დირკ ბუშლე - პროტესტის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, არ მოახდინონ სამშენებლო უბანზე მისასვლელი გზების ბლოკირება - მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება

ევროპის ენერგეტიკული საბჭო დირკ ბუშლეს მიერ გამართული მედიაციის პირველ რაუნდს აჯამებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენკა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეჯამების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია რიონის ხეობაში ვითარების განმუხტვა, რაც ხელისუფლების მხრიდან ბარიერების მოხსნასა და გუშაგების მხრიდან ბლოკირებაზე უარის თქმაში უნდა გამოიხატოს.

„ინტერპრესნიუსი“ „ენკას“ მიერ გავრცელებული დოკუმენტის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

"ამ შაბათს, ქალაქგარეთ, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მთავრობას შორის გაიმართა მოლაპარაკებების პირველი შეხვედრა, მდინარე რიონზე „ნამახვანჰესის“ პროექტის საკითხთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ რიგ სამოქმედო ღონისძიებებზე სამ მთავარ თემასთან მიმართებაში: მშენებლობისა და გარემოსდაცვითი ნებართვების პირობების ეფექტური და გამჭვირვალე კონტროლი და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მათი განხილვა, რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაცია და ღია დებატები საქართველოს სამომავლო ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის ეროვნული გეგმის პროექტის გათვალისწინებით. მოლაპარაკებები ჩატარდა დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის სამდივნოს მედიაციით. მოლაპარაკებების მედიატორი, დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე, აკეთებს ამგვარ დასკვნას: „ამ ღონისძიებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელია სიტუაციის დეესკალაცია ადგილზე, რიონის ხეობაში. უნდა აღდგეს მშვიდობიანი პროტესტისა და ხეობაში გადაადგილების შესაძლებლობა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ადამიანებისა და ქონების უსაფრთხოება - ორივე მხარეს. შესაბამისი ზომების გატარება, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის პასუხისმგებლობაა. მან აიღო ვალდებულება, მოხსნას ბარიკადები და უზრუნველყოს გადაადგილების შესაძლებლობა მთავარ გზაზე. იგი, ასევე, გააკეთებს განმარტებას მომიტინგეთა დაკავების საკითხზე. მეორეს მხრივ, პროტესტის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, არ მოახდინონ სამშენებლო უბანზე მისასვლელი გზების ბლოკირება. მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება. სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის ნდობის აღდგენისთვის და მოლაპარაკების პერიოდში შეუქცევადი ზომების თავიდან ასაცილებლად, ყველა მონაწილე მხარემ უნდა გამოიჩინოს საჭირო თავშეკავება და იქონიოს კავშირი ერთმანეთთან. ეს მოგვცემს მედიაციის პროცესის გაგრძელების საშუალებას”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა