სახალხო დამცველი - შევისწავლეთ გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე და დავადგინეთ, რომ მათ აღენიშნებოდათ ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც საპატიმროში სათანადო მკურნალობა არ გაეწიათ

შევისწავლეთ 2015-2018 წლებში გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე და საქმის მასალების გაცნობის შედეგად დავადგინეთ, რომ გარდაცვალების შემდგომ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს აღენიშნებოდათ სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში მათ არ გაეწიათ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში 2020 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, გამოძიება დაინტერესებული იყო, მხოლოდ გარდაცვალების უშუალო მიზეზებით.

„წლის განმავლობაში შემოვიდა მოქალაქეთა 5 698 განცხადება და ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 8 270 ზარი. ჩვენ წლის განმავლობაში გავეცით 107 რეკომენდაცია და წინადადება, 11 სასამართლო მეგობრის მოსაზრება, გავაგზავნეთ 6 კონსტიტუციური სარჩელი, 6 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის წინაშე საქართველოს გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე, ასევე მივმართეთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ორჯერ და ჩავერთედ მხარედ მიმდინარე საკითხებში.

ასევე, წლის განმავლობაში განვახორციელეთ 537 ვიზიტი დახურული ტიპის დაწესებულებებში და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში და შესაბამისად, ამ და პროაქტიულად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე წარმოგიდგენთ დასკვნებს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დახურული ტიპის დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, შევისწავლეთ 2015-2018 წლებში გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე და ამ საქმის მასალების გაცნობის შედეგად დავადგინეთ, რომ გარდაცვალების შემდგომ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს აღენიშნებოდათ სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში მათ არ გაეწიათ. სამწუხაროდ, გამოძიება კონცენტრირებული და დაინტერესებული იყო, მხოლოდ გარდაცვალების უშუალო მიზეზებით და არ სვამდა კითხვებს, რატომ არ უტარდებოდათ მათ სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია. აღნიშნული მიუთითებს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის არასათანადო ხარისხზე, რაც გარკვეულ შემთხვევაში გარდაცვალებას და შესაბამისად, მათი სიცოცხლის უფლების ხელყოფას იწვევს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საკითხს, ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე განცხადება დარეგისტრირდა, რომელთა ნაწილი ეხებოდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას, ნაწილი კი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან.

„სპეციალური მონიტორინგის საფუძველზე ჩატარებული მონიტორინგით გამოვავლინეთ, რომ 2020 წელს, წინა წლების მსგავსად, შენარჩუნებულია ადმინისტრაციული დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. კერძოდ, გაზრდილია პოლიციელების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ. მაგალითად, ჩვენ მიერ შესწავლილი საქმების 483 საეჭვო შემთხვევიდან 34%-ში დაფიქსირდა დაკავების ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების ფაქტები“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა