თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა ურბანული განვითარების გზამკვლევები წარადგინა

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ერთობლივად შექმნილი, ურბანული განვითარების სამი გზამკვლევი წარადგინეს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ვირტუალური ღონისძიება თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტმენტის ურბანული და წყლის სერვისების განვითარების დივიზიის დირექტორმა იონგ იემ გახსნეს.

მათი ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს გაწეული დახმარებისთვის და მერიის ინფრასტრუქტურული და მობილობის პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთა მიზანი თბილისის მოსახლეობისთვის უკეთესი გარემოს შექმნაა.

„ჩვენი მიზანია, ქალაქი ისე განვავითაროთ, რომ აქ ცხოვრება, გადაადგილება, დასვენება თუ გართობა ყველა თაობისთვის, ყველა სქესის და ასაკის ადამიანისთვის თანაბრად მისაღები და კომფორტული იყოს. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქმნება, არაერთი პროექტი ხორციელდება და მინდა, მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს პარტნიორობისთვის და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

იონგ იემ ხაზი გაუსვა ამ პროცესში გენდერული თანასწორობის ჩართვის მნიშვნელობას, მრავალმხრივი ეკონომიკური ზრდისა და ქალაქების უფრო მდგრადი განვითარებისთვის.

„კოვიდ-19-ის პანდემიამ ცხადი გახადა ინკლუზიურად განვითარებული ქალაქების საჭიროება. მუშაობის, სწავლისა და სოციალური ურთიერთობების ჩვეული რუტინის შეცვლამ დაგვანახა, რომ ქალაქების ინფრასტრუქტურა უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს შშმ პირებისთვის, მოხუცების, ქალებისა და ბავშვებისთვის“, - განაცხადა იონგ იემ.

ამ მიმართულებით თბილისის მერიის ძალისხმევაზე ისაუბრა ADB-ის გენდერული თანასწორობის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, სამანტა ჰუნგმაც.

„ყოველდღიურად იზრდება თბილისის მერიის მიერ გენდერული თანასწორობის მიმართულებით გაწეული შრომის ხილული შედეგები ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი თბილისის მერიას“, - განაცხადა ADB-ის გენდერული თანასწორობის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, სამანტა ჰუნგმა.

თბილისის მერიის ცნობით, გზამკვლევები, რომლებიც გულისხმობს ინკლუზიურ და გენდერზე ორიენტებულ პროექტირებას ურბანულ არეალებში, სარეკრეაციო სივრცეებსა და საცხოვრებელ დასახლებებში, შემუშავებულია ქალაქის მთავრობის ურბანული დაგეგმარების სახელმძღვანელოდ და მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ასევე, პარკებისა და მწვანე სივრცეების მოწყობაში ყველა სქესის, სოციალური და ასაკობრივი ჯგუფის საჭიროებების გასათვალისწინებლად.

მათი ინფორმაციით, გენდერზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა ქალებს თავს დაცულად აგრძნობინებს და უსაფრთხო საქმიანობისა და განტვირთვის საშუალებას აძლევს. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ადგილობრივი ინსტიტუციების გაძლიერებას და შესაძლებლობების გაზრდას ურბანულ დაგეგმარებასა და პროექტირებაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს