ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი „ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი „ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს.
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში 17:00 საათზეა დაგეგმილი.
როგორც ვარლამ გოლეთიანი აღნიშნავს, ბარიკადები აიღეს, თუმცა, აქციის მონაწილეებს ხეობაში გადაადგილების უფლება არ აქვთ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა. 17 ივნისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მოითხოვენ, გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. ამასთან, გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

























