ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2021

"გული გვისკდებოდა ნებისმიერ სპეცოპერაციაზე...“ - რამდენად დამაჯერებელია კობახიძის ეჭვები და ბრალდებები

"ოცნება“ დეპუტატის დაკავებასა და ჩხრეკაზე ნებართვის გაცემის წესს ცვლის - დაუჭერს თუ არა ამას მხარს ოპოზიცია

***

"გული გვისკდებოდა ნებისმიერ სპეცოპერაციაზე...“ - რამდენად დამაჯერებელია კობახიძის ეჭვები და ბრალდებები

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებმა და ეჭვებმა ყოფილი პრემიერ მინისტრის მიმართ, შესაძლოა ამომრჩველის ნაწილში გახარიას მიმართ პოზიტიური განწყობა დანერგოს და მისი მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდოს. ამის შესახებ "რეზონანსთან" პოლიტოლოგმა რამაზს საყვარელიძემ ისაუბრა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გახარიას მიერ შს მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები თვალსაჩინოდ ასუსტებდა ხელისუფლებას და მმართველ პარტიას. შესაბამისად, არსებობს ეჭვი, რომ ეს გამიზნულად კეთდებოდა. ამ კონტექსტში კობახიძემ ვრცლად ისაუბრა 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებზე და განაცხადა, რომ პარლამენტთან მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის სპეცოპერაცია, რომელიც გარკვეულ ეჭვებსა და კითხვებს ბაადებს, სწორედ მაშინდელ შს მინისტრ გახარიას ხელმძღვანელობით დაიგეგმა. გარდა ამისა, იგი ასევე საეჭვოდ მიიჩნევს წელს თებერვალში უკვე პრემიერ გახარიას მიერ „ნაცმოძრაობის" თამვჯდომარე ნიკა მელიას დაკავების 2-3 დღით გადადების მოთხოვნას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "გული გვისკდებოდა ნებისმიერ სპეცოპერაციაზე...“ - რამდენად დამაჯერებელია კობახიძის ეჭვები და ბრალდებები

"სააკაშვილთან პარტნიორობის ცოტა უფრო ირიბ კავშირებზე შეიძლება ჩვენ გვქონდეს ეჭვი. მარტივი კითხვა დავსვით ჩვენ, რაზეც ვერ მივიღეთ პასუხი. ეს არის კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში სჭირდებოდა 2-3 დღე. რამდენჯერაც ეს კითხვა დაისვა, იმდენჯერ გვერდი აუარა გახარიამ. ამაზე პასუხი არ არსებობს, 2-3 დღე უკეთესობისკენ რას ცვლიდა. უარსებობისკენ ბევრ რამეს ცვლიდა. ამას ემატება გარკვეული ეჭვები დღევანდელ დაფინანსებაზე, ანუ იკვრება გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც ჩვენ საუბრის საშუალებას გვაძლევს. ამას ემატება წარსულში განხორციელებული გარკვეული ქმედებები. მიზეზების დაგროვებაზე არ არის საუბარი, იყო გარკვეული ქმედებები, რაც ამყარებს ეჭვს, რომ გავლენის ქვეშ ბევრად უფრო ადრე იყო. მაგალითად იგივე, რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან", - თქვა კობახიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კობახიძის თქმით, გახარიას სპეცოპერაციებმა "ოცნებას" ერთი წლის განმავლობაში დიდი დარტყმა მიაყენა. "გული გვისკდებოდა ნებისმიერ სპეცოპერაციაზე", - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახარიას შს მინისტრობის პერიოდზე საუბრისას. "მანამდე თუ გული გვისკდებოდა ნებისმიერ სპეცოპერაციაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო კონკრეტულ შემთხვევაში, დღეს, უკვე გომელაურის მინისტრობის დროს, ყველა ოპერაცია ტარდება ისე, რომ თმის ღერი არავის ვარდება. ასეთი უნდა იყოს შსს-ს ეფექტიანი მენეჯმენტი", - ამბობს კობახიძე. მისივე თქმით, გახარიას მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციები იყო არასწორი და უხეში ფორმით ხორციელდებოდა. ის იხსენებს შემთხვევას მესტიაში, რაც ტყის ჭრას უკავშირდებოდა და ამბობს, რომ ყველაფერი ისე ცუდად იყო დაგეგმილი, რომ შსს-ს მოუწია გამოსვლა და საკმაოდ უხეში ფორმით მოხდა ეს ყველაფერი", - განაგრძობს გამოცემა.

"კობახიძე ასევე იხსენებს კლუბი "ბასიანის" დარბევასაც - „იქაც აბსოლუტურად არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ასევე უნდა გავიხსენოთ ის, რომ შემდეგ ბოდიში მოუხადა იქ, ნუ მთელი ამბები იყო". „რომ გავიხსენოთ ყველაფერი, რაც დაგროვდა, ყველაფერი უკავშირდებოდა არასწორად დაგეგმილ, შესრულებულ სპეცოპერაციებს, რომლებიც ყველა უკავშირდებოდა სწორედ გახარიას. ეს იყო შეცდომები, მენეჯმენტის შედეგი თუ გავლენების შედეგი, რაც უკვე დანაშაულამდე მიდის, ეს მე არ ვიცი", - ამბობს ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში. „ოცნების" თავმჯდომარის თქმით, გახარიას ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი ისეთი რამ წამოსცდა, რაშიც საბოტაჟის სცენარი იყო მოაზრებული. „გახარიას აქვს ერთადერთი ამოცანა - რომ რამენაირად 43%-ს დაგვაახლოვოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის იმედი არც მას და არც ოპოზიციას დიდად არ აქვს. სიტყვა გაექცა, უყვარს მას ეს გამოთქმა. სიტყვა გაექცა და წამოცდა ის, რაზეც ფიქრობს - "43%-ზე მეტს იღებს "ოცნება" თუმცა მაინც არსებობს, რაღაც ლეგიტიმაციის პრობლემა..." სხვა რა ლეგიტიმაციაზე საუბრობს გახარია, თუ არ არის მასში მოაზრებული ის საბოტაჟის სცენარი, რომელიც არის დაგეგმილი კიევში”. „მას წამოცდა... ეს პირდაპირი აღიარება იყო იმისა, რომ არჩევნების შემდეგ თუ განხორციელდება საბოტაჟი, აპირებს იყოს ამ საბოტაჟის ნაწილი. პირდაპირ წამოსცდა. ეს არის ყველაზე უხეში წამოცდომა და სიტყვის აცდენა, რაც მას ჰქონდა ბოლო დღეებში, - ამბობს ირაკლი კობახიძე”, - დასძენს გამოცემა.

"ირაკლი კობახიძის ინტერვიუს შესახებ, „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, კობახიძე გახარიას აკვირდებოდა, რომელ ტელევიზიებთან ითანამშრომლებდა, თუმცა ახლა თვითონ დაჯდა ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის ეთერში ინტერვიუზე. „ძნელი გასარკვევია ზოგადად რას ემსახურება აღნიშნული ინტერვიუ. თუ მიზანად ისახავს გახარიას დისკრედიტაციას და ამისთვის დაჯდა კობახიძე „მთავარი არხის" ეთერში, ეს უკვე თავისთავად საინტერესო ფაქტია. „კობახიძე ამბობდა, რომ დავაკვირდეთ გახარიას რომელ სატელევიზიო არხებთან აქვს ურთიერთობა და ვის აძლევს ინტერვიუსო. ის გულისხმობდა სწორედ ოპოზიციური განწყობის მქონდე არხებს და ახლა თვითონ დაჯდა ოპოზიციური განწყობის მქონე არხზე. პოლიტიკას ყველაფერი ჩვევია და ყველაფერს ირგებს, თუმცა ეს კითხვები არსებობს, როდესაც მოვლენებს კრიტიკულად ვაფასებთ", - აცხადებს საყვარელიძე. საკითხზე, რამდენად დამაჯერებელი იყო კობახიძის არგუმენტები, საყვარელიძე ამბობს, რომ „ოცნების" თავმჯდომარის არგუმენტებს სიზუსტე აკლია და კობახიძეს მოუწევს განმარტოს რატომ იყვნენ ჩუმად „ოცნების" წევრები გახარიას მინისტრობის პერიოდში და მაინცდამაინც ახლა რატომ უპირისპირდებიან მას. „ყველაფრის გახარიასთვის გადაბრალება შეიძლება, თუ მას ნამდვილად პერსონალური ბრალი მიუძღვის ყველაფერში, მაგრამ აქ ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა - თუკი ნამდვილად მხოლოდ გახარიას მიუძღვის ბრალი ყველაფერში, მაშინ სად იყო აქამდე თუნდაც იგივე კობახიძე, რატომ არ ითქვა ეს მაშინვე? „იმ მოვლენების შემდეგ დიდი დრო გავიდა რეალურად და მაშინ „ოცნებას" ხმა არ ამოუღია. რადგან ახლა ამოიღო, მას მერე, რაც გახარია ოპოზიციაში გადავიდა, ეს უკვე მსმენელში და ამომრჩეველში ქმნის განცდას, რომ ეს ბრალდებები გახარიას „ჩაძირვის" მოტივით არის ნათქვამი. „ოცნებას" უფრო დამაჯერებელი არგუმენტები სჭირდება და თუკი მათთვის მიუღებელი იყო გახარიას ქმედებები, მაშინ როგორ იქცეოდნენ თავად, რატომ არ შეუშალეს ხელი? ბევრი რამ არის ასახსნელი. „არ არის გამორიცხული „ოცნების" მხრიდან ე.წ „შავი პიარი გახარიასამდი იყოს მათი პირადი ურთიერთობების ანარეკლი. თუმცა, რამდენად სწორად აქვს გათვლილი „ოცნებას" ნაბიჯები, ეს მეორე საკითხია. თუკი მმართველი პარტია ცალსახად წარმოაჩენს უარყოფით განწყობებს გახარიას მიმართ, მაშინ ნეიტრალური ამომრჩეველი უფრო მეტად გახარიას დაუჭერს მხარს, რადგან „ოცნების" მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გახარიასთვის სამაგიეროს გადახდის მცდელობად აღიქვამს," - ამბობს რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

"ოცნება“ დეპუტატის დაკავებასა და ჩხრეკაზე ნებართვის გაცემის წესს ცვლის - დაუჭერს თუ არა ამას მხარს ოპოზიცია

"ესაა შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი, ამაზე ვალდებულება „ქართულმა ოცნებამ" აიღო და ახლა ასრულებს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და „რესპუბლიკური პარტიის" თავჯდომარე ხათუნა სამნიძემ „რეზონანსთან" განაცხადა. იგი მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დეპუტატის დაკავება-დაპატიმრებაზე, საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნება“ დეპუტატის დაკავებასა და ჩხრეკაზე ნებართვის გაცემის წესს ცვლის - დაუჭერს თუ არა ამას მხარს ოპოზიცია

"ასეთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმის 90-მდე გაზრდას პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" მოამზადა. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი" ამ კანონპროექტს, ფრაქციის ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ განგვიცხადა: „დავუჭერ ხმას კი არა, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია, რომ გაიზარდოს იმუნიტეტის მოხსნის ქვორუმი. ამაზე „ქართულმა ოცნებამ" ვალდებულება აიღო და ახლა ასრულებს," - განაცხადა სამნიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რეგლამენტში ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, "პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა", - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა