემიერად არჩევა საკმაოდ მნიშვნელოვან არგუმენტსაც მისცემდა ოპოზიციას და ვერც საზოგადოებაში იქნებოდა პოპულარული. გარდა ამისა, ბატონმა ირაკლიმ ჯერაც ვერ მიაგნო საჯარო ქცევის იმ წესს, მას რომ პოპულარობას შესძენდა. სიხისტით თვითდამკვიდრება შეიძლება ზოგჯერ მუშაობს, მაგრამ არა ყოველთვის.

რაც შეეხება გიორგი გახარიას გამოჩენას პოლიტიკურ ველზე. მან საკმაოდ კარგად მიაგნო საჯარო გამოსვლების იმ ფორმატს, მის ირგვლივ განსაკუთრებული ყურადღების ველს რომ ქმნის.

მან იცის მსმენელთან ურთიერთობა. ჯერჯერობით თავს არიდებს მის წარსულთან დაკავშირებულ კითხვებზე პირდაპირი პასუხის გაცემას და ეს გასაგებიცაა. პასუხი რომ გასცეს, უნებურად ვულკანს აღძრავს და დაუსრულებელ დისკუსიაში მოუწევს ჩაბმა. როგორც ჩანს, ელის იმ მომენტის დადგომას, როდესაც რიგითი ადამიანი თავად გასცემს ამ კითხვებზე პასუხს.

გაგახსენებთ, რომ საკმაოდ მწვავე კითხვები არსებობდა ჩვენს ყველა პრეზიდენტთან თუ პრემიერთან მიმართებაში, მაგრამ საზოგადოებრივი განწყობები გმირს მოითხოვდა და ამ მოთხოვნამ კითხვების სიმწვავე გადაფარა.

ამაში ოპოზიციაც ასრულებდა საკმაო როლს თავისი გაუთვლელი ნაბიჯებით და მწვავე კითხვების „გაცვეთით“. არ ვიცი, ამ შემთხვევაშიც ეს მოხდება თუ არა, მაგრამ გამორიცხული არ არის.

ჩემთვის მთავარი კითხვა შემდეგია - ხომ არ შეასრულებს გახარიას პარტია ერთგვარი პოლიტიკური ბუფერის როლს. თუ ასე იქნება და მის მიერ „ოცნებისათვის“ წართმეული ხმები კვლავ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ყულაბაში აღმოჩნდება.

ჩემთვის მთავარი კითხვა შემდეგია - ხომ არ შეასრულებს გახარიას პარტია ერთგვარი პოლიტიკური ბუფერის როლს. თუ ასე იქნება და მის მიერ „ოცნებისათვის“ წართმეული ხმები კვლავ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ყულაბაში აღმოჩნდება

ვფიქრობ, ეს კითხვა დღეს ძალიან ბევრს აწუხებს. ბიძინა ივანიშვილი ბოლო განცხადებამ ეს ეჭვი თითქოს გაფანტა, მაგრამ მისი კვალი ჯერაც არსებობს.

- ვითარებაში, როცა სულ ხშირად ისმის კითხვა - რატომ უნდა იყოს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ივანიშვილთან ერთად, ან მის გარეშე, რას იტყოდით კითხვის მესამე ნაწილზე- ადგილობრივი არჩევნების წინ როგორ ფორმაშია „ქართული ოცნება“?

- ადრე თუ გვიან „ქართულ ოცნებასაც“ და სხვებსაც მოუწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ საქართველოში, ჩვენს ფსიქო-კულტურულ გარემოში ორი ვადა ის მაქსიმუმია, რომელიც მას კრედიტად ეძლევა და რომ მესამე ვადა კრიტიკულია თუნდაც, უბრალოდ, პოლიტიკური აქტორების გაცვეთისა და მათი რესურსების ამოწურვის მიზეზით.

ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მიაღწია ქვეყნის ისეთ ეფექტიან და სტაბილურ განვითარებას, მის მიმართ ნდობას უფრო ხანგძლივს რომ გახდიდა. მესამე ვადა კრიტიკულია, ძალზე სერიოზულ თვითგანახლებას და პოზიტიური ინტენციების შენარჩუნებას გულისხმობს. სწორედ ამის გააზრება უჭირთ ჩვენს პოლიტიკურ სუბიექტებს. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ამას ემატება ის გარემოებაც, რომ მისი ლიდერებისათვის საშინაო პოლიტიკის მთავარი თემა კვლავ და კვლავ „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლაა. არადა, თემებმა გაცვეთა იცის და სწორედ მაშინ იჩენენ თავს ყოველდღიური პრობლემები.

მესამე ვადა კრიტიკულია, ძალზე სერიოზულ თვითგანახლებას და პოზიტიური ინტენციების შენარჩუნებას გულისხმობს. სწორედ ამის გააზრება უჭირთ ჩვენს პოლიტიკურ სუბიექტებს. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ამას ემატება ის გარემოებაც, რომ მისი ლიდერებისათვის საშინაო პოლიტიკის მთავარი თემა კვლავ და კვლავ „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლაა

გარკვეული წესების დაცვა სჭირდება ოპოზიციასაც. არჩევნების შემდგომ მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ არჩევნებში მარცხის მიზეზი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხრიკებში არ უნდა ეძებნათ და რომ „ხმები წაგვართვეს“ არ არის საკმარისი არგუმენტი მითებული სურათის ასახსნელად.

სამწუხაროდ, ეს, ჩემი აზრით, ძალზე კარგი წამოწყება შემდგომ პოლიტიკურ ბატალიებში ჩაიკარგა. ამას ისიც დაემატა, რომ „ევროპულ საქართველოში“ დღესაც წინა პლანზე არიან ადამიანები, ვის მიმართაც საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.

- მას შემდეგ რაც 19 აპრილის შეთანხმებაზე ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა და პარლამენტში შევიდა, საინტერესოდაც კი განვითარდა პროცესები მთელ ოპოზიციურ ფლაგზე.

ეს განსაკუთრებით ეხება „ნაციონალებს“, რომლებსაც პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური შემადგენლობა ჰყავს. რა ხდება „ნაციონალებში? ადგილობრივი არჩევნების წინ რა ამოცანების წინაშე არიან ისინი დღეს და რამდენად რეალისტურად გამოიყურება მათი გეგემები?

- ძალზე ზოგადად ვიტყვი. „ნაცმოძრაობამ“ ვერ შეძლო პოლიტიკური ქცევის იმ მოდუსისათვის მიეგნო, ადრინდელ როლს რომ დაუბრუნებდა. ცხოვრება იცვლება. მისი ლიდერები კი კვლავ 2003 წლის ტექნოლოგიების ტყვეობაში არიან.

„ნაცმოძრაობამ“ ვერ შეძლო პოლიტიკური ქცევის იმ მოდუსისათვის მიეგნო, ადრინდელ როლს რომ დაუბრუნებდა

არადა, ეს ტექნოლოგიები გაცვდა და მათი ხშირი გამოყენება ერთი და იმავის უნაყოფო განმეორების შთაბეჭდილებას ქმნის.

- გასაგებია, რომ მოახლოებულ არჩევნებზე ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს თავისი მიზნები და ამოცანები აქვს გადასაჭრელი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათი უმეტესობა შემოდგომის არჩევნებზე შეეცდება „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს 43%-ზე მეტი.

თუ ამ ოპოზიციური ჯგუფების ლიდერების განცხადებებს მივადევნებთ თვალს, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ ისინი მოახლოებულ არჩევნებზე მმართველი გუნდის გარდა, ერთმანეთის კონკურენტებიც იქნებიან.

თქვენ როგორ დაახასიათებდით დანარჩენ ოპოზიციურ ფლაგზე მიმდინარე პროცეებს? ამ ოპოზიციური სპექტრიდან ვინ და როგორ იბრძოლებს იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 43 % ვერ აიღოს?

- იმედი მაქვს, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეძლებენ იმ ფორმატის მოძებნას, რომელიც მათ პოტენციას სრულად აამოქმედებს. მათი სახელმწიფოებრივი პროექტები კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ისიც ვიცით, რომ მათ ლიდერებს პრაქტიკული საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვთ.

იმედი მაქვს, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეძლებენ იმ ფორმატის მოძებნას, რომელიც მათ პოტენციას სრულად აამოქმედებს

საქმე ისაა, რომ ტექნოკრატებს საგანგებო მომზადების გარეშე უჭირთ პოლიტიკაში შემოსვლა. მათი დამოკიდებულება საზოგადოებრივი აზრის მიმართ ხშირად არ არის ადეკვატური და მათი წარსული გამოცდილების მძევალია. არადა, პოლიტიკა ძალზე რთული და მრავალსახა ფენომენია.

- გახარიასა და ვასაძის პოლიტიკაში გააქტიურებამ ეკლესიის წარმომადგენლების გააქტიურება გამოიწვია. ვნახეთ, რომ ვასაძის ირგვლივ ეკლესიის გარკვეული ნაწილი აქტიურობს.

გახარიას პოლიტიკაში გამოჩენასთან დაკავშირებით მიტროპოლიტ იაკობის განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ შემოდგომის არჩევნებში აქტიურად იქნება ჩართული ეკლესია. სავარაუდოდ რა როლს შეასრულებს შემოდგომის არჩევნებზე მართლმადიდებლური ეკლესია?

- ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, არჩევნებში ღიად არ ჩაერთვება. სხვაგვარად ის ვერც იქნება ეკლესია. ცხადია, ბევრი მოისურვებს, მისი სახელით ისარგებლოს. არიან ცალკეული სასულიერო პირები, რომლებსაც ერთი სული აქვთ პოლიტიკაში იყვნენ ან, სულ ცოტა, პოლიტიკური განცხადებები აკეთონ. ბევრია ისეთიც, ვისთვისაც არ არსებობს საზღვარი გეოპოლიტიკასა და თეოლოგიას შორის. ეს საკმაოდ დიდი თემაა და აღარ გავაგრძელებ.

რაც შეეხება „ერის“ გამოჩენას, არა მგონია, რაიმე ახალს ვუცქერდეთ. უკვე ოცდაათი წელია, ხანგამოშვებით თავს წამოყოფენ ხოლმე იდეოლოგები, რომლებიც თუ იმაში ვერ გვარწმუნებენ, რომ დასავლეთი ბოროტებაა, ცდილობენ ის მაინც ჩაგვინერგონ, რომ დასავლური ორიენტაცია მავნებელია და რომ რუსეთთან დიალოგია საჭირო.

მთელი მათი არგუმენტაცია ერთგვარ მისტიკურ გეოპოლიტიკაზეა აგებული, რომლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელიც თანამედროვე რუსეთში ალექსანდრე დუგინია.

შეგახსენებთ, რომ ეს ის დუგინია, რომელიც 2008 წელს თბილისის აღებას მოითხოვდა და უკმაყოფილო იყო რუსული ჯარების შეჩერების გამო. ამას მოჰყვება ხოლმე სენტიმენტები მართრლადიდებელი რუსეთის შესახებ, რომელიც, თურმე, თანამედროვე სამყაროში ქრისტიანობისა და ზნეობის ბასტიონია. არადა, ეს ის რუსეთია, სადაც ბავშვთა ალკოჰოლიზაციისა და ბავშვებზე ძალადობის მსოფლიოში ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს, რომელიც პირველ ადგილზეა მკვლელობების, ჰეროინის მოხმარებისა და ჰეროინით გარდაცვლილების ოდენობით, რომლის ორ დედაქალაქშიც არსებული გეიკლუბების ოდენობა ევროპის ნებისმიერ სხვა დედაქალაქის მაჩვენებელს აღემატება, რომლის ჩრდილო დედაქალაქშიც პროსტიტუციით დაკავებულია მოსახლეობის 1.6%, მაშინ, როდესაც ამსტერდამში იგივე მაჩვენებელი 0.9%-ია.

აღარაფერს ვამბობ იმ დანაშაულობებზე, რომლებიც რუსეთს ჩვენთან და სხვა ხალხებთან მიმართებაში აქვს ჩადენილი და რომლის დღევანდელ ლიდერსაც ღიად უწოდებენ საერთაშორისო ბანდიტს.

და მაინც, ვხედავთ, რომ ვასაძის გამოჩენამ ყურადღება მიიქცია. ჩემთვის მიზეზი სრულიად ცხადია და ამას ადრეც შევხებივარ.

ჩვენი ეროვნული იდეა კვლავ საბჭოთა ეპოქის მითო-პოეტურ წარმოდგენათა ფარგლებში დარჩა. არ შეგვიმუშავებია ახალი ქართული ეროვნული იდეა, ახალი ქართული პატრიოტიზმი, არ გაჩენილა ახალი ქართველის იდეალი. ჩვენი პოლიტიკის სუბიექტებს როგორღაც „არ ეხერხებათ“ ამ თემებზე ფიქრი და პოლიტიკად მხოლოდ ყოველდღიური ინტრიგების ხლართებს მიიჩნევენ, ცხადია, ხშირად ზერელედ გაგებულ დასავლურ პოლიტიკურ იდეოლოგიათა საკმაზის თანხლებით.

ჩვენი ეროვნული იდეა კვლავ საბჭოთა ეპოქის მითო-პოეტურ წარმოდგენათა ფარგლებში დარჩა. არ შეგვიმუშავებია ახალი ქართული ეროვნული იდეა, ახალი ქართული პატრიოტიზმი, არ გაჩენილა ახალი ქართველის იდეალი. ჩვენი პოლიტიკის სუბიექტებს როგორღაც „არ ეხერხებათ“ ამ თემებზე ფიქრი და პოლიტიკად მხოლოდ ყოველდღიური ინტრიგების ხლართებს მიიჩნევენ, ცხადია, ხშირად ზერელედ გაგებულ დასავლურ პოლიტიკურ იდეოლოგიათა საკმაზის თანხლებით

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი ლიბერალი იდეოლოგები სულ ცოტა ხნის წინ ყოველგვარ ეროვნულზე ლაპარაკს ერთგვარად უხერხულად მიიჩნევდნენ. ყველაზე დიდი შანსი ამ ახალ იდეოლოგიის შემოტანისა დღეს აქვთ, პირველ რიგში, „ლელოს“ და გარკვეულად „სტრატეგია აღმაშენებელსაც“ მაგრამ, როგორც მეჩვენება, ისინი ზედმეტად „დამიწდნენ.“

სიცარიელე ვერ იარსებებს და მას კვლავ საბჭოთა ეპოქაში შემუშავებული ნაციონალ-ფეტიშიზმი ავსებს. არადა, უბრალო მოქალაქეს ყველაფერი იმის საზრისი სჭირდება, რაც ხდება. თუ ამ საზრისს და პოზიტიური მომავლის კონტურებს დავანახებთ, კვლავაც ბევრ გაჭირვებას აიტანს.

ბატონი ლევან ვასაძე კი მას კვლავ ძველ „აბსტრაქტული პატრიოტიზმის“ საზრისებს სთავაზობს პრორუსულ სენტიმენტებთან ერთად. თუმცა კი, ძველებისგან განსხვავებით, განათლებულია და ახერხებს ყველაფერი ამისთვის ახალი ფორმების მიცემას.

ჩემთვის ვასაძის განცხადებები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ კრემლი ჩვენ კარგად გვსწავლობს და რომ ნებისმიერ ჩვენს შეცდომას ათმაგ დარტყმად გვიბრუნებს. არ ვიცი, გრძნობენ თუ არა ჩვენი პოლიტიკოსების ამას, აღიარებენ თუ არა, რომ თავადაც დიდად შეუწყეს ხელი ამგვარ იდეოლოგთა გამოჩენას თუნდაც იმით, რომ, როგორც ცხონებული მიხო ნანეიშვილი ამბობდა, - დასავლეთი მარგინალური სახით შემოჰყავდათ.

ამიტომაც, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ „ერი“ საგრძნობ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ არა მგონია, ეს წარმატება არჩევნებში ორნიშნა რიცხვით გამოიხატოს.

რაც შეეხება ეკლესიის წარმომადგენელთა ნაწილის მხარდაჭერას. ჩვენში უკვე წლებია იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომას. ის, რომ ეკლესია საზოგადოებრივ ინსტიტუციებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონეა, არ ნიშნავს, რომ მას ანალოგიური გავლენის მოხდენა შეუძლია პოლიტიკურ პროცესებზე. მისი კომპეტენცია აბსოლუტურია, როდესაც საქმე სიცოცხლის აზრს და ღმერთთან ურთიერთობას ეხება, მაგრამ როგორც კი მოვინდომებთ, ეს კომპეტენცია და ავტორიტეტი საზოგადოებრივ გარემოზე გადმოვიტანოთ, საგრძნობლად განსხვავებულ სურათს მივიღებთ.

შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი შემთხვევა, როდესაც უმაღლესი იერარქების აზრს გავლენა ვერ მოუხდენია ადამიანების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ამიტომაც მე არ ვფიქრობ, რომ ამ მხარდაჭერას გადამწყვეტი გავლენის მოხდენა შეუძლია. მითუმეტეს, რომ, ეჭვი მაქვს, გააქტიურდებიან სწორედ ის სასულიერო პირები თავის (რა დასამალია) აგრესიულ მრევლთან ერთად, რომელთა მიმართაც, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი კითხვა არსებობს.

აუცილებლად უნდა შევეხო რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის თემას, ხანგამოშვებით რომ ამოტივტივდება ხოლმე. ცხადია, დიალოგს ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ არც იმ ცხვრებს უნდა დავემსგავსოთ ეზოპეს იგავიდან, მგლებს შერიგების ნიშნად თავისი დამცველი ძაღლები რომ გადასცეს. ბევრი განსჯა არ არის საჭირო იმის გასაგებად, თუ რა დაემართებოდათ.

რუსეთთან დიალოგს მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს და რასაც აღწევს, კარგად ვხედავთ. რუსეთი არ აღგვიქვამს ჩვენ პარტნიორად მასთან დიალოგში. რუსული იმპერიალიზმისათვის ჩვენ, მთელი ჩვენი თეატრალური ეგზოტიკით, მხოლოდ მათი ბიზანტიური მემკვიდრეობა ვართ.

რუსეთთან დიალოგს მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს და რასაც აღწევს, კარგად ვხედავთ. რუსეთი არ აღგვიქვამს ჩვენ პარტნიორად მასთან დიალოგში. რუსული იმპერიალიზმისათვის ჩვენ, მთელი ჩვენი თეატრალური ეგზოტიკით, მხოლოდ მათი ბიზანტიური მემკვიდრეობა ვართ

- ამ დღეებში ბრიუსელში ნატო-ს მორიგი სამიტი გაიმართება. ამ სამიტის შემდეგ ასევე დაგეგმილია ბაიდენ-პუტინის შეხვედრა.

ბევრი განცხადება გაკეთდა იმაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად ნატო-საქართველოს ურთიერთობები გაღმავდება. ნატო-ს სამიტზე ალიანსის „ღირსეული პარტნიორების“ უკრაინისა და საქართველოსათვის უწყვეტი მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.

ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე რუსეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში დიდ იმედებს ამყარებენ. უფრო მეტად ინფორმირებულებს კი მიაჩნიათ, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში ბევრი არც არაფერი შეიცვლება.

რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ნატომ კიდეც რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, თქვენი დაკვირვებით საქართველო რამდენად აღმოჩნდება მზად ამ პროცესში სრულფასოვნად ჩაერთოს?

- უნდა გავიმეორო - განვლილი რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად ქვეყანამ ძალზე სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიიღო და ამის გამოსწორებას დრო და შრომა უნდა. ხელახლა გვიწევს ჩვენი პარტნიორების დარწმუნება, რომ საქმე რაციონალურად და სახელმწიფოებრივი ინტერესების მიხედვით მოაზროვნე პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან აქვს და არა უცნაურ ფეოდალურ შინააშლილობის სუბიექტებთან.

არადა, მოცემული მომენტი ძალზე ხელსაყრელია საიმისოდ, რომ დასავლეთმა ზოგი ის ნაბიჯი გადადგას, რომელთა გადადგმასაც ადრე ერიდებოდა იმის იმედით, რომ პუტინთან საერთო ენას მოძებნიდა.

პუტინი დასავლეთთან ურთიერთობას ბანდიტის მეთოდებით აგებს. ხანგამოშვებით მწვავე კონფლიქტის ზღვრამდე მიჰყავს საქმე. თუმცა კი, კრიტიკულ ზღვარს არ აბიჯებს. როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ მეტოქე ფსიქოლოგიურად დაიღლება და ახალ იალტაზე დათანხმდება. ბოლო ხანებში მან აშკარად გადააჭარბა.

აშშ პუტინის ზეობის პირობებში რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გზით წავა. როდესაც აშშ პრეზიდენტი პუტინს საჯაროდ უწოდებს მკვლელს. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ აშშ მოწინააღმდეგის ნელი კვდომის გზით ივლის, ყოველგვარი მკვეთრი და სახიფათო შედეგების მომტანი მოქმედებების გარეშე. რაც დრო გავა, მით უფრო ნათლად დავინახავთ ამას

ნავალნის მოწამვლის შთაბეჭდილებას არ გაევლო და რუსეთის აგენტებმა ჩეხეთში სამხედრო საწყობები ააფეთქეს. ამას დაუმატეთ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო შენაერთების თავმოყრა. ყველაფერი ეს დასავლეთს, პირველ რიგში, აშშ-ს აიძულებს, რომ ნაკლებად მიეცეს რაიმე ილუზიებს.

დღეს უკვე ძნელი წარმოსადგენია, რომ აშშ პუტინის ზეობის პირობებში რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გზით წავა. როდესაც აშშ პრეზიდენტი პუტინს საჯაროდ უწოდებს მკვლელს. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ აშშ მოწინააღმდეგის ნელი კვდომის გზით ივლის, ყოველგვარი მკვეთრი და სახიფათო შედეგების მომტანი მოქმედებების გარეშე. რაც დრო გავა, მით უფრო ნათლად დავინახავთ ამას.

რუსი ანალტიკოსები უკვე ხშირად აღნიშნავენ, რომ სულ მალე პუტინი რუსული სახელმწიფოსათვის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა, თუ უკვე არ იქცა კიდეც.

ამერიკელებმა უარი თქვეს 16 ივნისს ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის გამართვაზე. მრავლისმეტყველი ფაქტია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა