ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2021

შეაფერხებს თუ არა ივლისში დაანონსებული მასობრივი ვაქცინაცია ინდური შტამის საქართველოში გავრცელებას

“ბაიდენმა პუტინს გადატვირთვა შესთავაზა” - აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტები ელჩების დაბრუნებაზე და თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ

ხელფასები უფრო სწრაფად იზრდება თუ ფასები? - რეალური და არარეალური სტატისტიკა

* * *

შეაფერხებს თუ არა ივლისში დაანონსებული მასობრივი ვაქცინაცია ინდური შტამის საქართველოში გავრცელებას

“დელტა” ვარიანტის, ანუ ინდური შტამის საქართველოში გავრცელება გარდაუვალი იქნება - მიიჩნევენ ქართველი ეპიდემიოლოგები. ამის თქმის საფუძველს სპეციალისტებს ევროპაში არსებული ვითარება აძლევს. ამ ეტაპზე საქართველოში ახალი შტამის 18 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. ინფიცირებულები, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნდნენ. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, კორონავირუსის “დელტა” ვარიანტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები თავისა და ყელის ტკივილი, ასევე ცხვირიდან სისველეა. რაც შეეხება ხველებას, ცხელებას, გემოსა და ყნოსვის დაკარგვას - ამ შემთხვევაში ეს მაჩვენებლები იშვიათია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეაფერხებს თუ არა ივლისში დაანონსებული მასობრივი ვაქცინაცია ინდური შტამის საქართველოში გავრცელებას.

“Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 668 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 809 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 859 PSR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 811 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 179-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.36%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 672 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 775-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 096 პირი ემსხვერპლა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდის და სამედიცინო პერსონალის მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს, შესაბამისად, ქვეყანა ინდური შტამის რისკებს ადეკვატურად გაუმკლავდება. ამასთან, დღეს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ინდური შტამის მოცულობა დაახლოებით 8%-ია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეფერხება არც საწოლფონდის მიმართულებით, არც ოჯახის ექიმების მიმართულებით და მათი კომპეტენციების მიმართულებით. ასევე, თქვენ ხედავთ, რომ ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და ეტაპობრივად კიდევ უფრო ძლიერდება, ემატება როგორც ვაქცინები, ასევე ვაქცინაციისთვის საჭირო დაწესებულებები და ბრიგადები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ კუთხით რამე რისკები არსებობდეს. ჩვენი სავარაუდო მოცულობები ინდურ შტამთან მიმართებაში არის ის, რომ ის დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით არის დაახლოებით 8%, თუმცა, დადასტურებული ინფორმაციით, გვყავს 18 ინფიცირებული”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდურ, ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ შტამებს ერთნაირი კლინიკური სურათი აქვს. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული შტამებით გამოწვეული კოვიდინფექცია უფრო ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში”, - განაგრძობს გამოცემა.

“იქნება ეს ინდური, ანუ “დელტა” შტამი, “ალფა” ანუ “ბრიტანული შტამი”, ან “ბეტა”, ე.წ. სამხრეთ აფრიკული კოვიდი, ყველას, თითოეული ამ შტამით გამოწვეულ კოვიდს აქვს ერთნაირი კლინიკური სურათი. განსხვავება იმაშია, რომ ამ შტამებით გამოწვეული კოვიდი უფრო ადვილად და იოლად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში”,- აღნიშნავს გამყრელიძე. ივლისის თვიდან ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება, ამისთვის მობილიზებულია ყველა რესურსი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მასობრივი იმუნიზაციისთვის მობილიზებულია ამცრელი ბრიგადებიც. “ქვეყანაში აბსოლუტური მზაობაა, ეს პროცესი მიმდინარეა. როგორც დაანონსებულია, ივლისის თვიდან უკვე დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია ქვეყანაში, ამისთვის მობილიზებულია ყველა რესურსი, როგორც ამცრელი ბრიგადები, ასევე ამცრელი ბრიგადებისთვის საჭირო გადამზადებები და ტრენინგები. ასევე, ის საჭირო მოცულობები, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება”, - აღნიშნავს ტიკარაძე. ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში არსებული კორონავირუსის შემთხვევების 10% მოდის “ინდურ შტამზე”, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა”, - დასძენს გამოცემა.

“მისი თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამია დომინანტური. როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, ე.წ. ბრიტანული და ინდური შტამების ერთმანეთისგან განსხვავება სიმპტომებით ძალიან რთულია. “ჯერჯერობით, “ბრიტანული შტამია” დომინანტური. თეორიულად შესაძლოა, გახდეს “ინდური შტამი” დომინანტური, რადგან 10%-შია, მაგრამ ჯერ ეს არ ვიცით. პირველი, რითაც განსხვავდება, ეს არის უფრო იოლი გადადების და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი. ის ცალსახად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სტანდარტული “ჩინური შტამი”. ბოლოს გამოჩნდა ცნობები უკვე, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე “ბრიტანული შტამი”. ჯერჯერობით სიმპტომებით ვერ გავიგებთ, ის ე.წ. ინდური შტამია თუ ბრიტანული. ერთადერთი ინდურზე შეიძლება ეჭვი მივიტანოთ იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აღმოსავლეთის ქვეყნებში... არის ცნობა, რომ ექსპერიმენტულ კვლევებში “ინდური შტამი” დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს, ვიდრე სხვა შტამები, მაგრამ ეს ადამიანებზე ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ჯერჯერობით, ჩვენთან “ბრიტანული შტამია”, რომელიც ცალხად დამტკიცებულია, რომ დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს, ვიდრე სტანდარტული “ჩინური შტამი”, - განმარტავს ცერცვაძე, რომლის თქმით, “ეს ჩვენს თავზე უკვე გამოვცადეთ საქართველოში”, - წერს სტატიის ავტორი.

“ბაიდენმა პუტინს გადატვირთვა შესთავაზა” - აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტები ელჩების დაბრუნებაზე და თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ

“ჯო ბაიდენი აშშ-ის მეხუთე პრეზიდენტია, რომელიც ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტის რანგში შეხვდა, ისტორიული სამიტი ჟენევაში გაიმართა, სადაც მხარეებმა, უკრაინის, არქტიკის, კიბერუსაფრთხოებასა და სტრატეგიულ სტაბილურებაზე ისაუბრეს - ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შეხვედრა ამერიკის მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვის ცდა იყო. პირველმა პრესკონფერენცია ვლადიმერ პუტინმა გამართა. მისი ცნობით, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას უკრაინის საკითხი განიხილეს და ბაიდენი თანხმდება, რომ უკრაინის საკითხი ძირითადად მინსკის მოლაპარაკებით უნდა დარეგულირდეს. პუტინის თმით არანაირი მტრული განწყობა არ ყოფილა და შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული სტაბილურობის, სავაჭრო ურთიერთობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და კიბერსუსაფრთხოების საკითხები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ბაიდენმა პუტინს გადატვირთვა შესთავაზა” - აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტები ელჩების დაბრუნებაზე და თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ.

“პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მან პუტინს შეხვედრაზე უთხრა, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის აქტუალური იქნება და ამ კონტექსტში საიბარი იყო ნავალნის საქმეზე. “მე მას განვუმარტე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინ წამოწევას, რადგან ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ. ამიტომაც წამოვწიე ნავალნის საკითხი.... შეხვერდის ატმოსფერო დადებითი იყო. დავაფიქსირეთ ის საკითხები რპმელშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ამერიკამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ დავბრუნდით და ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვდგავართ”, - თქვა ბაიდენმა. მან ასევე თქვა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობა სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს. “უნდა შევძლოთ თანამშრომლობა საკითხებში, სადაც ეს შესაძლებელია. სადაც უნთანხმოება გვაქვს, მიდა პრეზიდენტ პუტინს ესმოდეს, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ...” - განაცხადა ბაიდენმა. როგორც უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, შეხვედრაზე წამოწეული საკითხები იმის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ბაიდენმა პუტინს გადატვირთვის პოლიტიკა შესთავაზა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს თემა რამდენად იყო ვერ გეტყვით, ამაზე კონკრეტული ჯერ არაფერი მომისმენია. ჩანს, საუბარი შეეხო აშშ-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ელჩებს დააბრუნებენ და ნორმალურ ურთიერთობებს აღადგენენ. შეთანხმდნენ სტრატეგიულ სტაბილურობაზე და სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე იმუშავებენ. ასევე არქტიკის თემა იყო წამოწეული, სადაც პუტინმა ყურადღება გაამახვილა გაეროს 1982 წლის ზღვის კონვენციასა და 2017 წლის ზღვის კოდექსზე. შეთანხმდნენ, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ითანამშრომლებენ. კიბერშეტევაზე პუტინმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტი კიბერშეტევა ამერიკიდან მოდის და ჩვენ არაფერ შუაში ვართო, რაც შეეხება ავღანეთს, პუტინმა ეს თემა არ გაშალა და აისხლიტა... ისეთ საკითხები იყო წამოწეული, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ ბაიდენმა პუტინს გადატვირთვის პოლიტიკა შესთავაზა. ვფიქრობ, ეს დიალოგი ამერიკის მხრიდან ურთიერთობების გადატვირთვის ცდა იყო, მხოლოდ არა მეგობრულ ფორმატში, არამედ საქმიანი მოლაპარაკებების ფორმატში”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ხელფასები უფრო სწრაფად იზრდება თუ ფასები? - რეალური და არარეალური სტატისტიკა

“საქართველოში ცხოვრება და არსებობა ძვირდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში, ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილია პროდუქციის ღირებულება. ამ მძიმე ვითარების ფონზე კი, მოსახლეობის მსიდველუნარიანობა იკლებს. გაძვირებული ცხოვრების ფონზე, მოსახლოებას პირველადი მოხმარების პროდუქციის შეძენაც კი ძალიან უჭირს, რაც განსაკუთრებით პანდემიის პირობებში გაძნელდა. თუმცა სამომხმარებლო საქონელი არა მხოლოდ შარშან, არამედ ბოლო ათწლეულია ძვირდება. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ფასების ზრდას, რამაც თითქმის 44% შეადგინა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხელფასები უფრო სწრაფად იზრდება თუ ფასები? - რეალური და არარეალური სტატისტიკა / ოჯახების 35-40%-ში ერთი წევრიც კი არ არის, ვინც დაქირავებით შრომით ანაზღაურებას იღებს.

“ბოლო ათი წლის განმავლობაში, საშუალო ხელფასი ნომიალურად გაიზარდა 105.4%-ით, მაგრამ იმავდროულად ადგილი ჰქონდა ფასების ზრდას, დაახლოებით 44%-ით. ამის გამო, ხელფასის მსყიდველუნარიანობა საკმაოდ მოკრძალებულად გაიზარდა და რეალურ განზომილებაში 42.7%-ით. აქ ერთი პრობლემაა, ჩვენ რომ ყველა ოჯახში თითო დაქირავებით დასაქმებული გვყავდეს, მაშინ სოციალური სიმწვავე ხელფასების ზრდის, ნაკლები იქნებოდა, მაგრამ ყოველ 100 ოჯახზე გვყავს მხოლოდ 81 დაქირავებით დასაქმებული, ანუ ოჯახები მეტი გვაქვს, ვიდრე ხელფასის მიმღებთა რაოდენობა. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ოჯახში ორი და მეტი დაქირავებით დასაქმებულია. ფაქტობრივად, საქართველოს ოჯახების 35-40%-ში ერთი წევრიც კი არ არის, ვინც დაქირავებით შრომით ანაზღაურებას იღებს და ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.

“სულ ცოტა, ორ მნიშვნელოვან გარემოებას უნდა გავუსვა ხაზი. პირველ რიგში, პანდემიის დროს, მასობრივად შემცირდა სამუშაო ადგილები და ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. შესაბამისად, მათი მსყიდველუნარიანობა მკვეთრად დაეცა. მართალია, სახელმწიფომ გარკვეული ზომები მიიღო, მაგრამ 200-ლარიანი კონპენსაცია მაინც ძალიან დაშორებული იყო იმ რეალურ შემოსავალს, რასაც დასაქმებული ადამიანები იღებდნენ, თავიანთი შრომითი საქმიანობის პირობებში. მეორე - ვინც საქმიანობა განაგრძო, მათი ხელფასები კი გაიზარდა, მაგრამ მსყიდველუნარიანობა ჩამორჩებოდა ფასების ზრდას. ორი დამამძიმებელი გარემოება მოხდა. ერთი მხრივ, უმუშევრობის ზრდა და სამუშაო ადგილების შემცირდა და მეორე კუთხით, დასაქმებულთა ანაზღაურება ჩამორჩა ინფლაციის ტემპს. ასე რომ, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა საგრძნობლად შემცირდა პანდემიის პირობებში. საშუალო ხელფასის მატება კი აბსოლუტურად არასაკმარისი აღმოჩნდა, რათა დაებალანსებინა მომატებული ფასების ეფექტი. ამიტომ მსყიდველუნარიანობა წინა წლის დონეს დაახლოებით, 5-6%-ით ჩამორჩება”, - განმარტავს არჩვაძე.

“რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პანდემიის და რთულ ეკონომიკურ პირობებში ქვეყანაში საშუალო ხელფასის ოდენობამ მოიმატა. ოფიცილური სტატისტიკით დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ხელფასი 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.4%-ით - 1256 ლარამდე გაიზარდა. ნომინალური ზრდის მიუხედავად, ინფლაციის გათვალისწინებით, შრომის რეალური ანაზღაურება შემცირებულია. გასული წლის მარტის 1202 ლარი მსყიდველობითუნარიანობით წლევანდელ 1289 ლარს უთანაბრდება. ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სფეროშია - 2449 ლარი, მას კომუნიკაციის დარგი მოსდევს - 2160 ლარით, სადაც ხელფასები ბოლო ერთ წელიწადში საშუალოდ 14.4%-ით გაიზარდა. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 1799 ლარით მესამე ადგილს იკავებს, მშენებლობაში კი შრომის ანაზღაურება 1665 ლარს უტოლდება. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა კრიზისს ისედაც მაღალი ინფლაციის შეხვდა და იმ დროს ფასების ზრდა უკვე დაწყებული იყო და ეს პროცესი ახლაც გრძელდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კრიზისის დროს, შემოსავლები იკლებს, თორემ ფასები, როგორც წესი, არ იზრდება, რადგან მოთხოვნა ეცემა. ჩვენ, სამწუხაროდ, ისე მოგვიწია, რომ კრიზისს უკვე მაღალი ინფლაციით შევხვდით, ფასების ზრდა უკვე დაწყებული იყო, რომელიც ახლაც გრძელდება. ამ გარემოებამ, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა მოახდინა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე. ინფლაცია უკვე 2 წელია, იმაზე მაღალია, ვიდრე დაგეგმილია”, - ამბობს ჯანიაშვილი. ქვეყანაში ცხოვრება ახლა იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე წლების წინ. ამაზე გარკვეული გავლენა პანდემიამაც მოახდინა. ეკონომისტი ოთარ აბესაძე ვარაუდობს, რომ 9 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება 100%-ით გაძვირდა. აბესაძე წერს: “ძალიან მარტივად და ადამიანურ ენაზე რომ ავხსნათ: დღეს 2021 წლის ივნისში რა პროდუქტს და მომსახურებასაც შეიძენთ საქართველოში არსებული ოფიციალური საშუალო ხელფასით (1256.2 ლარი) ზუსტად იგივე პროდუქტი და მომსახურება გიჯდებოდათ 2012 წელს - 650 ლარი. 9 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება 100%-ით გაძვირდა”, - დასძენს გამოცემა.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა